ლორა თორნტონი: „საქართველოს მოქალაქეებმა ქალებისთის წამყვან პრობლემად ოჯახში ძალადობა დაასახელეს, ამას მოსდევს ადრეული ქორწინება და სექსუალური შევიწროვება“

ინტერვიუ
ეპყრობიან თუ არა ქალებს და მამაკაცებს საქართველოში თანაბრად? არიან თუ არა ქალები თანაბრად წარმოდგენილი მთავრობასა და საკანონმდებლო ორგანოში?  მზად არის თუ არა საზოგადოება თავისუფლად იმსჯელოს გენდერულ საკითხებზე?

09.05.2019 (კავკასიური ჟურნალი)  კავკასიური ჟურნალი  აგრძელებს  კავკასიაში სამოქალაქო საზოგადოების განვითარების მიმდინარეობის შესწავლას, შესაბამისად დღევანდელ ინტერვიუზე მოვიწვიეთ ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) საქართველოს ოფისის დირექტორი ლორა თორნტონი. Read the original interview in English here.

ალექსანდრე კაფკა, კავკასიური ჟურნალის მთავარი რედაქტორი: ძვირფასო ლორა, ძალიან სასიამოვნოა გაზაფხულის ამ ლამაზ დღეს აქ თქვენთან ერთად ყოფნა, იმ დღესასწაულიდან რამდენიმე დღის შემდეგ, რომელიც ქალებსა და ქალთა უფლებებს ეძღვნება. ამ პერიოდში, ყველგან გვხვდებოდა ყვავილები, საჩუქრები, მისალოცი ბარათები. პირველ რიგში, გკითხავთ, როგორია თქვენი დამოკიდებულება ასეთი დღესასწაულების ტრადიციული გზით აღნიშვნის და ზოგადად, ქალთა და დედის დღეების მიმართ?

ლორა თორნტონი: დიდი მადლობა მოწვევისთვის. ნამდვილად მიყვარს ყვავილები და არ ვარ ის ადამიანი, რომელიც რაღაც პრინციპულად ცუდს ხედავს იმაში, რომ საზოგადოებამ წელიწადში ერთ დღეს ყურადღება გაამახვილოს მსოფლიოს მასშტაბით ძალიან ბევრი ქალის მძიმე მდგომარეობაზე, ან აღნიშნოს დედების დღე. ვისურვებდი თუ არა რომ ამაზე წელიწადის ყველა დღეს იყოს საუბარი და ფოკუსი? დიახ, აუცილებლად.

ა. კ.: თქვენი ორგანიზაცია - ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტი (NDI)- მსოფლიოს მასშტაბით არის ცნობილი აქტივობების მრავალფეროვნებით, ხოლო საქართველოში თქვენი ორგანიზაციის ყურადღება კონკრეტული საზოგადოებრივი აზრის ტენდენციების ანალიზზე არის კონცენტრირებული. შესაბამისად, როდესაც თქვენი წარმომადგენლები საჯაროდ საუბრობენ, ეს მხოლოდ სიტყვები არ არის. ხშირ შემთხვევაში, თქვენი კომენტარები ეფუძნება კვლევის მნიშვნელოვან მონაცემებს, ამიტომ თქვენ ზუსტად იცით, თუ რაზე საუბრობთ. NDI-მ ახლახანს გამოაქვეყნა გენდერულ თანასწორობასა და ქალთა პოლიტიკურ მონაწილეობაზე დეტალური ანგარიში (იხილეთ სრული ტექსტი აქ). შეგვიძლია თუ არა ვთქვათ, რომ თქვენ და თქვენი გუნდი დღეს საქართველოში გენდერული თანასწორობის საკითხებს ყველაზე კარგად იცნობთ?

ლ. თ. : ჩემს თავს ნამდვილად არ მოვიაზრებ გენდერული საკითხების ექსპერტად. ამ საკითხებზე საქართველოში ბევრი მცოდნე ადამიანი არსებობს, და ისინი წლებია მუშაობენ ქალთა პოლიტიკური გაძლიერების მიმართულებით. თუმცა თქვენ მართალს ბრძანებთ -NDI-ს მიაჩნია, რომ საკითხის შესწავლა და ადვოკატირება უკეთესად ხდება ემპირიული მონაცემების საფუძველზე. ძალიან აქტიურად ვმუშაობთ ჩვენს სამთავრობო და საპარლამენტო პარტნიორებთან, პოლიტიკურ პარტიებთან და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან, რათა კვლევების გამოყენება მათი ყოველდღიური საქმიანობის ნაწილი გახდეს. ხუთ წელზე მეტია რაც ჩვენი პარტნიორებისთვის შევიმუშავეთ ტრენინგ პროგრამა კვლევების შესახებ (თავდაპირველად შვედეთის მთავრობის დახმარებით და დღეს დიდი ბრიტანეთის მთავრობის მხარდაჭერით), რაც მათ ეხმარებათ უკეთ შეაფასონ ამა თუ იმ კვლევის შესრულების ხარისხი, გააანლიზონ მონაცენები, მოახდინონ კვლევის მიგნებების ინტერპრეტირება და ანალიზი კონკრეტულ მესიჯებში, პლატფორმებსა და კომუნიკაციის სტრატეგიებში. მაგალითად, ქალთა პოლიტიკური მონაწილეობის სამუშაო ჯგუფმა, რომელის საქმიანობაშიც NDI-ს წამყვანი როლი უჭირავს, გენდერული კვოტების ადვოკატირების კამპანია NDI-ის საზოგადოებრივი აზრის კვლევასა და ფოკუს ჯგუფების მიგნებებს დააფუძნა, ხოლო კომიტეტებმა კვოტირების საკანონმდებლო ინიციატივის განხილვისას ჩვენი კვლევების შედეგები აქტიურად გამოიყენეს. პარლამენტის გენდერული თანასწორობის საბჭოც ეყრდნობა ჩვენს კვლევებს კანონმდებლობისა და პოლიტიკის უკეთ შემუშავებისთვის. გენდერის გარდა, NDI-ის კვლევები ეხმარება პარტნიორებს უფრო ძლიერი და მოქალაქეებზე ორიენტირებული კანონმდებლობის ჩამოყალიბებაში როგორც ეროვნულ, ასევე ადგილობრივ დონეზე.

ჩვენი მონაცემები მხოლოდ პარტნიორების ვიწრო წრისთვის არ არის განკუთვნილი. NDI-ის კვლევა - რომელიც ხორციელდება კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრთან (CRRC) ერთად - სრულიად გამჭვირვალეა, ის ხელმისაწვდომია ნებისმიერი ადამიანისთვის მონაცემთა ონლაინ პლატფორმაზე, რომელიც მონაცემების ანალიზის საშუალებას იძლევა (https://caucasusbarometer.org/en/datasets/). აქ ადამიანებს შეუძლიათ საკუთარი ცხრილების, გრაფიკების შექმნა და მთლიანად მონაცემთა ბაზის ჩამოტვირთვა. ჩვენს მონაცემებზე დაყრდნობით მილიონობით ცხრილი იქმნება. NDI ასევე ამზადებს ანგარიშებს და ჩვენს მიერ ჩატარებული კვლევების ანალიზს, ქმნის ინფოგრაფიკებს და მონაცემთა ცხრილებს, და აქვს საკუთარი პოდკასტი, რათა კვლევების მიგნებები უფრო სიღრმისეულად გავაანალიზოთ სხვა დაინტერესებულ პირებთან ერთად. ამან ჩვენი სამუშაოს უფრო მასშტაბური გავრცელების საშუალება მოგვცა, ასე რომ, დღეს ჩვენი კვლევები საქართველოზე ყველაზე ხშირად გამოყენებული და ციტირებული კვლევებია არა მხოლოდ საქართველოში, არამედ აშშ-ის და ევროპული ქვეყნების საელჩოების და მთავრობების, ნატოს, ევროკავშირის, კვლევითი და ანალიტიკური ცენტრების, საერთაშორისო ჟურნალების და მედია საშუალებების მიერ.

ა. კ. : ჩვენი მკითხველები არ მაპატიებენ, თუ თქვენი ანგარიშის მიგნებებს არ შევეხები. იყო თუ არა რაიმე მოულოდნელი - ან შეიძლება შოკისმომგვრელიც კი- კონკრეტულად ამ კვლევის შედეგებში? თუ დიახ, შეგიძლიათ 1-3 ყველაზე საყურადღებო ან სხვაგვარად მნიშვნელოვანი მიგნება გაგვიზიაროთ?

ლ. თ. : ამ ანგარიშში თავმოყრილია ათი წლის მანძილზე დაგროვილი საზოგადოებრივი აზრის კვლევები გენდერულ საკითხებზე მათ შორის, 2014 წლიდან მოყოლებული ჩვენი გამოკითხვები და ფოკუს ჯგუფები, რომლებიც მთლიანად ეთმობოდა გენდერული თანასწორობის საკითხებს. ჩვენ შევისწავლეთ მოსახლეობის განწყობები არაერთ თემაზე, დეკრეტული შვებულებიდან დაწყებული, სექსუალური შევიწროების, ქალების სამხედრო სამსახურის, ქალთა პოლიტიკური მონაწილეობის, კარიერული სტერეოტიპების, სოფლის მეურნეობაში ქალთა ჩართულობის, ქალთა შრომითი უფლებების და გოგონათა განათლების თემების ჩათვლით.

საინტერესო მიგნებაა, რომ საქართველოს მოქალაქეებს - როგორც მამაკაცებს, ასევე ქალებს - მეტი ქალის ნახვა სურთ არჩევით თანამდებობებზე. ფაქტობრივად, გამოკითხულთა 85 პროცენტი მიიჩნევს, რომ პარლამენტის წევრების სულ მცირე 30 პროცენტი უნდა იყოს ქალი. მე მესმის, რომ პირისპირ გამოკითხვის დროს, პოლიტიკური კორექტულობიდან გამომდინარე, შესაძლოა პასუხები ზუსტი არ იყოს, მაგრამ მაინც, არ აქვს მნიშვნელობა როგორ ვსვამთ კითხვებს, ნათელია, რომ უმრავლესობას უფრო ინკლუზიური მმართველობა სურს.

კვლევის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მიგნება სექსუალური ძალადობის შესახებ ფოკუს ჯგუფებიდან გამოიკვეთა, სადაც გამოვიყენეთ ინოვაციური მიდგომა - პირდაპირი კითხვების ნაცვლად, რესპოდენტებს მოვუყევით ორი თანამშრომლის, თეონას და ნოდარის, ისტორია. ამბის მოყოლისას ინტერვალებში ფოკუს ჯგუფის მონაწილეებს ვეკითხებოდით, თუ რას გრძნობდნენ და ამბის მოყოლის დასრულების შემდეგ ვთხოვეთ საკუთარი მიგნენები და შეგრძნებები ინდივიდუალური კომიქსის ფორმატში მოემზადებინათ. ჩვენ მიერ მოთხრობილი ამბავი აღწერდა სექსუალური შევიწროვების ისტორიას, რომელიც განსაკუთრებით გამწვავდა, როდესაც ნოდარმა მივლინების დროს თეონას სასტუმრო ნომერში შესვლა სცადა. მართალია, თითქმის ყველა მონაწილემ დაგმო ნოდარის საქციელი, უმრავლესობამ თეონას მიერ ამ ამბის უფროსისთვის მოყოლა მიზანშეწონილად არ მიიჩნია. ხოლო, მათ, ვინც მიიჩნია, რომ თეონას ეს ამბავი უფროსისთვის უნდა მოეყოლა, ინციდენტი ძალიან ზომიერად აღწერა, როგორც რაღაც უსიამოვნო, მაგრამ არა როგორც სექსუალურიშევიწროვება. მონაწილეები დისკუისს დროს მივიდნენ იმ დასკვნამდე, რომ თეონას სავარაუდოდ სამსახურის დატოვება მოუწევდა, რადგან მათი აზრით, ის სამართალს ვერ იპოვნიდა. შედეგები საკმაოდ შემაშფოთებელია, თუმცა, ამავე დროს, ეს იყო მნიშვნელოვანი ინფორმაცია NDI-ისა და პარლამენტში ჩვენი პარტნიორებისთვის, მით უფრო, ისეთი კანონმდებლობის შემუშავების პროცესში, რომელიც თეონას მსგავს ქალებს სამართლიანობის მიღწევაში დაეხმარება. 

და ბოლოს, ჩვენი კვლევით გამოვლინდა ის მნიშნველოვანი გამოწვევები, რომლებიც ქალებს აქვთ ქვეყანაში, გამოკითხულთა 81%-მა ოჯახშიძალადობა უმნიშვნელოვანეს პრობლემად დაასახელა, რასაც მოჰყვება ადრეული ქორწინება (72 პროცენტი), და სექსუალური შევიწროვება (56%).

ა. კ. : არსებობს ისეთი საკითხები რაზეც NDI-იმ ადრე გაგვაფრთხილა, დღეს კი ამ პრობლემების არსებობა ბოლო დროის კვლევებითაც დასტურდება?

ლ. თ. : ვერ ვიტყოდი, რომ კონკრეტულად NDI, მაგრამ ქალთა და ადამიანის უფლებებზე მომუშავე ბევრი ორგანიზაცია წლების განმავლობაში საუბრობდა საქართველოში, ისევე როგორც სხვა ქვეყნების უმრავლესობაში, არსებულ და ღრმად გამჯდარ სოციალურ სტერეოტიპებზე, რომლებზეც რეაგირებაც აუცილებელია. ჩვენმა გამოკითხვებმა ეს ნამდვილად დაადასტურა. არსებობს კონკრეტული შეხედულებები, მაგალითად ქალისთვის და მამაკაცისთვის „შესაფერისი“ სამსახურების შესახებ. ასევე, არსებობს დაუბალანსებელი მოლოდინები ქორწინებასა და ღალატთან დაკავშირებით. არსებობს გარკვეული ვარაუდები ოჯახსა და ბავშვის აღზრდაში ქალის როლზეც.

ა. კ. : საქართველო ევროპასა და აზიას შორის მდებარეობს. როგორც ფიქრობთ, საქართველო ევროპასთან უფრო ახლოს დგას, თუ აზიასთან იმ გაბატონებული სტერეოტიპების გათალისწინებით, რაც ქალის როლს უკავშირდება, ან თუნდაც სექსუალურ შევიწრობევას?

ლ. თ. : საინტერესოა, რომ ჩვენი ყველა გამოკითხვის თანახმად, საქართველოს მოქალაქეებს სექსუალური შევიწროვების საკმაოდ ფართო განმარტება აქვთ. 80 პროცენტზე მეტი სექსუალური შევიწროების ფორმებად მიიჩნევს: არასასურველი სექსუალური ხასიათის შეთავაზებას, არაკომფორტული სამუშაო გარემოს შექმნას, უცხო ადამიანის მიერ შეხებას და სხვა. მოქალაქეების უმრავლესობა (77 პროცენტი) მხარს უჭერს სექსუალური შევიწროვების წინააღმდეგ კანონმდებლობას, რაც საკმაოდ დადებითი ფაქტია. ამავე დროს, ცნობიერება სექსუალური შევიწროვების შესახებ განსხვავდება სოფლის და ქალაქის მოსახლეობაში. და მაგალითად, სექსუალური შევიწროვების შესახებ ინფორმაცია ნაკლებად არის ხელმისაწვდომი ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ ადგილებში, თუმცა კანონმდებლობის მიღებას, რომელიც დაარეგულირებს სექსუალურ შევიწროვებას, ისინიც უჭერენ მხარს. ვფიქრობ, რთულია რეგიონებს შორის შედარების გაკეთება. 20 წელი ვიმუშავე აზიაში და რეგიონის თითოეული ქვეყანა ამ თვალსაზრისით ერთმანეთისგან განსხვავებული იყო. შემიძლია ვთქვა, რომ ევროპამ, აზიამ, საქართველომ, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა- ყველამ მეტი უნდა გავაკეთოს ამ პრობლემების გადასაჭრელად.

ა. კ. : საქართველოში ქალების სამსახურებრივი მდგომარეობა, დარწმუნებული ვარ, არის უთანასწორობა ხელფასებში, მაგრამ რამდენად განსხვავებულია მდგომარეობა განვითარებულ ქვეყნებთან შედარებით?

ლ. თ. : მართალი ხართ, ანაზღაურებაში სხვაობა ბევრ ქვეყანაშია. ამიტომ შეგვიძლია ვისწავლოთ და გავითვალისწინოთ ერთმანეთის გამოცდილება. მაგალითად აშშ-ში არსებობს კონკრეტული საკანონმდებლო წინადადებები, რომლებიც მიზნად ისახავს ანაზღაურების სისტემის და სხვა საზომების გამჭვირვალობის გაუმჯობესებას. საქართველოს პარლამენტის გენდერული თანასწორობის საბჭო იკვლევს თუ როგორ შეიძლება ქართული კანონმდებლობით ამ საკითხის მოგვარება.

ა. კ. : ქალები და პოლიტიკა საქართველოში. ბოლო საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ, დაკარგეს თუ არა კრიტიკოსებმა ერთი ძლიერი არგუმენტი?

ლ. თ. : დარწმუნებით ვერ ვიტყვი. მნიშვნელოვანია ქალები და უმცირესობები მაღალი დონის არჩევით თანამდებობებს იკავებდნენ, თუმცა ვერ დავეთანხმები იმ შეხედულებას, თითქოს თუ ასე მოხდა, ისტორიული უთანასწორობა გაქრება. პრეზიდენტი ობამა ჩვენი პირველი შავკანიანი პრეზიდენტი იყო, მიუხედავად ამისა, ჩვენ კიდევ ბევრი რამ უნდა გავაკეთოთ, რათა აღმოვფხვრათ ჩვენს ქვეყანაში ღრმად გამჯდარი და მავნე რასიზმი.

თანაბარი პოლიტიკური წარმომადგენლობის კუთხით საქართველო საკმაოდ ჩამორჩება სხვა ქვეყნებს. ამჟამად, პარლამენტში ქალები მხოლოდ 15%-ს წარმოადგენენ. მდგომარეობა კიდევ უფრო მძიმეა ადგილობრივ დონეზე, სადაც არც ერთი ქალი არ არის გუბერნატორი (9-დან), მხოლოდ ერთი ქალია მერი (64-იდან), და მხოლოდ 13%-ით (2, 038-დან) არიან ქალები საკრებულოებში წარმოდგენილები. შედეგად, საქართველოს მოსახლეობის ნახევარზე მეტის პოზიცია ნაკლებად აისახება იმ პოლიტიკურ გადაწყვეტილებებში, რომლებიც ზეგავლენას ახდენს ქალების ყოველდღიურ ცხოვრებაზე. კაცები კანონმდებლობას მოსახლეობის საჭიროებებისა და პრიორიტეტების მათეული ანალიზის საფუძველზე წერენ.

ქალებს ვისაც პოლიტიკაში ჩართვა სურთ, პირველ რიგში შეხება აქვთ პოლიტიკურ პარტიებთან, რომლებიც პოლიტიკური მონაწილეობისთვის ერთგვარ ტრამპლინს წარმოადგენენ. თუმცა, როდესაც, პარტიებში კანდიდატთა შერჩევის პროცესი არ არის გამჭვირვალე, სამართლიანი, ინკლუზიური და კონკურენტუნარიანი, ქალების კანდიდატებდან ნომინირების შანსები დაბალია. პარტიებმა უნდა შეიმუშაონ კანდიდატების შერჩევის მკაფიო კრიტერიუმები და დაეყრდნონ კონკურენტუნარიან და გამჭვირვალე შერჩევის პროცესს, რათა პოლიტიკაში ჩართვის გზები საზოგადოების უფრო ფართო მასებისთვის გაიხსნას, რაც თავისთავად განაპირობებს მეტი ქალისა და ზოგადად, მეტად კვალიფიციური კანდიდატების შერჩევას. პარტიების ლიდერები - საქართველოშიც და ძირითადად ყველგან - ძალიან მარტივად ადანაშაულებენ ქალებს პარტიებში გაწევრიანების სურვილის არ არსებობის გამო, თუმცა არ ფიქრობენ იმაზე, თუ როგორ აქციონ საკუთარი პარტიები ქალებისთვის უფრო მიმზვიდელ გაერთიანებებად.

ამ ყველაფერს ემატება ისიც, რომ ზოგადად ქალი პოლიტიკოსები, ცნობილი ფიგურები და სექსუალური უმცირესობების წარმომამდგენლები ხდებიან ისეთი პრაქტიკის მსხვერპლი, როგორიცაა მათი პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეოების გავრცელება. მე მიმაჩნია, რომ ეს არის პოლიტიკური ტერორის ფორმა და წარმოადგენს შემაკავებელ ფაქტორს იმ ზოგიერთი ქალისთვის, რომელიც დაინტერესებულია პოლიტიკაში ჩართვით.


იმედი მაქვს, პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი გამოიყენებს საკუთარ მანდატს და თანამდებობას, რათა ყურადღება გამახვილდეს ამ პრობლემებზე და ხელს შეუწყობს პოლიტიკაში ქალთა მონაწილეობის გაზრდისთვის შესაფერისი გარემოს ჩამოყალიბებას.

ა. კ. : NDI-ის გამოკითხვები ადასტურებს, რომ საქართველოს მოსახლეობა ზოგადად მხარს უჭერს ნატოში გაწევრიანებას. მაგრამ მზად არის საზოგადოება იმისთვის, რომ იხილოს ჯარში მომსახურე ქალები?

ლ. თ. : საინტერესო კითხვაა. ჩვენმა კვლევამ აჩვენა, რომ სამხედრო სფერო ჯერ კიდევ მოიაზრება კაცების კარიერული განვითარების სფეროდ. NDI-ის 2018 წლის თებერვლის ფოკუს ჯგუფმა აჩვენა, რომ მონაწილეებს სამხედრო საქმიანობა არ მიაჩნიათ „ქალის პროფესიად“. მათ ეს საქმიანობა დაახასიათეს, როგორც არაფემინური და აღნიშნეს, რომ ქალები ფიზიკურად არ არიან მზად ამ სამსახურისთვის.

ასევე, ფოკუს ჯგუფის მონაწილეებმა თქვეს რომ ჯარში სამსახურის დაწყებას უფრო სასოწარკვეთილებიდან გამომდინარე თანხმდებიან, ვიდრე საკუთარი სურვილით. მათ აღნიშნეს, რომ ურჩევნიათ მათი ოჯახის წევრმა ქალმა არ იმსახუროს ჯარში. თუმცა, ეს მიდგომა შეიძლება შეიცვალოს. NDI-ის 2018 წლის ივნისის საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვისას, რესპოდენტების 49 პროცენტმა განაცხადა, რომ ისინი მხარს დაუჭერდნენ მათი ქალიშვილის გადაწყვეტილებას ჯარში სამსახურის შესახებ, რაც NDI-ის 2017 წლის აპრილის გამოკითხვასთან შედარებით რვა პროცენტიან ზრდას აჩვენებს. (კითხვაზე, დაუჭერდნენ თუ არა მხარს რესპოდენტები მათი ვაჟის ჯარში სამსახურს, 2017 წლის აპრილში 89 პროცენტმა და 2018 წლის ივნისში 86 პროცენტმა განაცხადა, რომ ისინი მხარს დაუჭერდნენ ამ გადაწყვეტილებას.) გარდა ამისა, ჩვენი ფოკუს ჯგუფის მონაწილეებს სჯეროდათ, რომ ქალებს უნდა მიეცეთ ჯარში მსახურის თავისუფლება, მიუხედავად იმისა, რომ ფოკუს ჯგუფის მონაწილეებს შესაძლოა არ მოსწონდეთ ეს.

ა. კ. : კვლევის მიგნებები ყოველთვის საინტერესოა დისკუსიისთვის, მაგრამ უფრო მნიშვნელოვანია NDI-ის პოლიტიკასთან დაკავშირებული რეკომენდაციები. თქვენი შეხედულებით, რა ნაბიჯები უნდა გადადგან ამ მიმართულებით შესაბამისმა უწყებებმა და საზოგადოებამ?

ლ. თ. : NDI როგორ წესი, არ იძლევა კონკრეტულ მითითებებს. ჩვენ ვმუშაობთ ჩვენს პარტნიორებთან პარლამენტში, პარტიებში, მთავრობასა და სამოქალაქო საზოგადოებში, რათა შემუშავდეს ქართული კონტექსტისთვის შესაფერისი და საჭირო პოლიტიკა. პარტნიორებს ვთავაზობთ ხოლმე გენდერულ თემებზე ჩატარებულ კვლევებზე დაფუძნებულ ზოგად მოსაზრებებსა და რეკომენდაციებს. მაგალითად, ჩვენ აღვნიშნეთ უფრო მეტად წარმომადგენლობითი პოლიტიკის აშკარა საჭიროება და მისი დადებითი მხარეები - რა სარგებელი მოაქვს საზოგადოებისთვის ისეთი საკანონმდებლო ორგანოს არსებობას, რომელიც ქვეყნის მოსახლეობას სრულად და თანაბრად წარმოადგენს. გამოცდილებამ გვაჩვენა, რომ რაც უფრო მეტი საზოგადოებრივი ჯგუფის წარმომადგენელია გადაწყვეტილების მიღების პროცესში ჩართული მით უფრო ინოვაციურია საკანონმდებლო ორგანოს გადაწყვეტილებები და შემუშავებული პოლიტიკა.

ასევე, დიდი ხანია ვსაუბრობ ახალგაზრდების ჩართულობის მნიშვნელობაზე. ვფიქრობ დროა მეტი ვიფიქროთ გოგონებზე და მათი ლიდერულ შესაძლებლობებზე. პირადად მე, სპორტული გუნდების წევრობამ, სკაუტ გოგონებში ყოფნამ და დებატების კლუბში მონაწილეობამ შემძინა ძალიან მნიშვნელოვანი თავდაჯერებულობა და კონკურენტული სულისკვეთება. მესმის, ამ მიმართულებით გოგოებისთვის ძალიან ცოტა შესაძლებლობაა საქართველოში. ვფიქრობ, საქართველომ უნდა გაითვალისწინოს ქართული საზოგადოების ხედვა ქალთა მონაწილეობის გაზრდაზე, რაც გულისხმობს საკმაოდ რთულ, ყოვლისმომცველ და გრძელვადიან მიდგომას, საგანანმანათლებლო ინსტიტუტებისა და საზოგადოებრივ ჯგუფების ჩართულობით და მონაწილეობით, რაც ხელს შეუწყობს საკითხების უფრო ინოვაციური გზებით გადაწყვეტასა და უკეთესი პოლიტიკის შემუშავებას.

ა. კ. : NDI-ის გამოკითხვები და სხვა კვლევები ხშირად ეხება საკმაოდ სენსიტიურ პრობლემებს. რა შეთხვევებში გიჩნდებათ განცდა, რომ საზოგადოება ბოლომდე არ არის მზად ამ საკითხების თავისუფლად განხილვისთვის? გქონიათ შემთხვევა, როდესაც გიფიქრიათ, რომ გარკვეულ კითხვებზე პასუხი გულახდილი არ არის, ან მასმედია თავს იკავებს კონკრეტული საკითხების გაშუქებისგან?

ლ. თ. : მგრძნობიარე საკითხები ყველა ქვეყანაში არსებობს, თუმცა NDI არ ერიდება ამ საკითხებზე დიალოგის წამოწყებას, რადგან მხოლოდ დისკუსიითა და აზრების გაზიარებით შეგვიძლია დავადგეთ მიზნისკენ დასახულ გზას. ვფიქრობ, რელიგია წარმოადგენს იმ საკითხთაგანს, რომელსაც საკმაოდ ძლიერი გრძნობები უკავშირდება და ხშირად რთულია კითხვების ისე დასმა, რომ ადამიანმა ცოტა უხერხულად არ იგრძნოს თავი. ვფიქრობ, არსებობს გზები, რომლის მეშვეობითაც შეგიძლია ალაპარაკო ადამიანი და დააფიქრო ის საქართველოში რელიგიის გავლენაზე, მაგალითად გენდერული თანასწორობის საკითხებზე ისე, რომ მან თავი არც შეურაცხყოფილად იგრძნოს და არც არატოლეტანტული გარემო შეიქმნას. რა თქმა უნდა, ჩვენი კვლევების ფარგლებში ზოგიერთი ასეთი კითხვაც დაგვისვამს.

NDI-ს სჯერა ყველა ადამიანის თანასწორობის, მათ შორის LGBTQ საზოგადოების. ჩვენ პირადად გვიმუშავია LGBTQ ორგანიზაციებთან და დიალოგის დასაწყებად ჩაგვიტარებია ღონისძიებები, რომლებიც ამ ჯგუფებს აკავშირებს პოლიტიკის შემმუშავებლებთან. გვესმის, რომ საქართველოში ეს სენსიტიური თემაა, მაგრამ გვჯერა, რომ მეტი დისკუსია და ცნობიერების ამაღლება შეიძლება დაგვეხმაროს უმცირესობათა უფლებების უზრუნველყოფასა და დაცვაში, და ჩვენ ამისთვის ყველაფერს ვაკეთებთ. მინახავს რამდენად სწრაფად იცვლება მიდგომები - მაგალითად, აშშ-ში 1988 წელს ამერიკელების მხოლო 11 პროცენტი უჭერდა მხარს გეი ქორწინებას, დღეს კი ეს რიცხვი თითქმის 70 პროცენტია. ვიცი, რომ ქართველები მოსიყვარულე, ტოლერანტული ხალხია, ამიტომ იმედი მაქვს, რომ უმცირესობათა მიმართ დღეს არსებული დისკრიმინაციული და დამამცირებელი პრაქტიკები დასრულდება.

ა. კ. : ძალიან დიდი მადლობა. შეგიძლიათ NDI-ის მიგნებები ნებისმიერ დროს გააცნოთ კავკასიური ჟურნალის მკითხველებს.

ლ. თ. : მადლობა თქვენ ამ შესაძლებლობისთვის, ახალ კავკასიურ ჟურნალს დიდ წარმატებას ვუსურვებთ!

Read the original interview in English here.