ლევან დოლიძე: "პოლიტიკა რომელიც ხელს უწყობს საზოგადოების დაყოფას სხვადასხვა ქვეყნების აგენტებად, პატრიოტებად და მოღალატეებად ასუსტებს ქვეყანას"

Levan Dolidze
29.03.2023
 (Caucasian Journal) კავკასიური ჟურნალი აგრძელებს ინტერვიუების სერიას საქართველოს წამყვან პოლიტიკურ ექსპერტებთან: ჩვენი დღევანდელი რესპოდენტია ლევან დოლიძე, საქართველოს სტრატეგიისა და განვითარების ცენტრის (GCSD) დამფუძნებელი.

მანამდე, სხვა მრავალ თანამდებობასთან ერთად, ბატონი დოლიძე იყო საქართველოს ელჩი ნატოში და საქართველოს თავდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე.

▶ In English: ინგლისური ვერსია წაიკითხეთ აქ. 

ალექსანდრე კაფკა, კავკასიური ჟურნალის მთავარი რედაქტორი:   მოგესალმებით კავკასიურ ჟურნალში, ბატონო ლევან. დასაწყისისთვის შეიძლება გკითხოთ გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის, ანალენა ბერბოკის საქართველოში ბოლო ვიზიტის შესახებ? როგორ შეაფასებდით ვიზიტის პოლიტიკურ მნიშვნელობას და მიზანს?

ლევან დოლიძე: მადლობას მოგახსენებთ დაინტერესებისთვის და ამ შესაძლებლობისთვის!

ვფიქრობ, ვიზიტი მნიშვნელოვანი იყო, როგორც დროის ასევე მის ფარგლებში გახმოვანებული პოლიტიკური გზავნილების თვალსაზრისით. გერმანია იმ დასავლეთ ევროპულ სახელმწიფოებს შორისაა, რომლის ლიდერები ყოველთვის მეტი სიფრთხილით საუბროდნენ საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებაზე პერსპექტივებზე. დღეს კი არსებით ცვლილებას ვხედავთ ამ მხრივ. განცხადებები, რომელიც გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა თბილისში გააკეთა კიდევ ერთი დასტურია ევროკავშირის პოლიტიკის ცვლილებისა აღმოსავლეთ პარტნიორობის სამი ქვეყნის, მათ შორის, საქართველოს  ინტეგრაციის დინამიკასთან მიმართებით. მინისტრის განცხადება, რომ გერმანიას საქართველოს ევროკავშირში ხილვა სურს მკაფიოდ წარმოაჩენს იმ ისტორიულ შესაძლებლობას, რომელიც საქართველოს მიეცა.

როგორც მოსალოდნელი იყო,  მინისტრმა ისაუბრა როგორც პრობლემებზე და ხელისუფლების მიერ გადასადგმელ ნაბიჯებზე, ასევე ცალკეული მიმართულებებით მიღწეულ პროგრესზეც. თუმცა, ისიც აშკარად გამოჩნდა, რომ საქართველოში სამოქალაქო სექტორის მხარდაჭერა და ხელისუფლებისა და სამოქალაქო საზოგადოებრივი ორგანიზაციების თანამშრომლობის აუცილებლობა ვიზიტის ფარგლებში მისი პოლიტიკური პოზიციის ერთერთ მთავარ ქვაკუდხედს წარმოადგენდა. შეჯამების სახით შეიძლება ითქვას, რომ ამ ვიზიტმა კიდევ ერთხელ დაგვანახა, ის უპრეცედენტო მხარდაჭერა, რაც საქართველოს გერმანიისგან ევროინტეგრაციის გზაზე აქვს და მკაფიოდ გამოკვეთა ის სფეროები, სადაც ხელისუფლების მეტი სიფრთხილე და ამავდროულად მეტი პროგრესი მოეთხოვება იმ პასუხისმგებლობის გათვალისწინებით, რაც მას ქვეყნის ისტორიის და მომავალი თაობების წინაშე აკისრია.

 

ა.კ.: თქვენ ახსენეთ აღმოსავლეთ პარტნიორობის სამი ქვეყნა და შესაბამისად ვიდრე შიდაპოლიტიკურ საკითხებზე გადავალთ მინდა გკითხოთ ასოცირების ტრიოს (Associated Trio – Georgia, Ukraine, Moldova) შესახებ. როგორ ფიქრობთ,  ის ჯერ კიდევ არსებობს როგორც ერთიანი ფორმატი, თუ მისი ყველა წევრს საკუთარი „სოლო“ აქვს და საკუთარი გზით მიდის? ზოგადად რას იტყვით ამ ფორმატის მნიშვნელობაზე საქართველოსთვის? 


ლ.დ.: ევროკავშირის გაფართოების ისტორია ადასტურებს, რომ მისი ინტერესი უფრო მეტად რეგიონების მიმართ ყალიბდება, ვიდრე - კონკრეტული ქვეყნების. შესაბამისად, საქართველოსთვის უაღრესად მნიშვნელოვანია იყოს შავი ზღვის აკვატორიის ქვეყნების საერთო ინტეგრაციული პროცესის ნაწილი.  ეს არის ერთერთი მთარი მიზეზი, რის გამოც ვფიქრობ, საქართველომ მაქსიმალურ ძალისხმვას უნდა მიმართოს ამ წელს კანიდატის სტატუსის მისაღებად, რათა არ შეიქმნას შესაბამისი რეგიონული კონტექსტიდან მისი დისტანცირების რისკი. სწორედ ამიტომაც მიმაჩნია, რომ ეს გამოწვევა საქართველოსთვის უფრო მნიშვნელოვან გეოპოლიტიკურ მიზნებთანაა დაკავშირებული, ვიდრე ინტეგრაციის გზაზე ერთი შემდეგი ნაბიჯის წინ გადადგმაა. ამასთანავე ვფიქრობ, ამ ტრიოს შენარჩუნება და მისი აქტუალიზაცია მნიშვნელოვანია სამივე ქვეყნისთვის, და აგრეთვე ევროკავშირისთვისაც, ვინაიდან მას არაერთი პოლიტიკური და პრაქტიკული სარგებლის მოტანა შეუძლია ყველა მხარისთვის. ცხადია ამ ფორმატის ეფექტიანობაზე უკიდურესად უარყოფით გავლენას ახდენს ის პრობლემები, რაც საქართველოს და უკრაინის ხელისუფლებებს შორის ურთიერთობებში არსებობს. 

 

ა.კ.:  არ შემიძლია არ გკითხოთ შექმნილი პოლიტიკური ვითარების შესახებ, რომელიც  საპარლამენტო უმრავლესობის მიერ „უცხოური გავლენის კანონის“ ინიცირებას უკავშირდება. როგორ ფიქრობთ, რამდენად არსებით ზიანს  მიაყენებდა ამ კანონის მიღება ქვეყანას და მის ევროპულ მისწრაფებებს. ზოგადად რა რისკებს ხედავთ იმ პოლიტიკურ პროცესების გათვალისწინებით, რაც ქვეყანაში კანოპროექტის ინიცირების შემდეგ ვითარდება? 

 

ლ.დ.: კანონის ჩაგდებამ იმ დამატებითი ზიანის თავიდან არიდების შანსი გააჩინა, რაც გარდაუვალი იქნებოდა მისი მიღების შემთხვევაში და რაც უმძიმეს შედეგებს გამოიწვევდა როგორც ევროკავშირთან ურთიერთობებში, ასევე ქვეყნის შიგნით.  აგრეთვე, ვფიქრობ, ზიანის რისკები კვლავ არსებობს, თუ შენარჩუნდება პოლიტიკა, რასაც მმართველი პარტია  სამოქალაქო სექტორთან მიმართებით დღესაც ახორციელებს, მათ შორის რიტორიკა, რომელსაც მასთან ურთიერთობებში იყენებს.  ევროკავშირი პირველ რიგში პოლიტიკური აქტორია და ის ხელისუფლების პოლიტიკას მხოლოდ მიღებული კანონების მიხედვით არ აფასებს. ცხადია, სათანადო ყურადღება ექცევა ხელისუფლების განცხადებებსაც და ქმედებებსაც. ასევე მიმაჩნია, რომ აღნიშნული კანონის თემა და მასთან დაკავშირებული პროცესები  მხოლოდ  ევროინტეგრაციის პრიზმაში არ უნდა განვიხილოთ. პოლიტიკა რომელიც ხელს უწყობს საზოგადოების დაყოფას სხვადასხვა ქვეყნების აგენტებად, პატრიოტებად და მოღალატეებად არ ემსახურება ჩვენი მოქალაქეების პრობლემების მოგვარებას და კიდევ უფრო მეტად ასუსტებს ქვეყანას იმ გამოწვევების პირისპირ, რაც ბევრი მიმართულებით, მათ შორის უსაფრთხოების მხრივაც არსებობს.  ამგვარი პოლიტიკის შედეგები უკვე გამოცადა ჩვენმა ქვეყანამ და კარგად გვახსოვს  თუ სადამდე შეიძლება მიგვიყანოს ამ გზამ. მნიშვნელოვანია ყველა კარგად დაფიქრდეს ამის შესახებ. 

 

ა.კ.: საპარლამენტო უმრავლესობის მხრიდან კანონპროეტის ჩაგდების შემდეგ, ბევრი განსხვავებული ინიციატივა მოვიმსინეთ ოპოზიციის მხრიდან, მათ შორის გაკეთდა მოწოდებები ვადანდელი არჩევნების მოთხოვნის შესახებ. როგორ ფიქრობთ, რამდენად შეძლებს ოპოზიცია ერთიანი პოზიციის ჩამოყალიბებას ამ საკითხზე და მიზნის მიღწევას? და რას ფიქრობთ, რა პრაქტიკული ნაბიჯები უნდა გადადგას დღეს ოპოზიციამ იმისთვის, რომ პოზიტიური როლი ითამაშოს ქვეყნის მიერ კანდიატის სტატუსის მიღებაში? 

 

სწორი ნაბიჯების გადადგმის შემთხვევაში, დღეს ოდნავ მეტია შანსი ევროკავშირის 12 პუნქტიან რეკომენდაციებზე პროგრესის მიღწევის, ვიდრე რამოდენიმე თვის წინ იყო.

ლ.დ.: საკმაოდ თვალსაჩინო იყო ის  ინტერესი, რაც ახალგაზრდებს და ზოგადად პროტესტში მონაწილე მოქალაქეების დიდ ნაწილს აერთიანებდა. პირველ რიგში, ის ქვეყნის ევროპული მომავლის დაცვას უკავშირდებოდა. დიდი აქცენტები კეთდება ამ ძალისხმევაში ახალგაზრდების განსაკუთრებულ როლზე, რაც ერთმნიშვნელოვნად ასეა, თუმცა ამ პროცესმა ის უფსკრულიც კარგად დაგვანახა, რაც ახალგაზრდებსა და პოლიტიკურ ძალებს შორის არსებობს. შესაძლოა სხვადასხვა მასშტაბით, თუმცა ეს პრობლემა აქვს როგორც ხელისუფლებას, ასევე ოპოზიციას. ამ და სხვა ბევრი მიზეზის გამო ვფიქრობ, ოპოზიციური პარტიებს არ უნდა ქონდეთ გადაჭარბებული მოლოდინები საზოგადოების, მათ შორის პირველ რიგში ახალგაზრდების მხარდაჭერაზე იმ პოლიტიკურ პროტესტის მიმართ, რომელიც გასცდება საქართველოს ევროინტეგრაციასთან დაკავშირებულ თემებს.  ვფიქრობ, დიდი შეცდომა იქნება დღეს ევროკავშირის კადიდატის სტატუსიდან საზოგადოების ყურადღების სხვა მიმართულებით გადატანა. მეტიც, დღეს კიდევ უფრო მეტი ყურადღება და ძალისხმევა ჭირდება ამ თემას მთელი სამოქალაქო სექტორის, მათ შორის ოპოზიციური პარტიების მხრიდანაც. განვითარებული პოლიტიკური პროცესების ანალიზი მაფიქრებინებს, რომ სწორი ნაბიჯების გადადგმის შემთხვევაში, დღეს ოდნავ მეტია შანსი ევროკავშირის 12 პუნქტიან რეკომენდაციებზე პროგრესის მიღწევის, ვიდრე რამოდენიმე თვის წინ იყო.  

ა.კ.:  რას ეფუძნება თქვენი ეს მოსაზრება, როგორ ფიქრობთ რა შეიცვალა ბოლო პერიოდში რაც ამ დასკვნის გაკეთების საფუძველს იძლევა?

 

ლ.დ.: პირველ რიგში უნდა აღინიშნოს, რომ დღეს მეტია რწმენა მოქალაქეებში, რომ მათ მიერ პოზიციის ღიად გამოხატვას და სამოქალაქო ჩართულობის მაღალ დონეს კონკრეტული შედეგების მოტანა შეუძლია ქვეყნისთვის. ცხადია, ამას დიდწილად განაპირობებს კანონპროექტთან დაკავშირებით მიღწეული შედეგი. ისიც უნდა ითქვას, რომ  მძიმე რიტორიკის მიუხედავად, ვფიქრობ, ხელისუფლებასაც ოდნავ უკეთ აქვს გააზრებული იმ ქმედების პოლიტიკური ფასი, რაც საზოგადოებაში ევროინტეგრაციის პროცესისთვის ბარიერის შექმნად აღიქმება. ამას არავინ აღიარებს, თუმცა ნამდვილად რთულია საპირისპიროს დაჯერება. ის პოლიტიკური უხერხულობა, რაც  უმრავლესობის ცალკეულ წევრებს საკუთარი ინიცირებული კანონპროექტის ჩაგდებით შეექმნათ, ვფიქრობ, მსგავს შემთხვევებში  მეტად დაფიქრების საფუძველს შეუქმნის. ცხადია ეს ყველას არ ეხება, თუმცა მცირე რაოდენობის დეპუტატების პოზიციაც  მნიშვნელოვანია რიგ შემთხვევებში. ეს მოსაზრება მაქვს, მიუხედვად იმისა, რომ რამოდენიმე დეპუტატი, რომელთაც უმრავლესობისგან განსახვევებული პოზიცია ქონდათ, ვიცით რომ უკვე ტოვებენ პარლამენტს.  აღსანიშნავია ისიც, რომ სამოქალაქო ჩართულობის იმ მასშტაბის შედეგად, რაც „უცხოური გავლენის შესახებ“ კანონპროექტზე ვიხილეთ,   ევროკავშირმაც კიდევ ერთი საკმაოდ მკაფიო გზავნილი მიიღო ჩვენი მოქალაქეების ევროპულ მისწრაფებასთან დაკავშირებით და ეს ნამდვილად იქონიებდა სათანადო გავლენას იმ პოლიტიკური გზავნილების სიცხადეზე, რაც მათ ხელისუფლებას გაუზიარეს ან მომავალში გაუზიარებენ. ამ ყველაფრის გათვალისწინებით, ხელისუფლებისთვის შექმნილ კომფორტად მიმაჩნია  ოპოზიციაში გაკეთებული განცხადებები, რაც ქვეყნის პოლიტიკურ დღის წესრიგში ამ მნიშვნელოვანი თემის სხვა საკითხებით ჩანაცვლებას ემსახურება. აქვე იმასაც უნდა გავუსვათ ხაზი, რომ მხოლოდ საკითხის პრიორიტეტულად შენარჩუნებაც არ არის საკმარისი კონკრეტულ შედეგების მისაღწევად.


ურთიერთბრალდებების და მუქარების სპირალში შესვლა, სადაც შინაარსზე მეტად ხშირად ემოციები ჩანს შედეგს ვერ მოიტანს.  შედეგის მიღწევის ალბათობა გაიზრდება მხოლოდ იმ შემთვევაში, თუ ხელისუფლებას მოუწევს მის მიერ გადასადგმელ ნაბიჯებთან დაკავშირებით სამოქალაქო და პოლიტიკური სპექტრის მაქსიმალურად კონსოლიდირებულ პოზიციაზე რეაგირება, რომელსაც  ამავდროულად მოქალაქეების დიდი ნაწილის მხარდაჭერაც ექნება. ეს ყველაფერი მოითხოვს მოქალაქეებთან ამ თემაზე აქტიურ და ეფექტიან კომუნიკაციას.  ამის ნიშნები დღეს არ ჩანს.   ვფიქრობ, ხელისუფლება კარგად სარგებლობს ოპოზიციის დიდი ნაწილის არათანმიმდევრული ნაბიჯებით და მათ მიერ არარეალისტური გეგმების დაანონსებით, რომლის ვერ მიღწევა საზოგადოებაში იწვევს ნიჰილიზმს პოლიტიკური პროცესების მიმართ.

 

ა.კ.:  ბევრი ადამიანი საქართველოში და ფაქტია, საერთაშორისო დონეზეც ღრმად არის შეშფოთებული საქართველოს დასავლური ორიენტაციისა და ნატოსა და ევროკავშირთან ჩართულობის სამომავლო პერსპექტივებით. როგორ ფიქრობთ, შეიძლება მართლაც შეიცვალოს ქვეყნის სტრატეგიული ვექტორი? თუ კი, როგორ ფიქრობთ, ეს მხოლოდ მოკლევადიანია შიდაპოლიტიკური დაპირისპირების შედეგია თუ დიდი თამაშის ნაწილი?

                         

ლ.დ.: ჩვენს მისწრაფებას, გავხდეთ დასავლური ინსტიტუციების სრულფასოვანი წევრები აქვს მნიშვნელოვანი ისტორიულ საფუძვლები და ის უკავშირდება ქვეყნის მიერ განვლილ ურთულეს გზას, ამავროულად - ქვეყნის მომავლისთვის სასიცოხლო მნიშვნელობის საკითხებს. შესაბამისად, ყოველთვის დიდი სიფრთხილით ვეკიდები ამ თემაზე შეფასების გაკეთებას, თუმცა, ერთი რამ დანამდვილებით შემიძლია გითხრათ: კონფრონტაციის ის დონე, რომელიც დღეს ქვეყნის მმართველ გუნდსა და ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებს შორის არსებობს, უარყოფით გავლენას ახდენს დასავლურ სტრუქტურებში ქვეყნის ინტეგრაციის პროცესზე და ცხადია, ამან ბევრი კითხვა გააჩინა როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე გარეთ. ისიც უნდა აღვნიშნოთ, რომ ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკური პროცესი დღეს თითქმის სრულად არის დაკავშირებული  საერთაშორისო ასპარეზზე ქვეყნის დღის წესრიგთან და რა თქმა უნდა, ამ თემებზე ხელისუფლების მიერ გაკეთებული განცხადებები ხშირად შიდა პოლიტიკურ მიზნებს ემსახურება. აგრეთვე, ხელისუფლება ხშირად საუბრობს სიფრთხილეზე, რომელიც აუცილებელია უკრაინაში მიმდინარე საომარი მოქმებების გამო და გარკვეულწილად სწორედ ამას უკავშირებს სტრატეგიულ მოკავშირეებთან გაურესებულ ურთიერთობებს. შეუძლებელია არ გავიზიაროთ ხელისუფლების პოზიცია სიფრთხილის მნიშვნელობაზე,  თუმცა ვფიქრობ, ეს მიღწევადია ქვეყნისათვის ზიანის მიყენების გარეშეც.    


ის რაც ზედაპირზე აშკარად ჩანს, ეს არის ხელისუფლების მცდელობა, თავიდან აირიდოს ინტეგრაციის პროცესთან დაკავშირებული რეფორმები, რომელთაც ძალაუფლების შემცირების ან დაკარგვის საფრთხედ აღიქვამს. მოგეხსენებათ, საქართველოში ძალიან დიდია მოქალქეების მხარდაჭერა ევროინტეგრაციის პროცესის მიმართ და  7-9 მარტის მოვლენებმაც კარგად დაგვანახა, რომ ძალაუფლების კონსოლიდაციისთვის იმ ნაბიჯების გადადგმა, რაც ზიანს აყენებს ქვეყნის მიერ ეროვნული ამოცანების მიღწევას, დიდ რისკებს უკავშირდება ხელისუფლებისთვისაც და ქვეყნისთვისაც.  

 

ა.კ.: თქვენ მუშაობდით ნატოში საქართველოს ელჩად. სწორია თუ არა, რომ საქართველო ბევრად უფრო მომზადებული იყო ალიანსში გასაწევრიანებლად, ვიდრე უკრაინა ან მოლდოვა, ტექნიკური მზადყოფნის, სამხედრო სტანდარტიზაციის და ა.შ.? 

 

ლ.დ.: პირველ რიგში აღვნიშნავ, რომ ცხადია, რუსეთ-უკრაინის ომმა მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინა ნატოს ნაბიჯებსა და გეგმებზე. ნატოს აღმოსავლეთის მიმართულებით მთავარ ამოცანად პოტენციური საფრთხეებისგან მოკავშირეების დაცვა განისაზღვრა და ამავდროულად დღის წესრიგში დადგა უკრაინის სამხედრო მხარდაჭერის საკითხიც. ეს ნაბიჯი შეიძლება შეფასდეს, როგორც პარადიგმის ცვლილება, რამაც საფუძველი დაუდო მიმდინარე დიდ გეოპოლიტიკურ ცვლილებებს.  სულ წელიწადნახევრის წინ, ცოტა თუ წარმოიდგენდა, რომ გერმანია უკრაინას რუსეთის წინააღმდეგ ომში ტანკებით მოამარაგედა. ასევე, ამ პროცესმა ბიძგი მისცა ფინეთისა და შვედეთის ალიანსში მიწვევას და საგულისხმოა, რომ ეს ქვეყნები ომის დაწყებამდე მხოლოდ პარტნიორები იყვნენ და მათი შესაძლებლობების მიუხედავად, მათ გაწევრიანების ინტერესი ოფიციალურად გამოხატული არ ქონდათ. შეიძლება ითქვას, ამ ქვეყნებს სრულიად განსახვავებული გეოპოლიტიკრუი კონტექსტი აქვთ, განსახვავებულია ნატოსთან მათი ურთიერთობის ისტორიაც და ცხადია ამ პროცესთან საქართველოს ინტეგრაციის დინამიკის შედარება მართებული არ იქნება. 

 

უკრაინის წარმატება ამ ომში დიდწილად განსაზღვრავს საქართველოს უსაფრთხოების ბედს მომავალში. ვფიქრობ, ნატოს შემდგომი გაფართოების საკითხიც დიდწილად სწორედ ამ ომის შედეგებზეა დამოკიდებული.

გარდა იმ ნაბიჯებისა, რაც საქართველომ ინტეგრაციის გზაზე დღემდე გადადგა, 2014 წელს საქართველო გაწევრიანდა ნატოს მიერ შექმნილ გაძლიერებული თანამშრომლობის ფორმატში (Enhanced Opportunity Partnership), თავდაცვითი შესაძლებლობების მხრივ ისეთ ძლიერ სახელმწიფოებთან ერთად როგორიცაა შვედეთი, ფინეთი, ავსტრალია და იორდანია. აღსანიშნავია, რომ სწორედ თავსებადობის კარგი დონე იყო ერთერთი მთავარი კრიტერიუმი, რომლის საფუძველზე საქართველო ამ ჯგუფში მოხვდა. მოგვიანებით ამ ფორმატს უკრაინაც შემოუერთდა, თუმცა იმ რეალობის გათვალისწინებით, რაც უკრაინის გარშემო ხდება, არც უკრაინასთან პარალელების გავლება მიმაჩნია მართებულად. უკრაინასა და საქართველოს საერთო გამოწვევები აქვთ, რაც სხვადასხვა დროს და სხვადასხვა მასშტაბით ამ ქვეყნების ეგზისტენციალურ პრობლემად იქცა. უკრაინის წარმატება ამ ომში დიდწილად განსაზღვრავს საქართველოს უსაფრთხოების ბედს მომავალში. ვფიქრობ, ნატოს შემდგომი გაფართოების საკითხიც დიდწილად სწორედ ამ ომის შედეგებზეა დამოკიდებული. აქვე აღვნიშნავ, რომ პოლიტიკურ დონეზე სტრატეგიულ პარტიორებთან ურთიერთობებში არსებული პრობლემების მიუხედვად, საქართველო ინარჩუნებს დასავლურ სტრუქტურებთან ინსტიტუციურ დონეზე თანამშრომლობას.  ეს განსაკუთრებით სწორედ თავდაცვის სისტემას ეხება, თუმცა, რა თქმა უნდა, თუ პოლიტიკურ დონეზე არსებული ბარიერები დროულად არ გადაილახა, ეს აუცილებლად იქონიებს უარყოფით გავლენას ინსტიტუციურ თანამშრომობაზეც. 

 

ა.კ.:  ხელისუფლებაში რომ ყოფილიყავით, რა იქნებოდა თქვენი პირველი სამი განკარგულება? საერთოდ, თუ არის რაიმე, რისი დამატებაც გსურთ ჩვენი მკითხველისთვის, სიტყვა თქვენია.

 

ლ.დ.: ვფიქრობ, მთავარი პრობლემები რაც დღეს ქვეყანაში არსებობს უფრო პოლიტიკური პოზიციის ცვლილებას მოითხოვს, ვიდრე განკარგულებების გამოცემას. დღეს პოლიტიკური პროცესი უფრო დაპირისპირების პოლიგონს გავს, სადაც მხარეები ერთმანეთის განადგურებაზე არიან ორიენტირებული. ვფიქრობ, ეს აცდენილია იმ ინტერესებს, რაც ჩვენი მოქალაქეების დიდ უმრავლესობას აქვს.


იმ გამოწვევისა და საფრთხეების გათვალისწინებით, რაც დღეს ქვეყნის წინაშე არსებობს, უკიდურესად მნიშვნელოვანია საზოგადოების ერთობა ქვეყნის უსაფრთხოების და საგარეო პოლიტიკური მიზნების გარშემო. ამ პროცესში პოლიტიკური სპექტრის ყველას მხარეს აქვს თავისი როლი და სამწუხაროდ პრობლემებს ვხედავთ როგორც ხელისუფლებიდან ასევე ოპოზიციიდან.  რა თქმა უნდა, განსაკუთრებული და შეუდარებელია ამ მხრივ ხელისუფლების პასუხისმგებლობა და სამწუხაროდ, სერიოზული რისკების შემცველია ნაბიჯები, რომელსაც ხელისუფლება დგამს. დღეს ჩვენ ვხედავთ, რომ თემები რომელიც ვახსენეთ (უსაფრთხოება და საგარეო პოლიტიკა), არა თუ ერთიანობის, არამედ დაპირისპირების მთავარ საგნად იქცა. 


ცხადია, უსაფრთხოების საკითხების მიღმაც ქვეყანას ბევრი გამოწვევა აქვს სხვადასხვა სფეროში. ვფიქრობ, ევროკავშირის თორმეტი რეკომენდაციის სრულფასოვანი შესრულება კარგ ფუნდამენტს შექმნიდა ბევრი მიმართულებით ხელშესახები პროგრესის მიღწევისთვის.  ეს ეხება არა მხოლოდ ჩვენს ეროვნულ მიზნებს საერთაშორისო ასპარეზზე, არამედ ზოგადად პოლიტიკური გარემოს გაუმჯობესებას და იმ პრობლემების მოგვარებას, რაც ჩვენს მოქალაქეებს ყველაზე მეტად აწუხებთ. საკითხები როგორც არის კორუფცია, სასამართლოს დამოუკიდებლობა, წინასაარჩევნო გარემო, სახელმწიფო ინსტიტუციების ეფექტიანი ფუნქციონირება და სხვ. გავლენას ახდენს არა მხოლოდ ჩვენს ევროპულ მისწრაფებებზე, არამედ პირველ რიგში ჩვენი მოქალაქეების ყოველდღიურ ცხოვრებაზე.  ვფიქრობ, სასარგებლო იქნებოდა, რომ ყველა პოლიტიკური აქტორი, ვისაც რაიმე კავშირი აქვს აღინიშნული რეკომენდაციების ირგვლივ მიმდინარე განხილვებთან, უფრო აქტიურად საუბრობდეს იმაზე, თუ რამდენად პირდაპირი გავლენა შეიძლება ქონდეს ჩვენს მოქალაქეებზე ხელისუფლების მიერ აღნიშნიშული სრულყოფილად შესრულებას. აქვე ისიც უნდა აღინიშნოს, რომ პოლიტიკურ პროცესში, განსაკუთრებით მაშინ როდესაც ასეთი მაღალია პოლარიზაციის ხარისხი, დიალოგის ფორმატის ეფექტიანობა მხოლოდ განხილვებისას წარდგენილი არგუმენტების სიმყარეზე არაა დამოკიდებული. ამ პროცესის შედეგს დიდწილად განსაზღვრავს ის, თუ რამდენად   უმყარებს მას ზურგს სამოქალაქო ჩართულობის მაღალი დონე.


ბოლოს მინდა აღვნიშნო, რომ ბევრი პრობლემის მიუხედავად, რაც ჩვენმა ქვეყანამ გამოიარა, არაერთი წარმატებისთვის გვაქვს მიღწეული უახლესი ისტორიის უკლებლივ ყველაზე ეტაპზე. პოლიტიკური მოვლენები რაც დღეს ვითარდება ქმნის იმ შედეგების დაზიანების რისკებს, რომლის მისაღწევად დიდი ძალისხმევა აქვს ჩადებული საჯარო მოხელეების და პოლიტიკოსების არაერთ თაობას, მათ შორის პარტიას, რომელიც დღეს ქვეყანას მართავს.    


ქვეყანას ჭირდება პოლიტიკური პროცესი, სადაც ნებისმიერი ცვლილება ასოცირებული იქნება მანამდე მიღწეული პროგრესის შენარჩუნებასა და მასზე უკეთესის დაშენებასთან.  ვფიქრობ, მიღწეულ პროგრესზე შენება არის ის ფორმულა, რომელზეც სასურველია მეტ აქცენტს აკეთებდნენ პოლიტიკოსები, როგორც ხელისუფლებიდან ასევე ოპოზიციიდან. რაც უფრო მეტად დაინახავენ მოქალაქეები ამის სათანადოდ გააზრებას პოლიკოსების მხრიდან, მით უკეთესი იქნება თავად პოლიტიკური ძალებისთვისაც და ქვეყნისთვისაც.

  

დიდი მადლობა კიდევ ერთხელ!

 

ა.კ.:  დიდი მადლობა პასუხებისთვის!

Read the English language version here.  

 
შეგიძლიათ, მიჰყვეთ, კავკასიურ ჟურნალს შემდეგ ბმულებზე:
Google News  *  Twitter  *  Facebook  *  Medium  *  LinkedIn  *  YouTube  *  RSS

კავკასიური ჟურნალის ელექტრონული ფოსტით გამოწერის მოთხოვნისთვის, შეიყვანეთ თქვენი ელ-ფოსტის მისამართი აქ: