01.08.2025 (Caucasian Journal) კავკასიური ჟურნალი მოხარულია, რომ რიგით მეორე ინტერვიუ შედგა საქართველოში სომხეთის რესპუბლიკის ელჩთან, მის აღმატებულება აშოტ სმბატიანთან.
ელჩ სმბატიანის 2023 წლის წინა ინტერვიუს შემდეგ, მნიშვნელოვანი მოვლენები განვითარდა სომხეთში, სამხრეთ კავკასიასა და მთელ მსოფლიოში. ვიმედოვნებთ, რომ ამ ინტერვიუს დროს ყველა ძირითად თემას განვიხილავთ.
ალექსანდრე კაფკა, კავკასიური ჟურნალის მთავარი რედაქტორი: თქვენო აღმატებულებავ, იმის გათვალისწინებით, რომ ჩვენ თბილისში ვიმყოფებით, დავიწყოთ სომხეთსა და საქართველოს შორის ურთიერთობებით. ჩვენს ქვეყნებს ამჟამად აქვთ სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ შეთანხმება, რომელსაც დაახლოებით 18 თვის წინ მოეწერა ხელი. ამ შეთანხმების აშკარა სიმბოლური წონის გარდა, რა ხელშესახები შედეგები იქნა მიღწეული და რა სამომავლო ინიციატივები მუშავდება? პოლიტიკური და ეკონომიკური ასპექტების გარდა, იქნებ კომენტარი გააკეთოთ სამხედრო თანამშრომლობაზეც, რომელიც გათვალისწინებულია სომხეთის რესპუბლიკის და საქართველოს თავდაცვის მინისტრების მიერ გასულ წელს ხელმოწერილი თანამშრომლობის პროგრამით.
აშოტ სმბატიანი: დიახ, თქვენ სწორად აღნიშნეთ, რომ სომხეთის რესპუბლიკასა და საქართველოს შორის მეგობრულმა ურთიერთობებმა, რომლებიც 30 წელზე მეტია არსებობს, პოლიტიკური თვალსაზრისით პიკს მიაღწია და 2024 წლის იანვარში სომხეთის რესპუბლიკის და საქართველოს პრემიერ-მინისტრებმა თბილისში ხელი მოაწერეს ერთობლივ დეკლარაციას „სომხეთის რესპუბლიკასა და საქართველოს შორის სტრატეგიული პარტნიორობის დამყარების შესახებ“, რითაც სომხეთ-საქართველოს ურთიერთობები თვისობრივად ახალ დონეზე აიყვანეს და საფუძველი ჩაუყარეს ორმხრივი ურთიერთობების შემდგომ გაღრმავებას სხვადასხვა სფეროში. თითქმის ყველა სფეროში შესამჩნევია განვითარების ზრდა, ხოლო ტურიზმის სექტორში მნიშვნელოვანია, რომ საქართველოდან სომხეთის რესპუბლიკაში ჩასული ტურისტების რაოდენობა მნიშვნელოვნად გაზრდილია.