მონსინიორ ჟოზე აველინო ბეტანკური: "ჩვენ მეგობრობის ორი ათასწლეული გვაკავშირებს"

Bettencourt
04.12.2022 (Caucasian Journal)  დღეს განსაკუთრებული პატივია კავკასიური ჟურნალისთვის მივესალმოთ მის აღმატებულებას ბატონ ჟოზე აველინო ბეტანკურს, სამოციქულო ნუნციოს (ვატიკანის ელჩს) სომხეთსა და საქართველოში.

▶ In English: ინგლისური ვერსია წაიკითხეთ აქ. 

ალექსანდრე კაფკა, კავკასიური ჟურნალის მთავარი რედაქტორი: თქვენო აღმატებულებავ, მოგესალმებით „კავკასიურ ჟურნალში“ და მადლობას მოგახსენებთ ამ შესაძლებლობისთვის.  თქვენ უკვე საკმაოდ დიდი ხანია მუშაობთ თბილისში - თქვენი საელჩო მოიცავს სომხეთსა და საქართველოს. ამასთან, თქვენ დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენელიც ბრძანდებით საქართველოში. ჩემი პირველი კითხვაა: რას გვეტყვით თქვენს სამუშაოზე? ხშირად გიწევთ კავკასიაში მოგზაურობა? როგორია თქვენი შთაბეჭდილება მსოფლიოს ამ ნაწილის შესახებ?

ჟოზე ბეტანკური:  მადლობა ინტერვიუზე მოწვევისთვის. სამხრეთ კავკასიაში ჩამოვედი ჩემი წინამორბედების კვალდაკვალ, იმ იმედით, რომ გავაგრძელო ის ყოველივე კარგი, რაც ჩემამდე გაკეთდა. ამასთან, ვცდილობ მოვერგო დღევანდელ რეალობებს. 

წმიდა საყდარი ერთ-ერთი პირველი სახელმწიფო იყო, რომელმაც ცნო სამხრეთ კავკასიის ქვეყნების დამოუკიდებლობა და მათთან დიპლომატიური ურთიერთობები დაამყარა. წელს ჩვენ აღვნიშნავთ დიპლომატიური ურთიერთობების ოცდაათ წლისთავს. ამასთან, წმიდა საყდარი მეათე სახელმწიფო გახლდათ, რომელმაც დიპლომატიური წარმომადგენლობა გახსნა თბილისში. მსიამოვნებს იმის აღნიშვნა, რომ ჩვენ მეგობრობის ორი ათასწლეული გვაკავშირებს.