ღასან ხალილი: ძვირფასო ალექსანდრე, პირველ რიგში, მსურს, მადლობა გადაგიხადოთ, რომ მომეცით შესაძლებლობა საქართველოში გაეროს ბავშვთა ფონდის საქმიანობის შესახებ მესაუბრა. საქართველოში გატარებული ოთხი წელი უაღრესად საინტერესო და, ამავდროულად, გამოწვევებით აღსავსე გახლდათ, განსაკუთრებით კი კორონავირუსით გამოწვეული პანდემიის პირობებში. სიამაყით შემიძლია, ვთქვა, რომ გაეროს ბავშვთა ფონდმა, რომელიც საქართველოში 1993 წლიდან არსებობს, დაარსების დღიდან დღემდე ძალიან მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ქვეყნის განვითარებაში. თუმცა, განსაკუთრებით მსურს, აღვნიშნო ის წარმატება, რასაც გაეროს ბავშვთა ფონდის გუნდმა გასული რამდენიმე წლის განმავლობაში მიაღწია, კერძოდ კი, გაფართოვდა ჩვენი მოღვაწეობის თემატური და გეოგრაფიული არეალი, რაც იმას ნიშნავს, რომ საქართველოს უფრო მეტ რეგიონთან დავიწყეთ თანამშრომლობა.
აკ: როგორც ვიცი, დოქტორის ხარისხი სორბონის უნივერსიტეტში მოიპოვეთ და თქვენი მოღვაწეობის არაერთი წელი მიუძღვენით ბავშვის უფლებების დაცვას. შესაბამისად, თქვენი ცოდნისა და გამოცდილების გათვალისწინებით, ვფიქრობ, რომ საქართველოში ამ მიმართულებით მოღვაწე ერთ-ერთი საუკეთესო პროფესიონალი სწორედ თქვენ ბრძანდებით. გთხოვთ, ცოტა თქვენს შესახებაც გვიამბეთ და გვითხარით, როგორ მოხვდით საქართველოში?