ლევან დოლიძე: "პოლიტიკა რომელიც ხელს უწყობს საზოგადოების დაყოფას სხვადასხვა ქვეყნების აგენტებად, პატრიოტებად და მოღალატეებად ასუსტებს ქვეყანას"

Levan Dolidze
29.03.2023
 (Caucasian Journal) კავკასიური ჟურნალი აგრძელებს ინტერვიუების სერიას საქართველოს წამყვან პოლიტიკურ ექსპერტებთან: ჩვენი დღევანდელი რესპოდენტია ლევან დოლიძე, საქართველოს სტრატეგიისა და განვითარების ცენტრის (GCSD) დამფუძნებელი.

მანამდე, სხვა მრავალ თანამდებობასთან ერთად, ბატონი დოლიძე იყო საქართველოს ელჩი ნატოში და საქართველოს თავდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე.

▶ In English: ინგლისური ვერსია წაიკითხეთ აქ. 

ალექსანდრე კაფკა, კავკასიური ჟურნალის მთავარი რედაქტორი:   მოგესალმებით კავკასიურ ჟურნალში, ბატონო ლევან. დასაწყისისთვის შეიძლება გკითხოთ გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის, ანალენა ბერბოკის საქართველოში ბოლო ვიზიტის შესახებ? როგორ შეაფასებდით ვიზიტის პოლიტიკურ მნიშვნელობას და მიზანს?

ლევან დოლიძე: მადლობას მოგახსენებთ დაინტერესებისთვის და ამ შესაძლებლობისთვის!

ვფიქრობ, ვიზიტი მნიშვნელოვანი იყო, როგორც დროის ასევე მის ფარგლებში გახმოვანებული პოლიტიკური გზავნილების თვალსაზრისით. გერმანია იმ დასავლეთ ევროპულ სახელმწიფოებს შორისაა, რომლის ლიდერები ყოველთვის მეტი სიფრთხილით საუბროდნენ საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებაზე პერსპექტივებზე. დღეს კი არსებით ცვლილებას ვხედავთ ამ მხრივ. განცხადებები, რომელიც გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა თბილისში გააკეთა კიდევ ერთი დასტურია ევროკავშირის პოლიტიკის ცვლილებისა აღმოსავლეთ პარტნიორობის სამი ქვეყნის, მათ შორის, საქართველოს  ინტეგრაციის დინამიკასთან მიმართებით. მინისტრის განცხადება, რომ გერმანიას საქართველოს ევროკავშირში ხილვა სურს მკაფიოდ წარმოაჩენს იმ ისტორიულ შესაძლებლობას, რომელიც საქართველოს მიეცა.