Photo Embassy of Japan © 2023 |
21.12.2023 (Caucasian Journal) კავკასიური ჟურნალისთვის განსაკუთრებული პატივია დღეს ესაუბროს მის აღმატებულება იშიძუკა ჰიდეკის, იაპონიის ახლად დანიშნულ ელჩს საქართველოში. მან დიპლომატიური მისია გასულ ივნისს დაიწყო.
ალექსანდრე კაფკა, კავკასიური ჟურნალის მთავარი რედაქტორი: თქვენო აღმატებულებავ, მოგესალმებით კავკასიურ ჟურნალში. თქვენი მოღვაწეობა დაიწყო ზაფხულში, შესაბამისად უკვე უნდა გქონდეთ მიღებული ადგილობრივი გამოცდილება. ხომ არ გაგვიზიარებდით სამ შთაბეჭდილებას საქართველოში, რომელსაც არ ელოდით და გაგაოცათ?
ელჩი იშიძუკა ჰიდეკი: ჩემი პირველი შთაბეჭდილება იყო ხედი თვითმფრინავიდან, სანამ თბილისში ჩამოვიდოდი. თოვლით მოფენილმა მბზინვარე კავკასიონის ქედმა და ლამაზმა ტყეებმა გამაოცა. თუმცა, ჩემზე კიდევ უფრო დიდი შთაბეჭდილება მოახდინა მთიან რეგიონებში ხეობის პირამდე მისულმა, კარგად გაშენებულმა ვენახებმა. ამან მაჩვენა ქართველი ხალხის გულმოდგინება და ვიგრძენი ერთგვარი სიმპათია, რადგან ძალიან ჰგავდა ბრინჯის ყანებს იაპონიაში.
მეორე შთაბეჭდილება იყო ქართული სტუმართმოყვარეობა, რომელიც მრავალ უცხოელს აოცებს. იაპონელი ხალხიც ძალიან ამაყობს თავიანთი სტუმართმოყვარეობით (ომოტენაში), რომელიც პირველ რიგში სტუმრისადმი პატივისცემით მოპყრობას ითვალისწინებს, თუმცა ქართული „სტუმარ-მასპინძლობა“ უფრო პროაქტიული და გულუხვია მეგობრული დამოკიდებულებით. ქართველი ხალხი ძალიან მეგობრულია და სტუმრებს ყოველთვის ღიმილით ეგებება. ხშირ შემთხვევაში აღმოვაჩინე, რომ ადამიანები ერთმანეთის მიმართ თავაზიანები არიან (გარდა საცობებისა...) და მათ საუბრებში ხშირად მესმის „კი ბატონო!“. ამგვარი თავაზიანობა ძალიან ახლო და კომფორტულია იაპონელი ხალხისთვის, რადგან ჩვენ მსგავსი კულტურა გვაქვს.
მესამე, აღფრთოვანებული ვარ ქართველი ხალხის მეგობრული დამოკიდებულებით იაპონიის მიმართ. ჩემს მოლოდინებს გადააჭარბა, როცა ვნახე, რომ ბევრი ქართველი დაინტერესებულია ისეთი უძველესი იაპონური ტრადიციებით, როგორიცაა ძიუდო ან სუმო, ასევე პოპულარული კულტურით, მათ შორის ანიმე და მანგა. ამჟამად ვსწავლობ ქართულ ენას და ყოველთვის მამხნევებს ის ფაქტი, როდესაც ვხედავ როგორი გულმოდგინებით სწავლობენ იაპონურ ენას ქართველები. ძალიან გამიხარდა, რომ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში წელს ძირითადი პროგრამისა და სპეციალობის სახით იაპონისტიკა დაფუძნდა.
ა.კ.: დარწმუნებული ვარ, თქვენ ასევე გაქვთ მკაფიო ხედვა იაპონიასა და საქართველოს შორის ურთიერთობების სრული სპექტრის - პოლიტიკური, ეკონომიკური, კულტურული. თუ აღინიშნება რამე ტენდენციები, მიღწევები ან კონკრეტული პროექტები, რომლებზეც გსურთ ყურადღების გამახვილება?
ი.ჰ.: 2022 წელს იაპონიასა და საქართველოს შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 30 წლის იუბილე იყო. ვგრძნობ, რომ ორმხრივი ურთიერთობები ყოველწლიურად ვითარდება. მოხარული ვარ იმით, რომ მაღალი დონის ვიზიტები უფრო და უფრო ხშირი ხდება. მაგალითად, იაპონია-საქართველოს საპარლამენტო მეგობრობის ჯგუფი ვიზიტით იმყოფებოდა საქართველოში და ასევე, ამ ჯგუფის ქართველი კოლეგებიც ესტუმრნენ იაპონიას. ვიცე პრემიერი - კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი, ქალბატონი თეა წულუკიანი ასევე იმყოფებოდა იაპონიაში, ოკინავას პრეფექტურაში, სადაც გაიმართა FIBA მსოფლიოს ჩემპიონატი კალათბურთში.
ჩვენი ორმხრივი ურთიერთობები, ახალი დღის წესრიგის საპასუხოდ, თანამშრომლობის ახალ ეტაპზე გადავიდა, ორივე ქვეყანამ უკვე ხელი მოაწერა თანამშრომლობის მემორანდუმს ერთობლივი საკრედიტო მექანიზმის (JCM) შესაქმნელად, საინვესტიციო შეთანხმება, ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილების შესახებ შეთანხმება და ა.შ.
სანამ დავიწყებდი ჩემს დიპლომატიურ მისიას საქართველოში, იაპონიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გამაგზავნა ჰიტოცუბაშის უნივერსიტეტში, სადაც ვასწავლიდი დიპლომატიის ისტორიასა და საერთაშორისო ურთიერთობებს. ჩემი აკადემიური გამოცდილების გამოყენებით, მინდა წავახალისო ინტელექტუალური გაცვლითი პროგრამები. 2024 წელს, საქართველო უმასპინძლებს ADB (აზიის განვითარების ბანკი) გენერალურ ასამბლეას, რომლის დაფუძნების დღიდან, იაპონია ყველაზე დიდი დამფინანსებელი ქვეყანაა. ამგვარად, არანაირ ენერგიას არ დავიშურებ, რომ გავაძლიერო ეკონომიკური და პოლიტიკური ურთიერთობები ორ ქვეყანას შორის.
ა.კ.: შეგიძლიათ მოგვიყვეთ მოკლედ საკუთარ თავზე და ასევე თქვენს საქართველოში დანიშვნაზე? როგორც ვხედავ თქვენი პუბლიკაციებიდან, თქვენი პროფესიული ინტერესები საკმაოდ შორს არის ჩვენი რეგიონისგან და უფრო ჩინეთსა და აშშ-ს უკავშირდება
ი.ჰ.: მართალია, რომ ჩემი კარიერის უმეტესი ნაწილი დავუთმე დიპლომატიურ მისიებს ჩინეთსა და სხვა ქვეყნებში, როგორიცაა შვედეთი, შრი-ლანკა, პაკისტანი ასევე ვენა და ა.შ. თუმცა, რაც უფრო მნიშვნელოვანი ხდება საქართველოს გეოპოლიტიკური მდებარეობა და კავშირები, ჩემი ცოდნა და გამოცდილებაც, მაგალითად, ეკონომიკური თანამშრომლობისა და კულტურული გაცვლის ხელშეწყობაში, უფრო მეხმარება საქართველოში მუშაობაში.
ვიყავი ჰიტოცუბაშის უნივერსიტეტის პროფესორი, საქართველოს მიერ განვლილი ისტორიული გზა, ჩვენს წელთაღრიცხვამდე ათასწლეულებიდან ამ საუკუნემდე, გვასწავლის ყველანაირ საჭირო ელემენტს, რომელიც აუცილებელია საერთაშორისო ურთიერთობების შესასწავლად. არ არის გასაკვირი, რომ უფრო და უფრო მეტი იაპონური უნივერსიტეტი იჩენს ინტერესს საქართველოსა და კავკასიის რეგიონისადმი.
ასევე, მე ვიყავი საერთაშორისო თანამშრომლობის ბიუროს ქვეყნების დახმარების დაგეგმვის მე-3 განყოფილების დირექტორი, რომლის პასუხისმგებლობაში იყო ODA-ს (განვითარების ოფიციალური დახმარება) პოლიტიკა. კარგად მესმის, რომ ODA ერთ-ერთი საუკეთესო საშუალებაა სხვა ქვეყნების დასახმარებლად და იაპონიასთან უფრო ძლიერი კავშირების დასამყარებლად. რაც შეეხება საქართველოს, იაპონიამ, საქართველოს განვითარების პროცესის მხარდაჭერის მიზნით, GGP-ს (ადამიანთა უსაფრთხოების საგრანტო პროგრამა) ფარგლებში 200-ზე მეტი პროექტი განახორციელა. სხვათაშორის, ახლახან ხელი მოვაწერე ორ საგრანტო კონტრაქტს, ხობის მუნიციპალიტეტში შშმ პირების დამოუკიდებელი ცხოვრების მხარდაჭერისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელობის სერვისების უზრუნველყოფისთვის და ასევე, ონის მუნიციპალიტეტში სათემო ავტობუსის შესაძენად, რომელიც მოემსახურება ქალაქ ონსა და 21 სოფელს.
ა.კ.: თქვენს ინტერესებზე ვისაუბროთ, შევამჩნიე, რომ თქვენ ასევე მრავალი სამეცნიერო სტატიისა და წიგნის ავტორი ბრძანდებით, კულტურულ და ისტორიულ საკითხებზე. ძალიან ფართო სპექტრია, დაწყებული ანტიკური ჩინეთის არქიტექტურიდან შუა საუკუნეების პუშტუ პოეზიამდე და იაპონური ნუმეზმატიკიდან ხალხურ სიმღერებამდე. თუ შეიძლება გკითხოთ, რა როლი აქვს ისტორიასა და ხელოვნებას თქვენს ცხოვრებაში? და როგორ ახერხებთ შეათავსოთ ასეთი მრავალმხრივი კვლევითი ინტერესები ყოველდღიურ დიპლომატიურ სამუშაოსთან?
ი.ჰ.: მე მჯერა, რომ მეცნიერებისა და ფილოსოფიის დანიშნულება არის „შეიცნო საკუთარი თავი“, როგორც ამას ყველა ძველი ბრძენი ამბობდა. ისეთი დარგები კი, როგორებიცაა, ხელოვნება და ისტორია უშუალოდ გვეხმარება ამ მიზნის მიღწევაში. ჩემი დიპლომატიური კარიერის ერთ-ერთი აღმოჩენა არის ის, რომ, რაც არ უნდა იყოს, ეს სამყარო ადამიანებს ეკუთვნის. ჩემი აკადემიური მიმართულება არის აღმოსავლეთმცოდნეობა, რომელიც მოიცავს არა მხოლოდ რეგიონის უნიკალური მხარეების შესწავლას, არამედ ითვალისწინებს კონკრეტული რეგიონების უნივერსალურ ადამიანურ ასპექტებსაც. ერთ-ერთი მეთოდია კულტურების შედარებითი კვლევა.
დიპლომატის ცხოვრებაში, ყოველი დღე შედარებითი კვლევაა, მაგალითად სხვადასხვა ენაზე თარგმნა, რაც საკმაოდ საინტერესო პროცესია, არა მხოლოდ ცნობისმოყვარეობის გამო, არამედ აკადემიური ცოდნის გაღრმავებისთვის.
მსოფლიოში მზარდი დაძაბულობის გამო, შუა დერეფანი და საქართველო, როგორც მისი საკვანძო ქვეყანა, პოზიტიურ ყურადღებას იზიდავს მთელი მსოფლიოდან, მათ შორის იაპონიიდანაც.
ა.კ.: ზოგჯერ, დიპლომატთან საუბრისას არის რისკი, რომ მხოლოდ „დიპლომატიური პასუხი“ მიიღო, მაგრამ ამან ინტერვიუერს არ უნდა აუცრუოს გული. სიტუაცია ჩვენს რეგიონში საკმაოდ რთულია, განსაკუთრებით კი უსაფრთხოების სფეროში. როგორ ხედავს ტოკიო საქართველოს და ზოგადად ამ რეგიონს?
ი.ჰ.: ჩემი აზრით, რეგიონალური და გლობალური გამოწვევების ფონზე, საქართველო უფრო და უფრო იმაღლებს საკუთარ გეოპოლიტიკურ მნიშვნელობას. მაგალითად, საქართველოს კარგი ურთიერთობები აქვს როგორც აზერბაიჯანთან, ასევე სომხეთთან და მნიშვნელოვან როლს ასრულებს რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის უზრუნველსაყოფად. მართლაც, მე ვნვახე, რომ სომხეთისა და აზერბაიჯანის პრემიერ მინისტრები ერთდროულად ესწრებოდნენ თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმს, რომელიც ოქტომბერში ჩატარდა და ნათლად აჩვენა საქართველოს როლი რეგიონში. მსოფლიოში მზარდი დაძაბულობის გამო, შუა დერეფანი და საქართველო, როგორც მისი საკვანძო ქვეყანა, პოზიტიურ ყურადღებას იზიდავს მთელი მსოფლიოდან, მათ შორის იაპონიიდანაც.
იაპონია და საქართველო იზიარებენ ისეთ არსებით ღირებულებებს, როგორიცაა დემოკრატია, კანონის უზენაესობა, ადამიანის უფლებები და ა.შ. საქართველო იაპონიისთვის მნიშვნელოვანი პარტნიორია თავისუფალი, ღია და კანონებზე დაფუძნებული საერთაშორისო წესრიგის შესაქმნელად. სწორედ ამიტომ, იაპონია პირველივე დღიდან მხარს უჭერს საქართველოს წინსვლაში და პატივს სცემს მის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას.
განათლება, სამეცნიერო კვლევები, მეცნიერება და ტექნოლოგიები არის განვითარების საკვანძო ელემენტები და ისეთი ტრადიციული ღირებულებები, როგორიცაა შრომისმოყვარეობა და თავაზიანობა, დაეხმარა საზოგადოების სტაბილურობას.
ა.კ.: შეიძლება ასევე შევეხოთ ჩვენი ურთიერთობების ეკონომიკურ მხარეს? თქვენი აზრით, რა შეიძლება გაკეთდეს, რომ საქართველო გახდეს უფრო მიმზიდველი იაპონელი ინვესტორებისთვის?
ი.ჰ.: ღვინის უძველესი ისტორიით, სხვადასხვა ტურისტული ადგილითა და მეგობრული ბიზნეს გარემოთი, ბიზნესის თვალსაზრისით საქართველოს გააჩნია ბევრი მიმზიდველი მხარე. საქართველო ახლა განიცდის სწრაფ ეკონომიკურ ზრდას. არსებული ინფორმაციის მიხედვით, საქართველოში მშპ ერთ სულ მოსახლეზე მალე 8000 დოლარს გადააჭარბებს. არსებობს რამდენიმე იაპონური კომპანია, როგორიცაა ტოიოტა-კავკასუსი, JTI (Japan Tobacco International), TEPCO(Tokyo Electric Power Company) და ა.შ., რომლებიც უკვე ახორციელებენ ინვესტიციებს საქართველოში. იმისათვის, რომ ქვეყნებს შორის ბიზნეს აქტივობები გაიზარდოს, გვჭირდება ადამიანთა შორის გაცვლის წახალისება და ურთიერთგაგება. ვიმედოვნებ, რომ იაპონია-საქართველოს ბიზნეს-პლატფორმა შეძლებს შესაბამისი ინფორმაციის მხარეებისთვის გაზიარებას.
რამდენადაც ვიცი, საქართველოს ელექტროენერგიის 70%-ზე მეტი განახლებადი ენერგიისგან იწარმოება. ეს შეიძლება მიმზიდველი იყოს იაპონელი ინვესტორებისთვის. როგორც მანამდე აღვნიშნე, იაპონია და საქართველო JCM-ის ფარგლებში უკვე მუშაობენ კონკრეტულ პროექტებზე. მაღალი ტექნოლოგიების მქონე იაპონურ კომპანიებს შეუძლიათ საკუთარი წვლილი შეიტანონ საქართველოს მდგრად განვითარებაში და ამ სფეროში ორმხრივი თანამშრომლობისთვის მრავალ შესაძლებლობას ვხედავ. ვფიქრობ, შესანიშნავი იქნება, თუ საქართველოს მწვანე/განახლებადი ენერგია შეუერთდება გლობალური ციფრული ტრანსფორმაციის (DX) და მწვანე ტრანსფორმაციის (GX) პროცესებს.
ა.კ.: ჩვენ, კავკასიურ ჟურნალში მტკიცედ გვწამს მსოფლიოს საუკეთესო პრაქტიკების, რეფორმების გამოცდილებების და სხვა მოწინავე Know-How-ს ფართო გავრცელების მნიშვნელობის - იმისთვის, რომ ისინი უკეთ იყოს ცნობილი და საბოლოოდ ათვისებული ჩვენს რეგიონში. რადგანაც იაპონიას გააჩნია სამაგალითო მიღწევები ბევრ სფეროში, შეგიძლიათ მიგვითითოთ რამდენიმე ისეთ საკითხზე, რომელიც შეიძლება სასარგებლო იყოს საქართველოსთვის, რომ მედიაში გაშუქებით, შევიტანოთ წვლილი.
ი.ჰ.: იაპონიამ შეძლო ტრადიციებისა და კულტურის შენარჩუნებასთან ერთად, სწრაფი ეკონომიკური განვითარება.
იაპონიას არ გააჩნია ნავთობის ან გაზის დიდი საბადოები, ქვანახშირის ან ოქროს მაღაროები თუ სხვა დიდი ბუნებრივი რესურსები და მეზობელ დიდ სახელმწიფოებთან შედარებით პატარა ქვეყანაა, შესაბამისად, ქვეყნის სოციალურ-ეკონომიკური განვითარებისთვის გადამწყვეტია ადამიანურ რესურსებზე ხელმისაწვდომობა.
განათლება, სამეცნიერო კვლევები, მეცნიერება და ტექნოლოგიები არის განვითარების საკვანძო ელემენტები და ისეთი ტრადიციული ღირებულებები, როგორიცაა შრომისმოყვარეობა და თავაზიანობა, დაეხმარა საზოგადოების სტაბილურობას.
Image: Nippon.com |
საინტერესოა, რომ იაპონიის საგანმანათლებლო სისტემის ვესტერნიზაციის აღნიშნული მცდელობა, დადებითად შეაფასა ილია ჭავჭავაძემ და 1889 წელს, თავის ჟურნალ „ივერიაში“ აღნიშნა იაპონიის შემდგომი განვითარების შესაძლებლობები.
ა.კ.: თუ არის კიდევ რაიმე, რისი დამატებაც გსურთ ჩვენი მკითხველისთვის, სიტყვა თქვენია.
ი.ჰ.: ჩემი კოლეგა, საქართველოს ელჩი იაპონიაში, მისი აღმატებულება თეიმურაზ ლეჟავა სოციალური მედიის საშუალებით აქტიურად ახორციელებს საქართველოს კულტურის პოპულარიზაციას იაპონიაში. ასევე, მეც მაქვს სურვილი ხელი შევუწყო საქართველოში იაპონიისა და იაპონური კულტურის ცნობადობის ამაღლებას. ამისათვის ჩვენი საელჩო აქტიურად ატარებს სხვადასხვა კულტურულ ღონისძიებებსა და აქტივობებს, და მომავალშიც მეტის ჩატარებას გეგმავს.
ასევე გვაქვს ფეისბუქ გვერდი, სადაც შეგიძლიათ ნახოთ შესაბამისი ინფორმაცია როგორიცაა ახალი კულტურული ღონისძიებები, საინტერესო ფაქტები იაპონიაზე, საელჩოს სიახლეები ან ინფორმაცია იაპონიის მთავრობის (MEXT: განათლების, კულტურის, სპორტის, მეცნიერების და ტექნოლოგიების სამინისტრო) საგრანტო პროგრამაზე, რომელიც მოტივაციას აძლევს ქართველ სტუდენტებს სწავლა განაგრძონ იაპონიაში.
დაახლოებით ნახევარი წელია, რაც დავიწყე მუშაობა როგორც იაპონიის ელჩმა საქართველოში. მადლობელი ვარ ჩემი თბილი მიღებისთვის. მინდა ყველაფერი გავაკეთო ჩვენს ქვეყნებს შორის კავშირების გასაძლიერებლად.
ა.კ.: დიდი მადლობა! გისურვებთ წარმატებულ და სასიამოვნო დიპლომატიურ საქმიანობას ჩვენს ქვეყანაში.
შეგიძლიათ, მიჰყვეთ, კავკასიურ ჟურნალს შემდეგ ბმულებზე:
კავკასიური ჟურნალის ელექტრონული ფოსტით გამოწერის მოთხოვნისთვის, შეიყვანეთ თქვენი ელ-ფოსტის მისამართი აქ: