ჟან კაველიე: „საქართველო სულ უფრო და უფრო შორდება პრესის დამაკმაყოფილებელ თავისუფლებას და, შესაბამისად, დემოკრატიისა და ევროკავშირის გზას“

27.05.2024 (Caucasian Journal). 
Jeanne Cavelier
Photo: RSF/Manon Levet
დღეს ჩვენი სტუმარია ჟან კაველიერი, “რეპორტიორები საზღვრებს გარეშე” აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის დეპარტამენტის ხელმძღვანელი. ქ-ნ კაველიე ადრე მუშაობდა ისეთ ცნობილ ფრანგულ გაზეთებში, როგორიცაა L'Opinion და Le Monde.

 In English: ინგლისური ვერსია წაიკითხეთ აქ.

ალექსანდრე კაფკა, CJ-ის მთავარი რედაქტორი: ძვირფასო ჟან, კეთილი იყოს თქვენი მობრძანება კავკასიურ ჟურნალში, გმადლობთ  ჩვენი მკითხველებისადმი ყურადღებისთვის. წლევანდელი პრესის თავისუფლების დღე საქართველოსთვის საამაყო მომენტი არ იყო. მსოფლიო პრესის თავისუფლების ინდექსის უახლესი გამოცემის მიხედვით, ჩვენი პრესის თავისუფლება სამი წლის განმავლობაში 43 ადგილით  ჩამოქვეითდა: 2021 წელს მე-60 ადგილიდან წელს 103-ე ადგილზე გადაინაცვლა. თქვენი ინდექსი 2002 წლიდან ჰფენს ნათელს პრესის თავისუფლებას. რამდენად ზუსტია მთლიანობაში და რამდენად საგანგაშოა საქართველოს პოზიციის ჩამოქვეითება სხვა ქვეყნებთან შედარებით?

ჟან კაველიე: საქართველო სულ უფრო და უფრო შორდება პრესის თავისუფლების დამაკმაყოფილებელ გარემოს და, შესაბამისად, დემოკრატიას და მის გზას ევროკავშირისკენ. ის ახლა 103-ე ადგილზეა 180 ქვეყანას შორის და ჩვენს ბოლო გამოცემაში მან შეცვალა კატეგორიები, „პრობლემური“ პრესის თავისუფლებიდან „რთულზე“ გადავიდა. ტენდენცია შემაშფოთებელია: რეგიონის არც ერთი ქვეყანა (კავკასია, თურქეთი და რუსეთი) არ დაცემულა რეიტინგში ისე, როგორც საქართველო ბოლო 10 წლის განმავლობაში. RSF ინდექსი ეყრდნობა მყარ მეთოდოლოგიას 180 ქვეყანაში არსებული სხვადასხვა სიტუაციების შესადარებლად და მოიცავს პრესის თავისუფლების ყველა სფეროს. იგი ეფუძნება ხუთი ინდიკატორის ანალიზს: პოლიტიკური კონტექსტი, სამართლებრივი ჩარჩო, ეკონომიკური კონტექსტი, სოციოკულტურული კონტექსტი და უსაფრთხოება. საქართველოს ყველაზე დაბალი ქულები მოდის პოლიტიკურ და ეკონომიკურ ინდიკატორებზე. ეს მიუთითებს მზარდ ავტორიტარიზმზე. პრესის თავისუფლებას ემუქრებიან სწორედ ის ადამიანები, რომლებიც უნდა იყვნენ მისი გარანტი - პოლიტიკური ხელისუფლება. ჩვენ ვხედავთ ამ საგანგაშო ტენდენციას მთელ მსოფლიოში წელს. საქართველოს დაბალი ქულა ეკონომიკურ კონტექსტში ნაწილობრივ განპირობებულია მედიის საკუთრების გამჭვირვალობისა და სარედაქციო დამოუკიდებლობის ნაკლებობით.

ტენდენცია შემაშფოთებელია: რეგიონის არც ერთი ქვეყანა (კავკასია, თურქეთი და რუსეთი) არ დაცემულა რეიტინგში ისე, როგორც საქართველო ბოლო 10 წლის განმავლობაში.

აკ: სულ რამდენიმე თვის წინ საქართველომ მიიღო ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი. როგორ ფიქრობთ, ახალი სტატუსი ხელს შეუწყობს ბოლო წლების უარყოფითი ტენდენციების დაძლევას? ან ეს სტატუსი თუ დადგება კითხვის ნიშნის ქვეშ?

ჟკ: აშკარა კონტრასტია იმას შორის, რასაც საქართველოს ხელისუფლება ამბობს ბრიუსელში და რასაც აკეთებს. სამწუხაროდ, დღემდე, ევროკავშირის მიერ გასული წლის დეკემბერში მინიჭებულმა კანდიდატის ამ ოფიციალურმა სტატუსმა არ წაახალისა ისინი განეხორციელებინათ რეფორმები, რომლებიც მიზნად ისახავს ქვეყანაში თავისუფალი, პროფესიული, პლურალისტური და დამოუკიდებელი მედია გარემოს უზრუნველყოფას, რაც ევროკავშირის წევრობის ერთ-ერთი მოთხოვნაა. ისინი თითქოს ყრუები არიან როგორც ევროპული ინსტიტუტების ძალისხმევის, ასევე მოსახლეობის უმრავლესობის ევროკავშირში გაწევრიანების სურვილის მიმართ. პრესის თავისუფლების გარემო მტრულია დამოუკიდებელი და ოპოზიციური მედიის მიმართ. მმართველი პარტია „ქართული ოცნება“, რომელსაც არაოფიციალურად ხელმძღვანელობს მილიარდერი ბიძინა ივანიშვილი, ამძაფრებს პოლარიზაციას სიძულვილის ენით, ხშირია სიტყვიერი და ფიზიკური თავდასხმები ჟურნალისტებზე, კითხვის ნიშნის ქვეშ რჩება საზოგადოებრივი მაუწყებლის დამოუკიდებლობის დონე - სხვა თემებთან ერთად.

აკ: თქვენ იცით უცხოური გავლენის კანონპროექტის გამო თბილისში მიმდინარე მასობრივი საპროტესტო აქციების შესახებ. მას შემდეგ, რაც საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გააკრიტიკა პოლიციის დარბევა მომიტინგეების მიმართ, საქართველოს ოფიციალურმა პირებმა გაიხსენეს, რომ საქართველომ „თავი შეიკავა საფრანგეთის წინააღმდეგ კრიტიკული განცხადებისგან იმ შემთხვევებზე, როდესაც პარიზში სამართალდამცავმა ორგანოებმა სასტიკი მეთოდები გამოიყენეს მომიტინგეების წინააღმდეგ, რაც სრულიად შეუთავსებელია უნივერსალურ ადამიანის უფლებების სტანდარტებთან." რას ფიქრობთ ქართველი ჩინოვნიკების მხრიდან ამ შედარებაზე?

ჟკ: არცერთმა სახელმწიფომ არ უნდა გამოიყენოს ძალა სხვა ქვეყნებში საკუთარი საბაბით. ქართველ ჩინოვნიკებს ვურჩევდი, თავი შეიკავონ ასეთი შედარებებისგან: მსოფლიო პრესის თავისუფლების ინდექსში საფრანგეთი 21-ე ადგილზეა, საქართველო კი 103-ე ადგილზეა. როგორც საფრანგეთში უნდა დასრულდეს პოლიციის ძალადობა ჟურნალისტების მიმართ, ასევე საქართველოს ხელისუფლებამ უნდა დაასრულოს პოლიციის ძალადობის ზრდა მასობრივი საპროტესტო აქციების დროს. და მათ პირველ რიგში უნდა გაამახვილონ ყურადღება პრესის თავისუფლებაზე შეტევის დაუყოვნებლივ დასრულებაზე და კონკრეტული რეფორმების განხორციელებაზე, რათა ქვეყანა ამოიყვანონ დაბალი რეიტინგიდან.

საქართველოს ყველაზე დაბალი ქულები მოდის პოლიტიკურ და ეკონომიკურ ინდიკატორებზე. ეს მიუთითებს მზარდ ავტორიტარიზმზე.

აკ:  საფრანგეთზე საუბრისას, ეროვნულმა ასამბლეამ მარტში მიიღო კანონპროექტი უცხოური ჩარევის შესახებ, რომელიც უნდა დაამტკიცოს სენატმა. ის მოითხოვს , რომ ის ადამიანები, რომლებიც ლობირებენ უცხოურ ინტერესებს, დარეგისტრირდნენ რეესტრში და სანქციებსაც აწესებს პირობების შეუსრულებლობისთვის. (სხვათა შორის, ვინც ამ კანონს აპროტესტებდა, მათ შორის იყო საფრანგეთის ქართული სათვისტომო, რომელსაც ხელმძღვანელობდა საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის ძმა ოთარ ზურაბიშვილი). უფრო მეტიც, გამჭვირვალობის რეესტრში მსგავს რეგისტრაციას ითვალისწინებს გასული წლის დეკემბერში მიღებული ევროკავშირის დირექტივა დემოკრატიის დაცვის შესახებ. როგორ აფასებთ ამ მოვლენებს და სწორია თუ არა მათი შედარება საქართველოს შემთხვევასთან.

ჟკ: დემოკრატიები ბუნებით მყიფეა და დგას საგარეო ჩარევის რისკის წინაშე. მაგრამ ეს ბრძოლა, რომელიც დემოკრატიული ინსტრუმენტებით უნდა წარიმართოს, ადვილად შეიძლება გამოყენებულ იქნეს სამოქალაქო საზოგადოების გარკვეული აქტორების ამოსაძირკვად, როგორც ამას საქართველოში კრიზისი აჩვენებს. 2020 წელს, ევროკომისიამ უნგრეთი დაგმო ევროკავშირის იუსტიციის სასამართლოს მეშვეობით 2017 წელს „გამჭვირვალობის“ კანონის მიღების შემდეგ.

ფრანგული კანონპროექტისგან განსხვავებით, რომელიც ჯერ კიდევ განხილვის პროცესშია, რუსეთის მიერ შთაგონებული ქართული კანონი მიზანში იღებს ორგანიზაციებს, რომლებიც თავიანთი რესურსების 20%-ს უცხოეთიდან იღებენ. საფრანგეთის კანონპროექტი გვთავაზობს რეესტრის შექმნას, რომელიც მოიცავს „ უცხოელი დირექტორების სახელით მოქმედი წარმომადგენლების სიას“  (დიპლომატების გამოკლებით), რომლებიც უნდა გამოცხადდნენ საჯარო ცხოვრების გამჭვირვალობის უმაღლეს ორგანოში.( Haute Autorité pour la transparence de la vie publique (HATVP)“. ის იძლევა ძლიერ სამართლებრივ გარანტიას - ეს არის დამოუკიდებელი ადმინისტრაციული ორგანო, რომელიც პასუხისმგებელია საჯარო მოხელეთა კეთილსინდისიერებისა და სანიმუშო ქცევის ხელშეწყობაზე, რომელიც შეიქმნა 2014 წელს, თავისი ამოცანების შესასრულებლად საჭირო სამართლებრივი, მატერიალური და ადამიანური რესურსებით.   (რაც შეეხება დემოკრატიის დაცვის დირექტივას, ის ჯერ კიდევ განხილვის პროცესშია, არ მივყოლილვარ პროცესს, ამიტომ მიჭირს შესაბამისი პასუხის გაცემა)

აკ: რამდენადაც მე მესმის, RSF-ის წევრებს აქვთ შეზღუდვებით მუშაობის გამოცდილება. იმ შემთხვევაში, თუ საქართველო მიიღებს ამ კონტროვერსიულ კანონს, რომელიც მედიასაშუალებებს და არაკომერციულ ორგანიზაციებს დაავალდებულებს დარეგისტრირდნენ უცხოურ აგენტებად, თუ ისინი დაფინანსების 20%-ზე მეტს მიიღებენ საზღვარგარეთიდან, რას ურჩევდით ადგილობრივ მედია საზოგადოებას?

ჟკ: მე ვფიქრობ, რომ ორგანიზაციებმა უნდა მიმართონ ადგილობრივ იურიდიულ მრჩეველს მსგავსი კითხვებით.

აკ:  მაშინ, როცა საქართველო გარდამტეხ მომენტშია და მისი პრესის თავისუფლების მაჩვენებელი შოკისმომგვრელია, სომხეთის მაჩვენებლები 6 პუნქტით გაიზარდა. ვულოცავთ ჩვენს სომეხ კოლეგებს! მაგრამ როგორ არის ეს შესაძლებელი ქვეყანაში ყველაზე დრამატული მოვლენების გათვალისწინებით?

ჟკ: სომხეთში (43-ე ადგილი) პრესის თავისუფლების მდგომარეობა კლასიფიცირებულია, როგორც "დამაკმაყოფილებელი". თუმცა, მაშინაც კი, თუ ქვეყანა რეიტინგში 6 ადგილით მაღლა დგას, მისი საერთო ქულა სტაბილური დარჩება - ასე რომ, ეს არ არის ძალიან მნიშვნელოვანი. არ დაგავიწყდეთ, რომ რეიტინგი არის ქვეყნების შედარება. ეს ნიშნავს, რომ რეიტინგში სომხეთის ირგვლივ სხვა ქვეყნებში მდგომარეობა გაუარესდა. ბოლო საპროტესტო აქციების დროს ჩვენ შევამჩნიეთ, რომ რამდენიმე ჟურნალისტს სამართალდამცავები ავიწროებდნენ, რაც ძალიან შემაშფოთებელია. ზოგი მიწაზე დააგდეს, ზოგს დაარტყეს, ერთ ჟურნალისტს კი პოლიციის მანქანა დაეჯახა. 3 მაისს გამოქვეყნებულ ინდექსში მონაცემები ძალიან ცოტაა (იხილეთ ჩვენი მეთოდოლოგია ვებგვერდზე).

სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს რომის სტატუტის რატიფიცირება კარგი ამბების ნაწილია: ეს ნიშნავს, რომ ჩვენ შეგვიძლია ველოდოთ ჟურნალისტების წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულების დაუსჯელობის დონის შემცირებას. თუმცა, გაუმჯობესების ადგილი ჯერ კიდევ არსებობს. მიუხედავად პლურალისტური გარემოსა, მედია ლანდშაფტი კვლავ პოლარიზებულია. სომხეთი დეზინფორმაციისა და სიძულვილის ენის უპრეცედენტო დონის წინაშე დგას, განსაკუთრებით მთიანი ყარაბაღის ტერიტორიულ კონფლიქტთან და აზერბაიჯანთან ომის მუდმივ საფრთხესთან დაკავშირებით. გარკვეული პოლიტიკური ჯგუფები ატარებენ დეზინფორმაციულ ოპერაციებს და თავს ესხმიან ჟურნალისტებს.

სომხეთი დეზინფორმაციისა და სიძულვილის ენის უპრეცედენტო დონის წინაშე დგას.

აკ: გსურთ რაიმე კომენტარი გააკეთოთ აზერბაიჯანში პრესის თავისუფლებასთან დაკავშირებით?   ქვეყანა 180-დან 164-ე ადგილზეა ბანგლადეშისა და ბელორუსის გვერდით.

ჟკ: ილჰამ ალიევი ცინიკურ მიდგომას იყენებს და ახლახან ოლაფ შოლცთან პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ „აზერბაიჯანში მედიის თავისუფლება უზრუნველყოფილია“. ჩვენი შეფასება და რეიტინგი საპირისპიროს მოწმობს. აზერბაიჯანმა  აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონში ყველაზე ცუდი რეგრესი აჩვენა (-11,94 ქულა მსოფლიოში). მედიაზე განახლებული რეპრესიების შემდეგ, ილჰამ ალიევის ხელახლა არჩევამდე და შემდეგ, დაეცა მისი ყველა მაჩვენებელი, განსაკუთრებით პოლიტიკური და უსაფრთხოების მაჩვენებლები. მედიის წარმომადგენლებზე ეს თავდასხმა განხორციელდა სამხედრო ოპერაციის შემდეგ, რომლის შედეგადაც აზერბაიჯანმა მთიან ყარაბაღზე კონტროლი მოიპოვა. ომისთვის მობილიზებული ძალის დაკარგვით შეშფოთებული ალიევი ცდილობს გააჩუმოს აზერბაიჯანში ჯერ კიდევ მოქმედი რამდენიმე დამოუკიდებელი მედია საშუალება, რომელთა მხრიდან გაშუქებამ შეიძლება ეჭვქვეშ დააყენოს მისი ლეგიტიმაცია. მან უკვე გაანადგურა პლურალიზმის ყოველგვარი სახე, მაგრამ ჯერ კიდევ ჰყავს მიზანში ამოღებული ის ჟურნალისტები, რომლებიც Toplum TV-ში მუშაობენ, რათა დაიცვას თავისი დინასტია.

აკ: თუ ვისაუბრებთ ევროკავშირის გამოცდილებაზე პრესის თავისუფლებისა და ზოგადად დემოკრატიის კუთხით, რა შეიძლება იყოს განსაკუთრებით სასარგებლო ახლა საქართველოსა და სამხრეთ კავკასიის სხვა ქვეყნებისთვის? ხომ არ გახსენდებათ რაიმე შესაბამისი შესწავლილი შემთხვევა ან რეფორმის გამოცდილება ევროკავშირის ახალ წევრ ქვეყნებში CEE-დან?

ჟკ: სამხრეთ კავკასიის სახელმწიფოებს, რომელთაც სურთ ებრძოლონ დეზინფორმაციასა და პროპაგანდას, შეუძლიათ დანერგონ ჩვენი რეკომენდაციები ავტორიტარული რეჟიმებისგან დემოკრატიული საინფორმაციო სივრცის დაცვის სისტემის შექმნის შესახებ, რომელიც დაფუძნებულია ორმხრივ მექანიზმზე კონკრეტული გარანტიებით და პროპორციულობის პრინციპით. ევროკავშირმა ამის გაკეთება ციფრული სერვისების აქტით (DSA) დაიწყო. მათ ასევე შეუძლიათ მხარი დაუჭირონ სანდო მედიას და წაახალისონ სოციალური ქსელები სანდო მედიის პოპულარიზაციისთვის, როგორც ეს ევროკავშირმა გააკეთა მედიის თავისუფლების ევროპული აქტით (EMFA), რომელიც ხელს უწყობს „ჟურნალისტიკის ნდობის ინიციატივის“ (JTI) გამოყენებას სანდო საინფორმაციო მედიის იდენტიფიცირებისთვის.  JTI, რომელიც ინიცირებულია RSF-ის მიერ, არის საერთაშორისო სტანდარტი ჟურნალისტიკის სრულყოფილებისთვის, რომელიც შეესაბამება ISO პრინციპს.

აკ:  უღრმესი მადლობა!
CJ
Read or watch the English language version here.  


Disclaimer

Funded by the European Union. Views and opinions expressed are however those of the author(s) only and do not necessarily reflect those of the European Union or the Directorate General for Communications Networks, Content and Technology. Neither the European Union nor the granting authority can be held responsible for 

 
შეგიძლიათ, მიჰყვეთ, კავკასიურ ჟურნალს შემდეგ ბმულებზე:
Google News  *  Twitter  *  Facebook  *  Medium  *  LinkedIn  *  YouTube  *  RSS

კავკასიური ჟურნალის ელექტრონული ფოსტით გამოწერის მოთხოვნისთვის, შეიყვანეთ თქვენი ელ-ფოსტის მისამართი აქ: