მარტინ სკალსკი: “აუცილებელია მოსახლეობის აქტიურობა და ცვლილებების მოთხოვნა” (იხილეთ ვიდეო ან წაიკითხეთ)

Skalsky Zoom
17.04.2024 (Caucasian Journal).  დღეს ჩვენი სტუმარი გახლავთ მარტინ სკალსკი, ჩეხური არასამთავრობო ორგანიზაციას „არნიკა“-ს თავმჯდომარე და მოქალაქეთა მხარდაჭერის ცენტრის ხელმძღვანელი.  ის კოორდინაციას უწევს მრავალ პროექტს გარემოს დაცვის სფეროში ყოფილი საბჭოთა კავშირისა და დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნებში. 
იხილეთ ვიდეო ინტერვიუ ქვემოთ, ან წაიკითხეთ სტატია

 In English: ინგლისური ვერსია წაიკითხეთ აქ.

თუ გსურთ პირველმა იხილოთ ჩვენი ექსკლუზიური ვიდეოები, გთხოვთ გამოიწერეთ ჩვენი YouTube არხი 


იხილეთ ვიდეო ინტერვიუ ან წაიკითხეთ სტატია. 

მარტინ სკალსკი:  “აუცილებელია მოსახლეობის აქტიურობა და ცვლილებების მოთხოვნა”

ალექსანდე კაფკა, კავკასიური ჟურნალის მთავარი რედაქტორი: მოგესალმებით, კეთილი იყოს თქვენი მობრძანება კავკასიური ჟურნალის ვიდეო ინტერვიუებში.

ჩვენი დღევანდელი სტუმარია მარტინ სკალსკი, ჩეხური არასამთავრობო ორგანიზაციას „არნიკა“-ს თავმჯდომარე და მოქალაქეთა მხარდაჭერის ცენტრის ხელმძღვანელი. ის კოორდინაციას უწევს მრავალ პროექტს გარემოს დაცვის სფეროში ყოფილი საბჭოთა კავშირისა და დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნებში.

ძვირფასო მარტინ, კეთილი იყოს თქვენი მობრძანება კავკასიურ ჟურნალში. ჟურნალის ჩაშვებისას მთავარ გვერდზე დავაყენეთ ჰაერის ხარისხის კონტროლის ვიჯეტი. ასე რომ, გასაკვირი არ არის, რომ გარემოს დაცვა და განსაკუთრებით ჰაერის ხარისხი ჩვენს მთავარ საზრუნავს წარმოადგენს. ნება მიბოძეთ, დავიწყოთ ვებგვერდზე განთავსებული თქვენი შემაშფოთებელი ფრაზით „თბილისი, ევროპის სამ ყველაზე დაბინძურებულ მეტროპოლიებს შორისაა“. მარტივად რომ ავხსნათ, რამდენად ცუდია ეს საკითხი? და რომელია დანარჩენი ორი ქალაქი.

მარტინ სკალსკი: პირველ რიგში, მადლობას მოგახსენებთ მოწვევისათვის. დილა, შუადღე და საღამო მშვიდობისა ყველას, ვინც ამ ინტერვიუს უყურებს. ეს შემაშფოთებელი წინადადება, რომელიც თქვენ აღნიშნეთ, არის ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მოხსენებიდან, რომელმაც გამოაქვეყნა შედარება ჰაერის დაბინძურების მდგომარეობის შესახებ 100 ქვეყნის 4000- ზე მეტ ქალაქზე. ეს წარმოადგენს ძალიან ფართო კვლევას. მსოფლიოს ჯანდაცვის ორგანიზაცია რეგულარულად აქვეყნებს ამგვარ ანგარიშებს მდგომარეობის შესადარებლად და ისინი ძირითადად ფოკუსირებულია მტვრის მყარ ნაწილაკებზე, რომლებიც ჰაერის მთავარ დამაბინძურებლებს წარმოადგენენ ჩვენს ქალაქებში, ვინაიდან ეს მცირე ნაწილაკები იზიდავს საშიშ ქიმიურ ნაერთებს, რომლებიც მტვერს ეწებება. როდესაც ვსუნთქავთ დაბინძურებულ ჰაერს, ასევე ჩავისუნთქავთ ამ ნაწილაკებზე მიმაგრებულ ყოველ ქიმიურ ნივთიერებას. ამგვარად, ეს არის ჩვენი ქალაქების ეკოლოგიური მდგომარეობის ძალიან თვალსაჩინო მაჩვენებელი. ბოლო გამოქვეყნებულ ანგარიშში, სამწუხაროდ თბილისი მესამე ადგილზეა ევროპაში ყველაზე დაბინძურებულ ქალაქებს შორის. დანარჩენი ორი იყო ანკარა (თურქეთი) და სკოპიე (მაკედონია).

მდგომარეობა საკმაოდ სერიოზულია, ვინაიდან თბილისში დაბინძურების დონე რეკომენდებულ უსაფრთხო დონეს სამჯერ აღემატება. ამასთანავე, ჯანმოს ანგარიშის თანახმად, ეს დაბინძურება არა მხოლოდ „მიმდინარე“, არამედ გრძელვადიანია: ადამიანები მრავალი წლის განმავლობაში ცხოვრობენ დაბინძურებულ გარემოში, რაც გავლენას ახდენს მათ ჯანმრთელობაზე. ჯანმოს თანახმად, თბილისის მოსახლეობის თითქმის 40 %-ს ფილტვის პრობლემა აწუხებს. ისინი ასევე ადარებენ გარდაცვლილთა რაოდენობასა და ჰაერთან დაკავშირებულ მძიმე სნეულებებით დაავადებულთა რაოდენობას, რის საფუძველზეც ასკვნიან, რომ საქართველოში ყოველწლიურად თითქმის 4000 ადამიანი იღუპება ჰაერის სერიოზული დაბინძურების გამო. ამგვარად, ეს საკითხი ნამდვილად არის ის, რაზეც უნდა ვიზრუნოთ.

მდგომარეობა საკმაოდ სერიოზულია, ვინაიდან თბილისში დაბინძურების დონე რეკომენდებულ უსაფრთხო დონეს სამჯერ აღემატება.

აღსანიშნავია, რომ რთულია იმის დადგენა, თუ რამდენად სერიოზულია სიტუაცია, საქართველოში მოქმედი და სანდო მონაცემების სიმცირის გამო- რის დაძლევასაც ჩვენი საქმიანობით ამჟამად ვცდილობთ. იქიდან გამომდინარე, რომ ჰაერის დაბინძურების სახელმწიფო მონიტორინგი არ არის სრულად განვითარებული და არ არსებობს ადეკვატური ინფორმაციის მრავალი წყარო არსებული მდგომარეობის შესაფასებლად.

აკ:  ნება მომეცით გკითხოთ, რატომ დაინტერესდა არნიკა სამხრეთ კავკასიით და როგორ დაიწყო თქვენი თანამშრომლობა?

მს: პირადად მე საქართველოში პირველად 2001 წელს ჩამოვედი, ასე რომ ქვეყანას მას შემდეგ ვიცნობ. 2001 წელი ასევე გახლავთ ჩემი ორგანიზაციის- არნიკას დაარსების წელი. რეალურად ბევრი მიზეზი არსებობს იმისათვის, თუ რატომ გვაინტერესებს საქართველოში მუშაობა. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია, რომ საქართველო მიეკუთვნება გარემოსდაცვითი და ბიომრავალფეროვნების კუთხით ე.წ „ცხელ წერტილს“: მისი ხელუხლებელი ბუნება, ლანდშაფტები და ბიომრავალფეროვნება უნიკალურია მთელს ევროპაში, მსგავსი მხოლოდ ორი რეგიონია - დასავლეთ ბალკანეთი და კავკასია. აქედან გამომდინარე, ეს ტერიტორიები ძალზედ ღირებულია ბუნების შენარჩუნებისა და მნიშვნელობის თვალსაზრისით. გარემოსდაცვითი ორგანიზაციები მეტად დაინტერესებულნი არიან მხარი დაუჭირონ იმ მემკვიდრეობის დაცვისა და შენარჩუნების მცდელობებს, რომელიც გაქვთ, ვინაიდან ეს არის ის, რასაც თქვენ ვერ ნახავთ, მაგალითისათვის ცენტრალურ ევროპაში - ვერც კი შეადარებთ.

ჯანმოს თანახმად, თბილისის მოსახლეობის თითქმის 40 %-ს ფილტვის პრობლემა აწუხებს...  ყოველწლიურად თითქმის 4000 ადამიანი იღუპება ჰაერის სერიოზული  დაბინძურების გამო.

ეს ერთი ასპექტი. მეორე, რომელიც აღსანიშნავია, რომ საქართველო ათწლეულების მანძილზე გარკვეულწილად აბალანსებს თავის ღირებულებებსა და სოციალური და ეკონომიკური განვითარების გამოწვევებს. აქედან გამომდინარე, არსებობს დიდი რისკი, რომ გარკვეული ღირებულებები დაიკარგოს ეკონომიკური პროექტებიდან გამომდინარე.


ეს არის ის, რაც ნანახი გვაქვს ევროკავშირის წევრ ბევრ ქვეყანაში. ძალზედ მნიშვნელოვანია ამჟამად, საქართველოსათვის განვითარების სხვადასხვა გზების მოძიება, რათა თავიდან იქნას აცილებული შეცდომები და ფასეულობების დაზიანება.

ეს სხვა მიზეზია. მესამე ის არის, რომ მიუხედავად იმისა, რომ ჩეხოსლოვაკია არ იყო საბჭოთა კავშირის ნაწილი, ჩვენ ვიმყოფებოდით მისი ძლიერი გავლენის ქვეშ, ამიტომ ზოგიერთი პრობლემა, რომლის წინაშეც ამჟამად დგახართ, მსგავსია იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენი ისტორიის საკმაოდ დიდი ნაწილი საქართველოს ჰგავს. ჩვენ ასევე გვაქვს ქვეყნის ტრანსფორმაციის გამოცდილება - პოსტ საბჭოთა პერიოდიდან ჩეხეთის ამჟამინდელ ვერსიამდე. ეს არის ამბავი, რომლის გაზიარებაც გვსურს. ასევე გვაქვს სურვილი გაგიზიაროთ როგორც ჩვენი წარმატებული, ასევე ის გამოცდილებაც, რომლის გამეორებასაც არ გირჩევდით.

აკ: შეგიძლიათ გაგვიზიაროთ საქართველოსა ან სომხეთში თქვენი გამოცდილებიდან ყველაზე ნათელი შთაბეჭდილებები ან ეპიზოდები?

მს: 2001 წელს ჩემი პირველი ვიზიტიდან დღემდე, ყოველთვის აღფრთოვანებული ვიყავი ქართველების გასაოცარი სტუმართმოყვარეობითა და თბილი დამოკიდებულებით, განსაკუთრებით სოფლებში ვიზიტის დროს. ეს ასევე კავშირშია ძალიან კარგ სამზარეულოსთან და შენარჩუნებულ ტრადიციებთან. ამგვარად, ჩემი მუშაობა საქართველოში ყოველთვის სასიამოვნო და დადებითი გამოცდილებაა, განსაკუთრებით კი მეგობრული ხალხიდან გამომდინარე.

აკ: ნება მომეცით გკითხოთ ადგილობრივი პარტნიორების შესახებ. თქვენი აზრით რისი გაუმჯობესებაა შესაძლებელი ადგილობრივ ორგანიზაციებში? თქვენი თანამშრომლობით არნიკას რა ნოუ-ჰაუს წვლილის შეტანა შეუძლია?

მს: რასაც ვხედავთ, ისინი განსაკუთრებით კარგად მუშაობენ საზოგადოებასთან და ინფორმაციებთან. მათ აქვთ საშუალება გავლენა მოახდინონ ქართული საზოგადოების მნიშვნელოვან ნაწილზე. იქიდან გამომდინარე, რომ ახალგაზრდები არიან, არ აშინებთ მგრძნობიარე თემები ან რაიმე საკამათო კამპანიები. ეს არის ის, რაც ძალიან მოგვწონს. მიგვაჩნია, რომ მათ ესაჭიროებათ უფრო სტაბილური ფინანსური მხარდაჭერაც, რის უზრუნველყოფასაც ამჟამად ვცდილობთ - ვინაიდან, ახლად დაფუძნებული ორგანიზაციისათვის ყოველთვის არსებობს რისკი, რომ რესურსები ამოიწურება და ვერ შეძლებენ გაგრძელებას. მათ ესაჭიროებათ უფრო სტაბილური სტრუქტურა, რათა შეძლონ საკუთარი აქტივიზმის გაგრძელება.

ასევე, რაც შემოგვაქვს არის ტექნიკური ცოდნა. ჩვენი ორგანიზაცია აღარ არის გამოუცდელი, გვაქვს დიდი გამოცდილება და ექსპერტიზა განვლილ პროექტებთან დაკავშირებით; გვყავს ბევრი ექსპერტი და ასევე ვმუშაობთ გარე ექსპერტებთან- ჩეხეთის რამდენიმე უნივერსიტეტიდან. ასევე გვაქვს კარგი ურთიერთობა ჩეხეთის სახელმწიფო ორგანოებთან. გვსურს გავუზიაროთ ყველა კონტაქტი, ექსპერტი და გარკვეული გამოცდილება ჩვენს პარტნიორ ორგანიზაციებს, რათა მათ შეძლონ პროფესიონალურად მუშაობა.

მიუხედავად აქტივიზმის ძალიან დიდი მნიშვნელობისა, ასევე ძალზედ მნიშვნელოვანია ექპერტიზა და ფაქტებზე დაფუძნებული არგუმენტები, ეს არის ის, რასაც აბსოლუტურ აუცილებლობად მივიჩნევთ ნებისმიერ საჯარო კამპანიისთვის.

აკ: იქნებ ვისაუბროთ კონკრეტულ პროექტებზე, რომლებიც განახორციელეთ ან აპირებთ რომ განავითაროთ მომავალში?

მს: მხოლოდ მეორე წელია, რაც ვმუშაობთ საქართველოში, ამიტომ პროექტის კუთხით ძალიან ახლები ვართ. დიდი ხნის მანძილზე ვიყავით დაინტერესებული საქართველოთი, თუმცა საქმიანობები, როგორც ასეთი, ქვეყანაში ნამდვილად არ გვქონია.

დავიწყეთ „ჩემი ქალაქი კლავს“- თან ერთად მუშაობა, რაც წარმოადგენს ჰაერის მოქალაქეთა მიერ დაბინძურების მონიტორინგს. როგორც ინტერვიუს დასაწყისში აღვნიშნე, საქართველოში სანდო მონაცემების ნაკლებობაა. ამჟამად, ვაწარმოებთ შედარებით იაფ მოწყობილობებს, რომლებსაც შეუძლიათ ჰაერის ხარისხის გაზომვა და ვქმნით მოხალისეთა ქსელს, რომლებიც მიიღებენ მონაწილეობას მონიტორინგის ქსელში. ვიმედოვნებთ, რომ რამდენიმე წელიწადში გაწევრიანებით დაინტერესებული საკმარისი მოქალაქე და გასაზომი მოწყობილობები გვეყოლება, ასე რომ, გვექნება ბევრად უფრო მკაფიო წარმოდგენა ქვეყნაში არსებული მდგომარეობის შესახებ.

პროექტი საკმაოდ უნიკალურია, რადგან ის წარმოადგენს „მოქალაქე მეცნიერების“ პირველ პროექტს საქართველოში. მოხალისეთა ქსელის შექმნის მიდგომა არც თუ ისე უნიკალურია, თუმცა მცირედით ინოვაციურია. ჩვენ არ ვცდილობთ სტრუქტურის შექმნას, რომელსაც მომავალში დიდი დაფინანსება დასჭირდება, ამიტომ ყველაფერი მოხალისეებზეა დამოკიდებული. იმედია, 2025 წლის ბოლოს ვიხილავთ გარკვეულ შედეგს და ამის შემდეგ განვსაზღვრავთ ჩვენს შემდგომ ქმედებებს.

აკ: დიდ წარმატებებს გისურვებთ ამ საქმეში. ჩვენ ვიხილეთ კოსმოსიდან დანახული თქვენი მონაცემები საქართველოში ჰაერის დაბინძურების შესახებ, რაც ძალიან შთამბეჭდავია. მაგრამ კიდევ უფრო მნიშვნელოვანია შემდგომი ნაბიჯები. არის რამე, რაც უნდა გაკეთდეს იმისათვის, რომ თქვენი დასკვნები კიდევ უფრო ფართოდ ცნობილი და უკეთ აღსაქმელი იყოს? როგორ უზრუნველვყოფთ კონტრზომების ადეკვატურობა და რას გვეტყვით ამ მხრივ ჩეხეთის გამოცდილებასთან დაკავშირებით?

მს: დიახ, მართლაც მნიშვნელოვანია დავრწმუნდეთ, რომ რაღაც მოხდება. ეს არის კითხვა, რომლის პასუხშიც ჯერჯერობით არ ვართ დარწმუნებულნი. თუმცა, როგორც პირველი ნაბიჯი, ყველაზე მნიშვნელოვანია ცოდნა და ინფორმაციის ხელმისაწვდომობა. ფაქტი, რომ ახლა ვსაუბრობთ, ძალიან მნიშვნელოვანია, ვინაიდან თქვენ, როგორც ჟურნალისტი გვეხმარებით მოსახლეობის, მუნიციპალიტეტების, გადაწყვეტილების მიმღებ პირებისადმი ინფორმაციის მიწოდებაში. ეს პირველი ნაბიჯია და საჭიროა ამ პირველ ნაბიჯზე ყურადღების გამახვილება, ვინაიდან როგორც ბევრი მოქალაქე, ასევე გადაწყვეტილების მიმღები პირი არ არის გათვითცნობიერებული არსებულ ვითარებაში.

ამის შემდგომ, უმნიშვნელოვანესი როლი აქვს სამოქალაქო საზოგადოებასა და არასამთავრობო ორგანიზაციებს, რომლებიც აქტიურობენ გარემოს დაცვის სფეროში ვინაიდან, როგორც წესი, სწორედ ეს მოქმედი პირები განაპირობებენ ცვლილებებს. ამგვარად, გვაქვს სურვილი წელს მხარი დავუჭიროთ კიდევ რამდენიმე სამოქალაქო ორგანიზაციას სხვადასხვა ქალაქებში. კამპანია „ჩემი ქალაქი კლავს“ ძირითადად მუშაობს თბილისში, თუმცა ბოლო ანგარიშებზე დაყრდნობით მეტად შემაშფოთებელი ვითარებაა რუსთავში, კასპსა და საქართველოს სხვადასხვა ტერიტორიებზე. ამჟამად, გვსურს მეტი ყურადღება გავამახვილოთ ამ ლოკაციებზე, რათა მხარი დავუჭიროთ ადგილობრივ აქტიურ სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებს.

ამის შემდგომ, გვჯერა, რომ ნელ-ნელა სხვა მუნიციპალიტეტებიც შეუერთდებიან, ვინაიდან, ესენი არიან ქვედა დონის აქტორები, რომლებიც ყოველდღიურ შემხებლობაში არიან არსებულ სიტუაციასთან. სამომავლოდ, საჭირო იქნება პოლიტიკურ გადაწყვეტილებზე ზეგავლენის მოხდენა, თუმცა ეს რთულია საქართველოში ინდუსტრიებში რეგულაციების ნაკლებობიდან და სხვა სამართლებრივი და პოლიტიკური ინსტრუმენტებიდან გამომდინარე.

აკ: როგორ შეადარებდით საქართველოს ან სომხეთის გარემოსდაცვით მდგომარეობას სხვა ქვეყნებს, ევროპაში ან სხვაგან, ჩვენი მდგომარეობის გლობალურ კონტექსტში დანახვის მიზნით?

მს: ამჟამად, რეალურად ევროკავშირი ბუნების დაცვისა და შენარჩუნების კუთხით ერთ-ერთი ლიდერია. თუმცა, თუ წარსულს გადავხედავთ, ევროკავშირის წევრმა ქვეყნებმა ინდუსტრალიზაციის გამო გაანადგურეს საკუთარი ბუნება. ახლა ევროკავშირში ვიცავთ იმას, რაც ჯერ კიდევ გვაქვს, თუმცა დიდი ნაწილი უკვე განადგურებულია. ამგვარად, საქართველოს აქვს უნიკალური შანსი არ გაიმეოროს იგივე შეცდომები და რამენაირად მიაგნოს უფრო მდგრად გადაწყვეტილებებს.

ჩეხეთის კონკრეტული გამოცდილება არის ის, რომ ჩეხოსლოვაკია ბოლო 200 წელზე მეტი ხნის განმავლობაში იყო ინდუსტრიული სახელმწიფო, რამაც ბევრი პრობლემა წარმოშვა. კომუნიზმის დასასრულს, 1980-90-იან წლებში ჩეხოსლოვაკია ევროპაში ერთ-ერთ ყველაზე დაბინძურებული ქვეყანა იყო და ჰაერის დაბინძურების დონე ექსტრემალურ დონეს აღწევდა. ჩეხოსლოვაკიაში პირველი დემონსტრაციები არა დემოკრატიის ან თავისუფლების, არამედ სუფთა ჰაერის მოთხოვნით გაიმართა. ამჟამად, 30 წლის შემდგომ, ჩვენ კვლავ გვაქვს მრეწველობა, თუმცა ტექნოლოგიების ცვლილების წყალობით აღარ ხდება დაბინძურება. საქართველომ დიდი ყურადღება არ უნდა გაამახვილოს ინდუსტრიებზე. უმჯობესია, ფოკუსირდეს ტურიზმზე, მომსახურების სფეროსა და ზოგიერთ ჭკვიან ტექნოლოგიებზე.

აკ: შეგიძლიათ გაიხსენოთ თქვენი ორგანიზაციის რომელიმე მიღწევა ჩეხეთსა ან სხვა ქვეყანებში?

მს: ახლახან, მოვახერხეთ ადგილობრივ ორგანიზაციასთან თანამშრომლობით ალავერდში (სომხეთი) არსებული ქარხნის დახურვა. ეს იყო მეტალურგიული ქარხანა, რომელიც ძლიერ აბინძურებდა ქალაქს. მიგვაჩნია, რომ ეს გაუმჯობესებაა, იქიდან გამომდინარე, რომ ქარხანა ვერ მოდერნიზდა და უმჯობესი იყო დახურულიყო. ასევე, ალავერდი გარშემორტყმულია საოცარი ბუნებითა და ძველი მონასტრებით, რომლებსაც ამჟამად ნაკლებად სტუმრობენ, ქალაქის დაბინძურებიდან გამომდინარე.

ჩვენს პროექტზე მოვიწვიეთ გარემოს დაცვის სამინისტრო  თუმცა, არაფერმა დააინტერესათ, არანაირმა თანამშრომლობამ.  ძალიან გაგვიკვირდა.

აკ: ნება მიბოძეთ გკითხოთ სამთავრობო უწყებებთან ურთიერთობებთან დაკავშირებით. სახელმწიფო ორგანიზაციები მიგაჩნიათ თუ არა მეგობრულად და ხელშემწყობად საზოგადოების მიერ ინიცირებული პროექტების მიმართ ჩვენს ქვეყანაში? შეგიძლიათ გააკეთოთ კომენტარი გარემოს დაცვის სააგენტოებთან თქვენი კომუნიკაციის გამოცდილებაზე?


მს: ეს არის ძალზედ პოზიტიური გამოცდილება. ჩვენს პროექტზე მოვიწვიეთ გარემოს დაცვის სამინისტრო, ვინაიდან ველოდით, რომ დაინტერესდებოდნენ ჰაერის დაბინძურების შესახებ ახალი ინფორმაციით. ასევე, შევთავაზეთ ჩეხური ინსტიტუტებიდან ექსპერტების ჩამოყვანა და რამდენიმე სემინარის, ტრენინგისა და დისკუსიების გამართვა სახელმწიფო მოხელეებთან, ჩეხეთის სამთავრობო ორგანიზაციების გამოცდილების და ცოდნის გაზიარების მიზნით. თუმცა, არაფერმა დააინტერესათ, არანაირმა თანამშრომლობამ. ასევე წინააღმდეგნი იყვნენ მოქალაქეების მიერ მონიტორინგზე. ისინი ჩვენს დონორებსაც კი მიმართავდნენ მოთხოვნით პროექტის გაუქმებასთან დაკავშირებით, რადგან საზოგადოების მიერ ჰაერის დაბინძურების მონიტორინგი უკანონოდ და სახელმწიფო ორგანიზაციების მოვალეობად მიაჩნდათ. ძალიან გაგვიკვირდა, მიგვაჩნდა რომ ჩვენი ექსპერტების, რესურსებისა და ცოდნის შეთავაზება შესაძლოა სასარგებლო ყოფილიყო სამინისტროსათვის.

სამწუხაროდ, დღემდე ვერ ვახერხებთ ურთიერთგაგებას. ჩვენს მიერ გამოქვეყნებული რამდენიმე მოხსენების შემდგომაც კი, საქართველოს სახელმწიფო სტრუქტურები საერთოდ არ ინტერესდებიან. გვაქვს იმედი- და სწორედ ეს გვსურს- მეტი ინტერაქციისა და მეგობრული კომუნიკაციისა.

ჩვენ მცირედით ვაკრიტიკებთ ხელისუფლებას - მართალია, ხელისუფლება არ აკეთებს საკმარისს - თუმცა ეს არის ასევე ჩვენი, როგორც არასამთავრობო ორგანიზაციის როლი. ამავდროულად, ჩვენ ვთავაზობთ ჩეხეთის რესპუბლიკასთან თანამშრომლობას, გამოცდილებისა და ცოდნის გაზიარებას. შევხედავთ რა იქნება შემდგომში.

საკმაოდ პოზიტიური კომუნიკაცია გვაქვს პარლამენტის ზოგიერთ წევრთან და სახელმწიფო ადმინისტრაციის დაბალ ეშელონებში, მუნიციპალიტეტებთან და ზოგიერთ სახელმწიფო უწყებასთან, ასე რომ ეს არ არის სრულად უარყოფითი გამოცდილება. თუმცა, სამწუხაროდ სამინისტროს მაღალ დონეზე პოზიტიურ კომუნიკაციას ვერ ვამყარებთ.

შარშან დავასრულეთ 30 სადგურის მონტაჟი და წელს კიდევ 30-მდე ველოდებით. ამჟამად, საკმაოდ ბევრი ადამიანი არის ქსელში გაწევრიანებით დაინტერესებული.

აკ: ნება მომეცით ვიკითხო, ეს პრობლემა უნიკალურია მხოლოდ საქართველოსთვის, თუ გქონიათ მსგავსი უარყოფით გამოცდილება სხვა ქვეყნების ან თუნდაც ჩეხეთის სამთავრობო უწყებებთან?

მს: ყველა ქვეყანაში მდგომარეობა უნიკალურია. ზოგიერთ მთავრობასთან უფრო მეგობრული კომუნიკაცია გვაქვს, ვიდრე სხვა ქვეყნებში. ამაზე ასევე დიდ გავლენას ახდენს არჩევნები და რომელი პარტია არის ამჟამად ხელისუფლებაში. მაგალითად, ჩეხეთის რესპუბლიკაში 90-იანი წლების დასაწყისში იყო მძლავრი ნება გარემოსდაცვითი კანონმდებლობისა და პრობლემების მოგვარებასთან მიმართებაში. ამჟამად სიტუაცია შედარებით სხვაგვარადაა, გასულ წლებში კი გარემოს საკითხები სულაც არ წარმოადგენდა პრიორიტეტს.

აკ: ნება მომეცით დაგისვათ ეს კონკრეტული შეკითხვა. თქვენი საქმიანობის მეშვეობით საქართველოში დამონტაჟდა ჰაერის ხარისხის მონიტორები, ბევრ ადამიანს, მათ შორის მეც, სურს მათი დაყენება. პრაქტიკაში კიდევ რისი გაკეთება შეუძლია მოქალაქეს? რა ქმედებების გატარება არის საჭირო მოქალაქეების მიერ საქართველოში გარემოს ფაქტობრივი გაუმჯობესების მიზნით?

მს: გვახარებს, რომ ხალხი დაინტერესებულია დაბინძურების მონიტორინგის სადგურების დამონტაჟებით. ჩვენი წარმოების მასშტაბი არც თუ ისე დიდია. შარშან დავასრულეთ 30 სადგურის მონტაჟი და წელს კიდევ 30-მდე ველოდებით. ამჟამად, საკმაოდ ბევრი ადამიანი არის ქსელში გაწევრიანებით დაინტერესებული, ნაწილი რუსთავში და კასპში, თუმცა ჩვენ უნდა გავაფართოვოთ ქსელი და სრულად მოვიცვათ მთელი საქართველო.

შემდგომ, აუცილებელია მოსახლეობის აქტიურობა და გარკვეული ცვლილებების მოთხოვნა. ასევე მნიშვნელოვანია ზოგიერთი ადგილობრივი ორგანიზაციის მხარდაჭერა, ან შესაძლოა საკუთარი არასამთავრობო ორგანიზაციის შექმნა. ასევე აღსანიშნავია კარგი პოლიტიკური წარმომადგენლობის მნიშვნელობა. საქართველოში მალე არჩევნებია დაგეგმილი, თუ არ დავეხმარებით მათ, ვისაც აქვს ეკოლოგიური ორიენტირი, მივიღებთ პოლიტიკოსებს სრულიად განსხვავებული დღის წესრიგით. ასე რომ, ეს მართლაც უმნიშვნელოვანესი საკითხია, რადგან პოლიტიკური წარმომადგენლობის ყოლას შეუძლია ბევრი რამ შეცვალოს.

ბოლოს, რისი აღნიშვნაც მსურს არის ის, რომ ადამიანებმა თავად უნდა იფიქრონ მათ პერსონალურ გავლენაზე ბუნებასა და გარემოზე - თავი შეიკავონ პლასტმასის ნივთების ყიდვისა და ავტომობილის მართვისაგან. ზოგჯერ შეგვიძლია ჩვენს ცხოვრებაში შევიტანოთ მცირე ცვლილებები, რაც ხელს შეუწყობს მომავალი თაობებისათვის ჩვენი პლანეტის გადარჩენას, რაც ძალიან მნიშვნელოვანია.

აკ: დიდი მადლობა და გისურვებთ წარმატებებს ამ ძალიან მნიშვნელოვან საქმეში. ბუნებრივია, თუ რამეს გაკეთება შეგვიძლია თქვენთვის, როგორც კავკასიურ ჟურნალს, გთხოვთ დაგვიკავშირდეთ- დიდი სიხარულით გაგიწევთ დახმარებას. კიდევ ერთხელ დიდი მადლობა!

მს: დიდი მადლობა, ჩემთვისაც ძალიან სასიამოვნო იყო. შეხვედრამდე.

Read or watch the English language version here.  

კავკასიური ჟურნალი მადლობას უხდის ჩეხეთის რესპუბლიკის გარდამავალი ხელშეწყობის პროგრამასა და თბილისში ჩეხეთის რესპუბლიკის საელჩოს ინტერვიუს მომზადების პროცესში გაწეული მხარდაჭერისათვის.

 
შეგიძლიათ, მიჰყვეთ, კავკასიურ ჟურნალს შემდეგ ბმულებზე:

GoogleNews  |  X  |  Facebook  |  NEW: WhatsApp  |   Telegram  |  Medium  |  LinkedIn  |  YouTube  |  RSS

კავკასიური ჟურნალის ელექტრონული ფოსტით გამოწერის მოთხოვნისთვის, შეიყვანეთ თქვენი ელ-ფოსტის მისამართი აქ: