ღასან ხალილი: „მთავრობამ, კერძო სექტორმა და სამოქალაქო საზოგადოებამ ერთიანი ძალებით უნდა შექმნან ისეთი გარემო, სადაც ბავშვი იქნება პრიორიტეტი“

20.11.2022 (Caucasian Journal)  ჩვენი დღევანდელი სტუმარი გახლავთ ბატონი ღასან ხალილი, გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელი საქართველოში.
 
▶ In English: ინგლისური ვერსია წაიკითხეთ აქ. 

ალექსანდრე კაფკა, კავკასიური ჟურნალის მთავარი რედაქტორი:  ბატონო ღასან, კეთილი იყოს თქვენი მობრძანება კავკასიის ჟურნალში. როგორც ვიცით, საქართველოში გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენლად 2018 წლის შემოდგომაზე დაინიშნეთ, შესაბამისად, ზუსტად ოთხი წელია, რაც აქ იმყოფებით. მოდი, პირდაპირ გკითხავთ: როგორ ფიქრობთ, ბოლო წლებში გაუმჯობესდა თუ არა ქვეყანაში არსებული მდგომარეობა იმ მიმართულებებით, რასაც გაეროს ბავშვთა ფონდი უწევს მონიტორინგს?

 

ღასან ხალილი: ძვირფასო ალექსანდრე, პირველ რიგში, მსურს, მადლობა გადაგიხადოთ, რომ მომეცით შესაძლებლობა საქართველოში გაეროს ბავშვთა ფონდის საქმიანობის შესახებ მესაუბრა. საქართველოში გატარებული ოთხი წელი უაღრესად საინტერესო და, ამავდროულად, გამოწვევებით აღსავსე გახლდათ, განსაკუთრებით კი კორონავირუსით გამოწვეული პანდემიის პირობებში. სიამაყით შემიძლია, ვთქვა, რომ გაეროს ბავშვთა ფონდმა, რომელიც საქართველოში 1993 წლიდან არსებობს, დაარსების დღიდან დღემდე ძალიან მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ქვეყნის განვითარებაში. თუმცა, განსაკუთრებით მსურს, აღვნიშნო ის წარმატება, რასაც გაეროს ბავშვთა ფონდის გუნდმა გასული რამდენიმე წლის განმავლობაში მიაღწია, კერძოდ კი, გაფართოვდა ჩვენი მოღვაწეობის თემატური და გეოგრაფიული არეალი, რაც იმას ნიშნავს, რომ საქართველოს უფრო მეტ რეგიონთან დავიწყეთ თანამშრომლობა.

 

აკ: როგორც ვიცი, დოქტორის ხარისხი სორბონის უნივერსიტეტში მოიპოვეთ და თქვენი მოღვაწეობის არაერთი წელი მიუძღვენით ბავშვის უფლებების დაცვას. შესაბამისად, თქვენი ცოდნისა და გამოცდილების გათვალისწინებით, ვფიქრობ, რომ საქართველოში ამ მიმართულებით მოღვაწე ერთ-ერთი საუკეთესო პროფესიონალი სწორედ თქვენ ბრძანდებით. გთხოვთ, ცოტა თქვენს შესახებაც გვიამბეთ და გვითხარით, როგორ მოხვდით საქართველოში?

 

ღხ: პირველად, საქართველო ჩემი ყურადღების ცენტრში 2002 წელს მოექცა, როდესაც ჩემი უფროსი კოლეგა გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელი გახდა აქ. იგი ისე მოიხიბლა აქაურობით, რომ განწყობა მეც გადმომედო და საქართველოზე შესანიშნავი წარმოდგენა შემექნა. 2018 წელს წარმატებით გავიარე შესარჩევი პროცესი და წარმომადგენლად დავინიშნე. მას შემდეგ გაეროს ბავშვთა ფონდის საქართველოს შესანიშნავ გუნდთან ერთად ბევრს ვმუშაობ, რომ ამ ქვეყანაში მცხოვრები ბავშვებისთვის, ახალგაზრდებისა და მათი ოჯახებისთვის ხელშესახები შედეგების მოტანა შევძლო.

 

აკ: გთხოვთ, გაგვიზიაროთ ის მკაფიო ან ემოციური გამოცდილება, რაც საქართველოში დააგროვეთ. გვიამბეთ აქ ცხოვრების განსაკუთრებული, სასაცილო ან თუნდაც სევდიანი მომენტების შესახებ.

 

ღხ: პანდემიის პერიოდში ძალიან აქტიურად დავიწყეთ მოგზაურობა მთელი საქართველოს მასშტაბით. უამრავ ოჯახსა და ბავშვს შევხვდით, რადგან სწორედ მათგან გაგვეგო, თუ რა გამოწვევების წინაშე იდგნენ. ხალხთან შეხვედრა, მათთან საუბარი და მათი პრობლემების გაგება უმნიშვნელოვანესია ჩვენს საქმიანობაში, რათა დავადგინოთ, თუ როგორ აისახება მათზე ჩვენი მუშაობა და როგორ ცვლის მათ ცხოვრებას ის, რასაც ჩვენ ვაკეთებთ. სწორედ პანდემიის დროს, სოფელ ნიქოზში  ვეწვიეთ ოთხ შვილიან ოჯახს, სადაც ოთხივე ბავშვი ერთ მობილურ ტელეფონს იყენებდა და მორიგეობით ერთვებოდა ონლაინ გაკვეთილებზე.


ხულოში კი 4 წლის ადემი გავიცანი, ძალიან ჭკვიანი და ენერგიული შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბიჭუნა, რომელიც თავისი სოფლის ბაღში დადის. ბაღი დღესდღეობით უკვე ინკლუზიურია. გაეროს ბავშვთა ფონდმა ნორვეგიის მთავრობასთან თანამშრომლობის ფარგლებში ამავე ბაღის აღმზრდელები გადაამზადა, მისცა შესაბამისი ცოდნა, რათა ადემის მსგავს ბავშვებს განათლების მიღებასა და პოტენციალის სრულ გამოვლენაში დაეხმარონ. ძალიან გამეხარდა, როცა აღმოვაჩინე, რომ ადემი სრულყოფილად იყო ინტეგრირებული სკოლამდელი განათლების საფეხურზე. მასწავლებლის თქმით, ადემის განვითარებაში დადებითი ცვლილებებიც შეინიშნება. იგი უფრო მეტად ღია, კომუნიკაბელური და აქტიური გახდა.

 

ახალციხეში კი ბარბარეს შევხვდი, რვა შვილის დედას, რომელმაც ბავშვის უფლებების შესახებ გამართულ ბათუმის საერთაშორისო კონფერენციის ფარგლებში ჩატარებულ ესეების კონკურსში გაიმარჯვა. მე პირადად ვესტუმრე მას და მის ოჯახს, გამარჯვებაც მივულოცე და პრიზიც გადავეცი.


საბედნიეროდ, უამრავი მსგავსი ისტორია დამიგროვდა. ძალიან სასიხარულოა, როცა ვხედავთ, რომ ჩვენი მუშაობის შედეგად ბავშვებისა და მათი ოჯახების ცხოვრება უკეთესობისაკენ იცვლება.

 

 თანამედროვე განათლება უნდა ემსახურებოდეს... პრობლემის მოგვარების, ასევე, კრეატიული და კრიტიკული აზროვნების უნარ-ჩვევების განვითარებას, რომლებიც ახალგაზრდებს სამსახურის დაწყებაში, ბიზნესის წამოწყებასა თუ მათ გარშემო არსებული სოციუმის ცხოვრებაში აქტიურ მონაწილეობაში დაეხმარება.

აკ: დარწმუნებული ვარ, დამეთანხმებით, რომ განათლება ერთ-ერთი ყველაზე დიდი გამოწვევაა ჩვენს ქვეყანაში. ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ, რომ განათლების პრობლემები ხშირად გავაშუქოთ ხოლმე, ამას წინ დავწერეთ კიდეც სტატია პიზას ტესტის შემაშფოთებელი შედეგების შესახებ (იხ. აქ). გვიამბეთ, როგორ ეხმარება გაეროს ბავშვთა ფონდი საქართველოს განათლების სფეროს?

 

ღხ: უპირველეს ყოვლისა, მსურს აღვნიშნო, რომ ზოგადად სამყაროში დგას სწავლის კრიზისი. მსოფლიოში მილიონობით ბავშვი და ახალგაზრდა ვერ ახერხებს, რომ სიღარიბის დასაძლევად საჭირო უნარ-ჩვევები განივითაროს. კორონავირუსით გამოწვეული პანდემიის დროს სკოლების დახურვამ და სწავლის პროცესის შეფერხებამ კიდევ უფრო გაამწვავა არსებული კრიზისი, შედეგად, მკვეთრად გაიზარდა გაუნათლებლობის დონე და გააღრმავა განათლების კუთხით არსებული უთანასწორობა. დღესდღეობით, საქართველოში მცხოვრებ 50 000-ზე მეტ ბავშვს არ აქვს წვდომა ციფრულ ტექნოლოგიებზე, შესაბამისად, ამ ბავშვებს არ აქვთ მათი თანატოლების მსგავსი შესაძლებლობები. ამიტომ, უნდა გვახსოვდეს, რომ უმოქმედობა შეიძლება ძალიან ძვირად დაგვიჯდეს. შესაბამისად, აუცილებლად გვჭირდება განათლების გადააზრება. თანამედროვე განათლება უნდა ავითარებდეს როგორც ელემენტარულ უნარ-ჩვევებს, როგორიცაა წერა-კითხვა და არითმეტიკა, ასევე პრობლემის მოგვარების, კრეატიულობისა და კრიტიკული აზროვნების უნარ-ჩვევებს, რომლებიც ახალგაზრდებს სამსახურის დაწყებაში, ბიზნესის წამოწყებასა თუ მათ გარშემო არსებული სოციუმის ცხოვრებაში აქტიურ მონაწილეობაში დაეხმარება. ტექნოლოგიის პოტენციალისა და ხელმისაწვდომობის გათვალისწინებით, ციფრული სასწავლო პროგრამა ყველა ბავშვისა და ახალგაზრდისთვის უნდა იყოს განკუთვნილი.

 

გეთანხმებით. ქართველი მოსწავლეები შედეგებით მართლაც ერთ-ერთ ბოლო ადგილს იკავებენ ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის (OECD) ქვეყნებს შორის. თუმცა, ისიც უნდა აღვნიშნოთ, რომ ბოლო ათწლეულის განმავლობაში, გაუმჯობესდა საქართველოში მცხოვრები 15 წლის ახალგაზრდების კითხვის, არითმეტიკისა და საბუნებისმეტყველო საგნების ცოდნის დონე, თუმცა პროგრესი ქვეყნის რეგიონებში არათანაბრად ნაწილდება. ქალაქში მცხოვრები მოსწავლეები სოფლად მცხოვრებ მოსწავლეებზე უკეთ სწავლობენ, ისევე, როგორც სოციალურ-ეკონომიკური თვალსაზრისით უკეთეს პოზიციაში მყოფი მოსწავლეების შედეგები აღემატება შედარებით შეჭირვებულ პირობებში მცხოვრები თანატოლების შედეგებს, და მოსწავლეები, რომლებიც სახლში ქართულად საუბრობენ, სჯობნიან მათ, ვინც სხვა ენაზე საუბრობს სახლში. გაეროს ბავშვთა ფონდი პარტნიორებთან თანამშრომლობით მხარს უჭერს საქართველოს მთავრობას, რომ გაატაროს ხარისხიანი განათლების რეფორმა, რომლის ფარგლებშიც გაძლიერდება პედაგოგთა შესაძლებლობები, ხოლო ციფრული ტექნოლოგიების გამოყენებით საგანმანათლებლო პროცესი გახდება ინოვაციური.  


ქართველი მოსწავლეები შედეგებით ერთ-ერთ ბოლო ადგილს იკავებენ ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის (OECD) ქვეყნებს შორის.

გაეროს ბავშვთა ფონდი ესტონეთის მთავრობასთან თანამშრომლობის ფარგლებში მხარს უჭერს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მაღალკვალიფიციური მასწავლებელთა სამუშაო ძალის ჩამოყალიბებასა და მოსწავლეთა სწავლის ხარისხის გაუმჯობესების მიზნით. პარტნიორობის ძირითადი კომპონენტები მოიცავდა ეროვნული სასწავლო გეგმის შესწორებასა და გაუმჯობესებას, რომელიც ესტონეთის სწავლების მოდელსა და სწავლის მეთოდებს ეფუძნება, ასევე, ქართველი პედაგოგებისათვის საუნივერსიტეტო ტრენინგ-კურსების ჩატარებას.

 

საქართველოს ეროვნული სასწავლო გეგმა დარგის ესტონელი ექსპერტების დახმარებითა და საერთაშორისო და ესტონური გამოცდილების გათვალისწინებით შესწორდა. შედეგად, სასკოლო სისტემაში ახალი ტექნოლოგიები და სწავლის ინოვაციური მიდგომები დაინერგა.

 

ეროვნული სასწავლო გეგმის შესწორებასთან ერთად, გადამზადდნენ საქართველოს ოცი სკოლის მასწავლებლები, რომლებმაც სწავლის ინოვაციური მიდგომები შეისწავლეს. აღნიშნული ტრენინგ-კურსების ფარგლებში, ქართველი პედაგოგები ესტონეთს სასწავლო ვიზიტით ეწვივნენ, რათა ადგილზე დაკვირვებოდნენ და შეესწავლათ ესტონური მოდელი. პროგრამა დღესაც გრძელდება და იგი საქართველოს 100-ზე მეტ საჯარო სკოლას მოიცავს, მათ შორის, იმ სკოლებს, რომლებიც მაღალმთიან რეგიონებში მდებარეობს. პროგრამა მიზნად ისახავს ესტონური გამოცდილების გაზიარებას დისტანციური სწავლების კუთხით და მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ხელშეწყობას. დაწყებითი კლასების მასწავლებლებს ჩაუტარდათ ტრენინგი სწავლის მეთოდოლოგიასა და კომპეტენციებზე დაფუძნებულ სწავლებაში. სკოლების ადმინისტრაციასა და ადგილობრივი რესურს-ცენტრების წარმომადგენლებს კი ჩაუტარდათ ტრენინგი საგანმანათლებლო გარემოსა და სკოლის მართვის მიმართულებით.

 

პროგრამის ფარგლებში ჩართული ოცი საპილოტე სკოლის საკლასო ოთახებში ტექნოლოგიების გამოყენებამ შეცვალა საგაკვეთილო პროცესი, რაც, ასევე, აისახება საქართველოს საგანმანათლებლო სისტემის ტრანსფორმაციის პროცესზე, კერძოდ, მოსწავლეთა ჩართულობასა და კმაყოფილებაზე. შემუშავდა ინოვაციური სწავლებისა და სასწავლო დამხმარე რესურსები, მათ შორის, მასწავლებლის სახელმძღვანელო და მოსწავლის სასწავლო წიგნი. პროცესის გაციფრულების საშუალებით, მოსწავლესა და მასწავლებელს ხარისხიან სასწავლო მასალებზე უჩნდებათ წვდომა. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო მასწავლებლების შესაძლებლობების განვითარებას ინოვაციური მიდგომების ათვისების მიზნით.

 

შემუშავდა საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამები, რომლებიც საქართველოს რვა სახელმწიფო უნივერსიტეტში დაინერგა, რომლებიც მომავალი მასწავლებლების წარმატებულ პროფესიონალებად ჩამოყალიბებას შეუწყობს ხელს.

 

ბავშვები, რომლებიც თავს ანებებენ სკოლას ან სწავლის შეწყვეტის საფრთხის ქვეშ არიან, გახლავთ შეზღუდული შესაძლებლობების მქონენი, ქუჩაში მცხოვრებნი, ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენელნი, სახელმწიფოს მზრუნველობის ქვეშ მყოფნი, ობლები, იძულებით გადაადგილებული ოჯახის შვილები, მოქალაქეობის არმქონე ოჯახის შვილები, ლტოლვილები და მაღალმთიან რეგიონში მცხოვრებნი.

აკ: როგორც ვიცი, ევროპის რამდენიმე ქვეყანა გაეროს ბავშვთა ფონდთან ერთად საქართველოს საგანმანათლებლო სექტორის განვითარებაში ეხმარება. შეგიძლიათ, აღნიშნული თანამშრომლობის შესახებ მეტი დეტალი და სამომავლო გეგმები გაგვიზიაროთ?

 

ღხ: არ შემიძლია, არ გამოვხატო მადლიერება ჩვენი პარტნიორების, ესტონეთის, ნორვეგიის, ბულგარეთისა და პოლონეთის მთავრობების მიმართ, რომლებმაც არ დაიშურეს ძალისხმევა, რომ საქართველოს სკოლამდელი და ზოგადი განათლების ხარისხი გაუმჯობესებულიყო. მათთან ერთად ვცდილობთ, რომ შევქმნათ ისეთი გარემო, სადაც უკლებლივ ყველა ბავშვს ექნება წვდომა ხარისხიან განათლებაზე, რაც სამომავლო წარმატებისა და  კეთილდღეობის საწინდარია. ესტონეთის მთავრობასთან თანამშრომლობის შესახებ კი უკვე ვისაუბრე.

 

საქართველოში, უფროს კლასელთა 11% არ დადის სკოლაში. დაკვირვების შედეგად გამოიკვეთა, რომ მოსწავლეთა უმრავლესობა მე-9 კლასის შემდეგ ანებებს თავს სწავლას. აღნიშნული ფაქტორი საქართველოსთვის საკმაოდ დიდ გამოწვევას წარმოადგენს, რადგან აქ პროფესიული განათლება ჯერ კიდევ არ არის სათანადოდ განვითარებული, შესაბამისად, ახალგაზრდა, რომელიც სკოლაში აღარ სწავლობს, მნიშვნელოვანი უნარების განვითარებას ვერ ახერხებს და სამუშაო ბაზარზეც შესაბამისი კვალიფიკაციის გარეშე შედის. უნდა აღინიშნოს, რომ ძირითადად, ბავშვები, რომლებიც თავს ანებებენ სკოლას ან სწავლის შეწყვეტის საფრთხის ქვეშ არიან, გახლავთ შეზღუდული შესაძლებლობების მქონენი, ქუჩაში მცხოვრებნი, ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენელნი, სახელმწიფოს ზრუნვის ქვეშ მყოფნი, ობლები, იძულებით გადაადგილებული ოჯახის შვილები, მოქალაქეობის არ მქონე ოჯახის შვილები, ლტოლვილები და მაღალმთიან რეგიონში მცხოვრებნი.

 

გაეროს ბავშვთა ფონდი ბულგარეთის მთავრობის ფინანსური მხარდაჭერით საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სისტემური მიდგომის შემუშავებაში ეხმარება, რომელიც მნიშვნელოვნად შეამსუბუქებს იმ ბავშვების გამოწვევებს, რომლებმაც უკვე დაანებეს თავი სკოლაში სიარულს ან სწავლის შეწყვეტის საფრთხის ქვეშ იმყოფებიან. ერთი შესანიშნავი ისტორია მინდა გაგიზიაროთ 13 წლის ქრისტინეს შესახებ, რომელიც აღარ დადიოდა სკოლაში, თუმცა გაეროს ფონდის დახმარებით, მასწავლებლებმა შეძლეს მისი სკოლაში დაბრუნება და ყველანაირად შეუწყვეს ხელი, რომ განვლილ მასალასაც დაწეოდა.

 

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო გაეროს ბავშვთა ფონდისა და ნორვეგიის მთავრობის მხარდაჭერით ახორციელებს ინიციატივას, რომელიც ეროვნულ სასწავლო გეგმაში ინკლუზიურობის გაძლიერებას ისახავს მიზნად. პროგრამის ბენეფიციარები გახლავთ 3-დან 18-წლამდე ბავშვები და ახალგაზრდები, მათ შორის, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე, ეროვნული უმცირესობების წარმომადგენელი, სოციალურად დაუცველი, სკოლის მიღმა დარჩენილი, ან სწავლის შეწყვეტის საფრთხის ქვეშ მყოფი ბავშვები.  ინიციატივის ფარგლებში, შემუშავდა მასწავლებლის ეფექტური სასწავლო პროგრამები და დამხმარე სასწავლო რესურსები. გარდა ამისა, რესურს-სკოლების ხელმძღვანელებს, მასწავლებლებს, საგანმანათლებლო რესურს-ცენტრების წარმომადგენლებსა და ადგილობრივი მთავრობის წევრებს ჩაუტარდათ ტრენინგი; პარტნიორმა სკოლებმა ბავშვებისათვის  გაკვეთილების შემდგომი, სასწავლო, შემეცნებითი და მეთვალყურეობის ქვეშ გასართობი  პროგრამები შეიმუშავეს.  გაძლიერდა მასწავლებელთა გადამზადების პროგრამები უნივერსიტეტებსა და მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ცენტრებში, რაც ახალ მასწავლებლებს სათანადო ცოდნასა და უნარებს სძენს. ასევე აღმოიფხვრა ის სტიგმები და მავნე სოციალური ნორმები, რომლებიც სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროებებისა და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვების მიმართ არსებობს.

 

ნორვეგიის მთავრობის მხარდაჭერით საქართველოს შვიდ სახელმწიფო უნივერსიტეტში შეიქმნა ბავშვის უფლებათა რვა ცენტრი, რომლებიც ცოდნის გაზიარებისა და გავრცელების ადგილია. იგი მიზნად ისახავს სხვადასხვა პროფესიონალს, პედაგოგებს, აკადემიურ წრეებს, საზოგადოებრივ ორგანიზაციებს, მშობლებსა და ბავშვებს შორის ბავშვის უფლებათა შესახებ ცნობიერების ამაღლებას. ცენტრების მეშვეობით, განათლების მომავალი და ამჟამინდელი სპეციალისტები, მშობლები და საზოგადოების ჯგუფები უკეთ იაზრებენ ბავშვის უფლებებს. ცენტრებში იმართება ტრენინგ-კურსები, ღია ლექციები და  დისკუსიები, ასევე, ბავშვის უფლებათა შესახებ იქმნება საგანმანათლებლო რესურსები.

 

აკ: რა თქმა უნდა, გამოცდილი ქვეყნების დახმარება ძალიან მნიშვნელოვანია, თუმცა არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ განათლება ქვეყნის ხელისუფლების უპირველესი პასუხისმგებლობაა. მსოფლიო ბანკმაც კი საქართველოს შესახებ გაკეთებულ ადამიანური კაპიტალის მიმოხილვაში ახსენა პიზას რეიტინგი, რომლის თანახმადაც საქართველოს 15 წლის მოსწავლეები ფუნქციურად გაუნათლებლები არიან, რაც იმას ნიშნავს, რომ მათ მარტივი ტექსტის სწორად დამუშავება და გააზრება უჭირთ (სრული ტექსტი იხილეთ აქ). გაგვაცანით თქვენი პოზიცია, ეთანხმებით ამ შეფასებას?

 

ღხ: რასაკვირველია, ჩვენი პროგრამის შემუშავებისას ამ მონაცემებსაც ვითვალისწინებთ. მართალია, საქართველოში ეროვნულ დონეზე ჩატარებული კვლევის შედეგად მიღებული მონაცემები მწირია, თუმცა საერთაშორისო კვლევების დახმარებით სავსებით შესაძლებელია საქართველოში მოსწავლეთა შედეგების ანალიზი. საქართველომ აუცილებლად უნდა შეიმუშავოს განათლების შეფასების სისტემები, რათა დადგინდეს, თუ სად ვლინდება უთანასწორობა და განსაკუთრებული დაბალი მოსწრება, სხვა შემთხვევაში, ეს გამოწვევა კიდევ უფრო დიდ პრობლემად იქცევა. მოსწავლეთა შეფასების სისტემა უფრო ნათლად დაგვანახვებს მათ მიღწევებს, მასწავლებლებიც უნდა გადამზადდნენ, რათა უკეთ  შეძლონ მოსწავლეთა მხარდაჭერა, ხოლო სკოლებს ზედამხედველობის მეტ შესაძლებლობა უნდა მიეცეს, რათა უფრო მეტად შეუწყონ ხელი მოსწავლეთა წარმატებას. ამგვარად, სისტემაში დაინერგება კვლევის შესაძლებლობები და მონაცემთა შეგროვების ინსტრუმენტები, რაც უმნიშვნელოვანეს როლს ასრულებს სწავლის გაუმჯობესების საკითხში მთელი ქვეყნის მასშტაბით.

 

აკ: თქვენი აზრით, რამ მიიყვანა ქვეყანა ამ მდგომარეობამდე და რა უნდა გაკეთდეს მის გამოსასწორებლად? დავუშვათ, თქვენ ხართ განათლების სექტორში მთავარი გადაწყვეტილების მიმღები, რა იქნებოდა პირველი ბრძანება, რასაც ხელს მოაწერდით? 

 

ღხ: მოსწავლეებს, რომლებმაც 21-ე საუკუნის კონკურენტულ სამუშაო ბაზარზე უნდა შეაბიჯონ, მცოდნე, გამოცდილი და მოტივირებული მასწავლებლები სჭირდებათ, რომლებიც მათ განვითარებას შეუწყობს ხელს. საქართველოს მასწავლებელთა ჩართულობა პროფესიული განათლების პროგრამებში მკვეთრად ჩამორჩება თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის (OECD) ქვეყნების მაჩვენებელს. ტრენინგ-კურსების გარეშე კი, თავად მასწავლებლებიც ვერ იღებენ ინფორმაციას უახლესი, მტკიცებულებებზე დაფუძნებული სასწავლო პრაქტიკის შესახებ, რაც მოსწავლეებს სწავლაში ეხმარება. მასწავლებელთა უმეტესობა ძველ მეთოდს მიყვება და ბავშვებს ფაქტების დაზეპირებას სთხოვს, ნაცვლად იმისა, რომ გაკვეთილიდან გარკვეული უნარები და კომპეტენციები შესძინონ მათ. შესაბამისად, ამგვარად აღზრდილ მოსწავლეებს უჭირთ იმ კომპეტენციების გამომუშავება, რაც უმაღლესი განათლების მისაღებად და შემდგომ უკვე მუშაობის დასაწყებად გამოადგებათ.

 

თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის (OECD) რეკომენდაციის თანახმად, მასწავლებლებისათვის უნდა დაწესდეს  მინიმალური სტანდარტი, რაც იმას ნიშნავს, რომ თითოეულ მათგანს ის ელემენტარული უნარი უნდა ჰქონდეს, რაც მოსწავლეს სწავლაში დაეხმარება. მასწავლებლის პროფესიული განვითარების სქემა ისე უნდა შეიცვალოს, რომ მან მასწავლებელს განვითარების მოტივაცია გაუღვივოს და მოსწავლესაც სწავლისაკენ უბიძგოს. აქვე, უნდა ითქვას ისიც, რომ ასაკოვან მასწავლებლებს უნდა შევუწყოთ ხელი, რათა თავიანთი პოზიცია ახალგაზრდა პროფესიონალებს დაუთმონ და ამგვარად ახალი სიცოცხლე შთაბერონ მასწავლებლის პროფესიას.

 

 ვიმედოვნებთ, რომ წლის ბოლომდე შევიმუშავებთ კონკრეტულ მოდელს, რომელიც საქართველოს სკოლებში კვების პრობლემის დაძლევაში დაგვეხმარება.

კიდევ ერთი სფერო, რომელიც მინდა გამოვყო, არის სასკოლო კვების პროგრამის დანერგვა. ადეკვატური კვება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია მოსწავლეების ფიზიკური, გონებრივი, სოციალური, ემოციური, ენობრივი და კოგნიტური ჯანმრთელობისა და განვითარებისთვის, განსაკუთრებით ადრეულ წლებში. ადრეულ წლებში განცდილი კვების პრობლემების უარყოფითი შედეგები ვლინდება ზრდასრულ ასაკშიც, რაც გავლენას ახდენს კეთილდღეობაზე, ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე, ფიზიკურ განვითარებაზე, წიგნიერებისა და მათემატიკური აზროვნების უნარსა და ეკონომიკურ საქმიანობაში მონაწილეობაზე მთელი ცხოვრების განმავლობაში.

 

ექსპერტები და პოლიტიკის შემქმნელები ასევე თანხმდებიან, რომ სკოლაში ყოფნისას ჯანსაღ საკვებზე წვდომა საშუალებას აძლევს ბავშვებს გამოიმუშაონ ჯანსაღი კვების ჩვევები და ნაწილობრივ მაინც ანაზღაურდეს შინამეურნეობების სოციალურ-ეკონომიკურ პირობებში არსებული უთანასწორობა.

 

ჩვენ მხარს ვუჭერთ განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს კონკრეტული ნაბიჯების გადადგმაში საქართველოს სკოლებში მოსწავლეთა სასკოლო კვების პროგრამის დანერგვის მიზნით. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი და მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი გაეროს ბავშვთა ფონდთან ერთად მუშაობენ, რათა გააანალიზონ სასკოლო კვების პროგრამების მსოფლიო პრაქტიკ, ჩაატარონ სიტუაციური ანალიზი და შეაფასო არსებული მდგომარეობა ადგილობრივი ინფრასტრუქტურული და ლოჯისტიკური საჭიროებების გამოსავლენად. სამუშაო ასევე მოიცავს სასკოლო კვების შესაძლო მოდელების და ხარისხის სტანდარტების, საკანონმდებლო/მარეგულირებელი ჩარჩოების და ჯანსაღი კვების კურიკულუმის შემუშავებას. იმედი გვაქვს, რომ წლის ბოლომდე გვექნება სასკოლო კვების კონკრეტული მოდელი საქართველოს სკოლებისთვის.

 

აკ: განათლების გარდა, რა არის სხვა მნიშვნელოვანი სექტორები, რომელთა აღნიშვნაც გსურთ? რამდენადაც ვიცი, გაეროს ბავშვთა ფონდი იყო პირველი ორგანიზაცია საქართველოში, რომელმაც ყურადღება გაამახვილა რამდენიმე უაღრესად მნიშვნელოვან პრობლემაზე, როგორიცაა გადატვირთული საბავშვო ბაღები არასაკმარისდაფინანსებითა და კადრების დეფიციტით … ან მოულოდნელი ტაბუები მოზარდებსა და მათ მშობლებს შორის ურთიერთობაში…

 

 საქართველო დგას ისეთი პრობლემების წინაშე, როგორიცაა... სკოლამდელი აღზრდის  პროცესში სოციალურად დაუცველ ბავშვთა შორის მონაწილეობის დაბალი დონე, სკოლამდელი აღზრდის მასწავლებლების ნაკლებობა, რომლებიც მომზადებულნი არიან თანამედროვე, ბავშვზე ორიენტირებულ მიდგომებში და შეზღუდული ინვესტიციები სკოლამდელ განათლებაში.

ღხსკოლამდელი განათლება ბავშვების განვითარებისა და განათლების ძალიან მნიშვნელოვანი ეტაპია, ამიტომ ის განათლების ნაწილად უნდა განიხილებოდეს. გარდა იმისა, რომ ამზადებს ბავშვებს დაწყებითი განათლებისთვის, კარგი ხარისხის სკოლამდელი დაწესებულებები ასევე ეხმარება ბავშვებს, გაიკვალონ გზა სოციალურ ურთიერთობებში და იპოვონ საკუთარი ადგილი სამყაროში. სათანადო ადამიანური და ფინანსური რესურსებით, კარგი სკოლამდელი დაწესებულება აუმჯობესებს ბავშვის სკოლისთვის მზადყოფნას და ამით ზრდის მის შანსებს, გამოიყენოს თავისი პოტენციალი. ადრეული ბავშვობის განათლებაში ინვესტიციები აძლიერებს მცირეწლოვან ბავშვების ჯანმრთელობას, კეთილდღეობას, სწავლასა და დაცვის ხარისხს. თუმცა მისგან მიღებული სარგებელი სცილდება ცალკეულ ბავშვს და მოიცავს ეკონომიკურ ზრდას, მდგრად განვითარებას და თანაბარ შესაძლებლობებს ყველა მოქალაქისთვის. ადრეული ასაკის ბავშვთა განვითარებაში ინვესტიცია არის ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური სტრატეგია ქვეყნის ადამიანური კაპიტალის გასაზრდელად, სიღარიბის შესამცირებლად და უთანასწორობის დასაძლევად.

 

საქართველოს წინაშე დგას გამოწვევები სკოლამდელი განათლების ხელმისაწვდომობისა და ხარისხის კუთხით, როგორიცაა სკოლამდელი აღზრდის პროცესში მონაწილეობის შედარებით დაბალი დონე სოციალურად დაუცველ ბავშვებს შორის, სკოლამდელი აღზრდის მასწავლებლების ნაკლებობა, რომლებიც მომზადებულნი არიან თანამედროვე, ბავშვზე ორიენტირებულ მიდგომებში და შეზღუდული ინვესტიციები სკოლამდელ განათლებაში.

 

2016 წლის ივნისში საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებული კანონი ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და მზრუნველობის შესახებ, რომელიც გაეროს ბავშვთა ფონდის ტექნიკური მხარდაჭერით შემუშავდა, მოიცავს ინოვაციებს ადრეული განათლებისა და ზრუნვის ხარისხის, ხელმისაწვდომობისა და თანასწორობის გასაუმჯობესებლად. ერთ-ერთი მთავარი სიახლე იყო სავალდებულო ეროვნული სტანდარტების დანერგვა ყველა საჯარო და კერძო სკოლამდელი დაწესებულებისთვის, როგორიცაა მასწავლებლის კვალიფიკაციის, სასწავლო პროცესის, სანიტარული პირობების, ჰიგიენისა და კვების სტანდარტები. ყველა საბავშვო ბაღი უნდა აკმაყოფილებდეს ამ ახალ სავალდებულო სტანდარტებს, იმისთვის რომ იყოს ავტორიზებული.

 

გაეროს ბავშვთა ფონდმა მხარი დაუჭირა განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სასწავლო მოდულების, გაიდლაინების და ვიზუალური რესურსების შემუშავებაში, რათა დაეხმაროს სკოლამდელი აღზრდის მასწავლებლებს ამ სტანდარტების პრაქტიკაში დანერგვაში. სკოლამდელი დაწესებულების ბევრ მასწავლებელს არ აქვს შესაბამისი განათლება, ან შესაძლოა განათლება მიიღო მრავალი წლის წინ, როდესაც ადრეული ასაკის ბავშვთა განათლებისა და განვითარების მიდგომები ძალიან განსხვავებული იყო. ჩვენი მიზანია დავეხმაროთ მათ დაეუფლონ უახლეს მსოფლმხედველობასა და მეთოდებს, რომლებიც ხაზს უსვამენ ბავშვზე მეგობრულ, თამაშზე ორიენტირებულ ტექნიკას, რომელიც ასევე მხედველობაში იღებს სხვადასხვა კულტურას. გაეროს ბავშვთა ფონდმა ასევე გააძლიერა ჩვენი პარტნიორობა საქართველოს უნივერსიტეტებთან საბაკალავრო პროგრამების შემუშავებისა და დანერგვის მიზნით, რათა უკეთ მოამზადოს და აღჭურვოს მომავალი სკოლამდელი აღზრდის მასწავლებლები და მენეჯერები.

 

ჩვენ ასევე ვმუშაობთ მუნიციპალიტეტებთან, რათა გავაძლიეროთ მათი შესაძლებლობები ახალი სტანდარტების დანერგვაში, გამოვიკვლიოთ მომსახურების მიწოდების ალტერნატიული მოდელები, რათა უკეთ მივაწვდინოთ ყველა ბავშვს, ასევე გადავამზადოთ სკოლამდელი დაწესებულების პერსონალი და ვუზრუნველყოთ მათი უწყვეტი პროფესიული განვითარება.

 

აკ: ჩვენ შევეხეთ გაეროს ბავშვთა ფონდთან თანამშრომლობის სფეროებს. მაგრამ იქნებ არის მნიშვნელოვანი საკითხები, რომლებიც ამჟამად დგას საქართველოში იუნისეფის წარმომადგენლობის ამჟამინდელი დღის წესრიგის მიღმა, რომლებზეც თქვენ, როგორც ექსპერტი, ყურადღებას გაამახვილებდით? იქნებ ისინი აქტუალური გახდნენ ხვალინდელი თანამშრომლობის დღის წესრიგში?

 

ღხ: გაეროს ბავშვთა ფონდი საქართველოში არასრულწლოვანთა მართლმსაჯულებისა და ბავშვზე ზრუნვის სისტემების რეფორმის მთავარი მხარდამჭერი. ორივე რეფორმის შედეგად მიღებული შედეგები ნამდვილად თვალსაჩინოა.

 

გაეროს ბავშვთა ფონდმა მხარი დაუჭირა ძირითადი სამართლებრივი დოკუმენტების შემუშავებასა და მიღებას, რომლებიც უზრუნველყოფბავშვებისა და მათი ოჯახების კეთილდღეობას. 2015 წელს საქართველომ მიიღო არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსი, რომელმაც დანერგა ბავშვზე მორგებული მიდგომა სისხლის სამართლის სისტემაში. მოგვიანებით, 2019 წელს მიღებულ იქნა ბავშვის უფლებების კოდექსი - ყოვლისმომცველი სამართლებრივი აქტი, რომელიც მოიცავს ბავშვთა ყველა უფლებასა და თავისუფლებას და მათ განხორციელებასა და დაცვის მექანიზმებს. იუნისეფი მხარს უჭერს ორივე კოდექსის განხორციელებას შესაბამისი კანონების კოდექსის მოთხოვნებთან შესაბამისობაში მოყვანის, არსებული მექანიზმების გაძლიერებისა და ახალი მექანიზმების შექმნის, პროფესიონალების სპეციალიზაციის გაზრდის, შესაბამისი მეთოდოლოგიის, ინსტრუმენტებისა და ხარისხის უზრუნველყოფის მექანიზმების შემუშავებით.



გაეროს ბავშვთა ფონდი ევროკავშირის მხარდაჭერით აგრძელებს საქართველოში ბავშვთა დაცვის სისტემებისა და სერვისების გაძლიერებას. სამწლიანი პროექტი მიზნად ისახავს კანონმდებლობის, პოლიტიკისა და სახელმძღვანელო მითითებების გაძლიერებას დეინსტიტუციონალიზაციის პროცესის მხარდასაჭერად; და გააძლიეროს პროფესიონალური სამუშაო ძალის შესაძლებლობები ცენტრალურ და მუნიციპალურ დონეზე საქართველოში ბავშვებისა და ოჯახების მხარდასაჭერად და დასაცავად.

 

ბავშვის უფლებათა კოდექსი სახელმწიფოს ავალდებულებს განახორციელოს ყველა საჭირო საკანონმდებლო და ადმინისტრაციული ღონისძიება, რომელიც გულისხმობს ბავშვთა, მათ შორის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვების რეზიდენტული ზრუნვის ეტაპობრივ ჩანაცვლებას მინდობით აღზრდით და სხვა საოჯახო და თემზე დაფუძნებული სერვისებით. დეინსტიტუციონალიზაციის მიზნით საქართველოს მთავრობამ უნდა შეიმუშაოს და განახორციელოს ერთიანი ეროვნული სტრატეგია და სამოქმედო გეგმა, რათა უზრუნველყოს დიდი რეზიდენტული ზრუნვის დაწესებულებების ეტაპობრივი დახურვა.

 

აუცილებელია, რომ სახელმწიფო ზრუნვაში მოთავსებული ნებისმიერი ბავშვის უსაფრთხოება, კეთილდღეობა და განვითარება იყოს სპეციალისტების ზედმიწევნით მეთვალყურეობის ქვეშ და უზრუნველყოფილი იყოს ზრუნვის მოწყობის მიზანშეწონილობის რეგულარული მიმოხილვა. ბავშვის უფლებათა კოდექსი ხაზს უსვამს ოჯახის მხარდაჭერის სერვისების მნიშვნელობას ცენტრალურ და მუნიციპალურ დონეზე. აუცილებელია ოჯახის მხარდაჭერის ძლიერი სერვისები, რათა უზრუნველყოს ოჯახური გარემო ყველა ბავშვისთვის და თავიდან იქნას აცილებული ბავშვის ოჯახიდან განცალკევება. სოციალური დაცვის პერსონალი ცენტრალურ და მუნიციპალურ დონეზე საკვანძო როლს ასრულებს ხარისხიანი სოციალური მომსახურების უზრუნველსაყოფად.

 

სადაც პრევენციული და ოჯახის მხარდაჭერის სერვისები არ ჭარბობს, ბავშვებზე ალტერნატიული ზრუნვის ხარისხი უნდა შეესაბამებოდეს ბავშვზე ზრუნვის საერთაშორისო და ადგილობრივ სტანდარტებს. სახელმწიფოს მონიტორინგისა და მხარდაჭერის შესაძლებლობები ალტერნატიული მოვლის სერვისებისთვის უნდა გაძლიერდეს ბავშვის უფლებათა კონვენციის, ბავშვის უფლებათა კოდექსის, ბავშვთა ალტერნატიული ზრუნვის სახელმძღვანელო პრინციპებისა და ბავშვზე ზრუნვის სხვა საერთაშორისო და ადგილობრივი სტანდარტების შესაბამისად.

 

ჩვენ უნდა გავითვალისწინოთ ბავშვების ინტერესები ამ პროცესში და გავიგოთ, რა არის საუკეთესო გამოსავალი კონკრეტული ბავშვისთვის. ჩვენ ჩავატარეთ ბავშვების შეფასება დაწესებულებებში და შევქმენით მოდელი ოჯახზე დაფუძნებულ ზრუნვაზე გადასვლის მხარდასაჭერად. მნიშვნელოვანია, რომ დიდი დაწესებულებების დახურვისას, დაინერგოს თემზე დაფუძნებული და ოჯახის მხარდაჭერის სერვისები, რათა უზრუნველყონ შემდგომი მხარდაჭერა ინსტიტუციური მზრუნველობის დატოვების მქონე ბავშვებისთვის, და რომ მათი ოჯახები და პროფესიონალები  მათთან მუშაობდნენ.

 

გაეროს ბავშვთა ფონდი მხარს უჭერს სოციალური მუშაობის სერვისების განვითარებას საჭირო ინტერვენციების იდენტიფიცირებისა და მეთოდოლოგიებისა და ინსტრუმენტების შემუშავების, სოციალური მუშაკებისა და სხვა პროფესიონალების შესაძლებლობების განვითარების გზით. სოციალური მუშაკები აღჭურვილია შესაბამისი ცოდნითა და მეთოდოლოგიით, რათა უკეთ და დროულად გამოავლინონ როგორც სუიციდის, ასევე ბავშვთა სექსუალური ძალადობის რისკები  და თავიდან აიცილონ იგი.

 

გაეროს ბავშვთა ფონდმა ესტონეთის მთავრობის მხარდაჭერით და სახელმწიფო ზრუნვის სააგენტოსთან და სხვა პარტნიორებთან თანამშრომლობით, მხარი დაუჭირა სექსუალური ძალადობის მსხვერპლ ბავშვთა ინტეგრირებული სერვისის ჩამოყალიბებას, რომელიც გთავაზობთ ყველა სახის საგამოძიებო აქტივობას და სარეაბილიტაციო პროგრამებს, ბავშვებზე მორგებულ და უსაფრთხო ერთიან სივრცეში.

 

გაეროს ბავშვთა ფონდი აგრძელებს ბავშვებისთვის მართლმსაჯულების სისტემის რეფორმის მხარდაჭერას კანონთან კონფლიქტში მყოფი ბავშვებისთვის განრიდებისა და მედიაციის პროგრამის შემდგომი გაძლიერებით, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის განხორციელების მულტიდისციპლინარული მექანიზმები, პროფესიონალების სპეციალიზაციია და სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის მინიმალურ ასაკზე დაბალი ასაკის ბავშვების მხარდაჭერის მექანიზმებით.

 

აკ: თუ არის რაიმე, რისი დამატებაც გსურთ ჩვენი მკითხველებისთვის, სიტყვა თქვენია.

 

ღხმინდა კიდევ ერთხელ ხაზი გავუსვა ბავშვებში ინვესტირების და მთავრობის დღის წესრიგში ბავშვის უფლებების ჩართვის მნიშვნელობა. განახორციელეთ მეტი ინვესტიცია მცირეწლოვან ბავშვებში, რათა ნახოთ მეტი შედეგები განათლებაში, ჯანმრთელობასა და პროდუქტიულობაში და საბოლოოდ ეკონომიკური ზრდა. ასე რომ, საზოგადოების ყველა ფენამ, მათ შორის მთავრობამ, კერძო სექტორმა და სამოქალაქო საზოგადოებამ, უნდა გააერთიანონ თავიანთი ძალისხმევა ბავშვებისთვის პრიორიტეტის მინიჭებისთვის და მათი ცხოვრების საუკეთესო დასაწყისისთვის, თუ მათ სურთ ჰქონდეთ უკეთესი ქვეყანა.

 

აკ: დიდი მადლობა!


Read the English language version here.

 
შეგიძლიათ, მიჰყვეთ, კავკასიურ ჟურნალს შემდეგ ბმულებზე:
Google News  *  Twitter  *  Facebook  *  Medium  *  LinkedIn  *  YouTube  *  RSS

კავკასიური ჟურნალის ელექტრონული ფოსტით გამოწერის მოთხოვნისთვის, შეიყვანეთ თქვენი ელ-ფოსტის მისამართი აქ: