18.11.2023 (Caucasian Journal) დღეს Caucasian Journal-ს აქვს პატივი ესაუბროს მის აღმატებულება პეტრ კუბერნატს, ჩეხეთის რესპუბლიკის ახლად დანიშნულ ელჩს საქართველოში. დიპლომატიური მისია მან მიმდინარე წლის აგვისტოში დაიწყო. ბატონ კუბერნატს აქვს დიდი გამოცდილება დიპლომატიურ და სხვა სამთავრობო სამსახურში საქმიანობის, ისევე როგორც კერძო სექტორში.
ალექსანდრე კაფკა, Caucasian Journal-ის მთავარი რედაქტორი: თქვენო აღმატებულებავ, კეთილი იყოს თქვენი მობრძანება საქართველოში და Caucasian Journal-ში, მადლობას გიხდით ჩვენი მკითხველების მიმართ გამოჩენილი ყურადღებისთვის. პირველ რიგში, ნება მომეცით, მოგილოცოთ ჩეხეთის ეროვნული დღესასწაული - თავისუფლებისა და დემოკრატიის დღე - რომელიც აღინიშნება 17 ნოემბერს. თუ მართალი ვარ, მთელი თქვენი კარიერის განმავლობაში, ძირითადად, დასავლეთ ევროპაში საქმიანობდით. საქართველო გამოუკვლევ/შეუსწავლელ/უცნობ ტერიტორიად ხომ არ მიგაჩნიათ?
პეტრ კუბერნატი: საქართველოში პირველად 1982 წელს ვიყავი. ეს იყო კიევის ტარას შევჩენკოს სახელობის უნივერსიტეტში სწავლის პერიოდში. იქ ვეუფლებოდი საერთაშორისო სამართალსა და საერთაშორისო ურთიერთობებს, ხოლო ჩემი ძირითადი მიმართულება საერთაშორისო ეკონომიკური ურთიერთობები იყო. ერთ მეგობართან ერთად გადავწყვიტე უკრაინის გარეთაც მომენახულებინა საინტერესო ადგილები. ასე წავედით კავკასიის რესპუბლიკებში, დავიწყეთ თბილისით და გავაგრძელეთ ერევანსა და ბაქოში.
მას მერე 40 წელიწადზე მეტი გავიდა. დღემდე მახსოვს „ტარხუნა“ - ის მწვანე ლიმონათი. ძალიან მომწონს და მიხარია, რომ ისევ ვიპოვე. იმ პერიოდში, მახსოვს, რომ უკვე არსებობდა ქანდაკება - ქართლის დედა, რომელიც დღესაც ადგილზეა. მახსოვს რუსთაველის გამზირი, რომელიც ძალიან ლამაზი იყო და დღეს, ჩემი აზრით, გაცილებით ლამაზი და მშვენიერია. თუმცა, სხვა ყველაფერი შეიცვალა - შეიცვალა დადებითი მიმართულებით, მათ შორის ხალხიც. ასე რომ, მეორედ ვარ საქართველოში.
ხალხი მართლაც ძალიან მეგობრულია. მას შემდეგ, რაც 17 აგვისტოს, ქალბატონ პრეზიდენტს გადავეცი რწმუნებათა სიგელები, მქონდა პატივი შევხვედროდი ძალიან მეგობრულ ქართველ ხალხს და განმეცადა მათი დიდი სტუმართმოყვარეობა, დამეგემოვნებინა თქვენი უგემრიელესი კერძები და ჩინებული ღვინო. ასე რომ, ახლა ვიცი, ნამდვილად ვისიამოვნებ თქვენს ქვეყანაში გატარებული დროით. რა თქმა უნდა, ვერ ვიტყვი, რომ აქ ჩამოსვლამდე ყველაფერი ვიცოდი საქართველოს შესახებ.
ა.კ.: ვფიქრობ, საქართველოსთვის საკმაოდ ხელსაყრელია ისეთი გამოცდილი პროფესიონალის ელჩად ყოლა, როგორიც თქვენ ხართ - და არა მხოლოდ ჩეხეთ-საქართველოს ურთიერთობებისთვის. 1990-2000-იან წლებში თქვენ ითამაშეთ მნიშვნელოვანი როლი ჩეხეთის ევროკავშირში გაწევრებისთვის მომზადებაში. ამ თვალსაზრისით, როგორ აფასებთ საქართველოს ევროკავშირში გაწევრებასთან დაკავშირებულ ვითარებას?
პ.კ.: მართალი ბრძანდებით. ჩემი საქმიანობის უმეტეს ნაწილს დასავლეთ ევროპაში ვახორციელებდი. შესაძლოა, სწორედ ეს იყო მიზეზი იმისა, რომ ცოტათი დავიღალე კიდეც დასავლეთ ევროპით. მე მისიას წარმოვადგენდი ევროკავშირის წევრ ქვეყნებში და იქ, ელჩის სამუშაო ცოტათი განსხვავდება ევროკავშირის გარეთ არსებულ ქვეყნებში ელჩის სამუშაოსგან.
ასე რომ, საკუთარ თავს ვუთხარი - მოდი ვცადოთ წასვლა სადმე ევროკავშირის ფარგლებს გარეთ, სადაც გარემო განსხვავებულია, თუმცა, ახლოსაა იმასთან, რაც აქამდე მიკეთებია. შედეგად, იმის გამო რომ მე ძალიან აქტიურად ვიყავი ჩართული ევროინტეგრაციის საკითხებში, ვფიქრობდი, კარგი იქნებოდა დავხმარებოდი ქვეყანას, რომელიც აწარმოებდა მოლაპარაკებებს გაწევრებაზე.
ა.კ.: ბოდიში, რომ გაწყვეტინებთ. ეს ცოტა უჩვეულოა - შეგიძლიათ რეალურად თავად გადაწყვიტოთ რომელ ქვეყანაში წახვალთ მისიაში?
პ.კ.: შეგვიძლია შევარჩიოთ რამდენიმე ვარიანტი. ძალიან მინდოდა საქართველოში საქმიანობის გაგრძელება, მაგრამ, ჩემს შემთხვევაში, 100 პროცენტით გარანტირებული არ იყო, რომ მივიღებდი იმას, რაც მსურდა. თუმცა, მე ეს შევძელი. რაღაც მოლოდინი მქონდა, რადგან საქართველოს ნაწილობრივ ვიცნობდი და ასევე, მარტივად შემეძლო რუსულ ენაზე კომუნიკაცია. რა თქმა უნდა, ბევრი რამ გვქონდა საერთო... მრავალი წლის განმავლობაში, ვიმყოფებოდით საბჭოთა რეჟიმის მმართველობის ქვეშ ან ძალიან ახლოს მასთან. ასე იყო ჩვენთვისაც და ქართველებისთვისაც. აქედან გამომდინარე, მქონდა შეგრძნება, რომ უკვე ვიცნობდი ამ ქვეყანას, ან სულაც საკმაოდ ახლობელი იყო ჩემთვის და შემეძლო ხალხის ბუნების გაგება.
ა.კ.: ავლებთ თუ არა რაიმე პარალელებს საქართველოსა და ჩეხეთის ევროკავშირში გაწევრებას შორის, თუ გაწევრების თითოეული პროცესი სრულიად უნიკალური შემთხვევაა? ჩემი აზრით, არასწორი იქნება არ გამოვიყენოთ თქვენი გამოცდილება საქართველოს ევროკავშირში სწრაფვისთვის ასეთ გადამწყვეტ მომენტში. როგორ ფიქრობთ, გექნებათ თუ არა შესაძლებლობა თქვენი რჩევებით წვლილი შეიტანოთ საქართველოს მისწრაფებებში?
პ.კ.: პასუხისმგებელი ვიყავი ჩემი ქვეყნის ევროკავშირში გაწევრების შიდა მოსამზადებელი სამუშაოების კოორდინაციაზე და ასევე, ვიყავი მომლაპარაკებელი ჯგუფის წევრი. აქედან გამომდინარე, ვფიქრობ, საკმაოდ კარგი და მნიშვნელოვანი ცოდნა მაქვს როგორც გაწევრების მთელი პროცესის, ასევე, მოლაპარაკებების პროცედურების შესახებ. ახლა კი, გაცნობითი შეხვედრებისა და სატელეფონო საუბრების დროს, ვთავაზობ, ჩემი ცოდნისა და გამოცდილების გაზიარებას - რა თქმა უნდა, სურვილის შემთხვევაში, რადგან მათ თავს ვერ მოვახვევ ჩემს რჩევებსა და იდეებს. ეს დამოკიდებულია მათზე [საქართველოს ხელისუფლებაზე]. ამ ეტაპისთვის, დადებითი უკუგებაა როგორც სხვადასხვა სამინისტროების, ისე პარლამენტის მხრიდან. მქონდა შეხვედრები პრემიერ-მინისტრთან, პარლამენტის თავმჯდომარესთან, ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარესთან და საგარეო ურთიერთობათა კომიტეტთან. ისინი მოხარულნი არიან, რადგან იციან, რომ არის ვიღაც, ვისაც შეუძლია მოუყვეს, თუ როგორი იყო მათი გაწევრების პერიოდი.
რა თქმა უნდა, ეს არ იქნება მსგავსი, რადგან, პირველ რიგში, გასათვალისწინებელია დროის ფაქტორი. ჩვენ შევედით 2004 წელს, ასე რომ მომავალ წელს, უკვე 20 წელი შესრულდება ამ მნიშვნელოვანი მოვლენიდან. რა თქმა უნდა, მას შემდეგ იყო ცვლილებები. თუმცა, ვფიქრობ, რომ საფუძველი იგივე რჩება. მახსოვს, როცა მოლაპარაკებას ვიწყებდით, გვითხრეს, რომ კანონთა კრებული (acquis communautaire) (დაგროვილი კანონმდებლობა, სამართლებრივი აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც 1993 წლიდან ევროკავშირის სამართალს აყალიბებს – მართლმსაჯულების ევროპული სასამართლო) დაახლოებით 85 000 გვერდია! არ ვიცი ახლა რამდენია – ალბათ მეტი, მაგრამ ამავდროულად, ამ კანონმდებლობის ნაწილი უკვე გაუქმებულია, ან მასში ასახულია გარკვეული ცვლილებები და დამატებები. ყოველ შემთხვევაში, დარწმუნებული ვარ, ბევრი გვერდია. ასე იქნება საქართველოს შემთხვევაშიც, როცა მოლაპარაკებებს დაიწყებთ.
მოლაპარაკების პირველი ეტაპი არის ე.წ. სკრინინგის პროცესი, როდესაც თქვენ ადარებთ თქვენს კანონმდებლობას ევროკავშირისას. მთელი ეს მოლაპარაკება ეხება არსებულ განსხვავებებს და მათ დაკმაყოფილებას, რადგან ზოგჯერ მათი მიღება რთულია და საჭიროა გარკვეული გარდამავალი პერიოდი. ამ გარდამავალი პერიოდის ხანგრძლივობა და შინაარსი წარმოადგენს სწორედ მოლაპარაკების საგანს.
შემდეგ, ის რაც ასევე განსხვავებულია, არის საწყისი წერტილი. როდესაც ჩვენ დავიწყეთ მოლაპარაკებების პროცესი, იყო 1998 წელი. საქართველოც დაიწყებს - ჯერ არავინ იცის, მაგრამ აუცილებლად იქნება განსხვავებული საწყისი პოზიცია და ამიტომაც პროცესში იქნება გარკვეული განსხვავებები.
ასევე, მინდა ხაზგასმით აღვნიშნო (და ამას ვაკეთებ ყველა გაცნობითი შეხვედრის დროს), რომ როცა აეროპორტიდან ქალაქში მოვდიოდი, გამაკვირვა ევროკავშირის დროშების ასეთმა დიდმა რაოდენობამ. ჩემს თავს ვუთხარი, იქნებ უკვე წევრ ქვეყანაში ვარ? და მეორე რაც მომივიდა თავში, რადგან დიდ აქცენტს ვაკეთებ ბიზნესზე, იყო ის, რომ დროშების დამზადება კარგი ბიზნესი იქნებოდა, რადგან მათზე დიდი მოთხოვნაა.
ამასთანავე, სასიამოვნოდ გამაოცა საქართველოს მოსახლეობის მაღალმა მხარდაჭერამ ევროკავშირში გაწევრებასთან მიმართებით - 80 პროცენტზე მეტი მხარდამჭერი ნამდვილად შთამბეჭდავი მაჩვენებელია. თუმცა, ასევე მესმის, რომ ხალხი უფრო მეტად „გულით“ გრძნობს, სურს იყოს ევროპის ნაწილი. ჩვენს შემთხვევაშიც ასე იყო. შეიძლება ვინმესთვის ძნელი გასაგებია, მაგრამ მახსოვს, როგორ ვამბობდით, რომ გვინდოდა ევროპაში დაბრუნება, რადგან ყოველთვის ვიყავით მისი ნაწილი, რომელსაც სამწუხაროდ, 40 წელზე მეტი ხნის მანძილზე დაგვაშორა „რკინის ფარდამ“.
აქედან გამომდინარე, მე სრულიად მესმის ასეთი მხარდაჭერის არსებობის და რომ ეს, უბრალოდ გულითადი სურვილია, ევროკავშირის და მისი ფუნქციონირების შესახებ ბევრი რამის ცოდნის გარეშე, ცოდნის გარეშე უფლებებისა და მოვალეობის შესახებ.
ვცდილობ ჩემ ქართველ პარტნიორებს ვუთხრა, რომ ევროკავშირისთვის მოზადების პროცესში, ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილი კომუნიკაციის სტრატეგიაა. თქვენ უნდა ეკონტაქტოთ თქვენს ხალხს და ეს კომუნიკაცია უნდა იყოს კარგად მიზანმიმართული.
სწორედ ამიტომ, ვცდილობ ჩემ ქართველ პარტნიორებს ვუთხრა, რომ ევროკავშირისთვის მომზადების პროცესში, ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილი კომუნიკაციის სტრატეგიაა. თქვენ უნდა ეკონტაქტოთ თქვენს ხალხს და ეს კომუნიკაცია უნდა იყოს კარგად მიზანმიმართული, რადგან ფართო საზოგადოებასთან კომუნიკაცია განსხვავდება ბიზნესის წარმომადგენლებთან, სტუდენტებთან, მასწავლებლებთან, ბავშვებთან, ახალგაზრდებთან და ა.შ. კომუნიკაციისაგან.
ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვანია ხალხის იმედგაცრუების თავიდან აცილება, რადგან ხანდახან მაქვს განცდა – და ეს არ არის ჩემი მხრიდან კრიტიკა, უბრალოდ სტატუს კვოა – ბევრს სჯერა, რომ მას შემდეგ, რაც საქართველოს კანდიდატის სტატუსი მიენიჭება, ყველაფერი მოგვარდება. ერთ დღეში პრობლემები და სირთულეები გაქრება და საქართველო დიდ სამოთხედ გადაიქცევა, რაც, რა თქმა უნდა, არასწორია. ვფიქრობ, რომ ეს ნორმალურია, რადგან ხალხი ასეთია; იგივე გრძნობა იყო ჩემს ქვეყანაშიც, ადამიანთა ზოგიერთ ჯგუფში.
მაქვს განცდა, რომ მოსახლეობის დიდ ნაწილს სჯერა, რომ მას შემდეგ, რაც საქართველოს კანდიდატის სტატუსი მიენიჭება, ყველაფერი მოგვარდება. ერთ დღეში პრობლემები და სირთულეები გაქრება და საქართველო დიდ სამოთხედ გადაიქცევა.
სწორედ ამიტომ, ჩემი აზრით, მნიშვნელოვანია ხალხის ობიექტურად ინფორმირება, მათთან არგუმენტირებულად კომუნიკაცია, მათ უფლებებზე საუბარი, მაგრამ ამავე დროს იმის თქმაც, რომ არის მოვალეობებიც - ისინი უნდა დაემორჩილონ კონკრეტულ წესებსა და შეზღუდვებს, რასაც გავლენა ექნება პრაქტიკულად ყველაზე, ევროკავშირის წევრად გახდომიდან ყოველ დღე. ჩემი აზრით, ამის გაკეთება პოლიტიკოსების ამოცანაა - პარლამენტარებმა, მთავრობამ უნდა მოახდინონ ხალხის ინფორმირება.
ა.კ.: სამწუხაროდ, ამას არავინ აკეთებს, არც პოლიტიკოსები და არც მასმედია. ჩვენ ვცდილობთ შევიტანოთ წვლილი შეძლებისდაგვარად. ძალიან მიხარია, რომ ამას დიდ მნიშვნელობას ანიჭებთ.
პ.კ.: ვფიქრობ, რა თქმა უნდა თქვენს მხარეს არსებობს გარკვეული შეზღუდვები. კომუნიკაციის სტრატეგიის შესახებ, მინდა დავამატო, რომ თქვენ ჯერ კიდევ გაქვთ გარკვეული დრო. არ არის პრიორიტეტული ხვალინდელი დღიდან ამის დაუყოვნებლივ გაკეთება, მაგრამ თქვენ უნდა დაიწყოთ, რადგან ეს გრძელი, ძალიან გრძელი გზაა. ხალხის იმედგაცრუების თავიდან ასაცილებლად, ისინი უნდა იყვნენ ინფორმირებული. ჩვენს შემთხვევაში ეს უფრო მიზანშეწონილი იყო, რადგან ბოლოს გვქონდა რეფერენდუმი.
ჩვენ გვსურდა ხალხი ყოფილიყო ძალიან კარგად ინფორმირებული, რათა გადაეწყვიტათ მხარი დაეჭირათ თუ არა ევროკავშირში გაწევრებისთვის - გადაეწყვიტათ ეს არგუმენტაციის მყარ საფუძველზე. და არა მხოლოდ „ცუდად მეძინა, ამიტომ უარს ვამბობ ევროკავშირზე“, ან პირიქით... ვფიქრობ, საქართველოს შემთხვევაში, გაწევრებაზე რეფერენდუმი არ იქნება. მაგრამ მაინც, ეს არ ნიშნავს იმას, რომ ხალხს არ სურს იყოს ინფორმირებული.
ჩემი აზრით, ეს ძალიან მნიშვნელოვანია. კანონმდებლობის მთელი ეს ჰარმონიზაციის პროცესი უფრო მეტად ტექნიკური ხასიათისაა. უკვე არაერთხელ მაცნობეს, რომ ბოლო ერთი წლის განმავლობაში თქვენ მიიღეთ ასობით ახალი კანონი ევროკავშირის კანონმდებლობასთან დასაახლოებლად. ვეუბნები საკუთარ თავს - ეს მართლაც დიდი რიცხვია. მაგრამ მაშინვე ყოველთვის ვამბობ - კარგი, ახალი კანონის მიღება ერთი ნაწილია, მაგრამ შემდეგი არის მისი პრაქტიკაში განხორციელება. ძალიან ძნელია ახალი კანონის იმპლემენტაციაზე მსჯელობა. საჭიროა გარკვეული დრო, რომ ნახოთ, როგორ მუშაობს იგი პრაქტიკაში. ვფიქრობ, ეს ძალიან მნიშვნელოვანია.
კანონმდებლობის ჰარმონიზაციის პროცესში მნიშვნელოვანია ხალხის ინფორმირება, რომ თუ შეიცვლება ესა თუ ის კანონი, მას ექნება გარკვეული გავლენა. მაგალითად, თქვენ მოგიწევთ უფრო მაღალი გადასახადების გადახდა, რადგან ეს საჭიროა გარემოს უკეთესად დასაცავად ან ნარჩენების გადასამუშავებლად. (გამიკვირდა, რომ აქ თითქმის არ ხდება გადამუშავება. ვაწყდები დაბრკოლებებს ბოთლის შესაბამის ნაგვის ურნაში ჩაგდების დროს, რადგან ჩემს ქვეყანაში ვანაწილებთ მთელ ნარჩენებს). ეს ყველაფერი ძალიან მნიშვნელოვანია ხალხისთვის.
კომუნიკაციის სტრატეგიაზე საუბრის დასასრულს - ჩვენ ვახსენეთ შიდა ნაწილი, მაგრამ არის ასევე გარე ნაწილი. ვინაიდან თქვენ ხართ მომავალი მომლაპარაკებელი ქვეყანა, უნდა აცნობოთ ევროკავშირის ამჟამინდელ წევრ ქვეყნებს, თუ ვინ ხართ, რა არის თქვენი ტრადიცია, ჩვევა, ისტორია და ა.შ. დარწმუნებული ვარ, გაქვთ რაღაც კონკრეტული, რომლითაც შეგიძლიათ გაამდიდროთ ევროპული „მაგიდა“, იქნება ეს კულტურა, განათლება თუ სხვა რამ.
ევროკავშირის ამჟამინდელი წევრი ქვეყნები გადაწყვეტენ თქვენს გაწევრიანებას, მაგრამ, გულწრფელად რომ ვთქვათ, მათგან არც თუ ისე ბევრი გიცნობთ.
ეს ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ამჟამინდელი წევრი ქვეყნები გადაწყვეტენ თქვენს გაწევრებას, მაგრამ, გულწრფელად რომ ვთქვათ, არც ისე ბევრი გიცნობთ. შეიძლება ითქვას, რომ ჩვენ თქვენ ასი პროცენტით არ გიცნობთ, მაგრამ გიცნობთ სხვებზე უკეთ. ხოლო მათთვის, ვინც ჯერ არ გიცნობთ, თქვენ უნდა შექმნათ რაიმე სახის საგარეო კომუნიკაციის სტრატეგია.
ზემოთხსენებული ფაქტი ჩვენს შემთხვევაშიც საკმაოდ მნიშვნელოვანი იყო, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ევროპის ცენტრში ვართ და ბევრი ადამიანი ტურისტად ჩამოდის ჩეხეთში - იცის ლუდის, შკოდას მანქანების, მთების და სხვა დანარჩენის შესახებ. მიუხედავად ამისა, მაინც მოგვიწია ისეთი საგარეო კომუნიკაციის შემუშავება, რომელიც წარმოაჩენდა ვინ ვართ, რომ გვაქვს ძალიან მდიდარი წარსული და შეგვიძლია ის მსოფლიოს გავუზიაროთ. ასე რომ, კომუნიკაციის სტრატეგიის ეს ნაწილიც ძალიან მნიშვნელოვანია.
კიდევ ერთხელ გავიმეორებ, ეს არ არის ხვალინდელი დღის პრიორიტეტი, მაგრამ ახლავე უნდა დაფიქრდეთ, როგორ დაიწყოთ და ცოტათი შეემზადოთ. მახსოვს ის პერიოდი, როცა საგარეო საქმეთა სამინისტრომ ეს გააკეთა. ჩვენ ვიყავით ორგანიზაცია, რომელიც აერთიანებდა სხვა სამინისტროებსა და სახელმწიფო ინსტიტუტებს, შეიძლება ითქვას, პროცესის მენეჯერები. მახსოვს, კომუნიკაციის სტრატეგიას ჰქონდა შიდა და გარე ნაწილი. გამოვაცხადეთ ტენდერები და ბევრმა არასამთავრობო ორგანიზაციამ მიიღო მონაწილეობა, რათა ჩაეტარებინა სემინარები და პრეზენტაციები. ბავშვებისთვის ვიქტორინები და ტესტებიც კი მოვაწყვეთ. ამისთვის ჩვენ გვქონდა ფული და შესაბამისად, არასამთავრობო ორგანიზაციებმა სიამოვნებით მიიღეს მონაწილეობა, რადგან მათთვისაც ძალიან საინტერესო და მნიშვნელოვანი საკითხი იყო.
ა.კ.: ანუ, გარე ნაწილი შედგებოდა ევროკავშირის ფარგლებში ორგანიზებული ღონისძიებებისგან, მაგრამ დაფინანსებული იყო ჩეხეთის მთავრობის ან არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ?
პ.კ.: დიახ, ეს იყო კომუნიკაციის გარე ნაწილი საზღვარგარეთ ჩეხეთის საელჩოების მხარდაჭერით. ასე რომ, მახსოვს, ახლანდელ წევრ ქვეყნებში საელჩოების ბიუჯეტები ოდნავ გაიზარდა ამ სახალხო დიპლომატიის ხარჯების დასაფარად. შედეგად, მათ შეძლეს ყველა ტიპის პროექტის განხორციელება. ყოველთვის ძალიან კარგი იყო ადგილობრივი წარმომადგენლების ჩართვაც.
ასე რომ, ძალიან კარგი იყო. ვიტყვი, რომ ეს იყო დაძაბული პერიოდი, მაგრამ ასევე ძალიან საინტერესო, რადგან ეს გამოცდილება მთელი ცხოვრების მანძილზე გამყვება. მაქვს დიდი ცოდნა ჰორიზონტალურ დონეზე სხვადასხვა სფეროდან, როგორიცაა სოფლის მეურნეობა, მრეწველობა, ეკონომიკა, ფინანსები და ა.შ. და ძალიან მოხარული ვარ, რომ ამ პროცესის ნაწილი ვიყავი.
ა.კ.: დარწმუნებული ვარ, თქვენ აყალიბებთ რამდენიმე პრიორიტეტს თქვენი საელჩოსათვის. რა პრიორიტეტები გექნებათ მომდევნო თვეებში?
პ.კ.: სამი ძირითადი პრიორიტეტი მაქვს. პირველი არის ხელი შევუწყოთ საქართველოს ინტეგრაციას, რა თქმა უნდა სურვილის შემთხვევაში. ასევე, დარწმუნებული ვარ იცით, რომ ჩვენ საკმაოდ ძლიერები ვართ განვითარების თანამშრომლობის სფეროში და გარდამავალ პროგრამებში. მესამე პრიორიტეტი კი ბიზნესია, რადგან, როგორც აღვნიშნე, საკმაოდ ბიზნესზე ორიენტირებული გახლავართ. შედეგად, მსურს გავზარდო სავაჭრო ბრუნვა ჩეხეთსა და საქართველოს შორის.
უნდა ვთქვა, რომ არც ისე ცუდია. გასულ 2022 წელს, სავაჭრო ბრუნვამ დაახლოებით 200 მილიონ ევროს მიაღწია. მაგრამ ვფიქრობ, რომ მისი გაუმჯობესების პოტენციალი ყოველთვის არის და ამ კუთხით მინდა მაქსიმუმი გავაკეთო.
თქვენ იცით, რომ ენერგო-პრო არის ყველაზე დიდი ინვესტორი ჩემი ქვეყნიდან საქართველოში, ქართულ ბაზარზე აქტიურობს შკოდას მსუბუქი ავტომობილების წარმომადგენლობა და სხვა რამდენიმე კომპანია. მაგალითად, შკოდას საზოგადოებრივი ტრანსპორტის მიმართულების გუნდი დაინტერესებულია მეტროსა და სარკინიგზო ვაგონების სახელმწიფო ტენდერებში მონაწილეობით.
ასე რომ, ეს არის სამი პრიორიტეტი.
ა.კ.: ვაღიაროთ: საქართველო პატარა ქვეყანაა და ყველა არ ანიჭებს მის როლს დიდ მნიშვნელობას. როგორ უყურებენ საქართველოს და მთელ სამხრეთ კავკასიის რეგიონს პრაღიდან?
საქართველო ჩემი ქვეყნისთვის მსოფლიოს ექვს პრიორიტეტულ ქვეყანას შორისაა განვითარების თანამშრომლობისა და გარდამავალი პროგრამების კუთხით და ასე დარჩება მომავალშიც.
პ.კ.: სამხრეთ კავკასიის რეგიონი ჩვენს გულებთან ყოველთვის ახლოს იყო, თუ შეიძლება ასე ითქვას. ჩვენ საელჩოები გავხსენით სამივე რესპუბლიკაში - ბაქოში, ერევანსა და თბილისში. ჩვენი საელჩო თბილისში პირველი იყო რეგიონში. საქართველო ჩემი ქვეყნისთვის მსოფლიოს ექვს პრიორიტეტულ ქვეყანას შორისაა განვითარების თანამშრომლობისა და გარდამავალი პროგრამების კუთხით და ასე დარჩება მომავალშიც. ასე რომ, ამ სფეროში ბევრ პროექტს ვაკეთებთ და მომავალშიც გავაგრძელებთ.
საკუთარ თავს ვეკითხები კიდეც: იქნებ მეტი დრო დამჭირდეს საქართველოში გასატარებლად? ეს იმიტომ, რომ მე ვხვდები უამრავ ადამიანს, რომლებმაც ბევრი რამ იციან ჩეხების და ჩეხეთის შესახებ და ვფიქრობ, რომ ქართველებსა და ჩეხებს შორის არის რაღაც განსაკუთრებული „კავშირი“, მაგრამ ზუსტად არ ვიცი რა არის ეს.
შესაძლოა, ჩვენ გვაქვს რაღაც საერთო გამოცდილება წარსულიდან და გვაქვს მეტ-ნაკლებად მსგავსი მომავალი. ეს რა არის? ჯერ ზუსტად არ ვიცი.
ა.კ.: ნება მომეცით ამაზე დავფიქრდე. პირველი რაც თავში მომდის არის ის, რომ იქნებ წაკითხული აქვთ იაროსლავ ჰაშეკი? ჩეხური კულტურა კარგად არის ცნობილი არა მარტო საქართველოში, არამედ მთელ საბჭოთა კავშირში. და თუ ჩეხეთში აჩვენებთ ერთ-ერთ კარგ ქართულ კომედიას, დარწმუნებული ვარ, უმეტესობა გაიგებს ამ იუმორს. ახლახანს ვესაუბრე გერმანელს, რომელიც იღებს კომედიურ სერიალს ერთ ბინაში მცხოვრებ ქართველ, სომეხ და აზერბაიჯანელ სტუდენტებზე და დარწმუნებული ვარ, ამ იუმორის მნიშვნელოვან ნაწილს გაიგებთ. Caucasian Journal-ში, ზოგადად განსაკუთრებულ ყურადღებას ვაქცევთ კავკასიის ამ სამი ქვეყნის ურთიერთობებს.
პ.კ.: მაგრამ თქვენი იუმორი ხომ ცოტათი განსხვავებულია, არა? და არის კლასიკური მუსიკა და მრავალი სხვა ასპექტი, რომელიც ქმნის ქართველებსა და ჩეხებს შორის მჭიდრო კავშირებისა და ურთიერთობის მოზაიკას. ასე რომ, ვფიქრობ, ჩვენ ერთმანეთთან ახლოს ვართ.
თქვენ შეეხეთ ძალიან მნიშვნელოვან საკითხს რეგიონული თანამშრომლობის შესახებ. მე დღესაც მახსოვს, ჩვენს დროს, ევროკომისიამ და ევროკავშირმა თქვა: „თქვენ უნდა დაამტკიცოთ, რომ შეგიძლიათ რეგიონალური თანამშრომლობა, რადგან თუ ამას შეძლებთ, შეძლებთ ითანამშრომლოთ ევროკავშირის შიგნითაც“. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია ამ უნარის დამტკიცება.
ა.კ.: მინდა, კიდევ ერთხელ მოგილოცოთ ჩეხეთის ეროვნული დღესასწაული, გულწრფელი მადლობა გადაგიხადოთ Caucasian Journal-ისთვის მიცემული ინტერვიუსთვის და გისურვოთ წარმატებული და სასიამოვნო დიპლომატიური მისია საქართველოში.
შეგიძლიათ, მიჰყვეთ, კავკასიურ ჟურნალს შემდეგ ბმულებზე: