ელჩი აშოტ სმბატიანი: „ჩვენი ინიციატივა სამხრეთ კავკასიას აღმოსავლეთ-დასავლეთის, ჩრდილოეთ-სამხრეთის გზაჯვარედინად გადააქცევს, როგორც ეს საუკუნეების მანძილზე იყო"

Ashot SMBATYAN
07.12.2023 (Caucasian Journal)  Caucasian Journal-ისთვის პატივია მიესალმოს მის აღმატებულება აშოტ სმბატიანს, სომხეთის ელჩს საქართველოში და უნგრეთში.

▶ In English: ინგლისური ვერსია წაიკითხეთ აქ. 

ალექსანდრე კაფკა, კავკასიური ჟურნალის მთავარი რედაქტორი: თქვენო აღმატებულებავ, კეთილი იყოს თქვენი მობრძანება კავკასიურ  ჟურნალში. ეს ინტერვიუ ჩვენთვის განსაკუთრებულია, რადგან ჩვენი ჟურნალის ერთ-ერთი მიზანია მხარი დაუჭიროს ჩვენი რეგიონის ხალხებს შორის მრავალსაუკუნოვან კავშირებს, გაიზიაროს მიღწევები და განიხილოს აქტუალური პრობლემების გადაჭრის შესაძლებლობები. ასე რომ, როცა ამ ინტერვიუს კონცეფციას ვგეგმავდი, მინდოდა შემომეთავაზა სადისკუსიო ორი ძირითადი თემა: ბოლო დროს განვითარებული მოვლენების შედეგები მთიან ყარაბაღში და სომხეთსა და საქართველოს შორის ურთიერთობები. თქვენ შეგიძლიათ შემისწორო,სხვა თემებზე გადამიწოდოთ, მაგრამ ნება მომეცით დავიწყო თანაგრძნობის გამოხატვით 100 000-ზე მეტ სომეხის მიმართ, რომლებიც იძულებულნი გახდნენ დაეტოვებინათ არცახი   (მთიანი ყარაბაღი) და ახლა ძალიან შორს არიან თავიანთი სამშობლოდან. როგორ განმარტავდით ამას, როგორც დიპლომატი და როგორც ადამიანი?

აშოტ სმბატიანი: - პირველ რიგში, ნება მიბოძეთ მადლობა გადაგიხადოთ ამ შესაძლებლობისთვის. ერთი წელი გავიდა მას შემდეგ, რაც საქართველოში სომხეთის რესპუბლიკის ელჩად დავინიშნე და ვფიქრობ, ეს არის კარგი შესაძლებლობა, შევაჯამოთ ის პროგრესი, რაც წელს დავაფიქსირეთ.

ასევე მინდა მადლობა გადაგიხადოთ მხარდაჭერის სიტყვებისთვის მთიანი ყარაბაღის მოსახლეობას  დატრიალებულ ტრაგედიასთან დაკავშირებით, ამ სიტყვების მოსმენა ჩვენს მეგობარ საქართველოში მნიშვნელოვანია. მართლაც, მთიანი ყარაბაღის მოსახლეობის წინააღმდეგ აზერბაიჯანის აღვირახსნილი აგრესია, რასაც მოჰყვა მთიანი ყარაბაღის მთელი ეთნიკური მოსახლეობის იძულებითი გადაადგილება, სხვა არაფერი იყო, თუ არა ეთნიკური წმენდა, რაც მკაცრად უნდა დაგმობილ იყო საერთაშორისო თანამეგობრობის მიერ. სამწუხაროდ, ჩვენ მოწმენი გავხდით, როგორ იქნა იძულებით გადასახლებული 100 000 ადამიანი თავისი სამშობლოდან აზერბაიჯანის მიერ.

სამწუხაროდ, 2020 წლის აზერბაიჯანის მიერ მთიანი ყარაბაღის წინააღმდეგ გაჩაღებული ომის შემდეგ, ჩვენ მოწმენი ვართ აზერბაიჯანის ხელმძღვანელობის ოფიციალურ განცხადებებს, რომლებიც ამტკიცებენ, რომ ძალა შეიძლება იყოს ლეგიტიმური ინსტრუმენტი საკითხების გადასაჭრელად, რაც პანდორას ყუთის გახსნას ჰგავს. და აქ გონება გვკარნახობს, რომ ყოველთვის მოეპოვება ისეთი, რომელიც ძლიერზე ძლიერია.

ის, რაც მოხდა მთიან ყარაბაღში, ასევე დიდი ადამიანური ტრაგედიაა. და მე იმედი მაქვს, რომ სომხეთთან ერთად ყველა ჩვენი მეგობარი ქვეყანა შეეცდება მხარი დაუჭიროს ამ ადამიანების ძირითადი საჭიროებების დაკმაყოფილებას, გაიზიაროს მათი ტკივილი.

ა.კ. - რა მომავალი ელის სომხეთ-აზერბაიჯანის ურთიერთობებს და ეთნიკურ არცახელ სომხებს?

ა.ს. - 19-20 სექტემბერს აზერბაიჯანმა მთიანი ყარაბაღის მოსახლეობის წინააღმდეგ ფართომასშტაბიანი აგრესია გააჩაღა, რამაც ასობით ადამიანის სიცოცხლე შეიწირა: მშვიდობიანი მოქალაქეები, ქალები და ბავშვები. ათიათასობით ადამიანი იძულებით გადაასახლეს, ქალები, ბავშვები და მოხუცები იძულებულნი გახდნენ ღია ცის ქვეშ დარჩენილიყვნენ საკვებისა და სხვა საარსებო საშუალებების გარეშე. ეს აგრესია იყო ლაჩინის დერეფნის 10-თვიანი ბლოკადისა და მთიანი ყარაბაღის მოსახლეობაზე დაწესებული შიმშილის ბოლო წერტილი. სურსათის, მედიკამენტების, საწვავის, ელექტროენერგიის და სხვა   პირველადი საჭიროების პროდუქციის მწვავე ნაკლებობამ მთიანი ყარაბაღის მოსახლეობა უკვე ჰუმანიტარული კატასტროფის პირას მიიყვანა. ყოფიერების საფრთხის ქვეშ მყოფი მთიანი ყარაბაღის მკვიდრ მოსახლეობას სხვა გზა არ ჰქონდა გარდა იმისა, რომ დაეტოვებინა მიწა, სადაც მათი წინაპრები საუკუნეების განმავლობაში ცხოვრობდნენ. აგრესიის შემდეგ სულ რაღაც 3-4 დღეში 100 000-ზე მეტი ადამიანი იძულებით გადაასახლდა სომხეთში. აზერბაიჯანის პოლიტიკა და ქმედებები ბოლო 10 თვის განმავლობაში ნათლად აჩვენებს ამ მასობრივი დანაშაულის წინასწარ დაგეგმილ და ორგანიზებულ ხასიათს. 

მთიანი ყარაბაღის წინააღმდეგ განხორციელებული ეთნიკური წმენდის პოლიტიკა ზოგადი მოზაიკის მხოლოდ ნაწილია. დაუსჯელობა უბიძგებს აზერბაიჯანს სომხეთის სუვერენული ტერიტორიის უკანონო ოკუპაციის გაგრძელებისკენ და აზერბაიჯანი ღიად საუბრობს სომხეთის მიმართ მის ტერიტორიულ ამბიციებზე. მეტიც, ბაქოში ათეულობით სომეხი სამხედრო ტყვეა მძევლად აყვანილი. ამის საპირისპიროდ, სომხეთმა არაერთხელ დაადასტურა თავისი ვალდებულება გააფორმოს სამშვიდობო ხელშეკრულება აზერბაიჯანთან- საერთაშორისო სამართლის, ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის ურთიერთ აღიარების პრინციპებზე დაყრდნობით. ჩვენი პრინციპები უმეტესწილად წარმოდგენილია გრანადაში გამართული ოთხმხრივი შეხვედრის შედეგად მიღებულ განცხადებაში. ეს პრინციპები ძალიან მარტივია - ტერიტორიული მთლიანობის ორმხრივი აღიარება ალმა-ატას დეკლარაციის საფუძველზე, სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვრის დელიმიტაცია საბჭოთა კავშირის უახლესი რუკების მიხედვით, ასევე ორივე სახელმწიფოს სუვერენიტეტისა და იურისდიქციის ქვეშ მყოფი ყველა დამაკავშირებელი გზების განბლოკვა - თანასწორობისა და ორმხრივობის პრინციპებზე დაყრდნობით. განსაკუთრებით ბოლო პუნქტთან დაკავშირებით მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენ სწორედ ამას ვუწოდებთ „მშვიდობის გზაჯვარედინს“. დარწმუნებული ვართ, რომ ჩვენი ტერიტორია შეიძლება გადაიქცეს აღნიშნულ გზაჯვარედინად და ეს მოუტანს ეკონომიკურ სარგებელს არა მარტო ჩვენს რეგიონს და ჩვენს მეზობლებს, არამედ მთელ მსოფლიოს და ეს გახდება ერთგვარი მშვიდობის გარანტი.

სამწუხაროდ, აზერბაიჯანული მხარე არ ჩანს დაინტერესებული მოლაპარაკებების გზით პრობლემების მოგვარებით და რეგიონში გრძელვადიანი მშვიდობით, არამედ ცდილობს გააგრძელოს თავისი მაქსიმალისტური მისწრაფებების პოლიტიკა.

ა.კ. - გმადლობთ, რომ ახსენეთ ინიციატივა "მშვიდობის გზაჯვარედინი". ეს ინიციატივა სომხეთის პრემიერ-მინისტრმა წარადგინა 2023 წლის 26 ოქტომბერს, როდესაც ბ-ნმა ფაშინიანმა მონაწილეობას ღებულობდა თბილისში გამართულ „აბრეშუმის გზის“ ფორუმში, როგორც ერთ-ერთი მთავარი მომხსენებელი.  შეგიძლიათ გაგვაცნოთ დეტალები ამ თემასთან დაკავშირებით, რას ეხება და როგორ ხედავთ მის პრაქტიკაში  განხორციელებას?

ა.ს. - სომხეთის მთავრობამ ახლახან შეიმუშავა პროექტი „მშვიდობის გზაჯვარედინი“, როგორც სამშვიდობო დღის წესრიგის შემადგენელი ნაწილი. სომხეთის რესპუბლიკის წინაშე არსებული ამჟამინდელი გამოწვევების მიუხედავად, ამ პროექტით ჩვენ კიდევ ერთხელ ვადასტურებთ ჩვენს ვალდებულებას - ავიღოთ ჩვენი წილი პასუხისმგებლობა და წვლილი შევიტანოთ რეგიონში გრძელვადიანი მშვიდობის დამყარებაში.

ჩვენ გვჯერა, რომ ეს პროექტი უმეტესად ჩვენს რეგიონში მცხოვრები ყველა ხალხის ინტერესიდან გამომდინარეობს, და ის შეიძლება გახდეს რეგიონული მშვიდობისა და ინკლუზიური განვითარების ერთ-ერთი საყრდენი.

პროექტი „მშვიდობის გზაჯვარედინი“-ს მთავარი არსი არის კავშირების შემდგომი განვითარება რეგიონის ყველა ქვეყანას შორის- გზების, რკინიგზის, გაზსადენების, კაბელების და ელექტროგადამცემი ხაზების რეაბილიტაციის, მშენებლობისა და ექსპლუატაციის გზით. ეს უნდა ეფუძნებოდეს სახელმწიფოთა სუვერენიტეტისა და იურისდიქციის, ასევე ორმხრივობის და თანასწორობის პრინციპებს.

გვჯერა, რომ პროექტი „მშვიდობის გზაჯვარედინი“, სხვა რეგიონულ ინიციატივებთან ერთად, გამოიწვევს ღრმა ურთიერთკავშირს და ურთიერთდამოკიდებულებას რეგიონის ქვეყნებს შორის, ამასთან ერთად უზრუნველყოფს საიმედო ინფრასტრუქტურულ კავშირებს მეზობელ სახელმწიფოებთან და რეგიონებთან. ამრიგად, ის საშუალებას მისცემს სამხრეთ კავკასია გადააქციოს აღმოსავლეთ-დასავლეთის, ჩრდილოეთ-სამხრეთის გზაჯვარედინად, როგორც ეს იყო საუკუნეების მანძილზე.

Iპროექტი „მშვიდობის გზაჯვარედინი“-ს მთავარი არსი არის კავშირების შემდგომი განვითარება რეგიონის ყველა ქვეყანას შორის- გზების, რკინიგზის, გაზსადენების, კაბელების და ელექტროგადამცემი ხაზების რეაბილიტაციის, მშენებლობისა და ექსპლუატაციის გზით.

ა.კ. - თუ არ ვცდები, 2020 წელს მთიანი ყარაბაღის მეორე ომის დროს თქვენ იყავით სომხეთის ელჩი გერმანიაში. ამჯერად საქართველოში მსახურობდით. შეგიძლიათ შეადაროთ სიტუაცია და თქვენი გრძნობები ადრე და ახლა? და პრაქტიკული თვალსაზრისით, როგორ შეგიძლიათ შეაფასოთ საქართველოს პოტენციალი, როგორც შუამავალი პლატფორა?

ა.ს. - არ მინდა ერთმანეთისგან გამოვყო აზერბაიჯანის აგრესია მთიანი ყარაბაღის წინააღმდეგ 2020 წელს, სომხეთის რესპუბლიკის წინააღმდეგ 2021 წლის მაისში და 2022 წლის სექტემბერში, ან 2023 წლის სექტემბერში ეთნიკური წმენდა მთიან ყარაბაღში. ეს ყველაფერი სომხების მიმართ ეთნიკური სიძულვილის პოლიტიკის შედეგია, რომელსაც ათწლეულების მანძილზე აზერბაიჯანში ოფიციალურად პროპაგანდას ეწევიან.

ჯერ კიდევ 2020 წელს აზერბაიჯანმა უხეშად დაარღვია მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების ვალდებულება და დაიწყო ომი მთიანი ყარაბაღის მოსახლეობის წინააღმდეგ, რასაც თან ახლდა საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის უხეში დარღვევა და ომის დანაშაულები. არაერთმა საერთაშორისო ორგანიზაციამ დააფიქსირა აზერბაიჯანის მიერ უცხოელი დაქირავებული მეომრების გამოყენება მთიანი ყარაბაღის მოსახლეობის წინააღმდეგ.

მეტიც, 2021 და 2022 წლების აგრესიის შედეგად აზერბაიჯანმა სომხეთის სუვერენული ტერიტორიის ნაწილი დაიკავა. 2022 წლის დეკემბერში აზერბაიჯანის მიერ ლაჩინის დერეფნის ბლოკადის შემდეგ, მთავარმა საერთაშორისო აქტორებმა გამოხატეს მკაფიო პოზიცია ლაჩინის დერეფნის განბლოკვის, მთიანი ყარაბაღის მოსახლეობის ტანჯვის შეჩერების და ადამიანის ფუნდამენტური უფლებების უზრუნველყოფის აუცილებლობის შესახებ. 2023 წლის 22 თებერვალსა და 6 ივლისს მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლომ დააწესა დროებითი ღონისძიება, რომლის მიხედვითაც „აზერბაიჯანს უნდა მიეღო ყველა ზომა, რათა უზრუნველყო ადამიანების, მანქან საშუალებებისა და ტვირთების შეუფერხებელი მოძრაობა ლაჩინის დერეფნის ორივე მიმართულებით“. და მიუხედავად იმისა, რომ გაეროს მთავარი სამართლებრივი ორგანოს-მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლოს გადაწყვეტილებები იურიდიულად სავალდებულოა გაეროს ყველა წევრი სახელმწიფოსთვის, საპასუხოდ აზერბაიჯანმა დაიწყო ფართომასშტაბიანი სამხედრო შეტევა მთიანი ყარაბაღის მოსახლეობაზე.

ამიტომ, ყველა ეს პროცესი ერთმანეთთან დაკავშირებულია და დღესაც, მკაფიო საერთაშორისო რეაგირების არარსებობის გამო, აზერბაიჯანი აგრძელებს სამხედრო ძალის ენით ხელმძღვანელობას. მეტიც, აზერბაიჯანი ასევე როგორც ბერკეტს იყენებს ენერგორესურსების გამო თავისი გეოპოლიტიკური მნიშვნელობის გაბერილ აღქმას, სხვადასხვა სახელმწიფოს, მათ შორის ევროკავშირისა და მისი წევრი ქვეყნების წინააღმდეგ. ზემოაღნიშნულის ნათელი მაგალითი იყო აზერბაიჯანის ბოლო გადაწყვეტილება, თავიდან აიცილოს ევროკავშირის შუამავლობით სომხეთთან სამშვიდობო შეთანხმების მოლაპარაკებები გრანადასა და ბრიუსელში 2023 წლის ოქტომბერში.

რაც შეეხება საქართველოს, ჩვენ ერთმნიშვნელოვნად ვაფასებთ ჩვენი ქართველი მეგობრების მზადყოფნას, წვლილი შეიტანონ ჩვენი რეგიონის პრობლემების გადაჭრაში და ამ მიზნისთვის შეთავაზონ მათი მხარდაჭერა. რა თქმა უნდა, ისიც უნდა გავითვალისწინოთ, რომ დღეს უკვე გვაქვს მოლაპარაკების არსებული ფორმატები.

ა.კ. - რადგან საქართველოს როლს უკვე შევეხეთ, გავაგრძელოთ სომხეთ-საქართველოს ურთიერთობების თემა. ბევრი მოელის, რომ ორ უძველეს ქრისტიანულ მეზობელ ერს შემუშავებულ უნდა ჰქონოდათ კლდესავით მყარი პარტნიორობა. თქვენი აზრით, რომელია ის ფაქტორები, რომლებიც ანელებს ამ განვითარებას?

ა.ს. - სომხეთისა და საქართველოს ურთიერთობებზე საუბრისას, მხედველობაში უნდა იქნას მიღებული, რომ ორივე ქვეყანა საკმაოდ ახალგაზრდაა, ჩვენი დამოუკიდებლობის აღდგენიდან მხოლოდ 32 წელია გასული. შარშან ჩვენ აღვნიშნეთ ჩვენს ქვეყნებს შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 30 წლისთავი.

ამ წლების განმავლობაში ჩვენ მოვახერხეთ საკმაოდ ყოვლისმომცველი ორმხრივი დღის წესრიგის შემუშავება, რომელიც მოიცავს თანამშრომლობის თითქმის ყველა შესაძლო მიმართულებას. ბოლო წლებში კი ორმხრივი კონტაქტების კიდევ უფრო გააქტიურების მოწმენი ვართ - როგორც უმაღლეს პოლიტიკურ დონეზე, ასევე სხვადასხვა სახელმწიფო უწყებებს, კულტურულ, საგანმანათლებლო და სხვა დაწესებულებებს შორის. ამიტომ, მე დავახასიათებდი ორმხრივ ურთიერთობებს ჩვენს ქვეყნებს შორის, როგორც მეზობლებისთვის განსაკუთრებით თბილს, რა თქმა უნდა, იმის გათვალისწინებით, რომ ჯერ კიდევ არსებობს უზარმაზარი პოტენციალი, რომლის გამოყენებაც შესაძლებელია და ჩვენი თანამშრომლობა გავხადოთ სამაგალითო.

რა თქმა უნდა, უნდა ვაღიაროთ, რომ დამოუკიდებლობის 32 წელი სულაც არ იყო იოლი სომხეთისთვისაც და საქართველოსთვისაც. სამწუხაროდ, საბჭოთა კავშირის დაშლისთანავე ჩვენი რეგიონი ჩაერთო უამრავ კონფლიქტში, რამაც ნამდვილად იმოქმედა ქვეყნებს შორის თანამშრომლობაზე და მთლიანად რეგიონის განვითარების პოტენციალზე. ამიტომ მიმაჩნია, რომ ჩვენს რეგიონში გრძელვადიანი მშვიდობისა და სტაბილურობის დამყარება ყოვლისმომცველი რეგიონული თანამშრომლობის მთავარი საწინდარია.

ა.კ. - როგორ ფიქრობთ, ჩვენს ქვეყნებს შორის ბოლო დროს განვითარებული პოლიტიკური მოვლენები ქმნის თუ არა შესაძლებლობას სამომავლოდ სომხეთსა და საქართველოს შორის უფრო მჭიდრო თანამშრომლობისთვის?

ა.ს. - ბოლო წლებში ჩვენ ვხედავთ სომხეთსა და საქართველოს შორის თანამშრომლობის გაფართოებას. ეს შეიძლება აიხსნას ორი მიმდინარე პროცესით. პირველი ისაა, რომ დღევანდელ სწრაფად ცვალებად სამყაროში სომხეთიც და საქართველოც, მათი ურთიერთდაკავშირებადობიდან გამომდინარე, ერთმანეთს ძალიან მსგავსი გამოწვევების წინაშე დგანან, ამიტომაც გვაქვს საერთო ინტერესებიც. როგორც მეზობლები, ვცდილობთ ჩვენი თანამშრომლობის გააქტიურება ამ გამოწვევების დასაძლევად.

მეორე კი ისაა, რომ საშინაო პოლიტიკურ ცხოვრებაში სომხეთმა და საქართველომ განვითარების ძირითად კომპონენტად დემოკრატიული სახელმწიფოს მშენებლობის გზა აირჩიეს. ევროკავშირი ჩვენი მთავარი პარტნიორია ამ პროცესში.

სწორედ ეს რეალობა ქმნის შესაბამის წინაპირობებს სომხეთსა და საქართველოს შორის ურთიერთობების სტრატეგიულ დონეზე ასაყვანად. ამ მიმართულებით პირველადი ნაბიჯები 2023 წელს გადაიდგა. ივლისში ბათუმში გამართულ სომხეთისა და საქართველოს პრემიერ-მინისტრების შეხვედრაზე, სადაც აღინიშნა, რომ სომხეთი და საქართველო მიზნად ისახავენ ჩაერთონ სტრატეგიულ საკითხებზე მაღალი დონის დიალოგში. დარწმუნებული ვარ, რომ ეს დამატებით იმპულსს მისცემს ნაყოფიერი თანამშრომლობისთვის, რაც ხელს შეუწყობს რეგიონულ მშვიდობასა და სტაბილურობას.

ა.კ. - არის თუ არა კონკრეტული პროგრამები პოლიტიკურ, ეკონომიკურ თუ კულტურულ სფეროებში, რომელთა წარმოდგენასაც ისურვებდით? კერძოდ, თუ საელჩო უშუალოდ იყო ჩართული ასეთ საქმეში.

ა.ს. - როგორც უკვე აღვნიშნე, ჩვენს ქვეყნებს შორის პოლიტიკური კონტაქტები დინამიურია, მხოლოდ ამ ერთი წლის განმავლობაში სომხეთისა და საქართველოს პრემიერ-მინისტრები რამდენჯერმე შეხვდნენ. ასევე აქტიური ხასიათისაა კონტაქტები საგარეო საქმეთა სამინისტროებსა და სხვა უწყებებს შორის, რაც უზრუნველყოფს აზრთა რეგულარულ გაცვლას რეგიონულ და საერთაშორისო განზომილებებში განვითარებულ მოვლენებზე.

მიმდინარე წელს ასევე დავამტკიცეთ სომხეთის რესპუბლიკისა და საქართველოს პარლამენტების საგარეო ურთიერთობათა კომიტეტებს შორის თანამშრომლობის ახალი ფორმატი. ამ წლის მაისში, თბილისში,  გაიმართა აღნიშნული კომიტეტების პირველი ერთობლივი სხდომა, და ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ ეს გახდება კიდევ ერთი ეფექტური პლატფორმა ჩვენს ქვეყნებს შორის პოლიტიკური დიალოგისთვის.

2023 წლის იანვარში ერევანში გაიმართა საქართველო-სომხეთის ეკონომიკური თანამშრომლობის მთავრობათაშორისი კომისიის მე-12 სხდომა, რომელსაც ორი ქვეყნის პრემიერ-მინისტრები ხელმძღვანელობდნენ და დღის წესრიგში თანამშრომლობის თითქმის ყველა მიმართულება იყო შეტანილი. ამის შემდეგ თბილისში ასევე გაიმართა სომხურ-ქართული ბიზნეს ფორუმი, რომელშიც მონაწილეობას იღებდა ასზე მეტი ბიზნესმენი.

საქართველოსთან ეკონომიკური თანამშრომლობის თვალსაზრისით, ჩვენ ასევე ძალზედ დაინტერესებული ვართ რეგიონული პროექტების განხორციელებით. მაგალითად, გრანადაში სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანთან შეხვედრისას ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა დაადასტურა კომისიის მხარდაჭერა „შავი ზღვის ელექტროგადამცემი ხაზის“ პროექტში სომხეთის მონაწილეობის მიმართ და ამ მხრივ ჩვენ ასევე ვაფასებთ ჩვენი ქართველი პარტნიორების მხარდაჭერას.

სომხეთი ასევე დიდ ყურადღებას უთმობს საქართველოსთან ურთიერთობებს კულტურის მიმართულებით. ვცდილობთ, რაც შეიძლება ხშირად იყოს კულტურული ღონისძიებები საქართველოში და გავაგრძელებთ ძალისხმევას ამ მიმართულებით. ასევე მნიშვნელოვანი საყრდენია პირდაპირი თანამშრომლობა ჩვენი ქვეყნების კულტურულ უწყებებს შორის. ამასთან დაკავშირებით შემიძლია აღვნიშნო თანამშრომლობის მემორანდუმის გაფორმება ჩვენი პარლამენტების კულტურის კომიტეტებს შორის, რაც სიახლე იყო როგორც სომხეთისთვის, ასევე საქართველოსთვის. ორი ქვეყნის შესაბამისი სამინისტროები ასევე განიხილავენ საქართველოში  სომხური, ხოლო სომხეთში ქართული კულტურის დღეების გამართვის გეგმებს.

ა.კ. - კავკასიურ  ჟურნალში ჩვენ  ღრმად გვჯერა საუკეთესო პრაქტიკის, რეფორმებისა და სხვა მოწინავე ცოდნის ფართო გავრცელების მნიშვნელობის. სწორედ ამიტომ, ჩვენ დიდი ყურადღება მივაქციეთ სომხეთის უნიკალურ TUMO საგანმანათლებლო ცენტრებს (მოზარდებისთვის უფასო საგანმანათლებლო პროგრამა IT და დიზაინის სფეროში). მოხარული ვიქნებით შემოგთავაზოთ ჩვენი მედია რესურსი, რათა ხელი შევუწყოთ უფრო მეტ მსგავს პროექტებს     საქართველოში და საერთაშორისო დონეზე. იქნებ ახსენოთ სხვა სომხური პროექტები, სადაც ჩვენი ინფორმაციული მხარდაჭერა გამოდგება.

ა.ს. - მართალი ბრძანდებით, TUMO უდავოდ გახდა თანამედროვე სომხეთის ერთ-ერთი ცნობილი სავიზიტო ბარათი. კრეატიული ტექნოლოგიების ცენტრი TUMO არის უფასო საგანმანათლებლო პროგრამა, რომელიც მოიცავს 14 სასწავლო მიმართულებას, მათ შორის ვებსაიტების და თამაშების შემუშავებას, ანიმაციას, გრაფიკულ დიზაინს, პროგრამირებას, რობოტიკას, 3D მოდელირებას და სხვა. ცენტრის მთავარი უპირატესობა ის არის, რომ აქ ახალგაზრდები თავად წყვეტენ საგანმანათლებლო გზას. ისინი აერთიანებენ ამ სფეროებს მათ პირად სასწავლო გზაზე, რომელიც შეიძლება განახლდეს მათი ცვალებადი ინტერესებისა და პროგრესის მიხედვით.

არანაკლებ ყურადღებას იმსახურებს „არმათ“ საინჟინრო ლაბორატორიები, რომელიც ასევე წარმატებული და პერსპექტიული საგანმანათლებლო პროგრამაა. ეს ლაბორატორიები იქმნება ასევე სკოლების ტერიტორიაზე, რომლის მიზანია 10-დან 18 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის მეცნიერების, ტექნოლოგიების, ინჟინერიისა და მათემატიკის გაცნობა ინტერაქტიული კლასგარეშე კურსების, საინტერესო შეჯიბრებებისა და ინოვაციური ბანაკების მეშვეობით. TUMO-ს მსგავსად, „არმათმაც“ დაიწყო ტექნოლოგიური განათლების სომხური მოდელის მსოფლიოში ექსპორტის პროცესი. 2023 წელი ამჟამად, სომხეთის გარდა, „არმათის“ ლაბორატორიები ფუნქციონირებს ქუვეითში, საფრანგეთში, აშშ-ში, საქართველოში (სამცხე-ჯავახეთი), ინდოეთში და ა.შ. გაზაფხულზე საქართველოში ვიზიტისას სომხეთის რესპუბლიკის განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა ქართულ მხარეს შესთავაზა განეხილა თბილისის ერთ-ერთ სკოლაში „არმათის“ ლაბორატორიის დაარსების საკითხი და მე  დიდი იმედი გვაქვს, რომ ჩვენ ქართველ პარტნიორებთან ჩვენ ერთად შევძლებთ „არმათ“-ის ლაბორატორიების დაარსებას თბილისშიც.

მინდა ასევე აღვნიშნო COAF (სომხეთის ბავშვების საქველმოქმედო ფონდი) SMART ცენტრი, რომელიც ფუნქციონირებს სრ ლორეს რეგიონში. ეს არის უნიკალური არაფორმალური საგანმანათლებლო ცენტრი სოფლად მცხოვრები 3-დან 18 წლამდე ბავშვებისთვის, რომელიც დაფუძნებულია „თავი, გული, ხელი" საგანმანათლებლო თეორიაზე. ის სტუდენტებს სთავაზობს 18-მდე პროგრამას, მათ შორის ხელოვნება და მუსიკა (გული), მეწარმეობა და ენები (თავი), ინჟინერია და მძლეოსნობა (ხელი).

ა.კ. - რაც შეეხება TUMO ცენტრებს, ჩვენ ვიცით, რომ ეს სომხური კონცეფცია ვრცელდება საფრანგეთში, რუსეთში და აშშ-ში. TUMO ცენტრი გერმანიაში თქვენი ელჩობის დროს გაიხსნა. არ შემიძლია არ აღვნიშნო, რომ, სამწუხაროდ, საქართველოში ფუნქციონირებს მხოლოდ ერთი მცირე TUMO კლასი (ჯავახეთში სომხურ ენაზე). რა შეიძლება გაკეთდეს ისეთი პროექტების განსახორციელებლად, რომლებსაც შეიძლება დიდი მნიშვნელობა ჰქონდეს ჩვენს ხალხებს შორის კავშირების გასაძლიერებლად?

ა.ს. - TUMO ცენტრების კონცეფციამ უკვე დაამტკიცა თავისი მიმზიდველობა საზღვარგარეთ მყოფი ჩვენი მეგობრებისთვის. სულ რაღაც 10 წელიწადში TUMO ცენტრები გაიხსნა პარიზში, ბეირუთში, ტირანაში, ბერლინში, ციურიხში, კიევში, ლიონში და ა.შ. კერძოდ, ბერლინში TUMO ცენტრის დაარსება მე ნამდვილად მიმაჩნია გერმანიაში ჩემი დიპლომატიური მისიის ერთ-ერთ საუკეთესო მიღწევად. TUMO ცენტრების ეს ქსელი, რომელიც მოქმედებს მთელ მსოფლიოში, შეიძლება იყოს ეფექტური მექანიზმი სხვადასხვა ქვეყნის ახალგაზრდებს შორის კავშირების დამყარებისთვის. ჩვენ, ნამდვილად, დაინტერესებული და ღია ვართ ჩვენს ქართველ პარტნიორებთან თანამშრომლობისთვის, რათა თბილისიც დავუკავშიროთ TUMO ცენტრების საერთაშორისო ქსელს.

ა.კ. - საქართველოში მუშაობის დასაწყისში მიცემულ ინტერვიუში თქვენ თქვენს მნიშვნელოვან მიზნად ახსენეთ მოქალაქეებს შორის პირადი კონტაქტების გააქტიურება - „მეტი სომხეთი საქართველოში და მეტი საქართველო სომხეთში“ პრინციპით. არის თუ არა რაიმე ნაბიჯები ამ მიმართულებით გასული წლის განმავლობაში? კერძოდ, ახალგაზრდებისთვის, როგორ აფასებთ ერთობლივი კვლევების თუ სხვა სამომავლო პროგრამების განხორციელების პერსპექტივას?

ა.ს. - დიპლომატის საქმიანობის ერთ-ერთ ძირითად მიმართულებად პირადი კონტაქტების გააქტიურება მიმაჩნია. ამ მხრივ, შემიძლია ვისაუბრო რამდენიმე სფეროზე, რომელსაც შეუძლია ხელი შეუწყოს სომხეთ-საქართველოს საზოგადოებათაშორის კონტაქტებს.

ტურიზმს თავისი უნიკალური როლი აქვს. თქვენ კარგად იცით, რომ საქართველო ტრადიციულად სომეხი ტურისტების ერთ-ერთი საყვარელი ადგილია, ხოლო ქართველების რაოდენობა, რომლებიც სომხეთში სტუმრობენ, შედარებით მცირეა. ამისდა მიუხედავად, ამ მიმართულებით პოზიტიურ ტენდენციას ვხედავ. 2022 წელი გაიზარდა სომხეთში ჩასული საქართველოს მოქალაქეების რაოდენობა და 175 ათასს გადააჭარბა. ამიტომ, ჩვენ უნდა გავაგრძელოთ მუშაობა, რათა სომხეთი უფრო მიმზიდველი გახდეს ქართველი ტურისტებისთვის.

2023 წლის იანვარში ჩვენი ქვეყნების პრემიერ-მინისტრებმა ხელი მოაწერეს შეთანხმებას, რომელიც საშუალებას აძლევს სომხეთისა და საქართველოს მოქალაქეებს ეწვიონ ერთმანეთის ქვეყნებს პირადობის მოწმობებით, რაც დამატებითი სტიმულია ერთმანეთის ქვეყნებში ჩასული ჩვენი მოქალაქეებისთვის. სხვათა შორის, საქართველო პირველი ქვეყანაა, რომელთანაც სომხეთმა გააფორმა ასეთი ხელშეკრულება.

კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯია ჩვენს ქვეყნებში კულტურული ღონისძიებების რეგულარულად ჩატარება. ამჟამად ჩვენს ქართველ პარტნიორებთან ერთად განვიხილავთ ჩვენს ქვეყნებში სომხური და ქართული კულტურული დღეების გამართვის საკითხს, ასევე ერთობლივ კულტურულ პროგრამებს, რაც კარგი შესაძლებლობა იქნება ჩვენი კულტურების წარმოჩენისა და სომეხი და ქართველი ახალგაზრდების ერთ ადგილზე შეკრების.

განათლება შეიძლება იყოს კიდევ ერთი სფერო, რომელიც ხელს უწყობს ახალგაზრდებს შორის კონტაქტებს. სომხეთის განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის საქართველოში ვიზიტის დროს, ჩვენ ხელი მოვაწერეთ მემორანდუმებს ერევნის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს, ასევე ერევნის და თბილისის ორ საჯარო სკოლას შორის. ამ მემორანდუმების ერთ-ერთი მთავარი პუნქტი იყო სტუდენტთა გაცვლითი ვიზიტების იდეა უნივერსიტეტებსა და სკოლებს შორის. ვფიქრობ, უნდა გავაგრძელოთ ამ მიმართულებით მუშაობა, რათა გავზარდოთ სომხური და ქართული სკოლებისა და უნივერსიტეტების  რიცხვი, რომლებიც თანამშრომლობენ ერთმანეთთან.

ასევე გვაქვს ყოველწლიური ახალგაზრდული ფორუმის ფორმატი, რომელიც ტარდება სომხეთსა და საქართველოში. არსებობს ხედვა, თუ როგორ გავაფართოვოთ ჩვენი თანამშრომლობა ამის ფარგლებში, რომელიც ამჟამად განიხილება ქართულ მხარესთან.

ა.კ. - ჩემი ბოლო, მაგრამ არანაკლებ მნიშვნელოვანი კითხვა უნგრეთთან ურთიერთობას ეხება. თბილისში ყოფნისას დაინიშნეთ ელჩად არა მხოლოდ საქართველოში, არამედ უნგრეთშიც. თუ მართალი ვარ, თქვენ ხართ პირველი ელჩი ბუდაპეშტთან დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენის შემდეგ 10-წლიანი შესვენების შემდეგ (მას შემდეგ, რაც უნგრეთმა 2004 წელს სომეხი ოფიცრის მკვლელობაში მსჯავრდებული აზერბაიჯანელი პატიმრის ექსტრადიცია მოახდინა). როგორ განმარტავდით უნგრეთთან ურთიერთობების მდგომარეობას და მათ პერსპექტივებს სომხეთისთვის?

ა.ს. - დიახ, 2022 წლის დეკემბერში, პოლონეთში, ქ. ლოძში, ეუთოს მინისტრთა საბჭოს ფარგლებში გამართული შეხვედრის შემდეგ, სომხეთის რესპუბლიკისა და უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრები შეთანხმდნენ სრული დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენაზე და გამოხატეს თავიანთი განზრახვა გახსნას ახალი თავი სომხეთ-უნგრეთის ურთიერთობებში - ურთიერთნდობასა და საერთაშორისო სამართლის პატივისცემაზე დაყრდნობით. ცოტა ხნის შემდეგ დაინიშნენ არარეზიდენტი ელჩები.

სომეხ და უნგრელ ხალხებს შორის არსებობს ღრმა ისტორიულ-კულტურული კავშირები და საერთო ქრისტიანული მემკვიდრეობა. გარდა ამისა, ჩვენ გვაქვს კონსტიტუციით აღიარებული სომხური თემი უნგრეთში, რომელიც უნიკალური სტატუსია თითქმის მთელ მსოფლიოში.

რა თქმა უნდა, სომხეთსა და უნგრეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობების არარსებობამ შექმნა გარკვეული უფსკრული, მაგრამ ჩვენმა მთავრობებმა გადაწყვიტეს იმუშაონ ახალი დღის წესრიგის შემუშავებაზე, რომელიც, გარდა პოლიტიკური დიალოგისა, მოიცავს ეკონომიკისა და ვაჭრობის, ენერგეტიკის, კულტურის, განათლების სფეროებს  და ა.შ.

წლის განმავლობაში ჩვენ უკვე გვქონდა რამდენიმე მაღალი დონის ვიზიტი, ბოლო, სულ რამდენიმე კვირის წინ, იყო უნგრეთის საგარეო საქმეთა და ვაჭრობის მინისტრის პეტერ სიიარტოს ვიზიტი სომხეთში.

ასევე უნგრეთთან თანამშრომლობას განვიხილავთ სომხეთ-ევროკავშირის ურთიერთობების კონტექსტში. და ჩვენ მოლოდინი გვაქვს, რომ უნგრული მხარე მხარს დაუჭერს ინიციატივებს, რომლებიც მიმართულია ევროკავშირთან ჩვენი კავშირების გაღრმავებისკენ.

ა.კ. - არის თუ არა რაიმე, რისი დამატებაც გსურთ ჩვენი მკითხველისთვის, სიტყვას გაძლევთ.

ა.ს. - ვფიქრობ, საკმაოდ საინტერესო და ყოვლისმომცველი ინტერვიუ იყო, რომელიც მოიცავდა სომხეთსა და საქართველოს თანამშრომლობის ბევრ მიმართულებას, ასევე ზოგიერთ რეგიონში განვითარებულ მოვლენებს   და უსაფრთხოების საკითხებს. ამიტომ, კიდევ ერთხელ მინდა მადლობა გადაგიხადოთ ამ შესაძლებლობისთვის და კიდევ ერთხელ დავადასტურო ჩემი მზადყოფნა, გავაგრძელოთ ჩვენი თანამშრომლობა მომავალშიც.

ა.კ. - დიდი მადლობა.

Read the English language version here.

 
შეგიძლიათ, მიჰყვეთ, კავკასიურ ჟურნალს შემდეგ ბმულებზე:
Google News  *  Twitter  *  Facebook  *  Medium  *  LinkedIn  *  YouTube  *  RSS

კავკასიური ჟურნალის ელექტრონული ფოსტით გამოწერის მოთხოვნისთვის, შეიყვანეთ თქვენი ელ-ფოსტის მისამართი აქ: