თომას ჰაკერი: “კანდიდატის სტატუსი ქართველ ხალხს მიენიჭა და არა მთავრობას” (იხილეთ ვიდეო ან წაიკითხეთ)

Thomas Hacker
21.05.2024 (Caucasian Journal).  ბ-ნ თომას ჰაკერი, გერმანიის ბუნდესტაგის (ფედერალური პარლამენტი) წევრია, რომელმაც ექსკლუზიური ინტერვიუ მისცა კავკასიურ ჟურნალს.  იხილეთ ვიდეო ინტერვიუ ქვემოთ, ან წაიკითხეთ სტატია:
 In English: ინგლისური ვერსია წაიკითხეთ აქ.

თუ გსურთ პირველმა იხილოთ ჩვენი ექსკლუზიური ვიდეოები, გთხოვთ გამოიწერეთ ჩვენი YouTube არხი 


იხილეთ ვიდეო ინტერვიუ ან წაიკითხეთ სტატია. 

თომას ჰაკერი: “კანდიდატის სტატუსი ქართველ ხალხს მიენიჭა და არა მთავრობას”


ალექსანდე კაფკა, კავკასიური ჟურნალის მთავარი რედაქტორი: ძვირფასო ბატონო ჰაკერ, კეთილი იყოს თქვენი მობრძანება კავკასიურ ჟურნალში, გმადლობთ თქვენი ყურადღებისთვის ჩვენი მკითხველების მიმართ. თქვენ წარმოადგენთ ბავარიას ბუნდესტაგში, მაგრამ, როგორც ჩანს, ჭეშმარიტი ინტერესი გაქვთ საქართველოს მიმართ. როგორ დაინტერესდით ჩვენი ქვეყნით?

თომას ჰაკერი: ბუნდესტაგში, სადაც თითქმის შვიდი წელია ვმსახურობ, ვარ ევროპულ საკითხთა კომიტეტის წევრი და ჩემი საპარლამენტო ჯგუფის წარმომადგენელი. ამიტომ, ჩემს პასუხისმგებლობაში შედის ის ქვეყნები, რომლებიც გაფართოების პროცესის ნაწილია. როცა რომელიმე ქვეყანაში ჩავდივარ, ვცდილობ შევხვდე არა მხოლოდ პოლიტიკოსებს, არამედ სამოქალაქო საზოგადოებას, განსაკუთრებით კი ახალგაზრდებს.

საქართველო მნიშვნელოვანი ქვეყანაა ძალიან რთული სამეზობლოთი.

საქართველოში ჩემი პირველი ვიზიტისას აღმოვაჩინე ჭეშმარიტი ინტერესი, განსაკუთრებით კი ახალგაზრდების, გამხდარიყვნენ ევროპული საზოგადოების წევრნი. ქართული ცხოვრების წესის, კერძებისა და ღვინის დიდხნიანი ტრადიციის შესახებაც ბევრი რამ შევიტყვე, ამიტომ ისევ დავბრუნდი საქართველოში. და იმედი მაქვს, რომ ჩემი ბოლო მოგზაურობა არ იქნება უკანასკნელი. კიდევ ორ ვიზიტს ვგეგმავთ. საქართველო მნიშვნელოვანი ქვეყანაა ძალიან რთული სამეზობლოთი და ვშიშობ, რომ რუსეთის მხრიდან ხელისუფლებაზე ზეწოლა ძალიან დიდია. მაგრამ ჩვენ, ისევე როგორც გერმანიამ და ევროკავშირმა, უნდა გამოვავლინოთ რწმენა საქართველოს მიმართ.


პარლამენტმა გვითხრა, რომ პარლამენტის შენობაში ჩვენი უსაფრთხოების გარანტიას ვერ უზრუნველყოფდნენ, ამიტომ პოლიტიკური მოლაპარაკებები ვერ შედგა.

კ: შეგიძლიათ კომენტარი გააკეთოთ თქვენი ვიზიტის შედეგებზე?

თჰ: ჩვენი დელეგაცია კულტურისა და მედიის კომიტეტის შემადგენლობაში იყო. უკვე ორი წელია მჭიდრო კავშირს ვინარჩუნებთ საქართველოს კულტურისა და მედიის კომიტეტთან. რა თქმა უნდა, პოლიტიკურ მოლაპარაკებებსაც ვგეგმავდით, მაგრამ რადგან დემონსტრაციები ყოველდღე იმართებოდა, პარლამენტმა გვითხრა, რომ პარლამენტის შენობაში ჩვენი უსაფრთხოების გარანტიას ვერ უზრუნველყოფდნენ, ამიტომ პოლიტიკური მოლაპარაკებები ვერ შედგა. ძალიან ბევრი კონტაქტი გვქონდა ხალხთან, არასამთავრობო ორგანიზაციებთან და სამოქალაქო საზოგადოებასთან. ასევე დავესწარით ბერლინის ფილარმონიის კონცერტს წინანდალში. ასე რომ, ეს იყო ასევე კულტურული თანამშრომლობის ვიზიტი საქართველოსა და გერმანიას შორის ურთიერთობების გაღრმავების მიზნით. მაგრამ შედეგად, ჩვენ შევძელით საკუთარი თვალით გვენახა, თუ რა ხდებოდა თბილისის ქუჩებში. მიუხედავად იმისა, რომ პოლიტიკური მოლაპარაკებები ვერ შედგა, ჩვენ შევეცადეთ სწორად გაგვეზიარებინა ჩვენი გზავნილი და გვეთქვა, რას ფიქრობს გერმანიის ბუნდესტაგი ე.წ „უცხოური აგენტების კანონზე“.

კ: ასე რომ, თბილისში საპროტესტო აქციების შესახებ თქვენ იცით არა მედიიდან, არამედ თქვენი პირადი გამოცდილებიდან. როგორ შეაჯამებდით თქვენს შთაბეჭდილებებს დემონსტრაციებზე?

თჰ:  გამოვედით თბილისის ქუჩებში და დავინახეთ ახალგაზრდები, რომლებიც იცინოდნენ; კარგი პოზიტიური განწყობა იყო. ხალხი ქუჩაში გამოვიდა თავისი მომავლისთვის, მათ ძალიან მკაფიო წარმოდგენა ჰქონდათ, რა მიმართულებით უნდა წასულიყო საქართველო და რა პოლიტიკური ზომები უნდა გატარებულიყო. ძალიან დადებითი შთაბეჭდილება დამრჩა.

ორშაბათს კი, როცა ხელისუფლებამ აქცია გამართა, ჩვენ მასში მონაწილეობა არ მიგვიღია, მაგრამ ჩვენი სასტუმროს მიმდებარედ ვიყავით და ვხედავდით ავტობუსებს, რომლებითაც ხალხი მთელი საქართველოდან დედაქალაქში ჩამოჰყავდათ. ჩვენ ვნახეთ, რომ ხალხს არ ჰქონდა ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რატომ იყვნენ ისინი ქუჩაში. ერთი რამ, რაც კვირას ვერ ვნახე, მაგრამ ორშაბათს ვიხილე, იყო ქუჩებში ბევრი ნაგავი.

საბედნიეროდ, ორშაბათის დემონსტრაციას ძალადობის ნიშნები არ ჰქონია, მაგრამ ეს სამშაბათს დასრულდა. ჯერ კიდევ საქართველოში ვიყავით, მაგრამ თბილისში აღარ. მე ძალიან მაწუხებს ეს მდგომარეობა. კვირას გვეგონა, რომ ეს იქნებოდა საქართველოს მომავალი, ორშაბათს კი მორიგი დემონსტრაცია თითქოს საქართველოს წარსული იყო. იმედი მაქვს, რომ ახალგაზრდა თაობისთვის საქართველოს მომავალი ევროკავშირში იქნება.

მე ყოველთვის ვამბობდი, რომ კანდიდატის სტატუსი მიენიჭა საქართველოს მოსახლეობას და არა საქართველოს მთავრობას.

კ: საქართველომ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი სულ რამდენიმე თვის წინ მიიღო. როგორ შეაფასებდით მის ევროპულ პერსპექტივას ახლა?

თჰ: გასულ შემოდგომაზე, იმ დღეს, როდესაც საქართველოს კანდიდატის სტატუსი მიენიჭა, საქართველოს კულტურისა და მედიის კომიტეტი ბერლინში იმყოფებოდა. ეს საღამო აღვნიშნეთ და ყველა ძალიან ბედნიერი იყო. მე ყოველთვის ვამბობდი, რომ კანდიდატის სტატუსი მიენიჭა საქართველოს მოსახლეობას და არა საქართველოს მთავრობას, რადგან მთავრობას უნდა შეესრულებინა 12 (მოგვიანებით 9) რეკომენდაცია. თუ დღეს გადახედავთ ამ რეკომენდაციებს, ნახავთ, რომ ბოლო კვირებში საქართველოს მთავრობამ ყველაფერი გააკეთა ამ პროცესის შესაფერხებლად. საქართველოს მთავრობა ამჟამად მოქმედებს ევროკავშირის ამ რეკომენდაციების საწინააღმდეგოდ. პოლარიზაცია და ოლიგარქიზაცია უნდა შემცირდეს, მაგრამ ისინი კიდევ უფრო ძლიერდებიან.

მეტიც, „ქართული ოცნების“ უკან მყოფმა კაცმა ძალიან გულწრფელი სიტყვა წარმოთქვა, როგორ ხედავს საქართველოს მომავალს და ვშიშობ, რომ მისი აზრით, მხოლოდ რუსეთთან მჭიდრო კავშირია შესაძლებელი და არა ევროკავშირთან. ძალიან ვწუხვარ, რომ კანდიდატის სტატუსის მინიჭების წარმატების შემდეგ, პოლიტიკური გადაწყვეტილებები ახლა არასწორი მიმართულებით მიდის.

კანდიდატის სტატუსის მინიჭების შემდეგ დაიწყება მოლაპარაკებებისთვის მზადება და ეს შემდგომი პროცესი ფაქტობრივად შეჩერდება, თუ მთავრობა არ წავა სწორი მიმართულებით და არ გაიწვევს უკან შემოთავაზებულ კანონმდებლობას. ეს ვითარება ძალიან დიდი ტვირთია მომავალი მოლაპარაკებებისთვის და ამჟამად ვერ წარმომიდგენია, რომ გაერთიანების გზას დავუბრუნდებით.

კ: როგორ ფიქრობთ, ახალი კანონის მიღების შემთხვევაში შეიძლება საფრთხის ქვეშ დადგეს კანდიდატის სტატუსი?

თჰ:  თავად კანდიდატის სტატუსი მხოლოდ ერთი ნაბიჯია. კანდიდატის სტატუსის მინიჭების შემდეგ დაიწყება მოლაპარაკებებისთვის მზადება და ეს შემდგომი პროცესი ფაქტობრივად შეჩერდება, თუ მთავრობა არ წავა სწორი მიმართულებით და არ გაიწვევს უკან შემოთავაზებულ კანონმდებლობას. ეს ვითარება ძალიან დიდი ტვირთია მომავალი მოლაპარაკებებისთვის და ამჟამად ვერ წარმომიდგენია, რომ გაერთიანების გზას დავუბრუნდებით.

კ: სხვა რა შედეგებს ხედავთ ახალი კანონის მიღების შემთხვევაში? რა შეიძლება გაკეთდეს, რა დადებითი რჩევა შეგიძლიათ მოგვცეთ? ვიცი, რომ ეს რთული კითხვაა.

თუ საქართველოს მთავრობა შეწყვეტს პლურალისტური დემოკრატიული საზოგადოების მშენებლობას, ვერ ექნება მოლოდინი სხვა დახმარების შემოდინებისა საქართველოში, როგორც ეს იყო წარსულში.

თჰ:  ეს რეალურად რთული კითხვაა. გერმანიის მთავრობა და ევროკავშირი მუშაობენ გეგმებზე თუ რა მოხდება. .არის ბევრი არასამთავრობო ორგანიზაცია, პოლიტიკური ფონდი, კერძო ფონდი, რომლებსაც სურთ ხელი შეუწყონ პლურალისტური საზოგადოების ჩამოყალიბებას საქართველოში. ღია საზოგადოებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია უმცირესობების პატივისცემა და მხოლოდ ერთ პოლიტიკურ ორგანიზაციას არ უნდა შეეძლოს გააკონტროლოს ყველა მედია. რა თქმა უნდა, ავტორიტარულ პოლიტიკურ სისტემებს ეშინიათ განსხვავებული შეხედულებების, პლურალიზმის და თავად დემოკრატიის; ამიტომ, „ქართული ოცნების“ მთავრობის მიერ შემოთავაზებული ან მიღებული ეს ცვლილებები დიდ შეშფოთებას იწვევს.

ევროკავშირი არა მხოლოდ ეხმარება საქართველოში სამოქალაქო საზოგადოებისა და პლურალისტური სტრუქტურების ჩამოყალიბებას, არამედ ფინანსურ დახმარებას უწევს განვითარებას და ეს დამოკიდებულია პლურალისტური საზოგადოების პროგრესზე. ამიტომ, თუ საქართველოს მთავრობა შეწყვეტს პლურალისტური დემოკრატიული საზოგადოების მშენებლობას, ვერ ექნება მოლოდინი სხვა დახმარების შემოდინებისა საქართველოში, როგორც ეს იყო წარსულში. ასე რომ, ეს არის მთავარი გადაწყვეტილება და მე არ დავემუქრები არავის, ვისი პროექტიდანაც შეიძლება თანხის უკან გატანა, მაგრამ არსებობს რისკი და პასუხი შეიძლება იყოს მკაცრი გადაწყვეტილებები ევროკავშირისგან.

მე მაინც იმედი მაქვს, რომ საქმე აქამდე არ მივა და საქართველო იპოვის გზას ევროპულ კურსზე დასაბრუნებლად. და მე მაინც იმედი მაქვს, რომ შესაძლოა ამ წლის ბოლოს არჩევნებმა აჩვენოს უმრავლესობა - 80% იმ ადამიანებისა, ვისაც სურს ევროკავშირში გაწევრიანება. ამ დროს კი ხელისუფლება პირიქით იქცევა.

კ: კონსერვატიული ძალები საქართველოში ხშირად ახსენებენ ე.წ ტრადიციულ ოჯახურ ღირებულებებს, რომლებიც ჯერ კიდევ ბევრი ქართველის მენტალიტეტს შეესაბამება. რა არის ამ ტიპის არგუმენტაციის წინააღმდეგ ბრძოლის საუკეთესო პრაქტიკა ან მაგალითები?

თჰ: თუ გადავხედავთ გერმანიას მეორე მსოფლიო ომის შემდგომ პერიოდს, ჩვენ გვქონდა დიდი დახმარება გერმანიის გარედან დემოკრატიული საზოგადოების, პლურალიზმის, თავისუფალი საჯარო და კერძო მედიის შექმნაში, მრავალი გაზეთის შექმნაში. ამან გერმანია დაუბრუნა დემოკრატიული ქვეყნების რიგებს, ქვეყნებს, რომლებსაც სურდათ მსოფლიოს უკეთესობისკენ შეცვლა. თუ გადახედავთ ჩვენს გამოცდილებას, დაინახავთ, რომ იყვნენ ადამიანები, რომლებსაც ეშინოდათ, რომ, ევროკავშირის მსგავსი დიდი პროექტის ნაწილად ყოფნას შეეძლო თითოეული ტრადიცია ნაკლებად ღირებული გაეხადა. გერმანიის მსგავს დიდ ქვეყნებს აქვთ, მაგალითად, ბავარია, განსხვავებული კულტურული მიდგომებითა და ტრადიციებით. ისინი ჯერ კიდევ აქ არიან და გერმანიის ამ შესანიშნავი სურათის ნაწილია. ჩვენ გვაქვს იტალია, საფრანგეთი, ნიდერლანდები - ამდენი ქვეყანა თავისი ცხოვრების წესით, მუსიკალური თუ თეატრალური ტრადიციებით, სამზარეულოთი. და ისინი არსებობას განაგრძობენ, მაგრამ ჩვენ ყველას სგვწამს ერთი რამის, რომ ადამიანების ერთად ცხოვრების საუკეთესო გზა არის დემოკრატიული გზა, უმცირესობების პატივისცემა, სიტყვის თავისუფლება და რელიგიის თავისუფალი არჩევანი. ხალხი აფასებს მათ განსხვავებებს, მაგრამ პატივს სცემს ერთმანეთს და ეს არის ევროპული გზა.

საქართველოს იწვევენ ამ ევროპულ გზაზე და სულაც არ არის აუცილებელი, რომ ქვეყანამ გადაწყვიტოს ამ გზაზე სიარული. მაგრამ თუ მიმოიხედავთ გარშემო - ჩვენ აღვნიშნეთ ევროკავშირის გაფართოების 20 წლის იუბილე, როდესაც პოლონეთი, უნგრეთი, ჩეხეთი, სლოვაკეთი, მალტა და კვიპროსი შეუერთდნენ ევროკავშირს - თუ გადახედავთ რას მიაღწიეს მათ, როგორც დემოკრატიის მშენებლობაში, ასევე ეკონომიკურ კეთილდღეობაში. : ხალხი უკეთესად იქნება, თუ გახდებიან ამ შესანიშნავი ევროკავშირის ნაწილი. ამიტომ, ჩვენ გვინდა ყველაფერი გავაკეთოთ იმისათვის, რომ დავეხმაროთ ქართველ ხალხს ამ დიდ პროექტში გაწევრიანებაში. ბოლო დღეები არ იყო საუკეთესო ამ წლების განმავლობაში, მაგრამ ჩვენ კვლავ ერთად ვმუშაობთ და ეს ამად ღირს.

კ:  დიახ, ასეა და იმედი ვიქონიოთ, რომ ქართველი ახალგაზრდების გრძნობები გაიმარჯვებს, რასაც თქვენ პირადად შეესწარით თბილისის ქუჩებში და საქართველო დარჩება ევროპულ გზაზე. ჩვენ გულწრფელ მადლობას გიხდით დროისა და ყურადღებისთვის. ვიმედოვნებ, რომ ჩვენ დავრჩებით კონტაქტზე.

თჰ: დავრჩეთ კონტაქტზე. ძალიან დიდი მადლობა!

სიახლე: ‘ევროკავშირმა უნდა განიხილოს კანონის შემომქმედების წინააღმდეგ სანქციები’- დაამატა თომას ჰაკერმა ინტერვიუს გამოქვეყნების მომენტში.

Read or watch the English language version here.  

Disclaimer

Funded by the European Union. Views and opinions expressed are however those of the author(s) only and do not necessarily reflect those of the European Union or the Directorate General for Communications Networks, Content and Technology. Neither the European Union nor the granting authority can be held responsible for them. Caucasian Journal appreciates award of Display Europe micro-grants scheme in preparation of this interview.

 
შეგიძლიათ, მიჰყვეთ, კავკასიურ ჟურნალს შემდეგ ბმულებზე:

GoogleNews  |  X  |  Facebook  |  NEW: WhatsApp  |   Telegram  |  Medium  |  LinkedIn  |  YouTube  |  RSS

კავკასიური ჟურნალის ელექტრონული ფოსტით გამოწერის მოთხოვნისთვის, შეიყვანეთ თქვენი ელ-ფოსტის მისამართი აქ: