ღასან ხალილი: „მთავრობამ, კერძო სექტორმა და სამოქალაქო საზოგადოებამ ერთიანი ძალებით უნდა შექმნან ისეთი გარემო, სადაც ბავშვი იქნება პრიორიტეტი“

20.11.2022 (Caucasian Journal)  ჩვენი დღევანდელი სტუმარი გახლავთ ბატონი ღასან ხალილი, გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელი საქართველოში.
 
▶ In English: ინგლისური ვერსია წაიკითხეთ აქ. 

ალექსანდრე კაფკა, კავკასიური ჟურნალის მთავარი რედაქტორი:  ბატონო ღასან, კეთილი იყოს თქვენი მობრძანება კავკასიის ჟურნალში. როგორც ვიცით, საქართველოში გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენლად 2018 წლის შემოდგომაზე დაინიშნეთ, შესაბამისად, ზუსტად ოთხი წელია, რაც აქ იმყოფებით. მოდი, პირდაპირ გკითხავთ: როგორ ფიქრობთ, ბოლო წლებში გაუმჯობესდა თუ არა ქვეყანაში არსებული მდგომარეობა იმ მიმართულებებით, რასაც გაეროს ბავშვთა ფონდი უწევს მონიტორინგს?

 

ღასან ხალილი: ძვირფასო ალექსანდრე, პირველ რიგში, მსურს, მადლობა გადაგიხადოთ, რომ მომეცით შესაძლებლობა საქართველოში გაეროს ბავშვთა ფონდის საქმიანობის შესახებ მესაუბრა. საქართველოში გატარებული ოთხი წელი უაღრესად საინტერესო და, ამავდროულად, გამოწვევებით აღსავსე გახლდათ, განსაკუთრებით კი კორონავირუსით გამოწვეული პანდემიის პირობებში. სიამაყით შემიძლია, ვთქვა, რომ გაეროს ბავშვთა ფონდმა, რომელიც საქართველოში 1993 წლიდან არსებობს, დაარსების დღიდან დღემდე ძალიან მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ქვეყნის განვითარებაში. თუმცა, განსაკუთრებით მსურს, აღვნიშნო ის წარმატება, რასაც გაეროს ბავშვთა ფონდის გუნდმა გასული რამდენიმე წლის განმავლობაში მიაღწია, კერძოდ კი, გაფართოვდა ჩვენი მოღვაწეობის თემატური და გეოგრაფიული არეალი, რაც იმას ნიშნავს, რომ საქართველოს უფრო მეტ რეგიონთან დავიწყეთ თანამშრომლობა.

 

აკ: როგორც ვიცი, დოქტორის ხარისხი სორბონის უნივერსიტეტში მოიპოვეთ და თქვენი მოღვაწეობის არაერთი წელი მიუძღვენით ბავშვის უფლებების დაცვას. შესაბამისად, თქვენი ცოდნისა და გამოცდილების გათვალისწინებით, ვფიქრობ, რომ საქართველოში ამ მიმართულებით მოღვაწე ერთ-ერთი საუკეთესო პროფესიონალი სწორედ თქვენ ბრძანდებით. გთხოვთ, ცოტა თქვენს შესახებაც გვიამბეთ და გვითხარით, როგორ მოხვდით საქართველოში?