მონსინიორ ჟოზე აველინო ბეტანკური: "ჩვენ მეგობრობის ორი ათასწლეული გვაკავშირებს"

Bettencourt
04.12.2022 (Caucasian Journal)  დღეს განსაკუთრებული პატივია კავკასიური ჟურნალისთვის მივესალმოთ მის აღმატებულებას ბატონ ჟოზე აველინო ბეტანკურს, სამოციქულო ნუნციოს (ვატიკანის ელჩს) სომხეთსა და საქართველოში.

▶ In English: ინგლისური ვერსია წაიკითხეთ აქ. 

ალექსანდრე კაფკა, კავკასიური ჟურნალის მთავარი რედაქტორი: თქვენო აღმატებულებავ, მოგესალმებით „კავკასიურ ჟურნალში“ და მადლობას მოგახსენებთ ამ შესაძლებლობისთვის.  თქვენ უკვე საკმაოდ დიდი ხანია მუშაობთ თბილისში - თქვენი საელჩო მოიცავს სომხეთსა და საქართველოს. ამასთან, თქვენ დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენელიც ბრძანდებით საქართველოში. ჩემი პირველი კითხვაა: რას გვეტყვით თქვენს სამუშაოზე? ხშირად გიწევთ კავკასიაში მოგზაურობა? როგორია თქვენი შთაბეჭდილება მსოფლიოს ამ ნაწილის შესახებ?

ჟოზე ბეტანკური:  მადლობა ინტერვიუზე მოწვევისთვის. სამხრეთ კავკასიაში ჩამოვედი ჩემი წინამორბედების კვალდაკვალ, იმ იმედით, რომ გავაგრძელო ის ყოველივე კარგი, რაც ჩემამდე გაკეთდა. ამასთან, ვცდილობ მოვერგო დღევანდელ რეალობებს. 

წმიდა საყდარი ერთ-ერთი პირველი სახელმწიფო იყო, რომელმაც ცნო სამხრეთ კავკასიის ქვეყნების დამოუკიდებლობა და მათთან დიპლომატიური ურთიერთობები დაამყარა. წელს ჩვენ აღვნიშნავთ დიპლომატიური ურთიერთობების ოცდაათ წლისთავს. ამასთან, წმიდა საყდარი მეათე სახელმწიფო გახლდათ, რომელმაც დიპლომატიური წარმომადგენლობა გახსნა თბილისში. მსიამოვნებს იმის აღნიშვნა, რომ ჩვენ მეგობრობის ორი ათასწლეული გვაკავშირებს. 

საქართველოში წმინდა საყდრის დესპანი რწმუნებათა სიგელის გადაცემისთანავე  დიპლომატიური კორპუსის „დე იურე“ დუაიენი  ხდება. ამ ჟესტით საქართველო აღიარებს და პატივს სცემს წმიდა საყდრის დიპლომატიის განსაკუთრებულ როლს მსოფლიოში. როგორც სხვა ქვეყნებში, გარკვეულ შემთხვევებში, დიპლომატიური კორპუსის სახელით სალაპარაკოდ და მისი ინტერესების წარმოსადგენად სწორედ დუაიენს იწვევენ.   

სამხრეთ კავკასიის ყოველი ქვეყანა უნიკალური და ძალზე საინტერესოა სხვადასხვა თვალსაზრისით - ისტორიული, კულტურული, რელიგიური, პოლიტიკური, ბუნების სილამაზის, ადამიანური ურთიერთობების მხრივ. აქ ჩემი „მისია“ სრულად განვიცადე - მთელი ამ წლების მანძილზე მთელი სამხრეთ კავკასია მოვიარე, ვესტუმრე უამრავ დასახლებულ პუნქტს, შევხვდი ადამიანების ფართო სპექტრს საზოგადოების ყველა ფენიდან.  

ჩემი სამუშაო მხოლოდ „სამუშაო“ როდია. ეს მე თვითონ ვარ. ამიტომაც, მიყვარს ჩემი საქმე. სამხრეთ კავკასიაში ცხოვრების მანძილზე არაერთ ადამიანთან ჩამომიყალიბდა პირადი ურთიერთობები და ყოველმხრივ ვცდილობ ამ ურთიერთობებში დადებითი მუხტი შევიტანო. სამხრეთ კავკასიაში თავისი პრობლემებიცაა, მაგრამ მას დიდი პერსპექტივა და შესაძლებლობები აქვს. ჩემი შთაბეჭდილებები  ნამდვილად დადებითია.   

ა.კ.: ვფიქრობ, საქართველოსა და სომხეთში წმიდა საყდრის დესპანად მუშაობისას ბევრი ისეთი რამ ნახეთ, რასაც „ჩვეულებრივი“ დიპლომატის თვალი, ხშირად ვერ ამჩნევს ხოლმე: ვგულისხმობ სულიერი მნიშვნელობის ადგილებს, განსაკუთრებულ მოვლენებს, გამორჩეულ პიროვნებებს... ხომ არ გაგვიზიარებთ რაიმე საინტერესო მოგონებას? 

ჟ. ბ.: ჩემი სამხრეთ კავკასიური შთაბეჭდილებები მთელი ცხოვრება გამყვება. რა თქმა უნდა, წმიდა საყდრის დიპლომატი სასულიერო პირია და საზოგადოების გარკვეულ ფენებთან ურთიერთგაგების ატმოსფერო უყალიბდება. ჩემზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა ამ ხალხების ცივილიზაციის სიძველემ და შემონახულმა არტეფაქტებმა, რომლებიც ამ სიძველეს ადასტურებენ. განსაკუთრებულ შთაბეჭდილებას ახდენს III-IV საუკუნეებით დათარიღებული არტეფაქტები. გავიცანი არაერთი მსოფლიო სახელის მქონე ადამიანი. მაგალითად, მახსენდება ერთი გამოჩენილი ხელოვანი, რომელმაც მთელი თავისი ცხოვრება ქართული ტიხრული მინანქრის აღორძინებას მიძღვნა და ხელოვნების მუზეუმში მუშაობს. გამაოცა ქართულმა მრავალხმიანობამ და იმ თავდადებამ, რომლითაც ცალკეული ადამიანები მის შემოსანახად და მსოფლიო სცენებზე გაჟღერებისთვის იღვწიან. გავიცანი არაერთი ადამიანი, რომლებიც საკუთარ თანხებს იყენებენ შემოქმედებითი ფილანტროპიული საქმიანობისთვის თუ სხვათა ჰუმანიტარული მოღვაწეობის დასაფასებლად. ვეწვიე ფონდებს, რომლებიც ახორციელებენ თავიანთი დამფუძნებლების კეთილ ჩანაფიქრს და ეხმარებიან საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფებს. ჩემს მეხსიერებას მარად შემორჩება აქაური ულამაზესი დამწერლობები, აქაურ სიმღერებსა და ცეკვებში გამოხატული ადამიანური ღირსება. კიდევ დიდხანს შემიძლია გავაგრძელო...   
      
ა. კ.: ვფიქრობ, მნიშვნელოვანია შევეხოთ წმიდა საყდრის დიპლომატიის საფუძვლებსა და ძირითად მიზნებს. თქვენ აღნიშნეთ, რომ იგი ემყარება „ადამიანური ღირსების“ მხარდაჭერას.  იქნებ უფრო დაწვრილებით ისაუბროთ ამ თეზისის შესახებ?

„ადამიანური ღირსება“ „უფლებებზე“ უფრო ტევადი ცნებაა. „ადამიანური ღირსება“ ღვთით ბოძებული, თანდაყოლილი „უფლებაა“ და  არა ადამიანების მიერ მინიჭებული.

ჟ. ბ.: შეიძლება ითქვას, რომ წმიდა საყდრის დიპლომატია „ადამიანობის სკოლაა“. იგი  ყოველ სახელმწიფოში ადგილობრივი რეალობის ნაწილად იქცევა, თუმცა არასდროს კარგავს ფართო და დღევანდელობასთან მისადაგებულ ზოგადსაკაცობრიო ხედვას.    

წმიდა საყდრის დიპლომატები ეკონომიკური, პოლიტიკური თუ გეოსტრატეგიული ინტერსების წარმომადგენლები როდი არიან. ისინი ქრისტიანული ტრადიციის პრიზმით დანახულ, მიუკერძოებელ ინტერესებს წარმოადგენენ. 

ჩვენი აზრით, „ადამიანური ღირსება“ „უფლებებზე“ უფრო ტევადი ცნებაა. „ადამიანური ღირსება“ ღვთით ბოძებული, თანდაყოლილი „უფლებაა“ და არა ადამიანების მიერ მინიჭებული.
Bettencourt and Pope Francis

ამდენად, კათოლიკური ეკლესიის მრავალსაუკუნოვანი სოციალური სწავლების არსია: 1) სიცოცხლის უფლება, ადამიანისა და მისი ღირსების პატივისცემა;  2) მშვიდობა, ხალხთა მშვიდობიანი თანაარსებობა და სამშვიდობო ინიციატივების მხარდაჭერა; 3) საკუთარი ხალხის პოლიტიკური ბედის განსაზღვრაში მონაწილეობის უფლება, ხალხის მიერვე არჩეული მმართველობის ფორმით; 4) საერთაშორისო წესრიგის პატივისცემა. ეს წმიდა საყდრის დიპლომატიის სახელმძღვანელო პრინციპებია. რა თქმა უნდა, წმიდა საყდრის „მთავარი დიპლომატი“ თვით პაპია, რომელსაც წმიდა საყდრის დესპანი რეგულარულად ხვდება.      
     
ა. კ.: შეგიძლიათ მოიტანოთ მაგალითი იმისა, თუ როგორ ტარდება ვატიკანის პოლიტიკა საზღვარგარეთ და კერძოდ, ჩვენს რეგიონში?    

ჟ. ბ.: ალბათ დამეთანხმებით, რომ პაპმა ფრანცისკემ დიდი ძალისხმევა გაიღო, რათა მსოფლიო საზოგადოების ყურადღება მიეპყრო ლტოლვილთა, მიგრანტთა, უპოვართა და იძულებით გადაადგილებულ პირთა მიმართ, რომლებიც მსოფლიოს ადამიანური ოჯახის დიდ ნაწილს შეადგენენ. პაპი მოგვიწოდებს გავუფრთხილდეთ ჩვენს პლანეტას და მის გარემოს.  წმიდა საყდარი გახლავთ COP  (კონფერენცია კლიმატური ცვლილებების შესახებ) შეხვედრების წევრი, ახლახანს ეგვიპტეში ჩატარებული COP 27-ის ჩათვლით. პონტიფექსი დაჟინებით მოგვიწოდებს სამშვიდობო დიალოგისკენ უკრაინაში მიმდინარე თუ მთიანი ყარაბაღის ომთან დაკავშირებით. მაგალითების მოყვანა კიდევ ბლომად შეიძლება. 

წმიდა საყდრის დესპანი  ვისვალდას კულბოკასი ერთ-ერთი იმ მცირერიცხოვან ელჩთაგანი იყო, რომლებიც ომის დროს კიევში დარჩნენ და თავის თანამშრომლებთან ერთად კატასტროფული ჰუმანიტარული ვითარების შემსუბუქებას ცდილობდა. ასევე აქტიურად მოღვაწეობდა წმინდა საყდრის დესპანი კლაუდიო გუჯეროტი, საქველმოქმედო ორგანიზაცია „კარიტასთან“ ერთად, 2008 წელს, ცხინვალის რეგიონში მიმდინარე ომის დროს. 2022 წლის ნოემბერში, არქიეპისკოპოსი გუჯეროტი პაპმა ფრანცისკემ ვატიკანის აღმოსავლეთ ეკლესიათა დიკასტერის პრეფექტად, „მთავრობის მინისტრად“ დანიშნა. 

პაპის დიპლომატია საშუალებას იძლევა მსოფლიო არენაზე გაისმას მარგინალიზებული და დევნილი ადამიანების ხმა, რომელთაც არავინ უსმენს, ისე, როგორც ეს ხდება თუნდაც მიანმარში, სალვადორში, ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში და აშ.  

ჩვენ გვჯერა, რომ ადამიანური ღირსება თუ ადამიანის უფლებები რწმენისა და სინდისის თავისუფლებით იწყება, საიდანაც ყველა სხვა თავისუფლება იღებს სათავეს. სწორედ რწმენისა და სინდისის თავისუფლებას ახმოვანებს რომის პონტიფექსი.  

ადამიანური ძმობის უზენაესი კომიტეტის (სხვადასხვა რელიგიების წარმომდგენელთა მუდმივმოქმედი შეკრების) მეშვეობით პაპი ფრანცისკე ძალისხმევას არ იშურებს, რათა განამტკიცოს ურთიერთობები საერთაშორისო საზოგადოებასთან.  

კიდევ ბევრი მაგალითის მოტანა შეიძლება, რომლებიც ადასტურებენ, რომ წმიდა საყდრის “super partes” (მიუკერძოებლად) მოქმედი დიპლომატია უზენაესი ღირებულებების სადარაჯოზე დგას და სრულადაა ჩართული მსოფლიო მნიშვნელობის საკითხებში.   

ა. კ.: თქვენი მისიის მიერ განხორციელებულ რომელიმე პროექტს ხომ არ გაიხსენებდით? მაგალითად, ვიცი, რომ მხარს უჭერთ საუნივერსიტეტო განათლებას, კონფესიათაშორის  დიალოგს, და ა.შ.   

ჟ. ბ.:  დავიწყებ იმით, რომ საქართველოში სოციალურ, აკადემიურ, ჯანდაცვისა და სხვა სფეროებში უდიდეს ყოველდღიურ სამუშაოს ატარებს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია, სომხეთში კი სომხეთის სამოციქულო აეკლესია, რომ აღარაფერი ვთქვათ სახელმწიფო და კერძო ინსტიტუტებზე. ამ ეკლესიებში არაერთი ღირსეული მღვდელმსახური, ბერ-მონაზონი თუ  მორწმუნე მოღვაწეობს, რომლებიც ყოველდღიურად, თავდადებით და შეუმჩნევლად შრომობენ. კათოლიკური ეკლესია თანამშრომლობს ამ დაწესებულებებსა და კერძო პირებთან.     

სამხრეთ კავკასიაში ძალზე აქტიურად საქმიანობს კათოლიკური ეკლესიის საქველმოქმედო ორგანიზაცია „კარიტასი“. საქართველო და სომხეთის „კარიტასები“ სათაო ორგანიზაცის -„საერთაშორისო  კარიტასის“ წევრები არიან, რომელიც 200 ქვეყანაში მოღვაწე 162 ეროვნული „კარიტასის“ კონფედერაციას წარმოადგენს. მისი პრეზიდენტია კარდინალი ლუის ანტონიო ტაგლე, რომლის ოფისიც ვატიკანშია. „კარიტასი“ უხმაუროდ და ქმედითად მოქმედებს, დაბალი ბიუროკრატიითა და მაღალი ეფექტიანობით, მცირერიცხოვანი პერსონალითა და ყველა აღმსარებლობისა და რასის  მოხალისეთა მთელი არმიით. ისინი მუშაობენ ჯანდაცვისა და სოციალური დახმარების სფეროში, ეხმარებიან ლოგინად ჩავარდნილთ, ხსნიან უფასო სასადილოებს, სოციალურ ცენტრებს, თავშესაფრებს, ეხმარებიან ლტოლვილებს, ახალგაზრდებს, მათ შორის შორეულ სამხრეთ კავკასიაშიც. ვიმეორებ, რომ კათოლიკური ეკლესია ყველა ქვეყანაში სხვა დაწესებულებების გვერდიგვერდ იღვწის, რათა უკეთ უპასუხოს არსებულ გამოწვევებს.   

ადგილობრივ დონეზე, საქართველო-სომხეთის საზღვარზე მდებარე ქალაქ აშოცკში,  კამილელთა რელიგიური ორდენი მართავს სავადმყოფოს, რომელიც 1988 წლის დამანგრეველი მიწისძვრის შემდეგ დაარსდა. გარდა ამისა, კათოლიკურ ეკლესიას საქართველოშიც არაერთი კლინიკა  აქვს, რომელთა საშუალებითაც სამედიცინო დახმარებას უწევს გაჭირვებულ მოსახლეობას, შეზღუდული შესაძლებლობის პირებს, განსაკუთრებით, ისეთ ადგილებში, სადაც სამედიცინო მომსახურების მიღება გართულებულია. 

გულმოწყალების დების (კალკუტელი დედა ტერეზას) ორდენს რეგიონში ოთხი სახლი აქვს, სადაც მონაზვნები სიყვარულითა და უანგაროდ  ზრუნავენ მძიმე ფიზიკური ნაკლის მქონე ობოლ ბავშვებზე და იძულებით გადაადგილებულ პირებზე. 

რეგიონში  სხვა რელიგიური ორდენებიც მოღვაწეობენ, მაგალითად, უმანკო ჩასახვის სომეხი დების, წმ. ნინოს, წმ. იოსების დების, ბენედიქტელი დების, სალელი დების, ფრანცისკელთა, მხითარელთა (რომლის დამსახურებაც სომხური კულტურის წინაშე მნიშვნელოვანია) და სხვა  ორდენები.   

თბილისის სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტმა თავისი არსებობის 20 წლისთავი აღნიშნა. იგი მსოფლიოს მრავალ კათოლიკურ უნივერსიტეტთან თანამშრომლობს. როგორც სამშობლოში, ისე საზღვარგარეთ მყოფ სტუდენტებზე გაიცემა სტიპენდიები. თბილისში, სალელთა კათოლიკური ორდენი აშენებს პროფესიულ სასწავლებელს, სადაც ახალგაზრდებს შესაძლებლობა ექნებათ დაეუფლონ სხვადასხვა პროფესიებს მომსახურების სფეროში.  

ჩვენ მხარს ვუჭერთ არაერთ პროექტს სოციალურ, კულტურულ, ჯანდაცვისა თუ განათლების სფეროში. ასევე, ხელს ვუწყობთ ეკუმენურ დიალოგს, განურჩევლად რასობრივი თუ რელიგიური განსხვავებებისა. ჩვენი „მოხალისეთა არმიისა“ და სხვა ადამიანების თუ ინსტიტუტების ერთობლივი ძალისხმევით, ვახერხებთ უკეთესობისკენ შევცვალოთ ჩვენი ქვეყნების მოსახლეობის ცხოვრება.     

კათოლიკური ეკლესია აქ არავის პროზელიტირებას არ აპირებს. ჩვენ აქ თანამშრომლობისა და მსახურებისთვის ვართ. მე მსურს ხელი შევუწყო მჭიდრო ურთიერთობებს ეკლესიებსა თუ დაწესებულებებს შორის, რათა უკეთ ვუპასუხოთ გამოწვევებს. ყველა ჩვენგანს შეუძლია ჩაერთოს ამ თანამშრომლობაში თავისი ადამიანური, მატერიალური თუ ლოჯისტიკური რესურსებით.  დარწმუნებული ვარ, ბევრი დამეთანხმება, რომ ამგვარი სურვილი წახალისების ღირსია და რომ სწორედ ესაა ქრისტიანობის ჭეშმარიტი დამოწმება.  

ამგვარი მნიშვნელოვანი მოვლენა მოხდა წელს, ივნისის თვეში, როცა საქართველოს მართლმადიდებელმა ეკლესიამ, საქართველოს მთავრობამ და წმინდა საყდარმა ერთობლივი ძალებით მოაწყვეს მართლმადიდებელი საპატრიარქოს მგალობელთა გუნდის კონცერტი სიქსტეს კაპელაში. განსაკუთრებულ სტუმრად იქნა მიწვეული სახელგანთქმული სოპრანო იანო ალიბეგაშვილი, რომელმაც შეასრულა მისი უწმიდესობისა და უნეტარესობის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II-ის  „ავე მარია“.   

ეს არაჩვეულებრივი იყო, თანაც, რომელ „სცენაზე“! მიქელანჯელოს „სამყაროს შექმნისა“ და „განკითხვის დღის“ ფრესკების გარემოში, დარბაზში, სადაც პაპებს ირჩევენ ხოლმე. და ეს მოხდა იმ დროს, როცა კაცობრიობა ომის ქარცეცხლშია გახვეული.    

წმიდა საყდართან აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსისა და მოწვეული სტუმრების თანდასწრებით, კონცერტი გადაიცემოდა პირდაპირ ეთერში და არაერთხელ გადაიცა განმეორებით მომდევნო თვის მანძილზე. ხალხი მოვიდა, რათა აღევლინათ ჰიმნი და სამშვიდობო ლოცვა. ეს დიდებული „განაცხადი“ იყო!

ა. კ.: ვატიკანის დიპლომატიას სხვა ქვეყნების დიპლომატიისგან ერთ-ერთი უმთავრესი ფაქტორი -  რელიგიური ასპექტი გამოარჩევს. ამ მხრივ, საქართველო და სომხეთი, ალბათ, განსაკუთრებულად საინტერესოა, რადგან ისინი უძველესი ქრისტიანული ქვეყნებია, ასე არაა? ამავე დროს, ორივე ქვეყანა  და მათი ეკლესიები ძლიერ განსხვავდებიან ერთმანეთისგან, მათ შორის, ამ ეკლესიათა სოციალური და პოლიტიკური როლით. თქვენ ორივე ქვეყანაში მოღვაწეობთ და უნიკალური შესაძლებლობა გაქვთ  საქართველოსა და სომხეთს „პარალელურ რეჟიმში“ ადევნოთ თვალი. იყო რამე ისეთი, რამაც გაგაკვირვათ ამ ქრისტიანული მეზობლების ცხოვრებაში ან მათ ურთიერთობაში?

წმიდა საყდარი არ სურს „წევრად“ ყოფნა და ამით გაეროს ასამბლეაში მხოლოდღა ხმის მიმცემის დონემდე „ჩამოქვეითება“. ასე რომ, თავისი „დამკვირვებლის სტატუსით“ მას ხმაც აქვს და სხვა სახელმწიფოებზე არანაკლები „მორალური ავტორიტეტის“ გამოყენების საშუალებაც.

ჟ. ბ.: შესაძლოა იყოს სხვადასხვა ასპექტი, რომელიც წმიდა საყდრის დიპლომატიას სხვებისგან გამოარჩევს და რელიგია უთუოდ ერთერთი მათგანია. ადამიანის ჭეშმარიტ რწმენასთან  შეხება მისი ყოფიერების სიღრმეებთან  შეხებაა.   

წმიდა საყდარი გაერთიანებული ერების ორგანიზაციის მიერ „დამკვირვებლის სტატუსის“ მქონე სახელმწიფოდაა მიჩნეული. მას 185 სახელმწიფოსთან აქვს დიპლომატიური ურთიერთობა. „დამკვირვებლის სტატუსი“ თავად წმიდა საყდრის არჩევანია. მას არ სურს „წევრად“ ყოფნა და ამით გაეროს ასამბლეაში მხოლოდღა ხმის მიმცემის დონემდე „ჩამოქვეითება“. ასე რომ, თავისი „დამკვირვებლის სტატუსით“ მას ხმაც აქვს და სხვა სახელმწიფოებზე არანაკლები „მორალური ავტორიტეტის“ გამოყენების საშუალებაც.

ამიტომაც, წმიდა საყდრის დიპლომატებიც ზუსტად იმგვარადვე არიან აკრედირებული სხვადასხვა სახელმწიფოებში, როგორც სხვა ქვეყნებისა.  ჩვენი ძირითადი ფუნქციაა წარმოვადგინოთ  წმიდა საყდარი მიმღებ სახელმწიფოებსა და მის ინსტიტუტებში. 

თავის მხრივ, წმიდა საყდარი წარმოადგენს კათოლიკურ ეკლესიას, რომელიც მილიარდზე მეტ წევრს ითვლის მთელ მსოფლიოში.  კათოლიკური ეკლესია, მთელი თავისი აკადემიური, ჯანდაცვის, სოციალური, ეკუმენური საქმიანობით და თავისი ფართო ქსელით, ძალზე დიდი და ყოვლისმომცველი დაწესებულებაა.

კათოლიკურ ეკლესიაში რომის პაპთან ზიარებაში მყოფი 24 აღმოსავლური წესის ეკლესიაა, რომლებიც, კანონიკური სამართლის თანახმად, თავიანთ ინდივიდუალურ ავტონომიას ინარჩუნებენ. სამხრეთ კავკასიაში კათოლიკური ეკლესია წარმოდგენილია სამი - ლათინური, სომხური და ასირიულ-ქალდეური წესით.    

კათოლიკური ეკლესიის მორწმუნეები სამხრეთ კავკასიის ქვეყნების მოქალაქენი არიან და აქ საუკუნეების მანძილზე ცხოვრობენ. მათ დიდი წვლილი შეიტანეს თითოეული ერის იდენტობის ჩამოყალიბებაში.  

ზოგადად, ითვლება, რომ სომხეთი და საქართველო მსოფლიოში ერთ-ერთი უძველესი ქრისტიანული ქვეყნებია, რომლებიც მოციქულებსა და ადრეულ ქრისტიანულ ეკლესიებს უკავშირდება. ყველა ამ ქვეყანას ძალზე რთული ისტორია აქვს.

სომხეთის სამოციქულო და საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიები მთელი ისტორიის მანძილზე სასტიკად იდევნებოდა. ამ ორი ტრადიციის არქიტექტურა ერთმანეთისგან განსხვავებულია, ისევე, როგორც მათი ლიტურგიული წესები და კალენდრები. მე ხშირად მიწვევენ პაპი ფრანცისკეს წარმომადგენლად სომხური სამოციქულო ეკლესიის ლიტურგიულ ზეიმებზე, რაც საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ლიტურგული ზეიმებისთვის ძალზე იშვიათია. 

ძველი ქრისტიანული ტრადიციების ყურადღებით შესწავლა გვარწმუნებს, რომ ჩვენ თეოლოგიურად ბევრად უფრო ახლო ვართ ერთმანეთთან, ვიდრე შეიძლება მოგვეჩვენოს. საქართველოსა და სომხეთში ეთნიკურმა მიკუთვნებულობამ, ისტორიამ, ეროვნულობამ და რელიგიამ, თითოეულმა თავისებურად, ძლიერი იდენტობა ჩამოუყალიბეს ყველა ეკლესიას.   

მე პატივი მქონდა არაერთხელ პირადად შევხვედროდი ყოველთა სომეხთა უზენაეს პატრიარქსა და კათოლიკოსს, მის უწმიდესობას გარეგინ II-ს, სომხური სამოციქულო ეკლესიის მიტროპოლიტებსა და სხვა სასულიერო პირთ, ასევე სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, მის უწმიდესობას და უნეტარესობას ილია II-ს და საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდს. 

მე შესანიშნავი პირადი ურთიერთობები მაქვს ყოველ პატრიარქთან  და ხშირად დაწვრილებით გვისაუბრია ამა თუ იმ საკითხზე. პატრიარქებს, თავიანთი დიადი ეკლესიების წონისა და ისტორიიდან გამომდინარე, დიდი ზნეობრივი პასუხისმგებლობა აკისრიათ საკუთარი სამწყსოს მიმართ. მე ძალიან კარგი ურთიერთობები მაკავშირებს როგორც სომხური სამოციქულო, ასევე საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის არაერთ მიტროპოლიტთან და  მორწმუნესთან. 

ისტორიულად, კათოლიკური ეკლესია მუდამ ურთიერთობდა სომხურ სამოციქულო და საქართველოს მართლადიდებელ ეკლესიასთან. საკმარისია გავიხსენოთ ისტორიული პირები, რომლებიც ეკლესიებს შორის  ხიდის როლს ასრულებდენ - არკანჯელო ლამბერტი, ძმები კასტელები - ან ავგუსტინელთა ორდენის ურთიერთობა საქართველოს დედოფალ ქეთევანთან; ანდა, პაპი ბენედიქტე XV-ის მიმართვა სომხებისადმი 1915 წელს; წმ. გრიგოლ ნარეკელის მიჩნევა „საყოველთაო ეკლესიის დოქტორად“, რამაც იგი ამ წოდების მატარებელ 36-ე წმინდანად აქცია; ასევე, 2015 წელს, ვატიკანის წმ. პეტრეს ტაძარში ჩატარებული მოსახსენიებელი ღვთისმსახურება პაპი ფრანცისკეს, სომეხი პატრიარქების, მთავრობისა და ხალხის თანდასწრებით.  

2016 წელს, საქართველოში ჩამოსულმა პაპმა ფრანცისკემ, მცხეთაში, სვეტიცხოვლის ტაძარში ყოფნისას,  ისაუბრა ქრისტეს კვართზე, რომელიც, გადმოცემის თანახმად, ამ ტაძარშია დაფლული, და შეგვახსენა, რომ ბიბლიური ტექსტების თანახმად კვართი უკერველი და განუყოფელი სამოსია, ისევე, როგორც ქრისტიანები არიან მოწოდებულნი ერთიანობისკენ.   

კათოლიკური ეკლესიის თვალსაზრისით, მოძმე ეკლესიებთან ურთიერეთობა არა მხოლოდ გვამდიდრებს, არამედ იგი ქრისტიანული ეკლესიების ძირეული მოწოდებაა. 

ა. კ.: წმიდა საყდართან საქართველოსა და სომხეთის ურთიერთობის შესახებ საუბრისას, შეგიძლიათ თუ არა გამოყოთ ძირითადი პრიორიტეტები და ამ ორი ქვეყნისადმი მიდგომებს შორის განსხვავებები? 

ჟ. ბ.: მოკლედ რომ ვთქვათ, საქართველო გადამწყვეტ მნიშვნელობას ანიჭებს საკუთარი  სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის საერთაშორიო აღიარებას, თავისი ევრო და ევროატლანტიკური მისწრაფებების მხარდაჭერას. წმიდა საყდარი მხარს უჭერს საქართველოს. 2019 წელს, საქართველოში ოფიციალური ვიზიტის დროს, სახელმწიფო მდივან-კარდინალმა - „წმიდა საყდრის პრემიერ-მინისტრმა“ -  მისმა აღმატებულებამ პიეტრო პაროლინმა, პირველ რიგში, ცხინვალის რეგიონის ადმინისტრაციული სასაზღვრო ხაზი მოინახულა და იძულებით გადაადგილებულ პირებს შეხვდა.  იგივე მოხდა სახელმწიფოებთან ურთიერთობის მდივნის - „წმიდა საყდრის საგარეო საქმეთა მინისტრის“ - მისი აღმატებულება არქიეპოსკოპოსი პოლ გალაგერის ვიზიტის დროს. ეს ყოველივე გახლდათ საქართველოსადმი მხარდაჭერის ნათელი ნიშანი.     
 
სომხეთი კი განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს საკუთარ სუვერენიტეტს, მთიანი ყარაბაღის სტატუსს და იქ სომხეთის ყოფნას. მის დღის წესრიგში პირველი ადგილი უჭირავს ჰუმანიტარულ საკითხებს, კერძოდ, სამხედრო ტყვეების გათავისუფლებას. ამასთან, დიდი მნიშვნელობა ენიჭება კულტურის ძეგლების შენარჩუნებას რეგიონში. წმიდა საყდარი მუშაობს ამ საკითხებზე თავისი დიპლომატიური არხების მეშვეობით და მონაწილეობს საერთაშორისოდ დასპონსორებული ორგანიზაციების მუშაობაში. აღარაფერს ვამბობ  მაღალი დონის ვიზიტებზე ვატიკანსა თუ სომხეთში. უკვე ათი წელია სომხეთს ჰყავს რეზიდენტი ელჩი წმიდა საყდართან, წმინდა საყდარმა კი, 2021 წელს, პრემიერ-მინისტრის მოადგილის -„შინაგან საქმეთა მინისტრის“ - მისი აღმატებულება არქიეპისკოპოსი ედგარ პენია პარას სომხეთში ვიზიტის დროს,  საზეიმოდ გახსნა თავისი სადესპანო ერევანში.   

ყველა ერს სურს მშვიდობიანი ცხოვრება და მომდევნო თაობებისთვის მომავლის შექმნა. წმიდა საყდარს ესმის ამ საკითხების მნიშვნელობა და ყურადღებით ეკიდება მათ. წმიდა საყდარი სომხეთსა და საქართველოსთან ერთად მუშაობს საერთაშორისო პარტნიორებთან. მისი ზნეობრივი ხმა ხელს უწყობს ადამიანის ღირსების დაცვას რეგიონში. 

ა. კ.:  საქართველოში ეკლესიისადმი მხარდაჭერის დონე ერთ-ერთი ყველაზე მაღალია  ევროპაში. ამავე დროს, ეკლესიის კრიტიკაც ხშირად გაისმის, განსაკუთრებით ევროინტეგრაციის სტრატეგიასთან მიმართებაში. როგორ წარმოგიდგენიათ ოპტიმალური ბალანსი საერო და საეკლესიო ხელისუფლებას შორის თანამედროვე სახელმწიფოში?

ჟ. ბ.:  რთული საკითხია და მრავალ თავსატეხსაც აჩენს ქვეყნის შიგნითაც და გარეთაც, სხვადასხვა დონეზე.    

საქართველო ევროპული ქვეყანაა და იგი ევროკავშირს ბევრ სარგებლობას მოუტანს. საქართველოსაც დიდად წაადგება ევროკავშირის წევრობა.

როცა „ეკლესიაზე“ ვსაუბრობთ, ლაპარაკია „ყველაზე“ და „არავიზე“. დაახლოებით ისეა, როცა ვისმენ: „ვატიკანმა თქვა“... ყოველთვის მიჩნდება კითხვა - მაინც ვისზე ვსაუბრობთ? მგონი, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია ქვეყნის მოსახლეობის 85%-სგან შედგება... ევროკავშირის მართლმადიდებელ ქვეყნებსაც იგივე საფიქრალი აქვთ, რაც საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას.  

ყოველი ჯანსაღი საზოგადოება უნდა ემყარებოდეს მარადიულ ფასეულობებსა და ყველა ადამიანის მიმართ პატივისცემას, მათ მიმართაც, ვინც მორწმუნეა და სხვა წესით ცხოვრობს. საქართველოს ისტორიაში ვხვდებით განსხვავებული რელიგიური მრწამსის ერებს შორის თანაცხოვრების არაჩვეულებრივ მაგალითებს. საქართველოში უძველეს საკრებულოებს შორის არიან ებრაული, მუსლიმური  და კათოლიკური თემები. იმ დროს, როცა ევროპის ქვეყნებში ქალებს ხმის მიცემის უფლება არ ჰქონდათ, საქართველოში ქალებს ეროვნულ მთავრობაში ირჩევდნენ. საქართველო ევროპული ქვეყანაა და იგი ევროკავშირს ბევრ სარგებლობას მოუტანს. საქართველოსაც დიდად წაადგება ევროკავშირის წევრობა. 

ოპტიმალური ბალანსი კი ისაა, რომ ხელხალა აღმოვაჩინოთ საქართველოს საუკეთესო ისტორიული გამოცდილება და ხელი შევუწყოთ სხვადასხვა რეგიონის წარმომადგენელთ, რათა მათ  სრულად მოახდინონ თავიანთი პოტენციალის რეალიზება ამ დიადი ქვეყნის სასიკეთოდ.    

ა. კ.:  რაც შეეხება სომხეთს, ვიცი, რომ ვატიკანი დიდ ყურადღებას აქცევს ყარაბაღის კონფლიქტს. როგორია წმიდა საყდრის მიდგომა ამ საკითხისადმი და თქვენი პრაქტიკული გამოცდილება ამასთან დაკავშირებით?

ჟ. ბ.: წმიდა საყდარი დიდ ყურადღებას აქცევს კონფლიქტებსა და ჰუმანიტარულ სიტუაციებს. ხანგრძლივი ომი მთიან ყარაბაღში ერთ-ერთი იმ ომთაგანია, რომლებიც მძიმე ჰუმანიტარულ სიტუაციას ქმნიან. 

პაპი ფრანცისკე პირველი მსოფლიო ლიდერი იყო, რომელიც გარდაუვალ კონფლიქტზე საუბრობდა ჯერ კიდევ 2020 წლის ივლისში, სრულმასშტაბიანი ომის დაწყებამდე სექტემბრის თვეში. მთელი ომის განმავლობაში იგი ყოველ კვირას საუბრობდა ამ კონფლიქტზე. პაპი ფრანცისკე მიმართავდა მთავრობებს წმიდა საყდართან აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის და მისი მსოფლიო დიპლომატიური ქსელის მეშვეობით. ამასვე აკეთებდა რელიგიურ ლიდერთა დიდ საერთაშორისო შეკრებებზე რომში. მაშინ, პაპი ფრანცისკე და კათოლიკური ეკლესია ხმას იმაღლებდნენ მთიან ყარაბაღში მშვიდობის დასამყარებლად, სისხლისღვრის, მსხვერპლისა და ჰუმანიტარული კრიზისის თავიდან ასაცილებლად.

44 დღიანი ომის დროს, მშვიდობის დამყარების მიზნით, პაპმა ფრანცისკემ მხარეებს მოუწოდა ცეცხლის შეწყვეტისა და კონსტრუქციული დიალოგისკენ. მან საერთაშორისო საზოგადოებას მოუწოდა თავისი წვლილი შეეტანა სამშვიდობო პროცესის მხარდასაჭერად. 

სომხეთი შეშფოთებულია საკუთარი უსაფრთხოების გამო, მას აღელვებს სამხედრო ტყვეებისა და კულტურული მემკვიდრეობის ბედი. ეს მნიშვნელოვანი საკითხებია. ეს მთელი კაცობრიობის საზრუნავია, რადგან მშვიდობის დამყარებით ყველა ისარგებლებს. პაპი ფრანცისკეს და წმიდა საყდრის პოზიცია ნათელია. წმიდა საყდარი მუშაობდა საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად სიტუაციის ხანგრძლივი დროით დასარეგულირებლად  და ჰუმანიტარული ვითარების გასაუმჯობესებლად. 

ა. კ.:  თუმცა კი ჩვენს გამოცემას „კავკასიური ჟურნალი“ ჰქვია, იგი მხოლოდ ჩვენი რეგიონით არ  იფარგლება და ცდილობს სხვა მნიშვნელოვანი საკითხებიც გააშუქოს. მსოფლიო გავლენის გამო, წმიდა საყდრის პოლიტიკა მართლაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. ხომ არ გამოყოფდით რომელიმე სფეროს? მაგალითად, სამშვიდობო საკითხებს, რაც დღეს ესოდენ საჭირბოროტოა უამრავი ადამიანისთვის.  

ჟ. ბ.: ჩვენს ყურადღებას არაერთი სფერო იმსახურებს. მე ასე ვიტყოდი: 

    • მშვიდობა აუცილებელია. ომში ყველაფერი იკარგება და მომავალი საფრთხის ქვეშაა. ჩვენ ურთიერთდაკავშირებულნი ვართ და ამიტომაც, მსოფლიოს ნებისმიერ კუთხეში მიმდინარე მოვლენები ჩვენზეც აისახება. გავიხსენოოთ თუნდაც კოვიდ-19-ის მსოფლიო პანდემია, მისი გავრცელება მთელ პლანეტაზე და ყოველ ადამიანზე.  
    • ადამიანის ღირსება უმნიშვნელოვანესი საკითხია.  საჭიროა ძირითადი სასიცოცხლო პირობების შექმნა ყოველი ადამიანისთვის და ადამიანის განვითარების ყოველ დონეზე, ბავშვობიდან ხანდაზმულობამდე (ჯანდაცვა, განათლება, თავშესაფარი, სამუშაო, და ა.შ.). ასევე მნიშვნელოვანია ყოველი ადამიანის ღირსების დაცვა განურჩევლად სქესისა, ასაკისა, რასისა, რწმენისა თუ ეროვნებისა. პატივისცემის გრძნობის აღზრდა უნდა ხდებოდეს განათლების სისტემის მეშვეობით, დაწყებითი კლასებიდან უმაღლესი სასწავლებლის ჩათვლით, სახელისუფლო ორგანოებისა და ინსტიტუტების ჩართულობით. 
    • უნდა მოხდეს სოციალური პასუხისმგებლობის გრძნობის ამაღლება მოსახლეობის ფართო ფენებში, რათა ყველამ იღვაწოს საზოგადოების საკეთილდღეოდ.
    • ამა თუ იმ ქვეყანაში მოქმედმა უცხოურმა ინსტიტუტებმა და „აგენტებმა“ უნდა შეიგნონ, რომ ისინი სტუმრები არიან. „იდეოლოგიების“ თავს მოხვევა არავის არგებს. 
    • მეტ ყურადღებას იმსახურებენ ტექნოლოგიები და სოციალური კომუნიკაციის საშუალებები. მათ შეუძლიათ საზოგადოების აშენებაც და დანგრევაც, საზოგადოებისა, რომელიც ასე სწრაფად იცვლება.
   
კიდევ არაერთი სფეროა საყურადღებო. 

 ჩემს ცხოვრებაში „წმინდანები“, რომელთაც ყველაზე უკეთ ვიცნობდი, ჩემსავე ოჯახში მყავდნენ. სწორედ მათ ჩამინერგეს ღირებულებები და სიკეთე.

ა. კ.: მოდით, ოდნავ შევცვალოთ ფოკუსი. მართალია, რომ პეტერ დე ბეტანკური, კათოლიკე წმინდანი, წარმოშობით თქვენი ოჯახიდანაა? მაპატიეთ თუ ეს პირადი საკითხია, მაგრამ წმინდანის ნათესაობა იმდენად იშვიათი მოვლენაა, რომ არ შემიძლია არ გკითხოთ - იქონია თუ არა ამან გავლენა თქვენს ცხოვრებაზე? 

ჟ. ბ.: თუ ჩვენს გენეალოგიას ჩავეძიებით, ყველნი აღმოვაჩენთ ისეთ ნათესავს, რომელიც შთაგვაგონებს მაღალ ღირებულებებსა და ღირსებაზე სწორებას, რისკენაც ყველა ჩვენგანი მოწოდებულია. ჩემს ცხოვრებაში „წმინდანები“, რომელთაც ყველაზე უკეთ ვიცნობდი, ჩემსავე ოჯახში მყავდნენ. სწორედ მათ ჩამინერგეს ღირებულებები და სიკეთე. სათნო ნათსავების პოვნა ყველას შეუძლია საკუთარ ოჯახში.    

ა.კ: ეს მართლაც კარგი ნათქვამია... თქვენ ორი ეროვნული ჯილდოს კავალერი ბრძანდებით - ერთი გახლავთ ქრისტეს ორდენი, რომელიც 1319 წლიდან ეკუთვნოდა ტემპლიერ რაინდებს. მეორე კი არის „იტალიის რესპუბლიკის დამსახურების ორდენის დიდი ოფიცერი“. ჩვენი მკითხველები არ მაპატიებენ, თუ  არ დავინტერესდები რა დგას ამ დიდი ჯილდოების უკან. 

ჟ. ბ.:  16 სახელმწიფო ჯილდო მაქვს მიღებული, მათ შორის ის, რომლის მიღების პატივიც მერგო წილად გასულ წელს, სომხეთის რესპუბლიკის პრეზიდენტის ხელიდან.   
ქრისტეს ორდენი პირადად პორტუგალიის პრეზიდენტმა გადმომცა ლისაბონში, ოფიციალურ რეზიდენციაში. ეს ჩემთვის მართლაც დიდი პატივი იყო. ორდენს დიდი ისტორია აქვს, რადგან პორტუგალიას არასდროს გაუუქმებია ტემპლიერები, არამედ გარდაქმნა იგი და თავის  ეროვნულ ეპოპეაში ჩართო. თუმცა მის არსებობას დღეს საპატიო ხასიათი აქვს.

ყველაზე მნიშვნელოვანი კი კაცობრიობის სასიკეთოდ მსახურებაა. ამ თვალსაზრისით, მე დიდად „დაფასებული“ ვარ პაპი ფრანცისკეს მიერ, რომელმაც გამომარჩია არქიეპისკოპოსად და დესპანად გამამწესა წმიდა საყდრის სამსახურში და იმ ხალხისა და ადგილების სასიკეთოდ, სადაც ვმსახურობ.

ამასწინათ, ერთ ტრადიციულ ქართულ სუფრაზე, თამადამ შემოგვთავაზა ყველა იქ მყოფი უცხოელი სტუმრის „სამშობლოს“ სადღეგრძელო. ჩემს შემთხვევაში, „სამშობლოს“ დადგენა იოლი არ აღმოჩნდა... ამიტომაც, ვუპსუხე, რომ ჩემი „სამშობლო“, უპირველეს ყოვლისა, ჩემი რწმენა იყო...

ა.კ: ხომ არ გსურთ რამე დაამატოთ ჩვენი მკითხველებისთვის? მჯერა, რომ ბევრი მკითხველი ყურადღებით მოისმენდა თქვენს გზავნილს.

მთელი ცხოვრებაც რომ გამეტარებინა სამხრეთ კავკასიაში, მაინც ბევრი რამ მექნებოდა აღმოსაჩენი ამ უძველეს მიწაზე.

ჟ. ბ.: მსურს მადლობა გადაგიხადოთ ახალი ამბებისა და ანალიზისთვის, რომელსაც „კავკასიური ჟურნალი“ და მისი კომპეტენტური თანამშრომლები სთავაზობენ თავიანთ მკითხველებს, რომელთა რიგებს მეც ვეკუთვნი. ახალი ამბების გამომცემლობები პასუხისმგებელნი არიან საზოგადოების ინფორმირებასა და ჩამოყალიბებაზე. გმადლობთ ამ საქმიანობისთვის.     

კავკასიაში სხვა თვალით შევხედე მსოფლიოს - ისე, როგორც ის სამხრეთ კავკასიის „ძველი აბრეშუმის გზიდან“ მოჩანს. მოვიხიბლე არარატის მთისა იმ ველების ხილვით, სადაც ნოეს შთამომავლები შრომობდნენ; მიმიზიდა მიწამ, რომელზეც “ოქროს საწმისის” თქმულება გვიამბობს, დავაგემოვნე აქაური მიწის სურნელოვანი და წვნიანი ჭირნახული, სოფლის უხვი ნობათი, ჯერაც მრავალსაუკუნოვანი ტრადიციით დაყენებული ჩინებული ღვინოები; ვიხილე ადრექრისტიანული ხატები და ხელში მეკავა უძველესი ცივილიზაციების დროინდელი ძვირფასი სამკაულები. და მივხვდი, რომ მთელი ცხოვრებაც რომ გამეტარებინა სამხრეთ კავკასიაში, მაინც ბევრი რამ მექნებოდა აღმოსაჩენი ამ უძველეს მიწაზე.

Bettencourt Quote
მას შემდეგ რაც სამხრეთ კავკასიაში ჩამოვედი, უამრავი გამოწვევისა თუ მიღწევის მოწმე გავხდი. ახლა უფრო მეტად ვაფასებ ამ რეგიონის ხალხსა და მიწას. დამოუკიდებლობის იცდაათის წლის მანძილზე ამ ქვეყნებმა გიგანტური ნაბიჯები გადადგეს განვითარების გზაზე და კუთვნილი ადგილი დაიკავეს მსოფლიო სცენაზე. მე აქ შევხვდი არაჩვეულებრივ ხალხს, თავიანთი საქმისა და სამშობლოსათვის თავდადებულ ადამიანებს. აქ მე შევისუნთქე, ვიხილე და ვეზიარე ახალ მწვერვალებს. საქართველოში ბეტანკურიშვილი ვარ, სომხეთში კი  სახელმწიფო ჯილდოს კავალერი ბეტანკურიანი... რადგან, „რწმენა“ ჩემი სამშობლოა.

მადლობა!

ა.კ.: უღრმესი მადლობა ამ მართლაც არაჩვეულებრივი ინტერვიუსთვის!  ძალზე კმაყოფილი ვარ!           

Read the English language version here.

 
შეგიძლიათ, მიჰყვეთ, კავკასიურ ჟურნალს შემდეგ ბმულებზე:
Google News  *  Twitter  *  Facebook  *  Medium  *  LinkedIn  *  YouTube  *  RSS

კავკასიური ჟურნალის ელექტრონული ფოსტით გამოწერის მოთხოვნისთვის, შეიყვანეთ თქვენი ელ-ფოსტის მისამართი აქ: