28.03.2021 (კავკასიური ჟურნალი). ახლა უკვე ქართულად! ჩვენი ინტერვიუ გუნდა ტირესთან სკოლის რეფორმის შესახებ, ახლა უკვე ხელმისაწვდომია ქართულ ენაზე.
სხვა მიმართულებით პროგრესის მისაღწევად, აუცილებელია სასკოლო განათლება. რამდენად დიდია მსგავსება სამხრეთ კავკასიელ სტუდენტებსა და მათ თანატოლებს შორის? რამდენად კარგად შეუძლიათ მათ კითხვა?
ჩვენ სიამოვნებით წარმოგიდგენთ, ქალბატონ გურანდა ტირეს, რომელიც PISA-ს ეროვნული პროექტ-მენეჯერია Foundation Innove- ში. PISA არის OECD- ის საერთაშორისო სტუდენტური შეფასების პროგრამა, ხოლო Innove არის განათლების ცენტრი ესტონეთში. მიზეზი იმისა, რატომ მოვიწვიეთ ესტონეთიდან ექსპერტი, მარტივია: იმიტომ, რომ ესტონელი სტუდენტები ევროპაში საუკეთესოები არიან.
Read the original interview in English here.
ალექსანდერ კაფკა, კავკასიური ჟურნალის მთავარი რედაქტორი: მართლაც, მსოფლიოში PISA – ს სტუდენტების ბოლოდროინდელი შეფასების შედეგების თანახმად, ესტონელ 15 წლის ახალგაზრდებს აქვთ ევროპის მასშტაბით საუკეთესო ქულები ყველა საგანში. პირველ რიგში, გთხოვთ, მიიღოთ ჩვენი გულწრფელი მილოცვები ესტონელი მეგობრებისთვის ამ შესანიშნავ მიღწევასთან დაკავშირებით! მე ვიცი, რომ ეს არ იყო მოულოდნელი, რადგან ესტონეთის შედეგები დროთა განმავლობაში უმჯობესდებოდა, მაგრამ მაინც როგორ აღიქვეს უბრალო ხალხმა და პროფესიონალებმა - საუკეთესო მიღწევა?
გუნდა ტირე: დიდი მადლობა კეთილი სიტყვებისთვის და ჩვენ ნამდვილად ვაფასებთ თქვენს მოწვევას, რომ ესტონეთის PISA გამოცდილება გავაცნოთ თქვენს მკითხველს!
PISA– ს მონაცემების გამოქვეყნებამდე ძალიან რთულია იმის პროგნოზირება, თუ რა მიმართულებით უნდა ველოდოთ შედეგებს. ჩვენ იმედი გვქონდა, რომ წინა შედეგები არ გაუარესდებოდა. ვინაიდან PISA ესტონეთში ძალიან პოპულარული და ცნობილია, 2018 წლის ახალ მონაცემებს მოუთმენლად ველოდით.
2019 წლის 3 დეკემბერს ესტონეთის განათლებისა და კვლევის სამინისტრომ Foundation Innove- სთან ერთად მოაწყო ონლაინ პრესკონფერენცია. განათლებისა და კვლევის მინისტრმა წარმოადგინა ძირითადი საკითხები და ახალი ამბები სწრაფად გავრცელდა: ესტონელმა სტუდენტებმა ევროპაში ყველაზე მაღალი ქულები მიიღეს და ადგილი დაიმკვიდრეს მსოფლიოში აზიის მაღალრეიტინგული ქვეყნების შემდეგ! მედია ინტენსიურად აქვეყნებდა ახალ ამბებს; მათ გამოკითხეს ტესტში მონაწილე სტუდენტები და მათი მასწავლებლები სხვადასხვა სკოლებიდან. ყველა, ვინც გრძნობდა რომ ამ მიღწევაში პირადად დიდი წვლილი შეიტანა, ამაყნი და ბედნიერნი იყვნენ. დიახ, ეს გარკვეულწილად ჰგავდა ეროვნულ დღესასწაულს და PISA– ს შედეგები ძალიან დადებითად აღიქმებოდა. განათლების საკითხი იმ დროს ერთ-ერთი ყველაზე აქტუალური საკითხი იყო. PISA– ს მიღწევებმა ხელი შეუწყო ესტონეთის ძალიან დადებითი იმიჯის შექმნას უცხოურ მედიაშიც.
აკ: შეგიძლიათ ცოტა რამ მოგიყვეთ საკუთარ თავზე და იმაზე, თუ როგორ ჩაერთეთ PISA- ში? რა არის თქვენი, როგორც ეროვნული პროექტების მენეჯერის, როლი?
გტ: 2007 წლიდან ესტონეთში PISA– ს პროექტის ეროვნული მენეჯერი ვარ. მანამდე ვიყავი პედაგოგი და კარგად ვიცოდი, რა სიტუაცია იყო სკოლებში და რითი ინტერესდებოდნენ 15 წლამდე ასაკის მოსწავლეები. PISA ძალიან რთული პროექტია. იმისათვის, რომ შევძლოთ სხვადასხვა ქვეყნისა და მათი განათლების სისტემების შედარება, საჭიროა მრავალი წესისა და სტანდარტის დაცვა. როგორც პროექტის მენეჯერი, მე უნდა დავრწმუნდე, რომ პროექტის ყველა ასპექტი შეესაბამება მითითებულ წესებს. წარმატებული პროექტის მთავარი საკითხი პროფესიონალების კარგი გუნდის ყოლა და მენეჯმენტის მხარდაჭერაა. იქიდან გამომდინარე, რომ პროექტის განმავლობაში გვჭირდება სხვადასხვა კვალიფიკაციის მქონე ადამიანი, ძალზე მნიშვნელოვანია იმ ადამიანთა ქსელის ქონა, რომლებიც საჭირო მომენტში შემოუერთდებიან პროექტს. მე შევძელი მშვენიერი ექსპერტთა ქსელის შექმნა, რომლებმაც არაერთხელ მიიღეს პროექტში მონაწილეობა. ასევე ძალიან მნიშვნელოვანია სკოლებთან ურთიერთობა და მათი PISA– ში მონაწილეობა. ჩემი ამოცანაა PISA– ს შედეგების გავრცელება, საზოგადოებასთან კომუნიკაცია და განათლების საკითხზე ერთგვარი დისკუსიის შექმნა, რაც ძალიან მნიშვნელოვანია.
აკ: საილუსტრაციოდ, ჩვენ აქ ვაქვეყნებთ ცნობილ PISA 2018-ის შედეგების ცხრილს, (წაკითხულის გააზრებაში, მათემატიკისა და მეცნიერების საშუალო მაჩვენებელი), სადაც ესტონეთი, შესანიშნავი - 525 ქულით, ევროპის ქვეყნების სათავეშია. მოდით, ვიპოვოთ, სამხრეთ კავკასიის ქვეყნების შედეგები. აზერბაიჯანისა და საქართველოს ქულებია 402 და 387 (სომხეთი არ მონაწილეობდა). საერთო ჯამში, 77 ქვეყნიდან აზერბაიჯანი 63-ე ადგილზეა, ხოლო საქართველო 69-ე ადგილზე, ასე რომ, კავკასიის ორივე ქვეყანა ყველაზე დაბალი შეფასების მქონე 20 ქვეყნის ჯგუფშია, რაც ყველა სხვა ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკის ქვეყნების შედეგებზე დაბალია, რომლებიც PISA-ში მონაწილეობდნენ. თუ გამოვიყენებთ ე.წ „სასკოლო ენას“, ეს ნიშნავს, რომ ჩვენს ქვეყნებს ჯერ კიდევ „ბევრი გაკვეთილი აქვთ სასწავლი“. ეთანხმებით, რომ ჩვენს ქვეყნებს შეუძლიათ წარმატებით გამოიყენონ ესტონური გამოცდილების ზოგიერთი ნაწილი?
გასადიდებლად დააჭირეთ
გტ: ჩვეულებრივ, ჩვენ არ ვითვლით სამივე საგნის ქულების საშუალო მაჩვენებელს. წაკითხულის გააზრების, მათემატიკისა და მეცნიერების ქულებს ცალ-ცალკე ვთვლით. ასევე, უფრო მნიშვნელოვანი რიცხვი არის არა რეიტინგი, არამედ თავად ქულა. ქულა მიუთითებს ცოდნის დონეს. OECD- ის საშუალო ქულა 500-ზე ოდნავ დაბალია და ესტონეთს სამივე საგანში, OECD-ის საშუალოზე მაღალი შეფასება აქვს. PISA– ს კიდევ ერთი უპირატესობა ის არის, რომ საშუალო ქულების გარდა, ჩვენ ასევე შეგვიძლია დავინახოთ, თუ რამდენ სტუდენტს შეუძლია სხვადასხვა სირთულის დავალების შესრულება. PISA ტესტში არის მარტივი და რთული ამოცანები და ვხედავთ, რამდენი სტუდენტი ახერხებს სხვადასხვა სირთულის დავალებებისთვის თავის გართმევას. შესაბამისად, ჩვენ ვყოფთ სტუდენტებს ცოდნის 6 დონეზე (1 – დან 6 – მდე, ერთი ყველაზე დაბალი და ექვსი ყველაზე მაღალი). ჩვენ ვხედავთ, რამდენი სტუდენტი მუშაობს კარგად და რამდენი სტუდენტი ჩამორჩება. თუ ბევრი სტუდენტია, ვისაც მხოლოდ უმარტივესი ამოცანების გადაჭრა შეუძლია, ეს მიუთითებს იმაზე, რომ მომავალში ბევრ სტუდენტს ექნება პრობლემა შემდგომი სწავლისა და საქმიანობის წარმართვაში. ესტონეთის წარმატება გარკვეულწილად განპირობებულია იმით, რომ ბოლო ათი წლის განმავლობაში იმ სტუდენტთა რიცხვი გაიზარდა, რომლებიც უფრო რთულ დავალებებს ასრულებენ, ხოლო დაბალი მაჩვენებლის მქონე სტუდენტების რიცხვი შემცირდა.
აზერბაიჯანისა და საქართველოს ქულებიდან გამომდინარე, როგორც ჩანს, ბევრი სტუდენტია, რომლებიც უმარტივეს დავალებებს ძლივს ართმევენ თავს
აზერბაიჯანისა და საქართველოს ქულებიდან გამომდინარე, როგორც ჩანს, ბევრი სტუდენტია, რომლებიც უმარტივეს დავალებებს ძლივს ართმევენ თავს. ამას შეიძლება სხვადასხვა მიზეზი ჰქონდეს. შესაძლოა ბევრ სტუდენტს არ აინტერესებდა ტესტის სწორად შესრულება, შესაძლოა მათ წარმოდგენა არ ჰქონდათ რა უნდა გაეკეთებინათ, შესაძლოა ეს მათთვის პირველი ტესტი ყოფილიყო, რომელიც კომპიუტერის გამოყენებით უნდა დაეწერათ. ესტონეთში ჩვენ ვეცადეთ, სტუდენტებისთვის გაგვეცნო PISA-ს პროგრამა, აგვეხსნა მათთვის თუ რა უნდა გაეკეთებინათ ტესტის დროს მარტივი ინფორმაციული ვიდეოს საშუალებით, რომ მიმხვდარიყვნენ, რა არის PISA. ეს არის მარტივი გაკვეთილი, რომელიც შეუძლიათ სხვა ქვეყნებმაც გაიმეორონ. უბრალოდ, მიაწოდეთ თქვენს სტუდენტებს ინფორმაცია ტესტის შესახებ და ეცადეთ მათი მოტივაციის ამაღლებას.
აკ: შეგიძლიათ გამოყოთ 3 ძირითადი ფაქტორი (ან მეტი, თუ გსურთ), რომლებმაც თქვენი ქვეყნის წარმატება განაპირობა განათლების სფეროში? რამდენად არიან ისინი უნიკალური ესტონეთისთვის, ანუ დაკავშირებულია ქვეყნის ტრადიციებთან (განათლების ღირებულება), ეროვნულ ხასიათთან / მენტალიტეტთან ან მის პოლიტიკურ ვითარებასთან?
გტ: არსებობს მრავალი ფაქტორი, რომლებმაც განაპირობეს წარმატება განათლების სფეროში. ერთ-ერთი ყველაზე ფუნდამენტურია ოჯახების ან საზოგადოების დამოკიდებულება განათლების მიმართ. ესტონელებს სწამთ განათლების და უკვე საუკუნეებია ეს რწმენა არსებით მნიშვნელობას ატარებს. ასევე, 1991 წელს დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ, ესტონეთმა მიიღო მრავალი გადაწყვეტილება, რომელთაც დადებითი შედეგები მოიტანეს. ჯერ კიდევ საბჭოთა კავშირის დაშლამდე, ესტონელებს შედგენილი ჰქონდათ სასწავლო გეგმა, რომელიც სრულიად თავისუფალი იყო საბჭოური იდეოლოგიისგან. ესტონეთმა ფინეთისგან ბევრი რამ ისწავლა, იქიდან გამომდინარე, რომ ფინეთი გეოგრაფიულად ახლოს არის და ორივე ქვეყნის ენა მარტივი სასწავლია, რადგან ორივე ფინურ-უნგრული ენაა და მსგავსებები აქვთ. ჩვენ გავეცანით ფინეთის განათლების სისტემას, მათ სახელმძღვანელოებს, სწავლების სტილს და გავითვალისწინეთ ეს დეტალები სისტემის რეფორმის დროს. ესტონელებს სწამთ, რომ ყველაფრის იმის, რასაც ისინი აკეთებენ, უკეთ კეთება შესაძლებელია. ვფიქრობ, სწორედ სწავლისა და გაუმჯობესების სურვილმა მიგვიყვანა დღევანდელ მდგომარეობამდე.
აკ: არსებობს ესტონეთის განათლების სისტემაში რაიმე ორიგინალური ნოუ-ჰაუ ან სხვა სპეციფიკა, რომლითაც ქვეყანა განსაკუთრებით ამაყობს?
გტ: ესტონეთი ძალიან ამაყობს ქვეყნის მასშტაბით როგორც ციფრული მიღწევებით, ასევე განათლების დონით. ციფრული ტექნოლოგიის დანერგვა, რომელიც ხელს შეუწყობდა სწავლას, მნიშვნელოვანი იყო როგორც მასწავლებლებისთვის, ასევე სტუდენტებისათვის. პედაგოგები უფრო და უფრო მეტ ტესტს და ინსტრუმენტს იყენებენ, რომლებიც ხელს შეუწყობს სტუდენტების ცოდნის დონის დადგენას, ხოლო მოსწავლეები იყენებენ e-Schoolbag- ს [e-Schoolbag არის ციფრული სასწავლო მასალების პორტალი, იხილეთ მეტი ინფორმაცია აქ - კავკასიური ჟურნალი] და სხვა პროგრამებს, რომლებიც ხელს შეუწყობს ეფექტური სწავლის მეთოდებს.
აკ: ბევრ პოსტსაბჭოთა სახელმწიფოში ფიქრობენ, რომ "საუკეთესო სკოლები" = "კერძო სკოლები". თუმცა, თუ სკოლა ძვირია, ეს არ იძლევა იმის გარანტიას, რომ ის კარგია. რა მდგომარეობაა ესტონეთში საჯარო და კერძო სკოლების კონკურენციის კუთხით? როგორია ხალხის აღქმა "პრესტიჟული" განათლების შესახებ? დადიან მდიდარი და ღარიბი ოჯახის შვილები ერთსა და იმავე სკოლებში?
გტ: ესტონეთში განათლების სისტემა დაფუძნებულია საჯარო სკოლებზე. კერძო სკოლების რაოდენობა 10%-ზე მეტია, მაგრამ, ზოგადად, ხალხი ენდობა საჯარო სკოლის სისტემას. ესტონელმა მშობლებმა არ უნდა იდარდონ იმაზე, თუ რა სახის სკოლაში დადიან მათი ბავშვები, კარგი საჯარო განათლება, ყველასთვის ხელმისაწვდომი უნდა იყოს. რა თქმა უნდა, არსებობს სკოლები, განსაკუთრებით ტალინსა და ტარტუში, რომლებიც უფრო პოპულარულია და უფრო მეტ მშობელს სურს, რომ მათმა შვილებმა იქ იარონ, მაგრამ ისინიც საჯარო სკოლებია. ამ უფრო სასურველი სკოლებიდან, ზოგიერთ სკოლაში, ბავშვებს უნარების ტესტით იღებენ, მაგრამ ბავშვის მიღება დამოკიდებულია ტესტის შედეგზე და არა მშობლის სოციალურ სტატუსზე. ზოგადად, შერეული სოციო-ეკონომიკური მდგომარეობის მქონე ბავშვები დადიან ერთსა და იმავე სკოლებში.
აკ: აქვე გკითხავთ, შეესაბამება სიმართლეს თუ არა, რომ ესტონეთის ყველა სკოლა მოსწავლეებს სთავაზობს უფასო ლანჩსა და ტრასნპორტირებას, სახლიდან-სკოლაში და პირიქით (რასაც, ჩვენს რეგიონში, ბავშვებს მხოლოდ კერძო სკოლები სთავაზობენ?)
გტ: ეს მართალია. ესტონეთის სასკოლო სისტემა ეფუძნება სამართლიანობის პრინციპს. სკოლებმა უნდა უზრუნველყონ სწავლის საუკეთესო პირობები ყველა ბავშვისთვის, დაეხმარონ მათ, თუ დახმარება სჭირდებათ. ყველა ბავშვი იღებს უფასო ცხელ ლანჩს და სახელმძღვანელოებს. სკოლებში ტრანსპორტირება ხორციელდება მუნიციპალიტეტის მიერ, და თუკი მშობლები უხდიან გადასახადს მუნიციპალიტეტს, მაშინ ტრანსპორტირება უფასოა. ასევე გვაქვს ბევრი სკოლის შემდგომი უფასო აქტივობა, რომელთაც ასევე სკოლები უზრუნველყოფენ და ნაკლებად შეძლებული ოჯახის ბევრ სტუდენტს შეუძლია ამ აქტივობებში ჩართვა და საკუთარი ნიჭის განვითარება.
ყველა ბავშვი იღებს უფასო ცხელ ლანჩს და სახელმძღვანელოებს. სასკოლო ტრანსპორტი უფასოა. არსებობს უამრავი სკოლის შემდგომი უფასო აქტივობები, რომლებში ჩართვა და თავიანთი ნიჭის განვითარება შეუძლიათ სტუდენტებს შეჭირვებული ოჯახიდან.
აკ: კიდევ ერთი ხშირი პრობლემაა "ძველი სკოლის" პედაგოგები - ადამიანები, რომლებიც მომზადებულნი იყვნენ ძველ საბჭოთა სისტემაში. როგორ მიუდგნენ ამ საკითხს ესტონეთში?
გტ: ჩვენ ძველი სკოლის ბევრი პედაგოგი გვყავს. TALIS-ის (OECD– ს მასწავლებლების კვლევა) თანახმად, ესტონელი მასწავლებლის საშუალო ასაკი 49 წელია. ბევრი პედაგოგია, რომელიც საპენსიო ასაკს მიუახლოვდა და ეს არის ის საკითხი, რომელსაც ესტონური სისტემა ძალიან სერიოზულად უნდა მოეკიდოს.
ესტონეთში ჩვენ გვწამს მთელი ცხოვრების განმავლობაში სწავლის. ეს ნიშნავს, რომ პროგრესის მისაღწევად ყველამ მუდამ უნდა ისწავლოს. სკოლები, როგორც წესი, ხარჯავენ თავიანთი ბიუჯეტის 1% -ს მასწავლებელთა ტრენინგებზე და აქ არის მრავალი ტრენინგი და კურსი, რომლებიც უფასოდ არის ხელმისაწვდომი. მასწავლებელთა მრავალი ტრენინგის ხარჯს ანაზღაურებს სახელმწიფო ან ევროკავშირის დახმარებიდან შემოსული ფული. მონაცემების მიხედვით, ფაქტობრივად, ყველა მასწავლებელი არის ჩართული სხვადასხვა კურსსა და სემინარებში, მთელი სასწავლო წლის განმავლობაში. პედაგოგები შეიძლება უფრო ტრადიციულნი არიან, მაგრამ ისინი კარგად იცნობენ ახალ და თანამედროვე იდეებს განათლებაში და მათ კარგად იყენებენ თავიანთ საქმიანობაში.
აკ: მოდით უფრო მეტი ვისაუბროთ მასწავლებლების შესახებ. რამდენად პრესტიჟულია ეს პროფესია დღევანდელ ესტონეთში? როგორია მასწავლებლის ხელფასი? უფრო დაბალია თუ უფრო მაღალი, ვიდრე ქვეყნის საშუალო ხელფასი?
გტ: როგორც უკვე აღვნიშნეთ, მასწავლებლები უახლოვდებიან საპენსიო ასაკს და ამავდროულად არ გვყავს საკმარისი რაოდენობის ახალი თაობის პედაგოგები. განვიცდით მეცნიერების, მათემატიკისა და სხვა მიმართულებების მასწავლებლების ნაკლებობას. მასწავლებლის პროფესია შეიძლება უფრო პოპულარული იყოს ახალგაზრდებში. სახელმწიფოს მხრიდან მრავალი ინიციატივა ხორციელდება მასწავლებლის პროფესიის პოპულარიზაციისა და მისი მიმზიდველობის საჩვენებლად. ყოველწლიულად ვაწყობთ ღონისძიებას, სადაც სკოლები წარადგენენ თავიანთი საუკეთესო მასწავლებლის კანდიდატურას და შემდეგ ირჩევენ საუკეთესოებს საუკეთესოთა შორის და ჯილდოვდებიან გალა ცერემონიაზე. ეს ხდება ოქტომბერში, მასწავლებელთა დღეს. ღონისძიება პირდაპირ ეთერში გადაიცემა საზოგადოებრივი ტელევიზიით და დიდი აუდიტორიის ყურადღებას იპყრობს.
მასწავლებელთა ხელფასი უფრო მაღალია, ვიდრე საშუალო ხელფასი ესტონეთში.
ბოლო წლების განმავლობაში, მასწავლებელთა ხელფასი ჩვენთვის პრიორიტეტული საკითხი იყო. ის მუდმივად იზრდებოდა და დღესდღეობით უფრო მაღალია, ვიდრე საშუალო ხელფასი ესტონეთში. სახელმწიფო შეეცადა ახალ მასწავლებლებს სტარტაპ-ფულით დახმარებოდა; სკოლებმა ისინი მინიმუმ პირველი წლის განმავლობაში სწავლებით უნდა უზრუნველყონ.
აკ: პოსტსაბჭოთა ქვეყნებში, მათ შორის ესტონეთსა და სამხრეთ კავკასიის სახელმწიფოებში, ზოგიერთი სკოლა სასწავლო ენად - რუსულს იყენებს. სწორია თუ არა ინფორმაცია, რომ ”რუსული” სკოლების სტუდენტების შედეგები PISA-ში, შედარებით ნაკლებია? როგორ რეგულირდება რუსული სკოლების რაოდენობა ესტონეთში?
გტ: ესტონეთში 1,3 მილიონი ადამიანი ცხოვრობს, რუსული ეროვნების მოსახლეობა კი დაახლოებით 25% -ს შეადგენს. აქ არის რუსულენოვანი სკოლები, ხოლო სტუდენტების 25% -მა ჩააბარა PISA-ს ტესტი რუსულ ენაზე. რუსულენოვანი სტუდენტების შედეგები OECD– ის საშუალო დონეზეა, რაც ძალიან კარგი შედეგია. ამავე დროს, ესტონელი სტუდენტების შედეგები ბევრად უფრო მაღალია. სხვაობაა 42 ქულა წაკითხულის გააზრებასა და მეცნიერებაში, ხოლო 29 ქულა მათემატიკაში. PISA– ში ვამბობთ, რომ ერთი სასწავლო წლის განმავლობაში მოსწავლეებს შეუძლიათ 39 ქულის მიღწევა. ამის მიხედვით, ესტონელი მოსწავლეები ერთი წლით უსწრებენ თავიანთ თანატოლებს, რომლებიც რუსულენოვან სკოლებში სწავლობენ. ამ განსხვავების მიზეზების ახსნა საკმაოდ რთულია. ყველა სკოლას ერთნაირად ვექცევით, ყველა მათგანი იღებს თანაბარ დაფინანსებასა და მათი მოთხოვნებიც კმაყოფილდება თანაბრად. მაგრამ ამავდროულად, ესტონეთის სკოლები ძალიან ავტონომიურია და ისინი დამოუკიდებლად იღებენ გადაწყვეტილებებს სწავლების მეთოდებსა თუ სახელმძღვანელოებთან დაკავშირებით. როგორც ჩანს, რუსულენოვან სკოლებში სწავლების მეთოდები განსხვავდება, ესტონური სკოლებში არსებული მეთოდებისაგან. არ არსებობს სპეციალური რეგულაციები რუსული სკოლების რაოდენობასთან დაკავშირებით. თუ ვინმე გადაწყვეტს შექმნას ახალი სკოლა და შეუძლია მიიღოს აკრედიტაცია და სტუდენტები, მათ ამის უფლება აქვთ. ეს პრინციპი მოქმედებს ყველა სკოლაში, სწავლების ენის მიუხედავად.
ესტონელი მოსწავლეები ერთი წლით უსწრებენ თავიანთ თანატოლებს, რომლებიც რუსულენოვან სკოლებში სწავლობენ. ამ განსხვავების მიზეზების ახსნა საკმაოდ რთულია.
აკ: როგორც PISA– ს პროფესიონალი, შეგიძლიათ რამდენიმე სიტყვით გვითხრათ ზოგად გლობალურ თუ ევროპულ ტენდენციებზე, მაგალითად, აღემატება თუ არა ჩინელი / აზიელი სტუდენტების დონე მკვეთრად ევროპელი სტუდენტების დონეს, და რატომ?
გტ: საერთო ჯამში, შედეგები არ არის სახარბიელო. PISA-ს დაწყებიდან, ძალიან ცოტა ქვეყანაა, რომელმაც შეძლო შედეგების გაუმჯობესება, ბევრის შედეგი გაუარესდა, რაც ნიშნავს, რომ საერთო ჯამში, ხარისხმა დაიკლო. ევროკავშირი ძალიან შეშფოთებულია დაბალი მოსწრების მქონე სტუდენტებით. ვინაიდან დაბალი უნარების მქონე სტუდენტებს მომავალში გაუჭირდებათ სირთულეებთან გამკლავება და განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, მათთვის ყურადღების მიქცევა.
როგორც ზევით აღვნიშნე, დაბალი მაჩვენებლის მქონე სტუდენტები არიან ისინი, რომელთა ცოდნის დონეც მეორე დონის ქვემოთ არის. ევროკავშირმა დაადგინა ზღვარი, რომ ასეთი სტუდენტების პროცენტული რაოდენობა იყოს მხოლოდ 15%, მაგრამ ამ მიზანს მხოლოდ ოთხმა ქვეყანამ: ესტონეთმა, ირლანდიამ, ფინეთმა და პოლონეთმა მიაღწიეს. ზოგადად, ევროკავშირის სტუდენტების 21,7% ძალიან ცუდ შედეგებს აჩვენებს.
მე დავამატე წაკითხულის გააზრების უნარების შედეგების ცხრილი (იხ. ილუსტრაცია), რომ დაინახოთ, რაზე ვსაუბრობ.
აზიის ქვეყნებში, ცოდნის დაბალი დონის მქონდე სტუდენტების რაოდენობა 10%-ზე ნაკლებია, ისინი ზრუნავენ თავიანთ სტუდენტებზე, რომ არ ჩამორჩნენ სხვებს ცოდნასა და უნარებში.
გასადიდებლად დააჭირეთ
დაბალი მაჩვენებლის მქონე სტუდენტების რაოდენობა აზერბაიჯანსა და საქართველოში დაახლოებით 60%-ს შეადგენს. მე-2 საფეხურზე დაბლა მყოფი სტუდენტების წილი (რაც საბაზისო დონეა) აზერბაიჯანში დაახლოებით 60%, ხოლო საქართველოში კიდევ უფრო მეტია. ეს სტუდენტები დაბალი მოსწრების მქონე სტუდენტები არიან. ეს შეიძლება იყოს განათლების სისტემის მთავარი მიზანი - შეამციროს სტუდენტების რიცხვი, რომლებიც კარგად ვერ უმკლავდებიან სასწავლო პროცესებს. მათ მეტი დახმარება სჭირდებათ მომავალი განათლებისა და მუშაობისთვის საჭირო ძირითადი უნარების შესაძენად. ვფიქრობ, ეს სერიოზული პრობლემაა, რომლის მოგვარებაც აუცილებელია.
დაბალი მაჩვენებლის მქონე სტუდენტების რაოდენობა აზერბაიჯანსა და საქართველოში დაახლოებით 60%-ს შეადგენს. ეს შეიძლება იყოს განათლების სისტემის მთავარი მიზანი - შეამციროს სტუდენტების რიცხვი, რომლებიც კარგად ვერ უმკლავდებიან სასწავლო პროცესებს.
მათ მეტი დახმარება სჭირდებათ მომავალი განათლებისა და მუშაობისთვის საჭირო ძირითადი უნარების შესაძენად. ვფიქრობ, ეს სერიოზული პრობლემაა, რომლის მოგვარებაც აუცილებელია.
აკ: ზოგადად, ბავშვების წაკითხულის გააზრების უნარები დროთა განმავლობაში უკეთესობისკენ იცვლება თუ უარესდება? დღესდღეობით 15 წლის ბავშვები, ნაკლებს კითხულობენ, ვიდრე ადრე? საშუალო 15 წლის სტუდენტი უკეთეს განათლებას იღებს, ვიდრე 10 წლის წინ?
გტ: ბავშვები დღეს სხვაგვარად კითხულობენ, ვიდრე ათი წლის წინ. ეს შეიძლება ითქვას მოზრდილებზეც. კლასიკური, ქაღალდზე კითხვა ჩაანაცვლა ონლაინ ან ციფრულად კითხვამ. წესით, ამას მნიშვნელობა არ უნდა ჰქონდეს, რადგან ქაღალდი ან კომპიუტერი მხოლოდ ინფორმაციის მოპოვების საშუალებაა, მაგრამ, სინამდვილეში, ამას მნიშვნელობა აქვს. საჭიროა სხვადასხვა უნარ-ჩვევები ინფორმაციის ონლაინ მოძიებისთვის, იმისთვის, რომ განვასხვაოთ ინფორმაციის ვალიდურობა. მაგალითად, PISA-ს ტესტის სტუდენტებს უნდა გადაეწყვიტათ, მიწოდებული ინფორმაცია ფაქტი იყო თუ მოსაზრება, რაც ბევრისთვის საკმაოდ რთული ამოცანა აღმოჩნდა. მათ მოუწიათ სხვადასხვა წყაროებში ნავიგაცია, ტესტის კითხვებზე პასუხის მისაღებად. ამგვარი ნავიგაცია ჩვენი სტუდენტებისთვის მარტივი აღმოჩნდა.
ზოგადად, სტუდენტებს აქვთ ციფრულ სამყაროში მოქმედების უნარები, მაგრამ მათთვის უფრო რთულია მოძიებული ინფორმაციის შეფასება. ესტონეთის მონაცემებიდან ვერ ვიტყვით, რომ მოსწავლეები ნაკლებს კითხულობენ; გოგონები მეტს და უკეთესი შედეგებიც აქვთ. ჯერ კიდევ არიან სტუდენტები, რომლებიც სიამოვნებისთვის კითხულობენ და მათ საუკეთესო ქულები აქვთ. ჩვენ ვხედავთ, რომ შეიცვალა სტუდენტების კომუნიკაციის გზები, ისინი აღარ წერენ ელექტრონულ წერილებს (მხოლოდ თავიანთ მასწავლებლებს), არ კითხულობენ ქაღალდის გაზეთებს, მაგრამ აკეთებენ ამას ციფრული გზით და ა.შ. ეს ხაზს უნდა უსვამდეს იმას, რომ განათლების სისტემები მთელ მსოფლიოში უნდა მოერგონ კომპიუტერების არსებობისა და სტუდენტების კომპიუტერებისკენ მიზიდულობის ფაქტს. ჩვენ უფრო ეფექტურად უნდა გამოვიყენოთ ციფრული სამყარო სასწავლო პროცესში, გავხადოთ იგი საინტერესო და გამოწვევებით სავსე. არ ვიტყოდი, რომ მოსწავლეები ნაკლებად განათლებულნი არიან, ვიდრე 10 წლის წინ. ჩვენ უნდა მოვიძიოთ სტუდენტების არასაკმარისი მუშაობის მიზეზები და ციფრული ტექნოლოგია ამის კარგი საშუალებაა.
აკ: კითხვა PISA-ს შეფასებისა და ინტერაქციულობის შესახებ: როგორ იყენებს ესტონეთი PISA– ს შედეგებს განათლების სისტემის კორექტირებისთვის? არსებობს რაიმე მექანიზმი? და პირიქით, გაქვთ რაიმე გზა PISA- ს სამომავლო შეფასებებში რაიმეს გასაუმჯობესებლად?
გტ: PISA არ აჩვენებს შედეგების მიზეზებს, უბრალოდ აჩვენებს საერთო სურათს. PISA– სგან შევიტყვეთ, რომ რუსული საშუალო სკოლის მოსწავლეებს ესტონეთის სკოლების თანატოლებთან შედარებით დაბალი შედეგები აქვთ. ჩვენ შევეცადეთ გამოგვეკვლია მიზეზები, გვაქვს რაღაც იდეები, მაგრამ ვერ შევძელით ამის გამოსწორება. ამან მრავალი დისკუსია შექმნა, როგორც საზოგადოებაში, ასევე პოლიტიკოსებშიც.
ანალოგიურად, PISA-ს ადრეულ წლებში (ესტონეთი შეუერთდა PISA– ს 2006 წელს), გადავწყვიტეთ, რომ შესაძლებელი იყო უფრო მეტი წარჩინებული სტუდენტის ყოლა, ამ საკითხს კარგად გავეცანით და ბევრმა სკოლამ გადაწყვიტა მეტი ყურადღება მიექციათ თავიანთი გამორჩეული სტუდენტებისთვის. ახლა ჩვენ ვხედავთ, რომ 2009 წლის შემდეგ, წაკითხულის გააზრებაში მაღალი შეფასების მქონე სტუდენტების წილი გაორმაგდა. PISA ჩვენთვის უფრო ინსტრუმენტია, რომელიც მიგვითითებს, განათლების რომელი სფეროები შეიძლება გაუმჯობესდეს, ჩვენ არ ვმოქმედებთ იმისთვის, რომ უკეთესი ვიყოთ PISA-ში. ჩვენ ასევე ვაფასებთ სკოლებს, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს გამოკითხვაში. ინფორმაცია ეხება მხოლოდ ინდივიდუალურ სკოლას და მათ მოსწონთ, როდესაც მათ ფუნქციონირებას აფასებ.
რაც შეეხება PISA– ს მომავალს - ის პოპულარულია, უფრო და უფრო მეტ ქვეყანას სურს მასში გაწევრიანება. მისი ორგანიზატორების მთავარი დავალება, ყველა ქვეყნის მიღება, მაგრამ, ამავდროულად ხარისხისა და კონკურენტუნარიანობის შენარჩუნებაა. კვლევა საზოგადოების დიდ ყურადღებას იპყრობს, მაგრამ საბოლოოდ, PISA სჭირდებათ ინდივიდუალურად, მასში მონაწილე ქვეყნებს. თითოეულ საგანმანათლებლო სისტემას აქვს საკუთარი კულტურა და ისტორია და ეს უნდა გადაეცეს ახალ თაობას. ჩვენ ჩვენი მაქსიმუმის გაკეთებას ვცდილობთ, მაგრამ, რატომ არის, რომ ერთსადაიმავე პრობლემებს ერთი სისტემის სტუდენტი, უფრო კარგად უმკლავდება, ვიდრე მეორის? თუ მომავალი სულ უფრო გლობალური ხდება, მაშინ ნებისმიერი ქვეყნის სტუდენტებს უნდა ჰქონდეთ უნარები გლობალური პრობლემების გადასაჭრელად და ჰქონდეთ უფლება, მსოფლიოს მასშტაბით, ნებისმიერ ადგილას გააგზავნონ აპლიკაცია დასასაქმებლად. განათლების სისტემები, მთელი მსოფლიოს მასშტაბით, უნდა ეხმარებოდნენ თავიანთ სტუდენტებს.
აკ: და ბოლოს, მინდა არა კითხვა დაგისვათ, არამედ კომენტარი გავაკეთო. ცოტა ხნის წინ კავკასიის ჟურნალმა მსოფლიო ბანკის ადამიანური კაპიტალის ინდექსის (CPI) შესახებ ისაუბრა მსოფლიო ბანკის რეგიონალურ დირექტორთან. CPI- ს აქვს ერთი საინტერესო პარამეტრი, სახელწოდებით Learning Gap: სწავლის წლები მორგებულია სწავლის ხარისხზე. ჩვენ შევქმენით ჩვენი ცხრილი მსოფლიო ბანკის მონაცემებზე დაყრდნობით. სამხრეთ კავკასიის რეგიონში საუკეთესო შედეგი აზერბაიჯანს ეკუთვნის; სომხეთი მეორეა, ხოლო საქართველო მესამე. მაგრამ ესტონეთის დონე, მნიშვნელოვნად მაღალია. ფაქტობრივად, მსოფლიო ბანკის მონაცემები, ადასტურებს PISA-ს შედეგებს. თანამშრომლობს PISA / OECD მსოფლიო ბანკთან ან სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებთან?
გტ: მე ვიცი, რომ OECD თანამშრომლობს ბევრ ორგანიზაციასთან, ევროკავშირთან და სხვა. იუნესკო, მსოფლიო ბანკი და სხვები იყენებენ PISA– ს თავიანთი ინდიკატორებისთვის და ითვალისწინებენ მას თავიანთი სამომავლო მიზნებისა და ამოცანების დასახვის დროს.
აკ: თუ გსურთ რაიმე სხვა საკითხზე კომენტარის გაკეთება ან ჩვენი მკითხველისთვის შეტყობინების გაგზავნა, გისმენთ.
გტ: განათლება არის საკითხი, რომელიც ყველა ჩვენგანს გვეხება, ჩვენ ყველას გვინდა საუკეთესო ჩვენი ბავშვებისთვის ახლა და მომავალში. ამავე დროს, რთულია განსაზღვრო, რას ნიშნავს „საუკეთესო“. თუმცა, კარგია, რომ გვაქვს PISA, რომელიც გვეხმარება იმის გასარკვევად, თუ რას ვაკეთებთ სწორად და რა არის გასაუმჯობესებელი. ყველა ბავშვს შეუძლია მაღალი შედეგების მიღწევა, სწორი მხარდაჭერითა და დამოკიდებულებით. ვუსურვებ ყველა მკითხველს, აქტიურად დაინტერესდნენ მათი შვილების განათლებით, მხარი დაუჭირონ და მიმართულება მისცენ მათ თავიანთი მიზნებისა და ოცნებების მისაღწევად.
კავკასიური ჟურნალი აფასებს თბილისში ესტონეთის საელჩოს მხარდაჭერას ამ ინტერვიუს მომზადებაში.
ეს სტატია ხელახლა გამოქვეყნდა:
- ICC Georgia-მ გამოაქვეყნა კავკასიური ჟურნალის ინტერვიუ Gunda Tire-სთან, თავის ნიუსლეთერში.