ელჩი ელენ სენდ ანდრესენი: „ეჭვგარეშეა, რომ საქართველო ევროპული ოჯახის ნაწილია”

18.06.2021 (Caucasian Journal). დღეს კავკასიური ჟურნალის რესპოდენტია ნორვეგიის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში და ნორვეგიის დანიშნული ელჩი სომხეთში -მისი აღმატებულება, ელენ სენდ ანდრესენი.

▶ In English: 
ინგლისურენოვანი სრული ტექსტი, იხილეთ აქ.

ალექსანდერ კაფკა, კავკასიური ჟურნალის მთავარი რედაქტორი: ნება მომეცით დავიწყო ერთ-ერთი მთავარი საკითხით. თქვენ ხართ ნორვეგიის სამეფოს საელჩოს პირველი ხელმძღვანელი თბილისში. სანამ ჩამობრძანდებოდით, ნორვეგიას არ ჰქონდა საელჩო ამ ქვეყანაში. როგორ იგრძენით თავი ასეთ სიტუაციაში, როდესაც თქვენ საელჩოს შენობაც არ ჰქონდა და ფაქტობრივად, ყველაფერი ნულიდან უნდა დაგეწყოთ?

ელენ სენდ ანდრესენი: ასეთ სიტუაციაში ყოფნა საინტერესო გამოწვევაა და ცოტა საშიშიც. ახალი საელჩოს შექმნა იშვიათი შესაძლებლობაა, ამიტომ საპატიოა ასეთი დავალების შესრულება. სრულიად ახალი გუნდის შექმნა კი - დიდი პრივილეგია. ახალი მისიის შექმნისთვის საჭიროა ხედვა, მამოძრავებელი ძალა, თანაც მოქნილობა და მოთმინება. ეს შესანიშნავი სასწავლო პროცესია. ალბათ, ყველაზე რთული რამ არის ერთის მხრივ -  პრაქტიკულ ამოცანებსა და ადმინისტრაციულ საკითხებს შორის სწორი ბალანსის დაცვა და, მეორეს მხრივ - ჩვენი ქსელის შექმნა. მაცდურია, რაც შეიძლება მეტ ადამიანთან შეხვედრა და სწორი კონტაქტების დამყარება, მაგრამ ზოგჯერ ადმინისტრაციასა და ლოჯისტიკას უნდა მიენიჭოს უპირატესობა. და რა თქმა უნდა, ამ გზაზე ჩვენ დიდი მხარდაჭერა გვქონდა ოსლოდან, ისევე როგორც საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროდან, რისთვისაც მადლობელი ვარ.

აკ: პოლიტიკურ დონეზე, თვლით თუ არა ნორვეგიის საელჩოს გახსნას თბილისში მნიშვნელოვან ნაბიჯად და თუკი ასეა, რა მნიშვნელობას ატარებს ეს?

ესა: ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ნორვეგია ერთ-ერთი პირველი ქვეყანაა, რომელმაც ცნო საქართველოს პირველი რესპუბლიკა (1918-1921). ჩვენი ორმხრივი დიპლომატიური კავშირები 1992 წელს აღდგა, ამიტომ მომავალ წელს ჩვენ აღვნიშნავთ 30 წლის იუბილეს.

თბილისში ნორვეგიის საელჩოს გახსნა დროთა განმავლობაში ჩვენი ორმხრივი ურთიერთობების განმტკიცების შედეგია. ეს არის აშკარა პოლიტიკური სიგნალი, რომელიც მხარს უჭერს საქართველოს  ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საგარეო პოლიტიკას. ეს არის დამადასტურებელი ფაქტი იმისა, რომ ჩვენი ურთიერთობა ემყარება საერთო ღირებულებებს, ორმხრივ ინტერესებსა და ორმხრივ სურვილებს განვავითაროთ ჩვენი თანამშრომლობა, როგორც ორმხრივი, ასევე მრავალმხრივი კუთხით.

ნორვეგია ერთ-ერთი პირველი ქვეყანაა, რომელმაც ცნო საქართველოს პირველი რესპუბლიკა (1918-1921)

აკ: თქვენი დანიშვნის პერიოდი თბილისში დაემთხვა მრავალმხრივ და საკმაოდ ქაოსურ პერიოდს. როგორ შეაჯამებთ თქვენს შთაბეჭდილებებს ამ დრომდე? ალბათ არის განსაკუთრებით ნათელი მომენტები, რომელთა გაზიარებაც გსურთ?

ესა: დიახ, ვეთანხმები, რომ ნამდვილად ინტენსიური პოლიტიკური პერიოდია, იქიდან მოყოლებული, რაც მე ჩამოვედი - 2019 წლის 1 სექტემბრიდან. საქართველოში და ნორვეგიაში არსებულ პოლიტიკურ დისკურსებსა და პოლარიზაციის დონეებს შორის ბევრი განსხვავებაა. რა თქმა უნდა, უნდა გავითვალისწინოთ, რომ საქართველო კვლავ ვითარდება თავის დემოკრატიულ გზაზე და მე ვფიქრობ, რომ ჩვენი როლია ამის მხარდაჭერა. მე ძალიან ვაფასებ საქართველოში პოლიტიკოსების ხელმისაწვდომობას და მთავრობაში, პარლამენტსა და სახელმწიფო ინსტიტუტებში კარგი სამუშაო ურთიერთობების დამყარებას. ნათელ მომენტებს რაც შეეხება, მახსენდება 2020 წლის 8 მარტისა და 2021 წლის 19 აპრილის პოლიტიკური შეთანხმებები. კიდევ ერთი ნათელი ასპექტი ჩემთვის არის ძლიერი და მოძრავი ქართული სამოქალაქო საზოგადოება, რომელთანაც საელჩო მჭიდროდ თანამშრომლობს. 

აკ: თქვენი საელჩო წარმოადგენს ნორვეგიას როგორც საქართველოში, ასევე სომხეთში, ეს სწორია? ესენი მრავალი თვალსაზრისით საკმაოდ განსხვავებული სახელმწიფოებია. როგორ გამოკვეთთ, რომელი ნორვეგიული ან სკანდინავიური გამოცდილება შეიძლება იყოს განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ჩვენი რეგიონისთვის?

მჯერა, რომ შეგვიძლია შემოგთავაზოთ მრავალი რამ - სტაბილური დემოკრატიის მშენებლობა, პოლიტიკური კომპრომისებისა და კოალიციის მშენებლობის მნიშვნელობა, სახელმწიფოს პასუხისმგებლობა ადამიანის უფლებების კუთხით და ყველა მოქალაქის თანასწორობის უზრუნველყოფა, საგზაო უსაფრთხოება და შრომითი უფლებების დაცვა.

ესა: პანდემიის გამო, ჯერ არ მქონია შესაძლებლობა სომხეთში წარმედგინა ჩემი რწმუნებათა სიგელები. თუმცა, იმედი მაქვს, რომ ეს მოხდება წლის ბოლომდე, რადგან ჩვენ გვსურს ავიღოთ პასუხისმგებლობა სომხეთთან ორმხრივ ურთიერთობებზე. მჯერა, რომ ეს ასევე დაგვეხმარება სამხრეთ კავკასიაში არსებული რეგიონული სიტუაციის უკეთ გაგებაში. 

რაც შეეხება სკანდინავიურ გამოცდილებას, მჯერა, რომ შეგვიძლია შემოგთავაზოთ მრავალი რამ - სტაბილური დემოკრატიის მშენებლობა, პოლიტიკური კომპრომისებისა და კოალიციის მშენებლობის მნიშვნელობა, სახელმწიფოს პასუხისმგებლობა ადამიანის უფლებების კუთხით და ყველა მოქალაქის თანასწორობის უზრუნველყოფა, საგზაო უსაფრთხოება და შრომითი უფლებების დაცვა

როდესაც ბალტიის ქვეყნებმა აღადგინეს დამოუკიდებლობა, მათ მხარი დაუჭირეს სკანდინავიელებმა, რომლებმაც გაუზიარეს თავიანთი გამოცდილება და ცოდნა. დღეს ჩვენ ვხედავთ, რომ სკანდინავიისა და ბალტიისპირეთის პარტნიორობის გამოცდილებით რაღაცების შეთავაზება შეიძლება საქართველოსა და სომხეთისთვის.

ნორვეგიის გამოცდილება განახლებადი ენერგიის რესურსების, განსაკუთრებით - ჰიდროენერგეტიკის მართვის სფეროში, შეიძლება სასარგებლო იყოს საქართველოსთვის.
არსებობს სხვა სფეროები, სადაც შეგვიძლია ერთად ვისწავლოთ და გავიზარდოთ.

როგორც საქართველოს, ასევე ნორვეგიას, აქვს სანახაობრივი ბუნება, რომელიც ბევრ ტურისტს იზიდავს. ჩვენ გვჭირდება ასეთი საგანძურის უკეთესი დაცვა და შენარჩუნება, რათა დავრწმუნდეთ, რომ ამით არა მხოლოდ ახლანდელი თაობები, არამედ მომავალი თაობებიც  ისარგებლებენ. 

ჩვენი ქალაქების ზრდასთან ერთად, ჩვენ უნდა გავხადოთ ისინი უფრო სასიცოცხლო და მდგრადი, რაც არანაკლებ მნიშვნელოვანია მწვანე პერსპექტივიდან. ოსლომ და სხვა სკანდინავიურმა ქალაქებმა ბოლო წლების განმავლობაში მიიღეს ღირებული გამოცდილება ამ სფეროში. ეს გამოცდილება შეიძლება სასარგებლო იყოს მწვანე აზროვნების განვითარებისთვის თბილისსა და საქართველოს სხვა ქალაქებში.

როდესაც ბალტიის ქვეყნებმა აღადგინეს დამოუკიდებლობა, მათ მხარი დაუჭირეს სკანდინავიელებმა, რომლებმაც გაუზიარეს თავიანთი გამოცდილება და ცოდნა. დღეს ჩვენ ვხედავთ, რომ სკანდინავიისა და ბალტიისპირეთის პარტნიორობის გამოცდილებით რაღაცების შეთავაზება შეიძლება საქართველოსა და სომხეთისთვის

აკ: იქნებ არსებობს რაიმე კონკრეტული თანამშრომლობის პროექტები - მიმდინარე ან დაგეგმილი, რომელთა ხსენებაც გსურთ?

ესა: სიამოვნებით ვისაუბრებდი ჩვენი განვითარების ყველა პროექტზე, მაგრამ ეს დიდ დროს წაიღებს. შევეცდები, შევაჯამო. ორმხრივი პროექტის პორტფელი წელიწადში 6 მილიონ ევროს აღემატება. იგი მოიცავს განახლებადი ენერგიის შესახებ გამოცდილების გაზიარებას; ინკლუზიურ განათლებას; ქალთა ეკონომიკურ გაძლიერებასა და მონაწილეობას; კორუფციასთან ბრძოლას; ადამიანის უფლებების, დემოკრატიისა და კანონის უზენაესობას; კულტურული მემკვიდრეობისა და რუკების დაცვას მდგრადი განვითარებისათვის. ნორვეგია არის საქართველოში ევროპის საბჭოს სამოქმედო გეგმის უმნიშვნელოვანესი კონტრიბუტორი.

გარდა ამისა, საქართველო პარტნიორია 11 მსხვილ რეგიონალურ პროექტში (რომელიც მოიცავს უკრაინას, მოლდოვას, სომხეთს და ზოგჯერ ასევე შუა აზიას), როგორებიცაა: თანამშრომლობა უმაღლეს სასწავლებლებში; დამოუკიდებელი მედიის ხარისხის გაძლიერება; სამოქალაქო საზოგადოების პარტნიორობა; ადგილობრივი მმართველობის გაძლიერება - რასაც ჩვენ ესტონეთთან პარტნიორობით ვაკეთებთ. გარდა ამისა: ეუთოს მუშაობის მხარდაჭერა - არჩევნების სადამკვირვებლო მისიებისა და ეროვნული უმცირესობების ჩათვლით; ტრეფიკინგის წინააღმდეგ ბრძოლა და მიგრანტთა უფლებების მხარდაჭერა; და რიგის სამაგისტრო სამართლის სკოლის თანადაფინანსება.

ჩვენი თანამშრომლობის განვითარების პროცესში ყურადღებას ვამახვილებთ შედეგებზე. ჩვენ უნდა დავრწმუნდეთ, რომ პროექტები მიზანმიმართულია, არ გადაფარონ ერთმანეთი და შეავსონ ის, რასაც სხვა დონორები აკეთებენ; უნდა დავრწმუნდეთ, რომ ადგილობრივ პარტნიორებს აქვთ საჭირო რესურსები სხვადასხვა პრაქტიკის დასანერგად და ამავდროულად აქვთ შთანთქმის უნარი, რომ ჩვენ ხელს ვუწყობთ 2030 წლის დღის წესრიგის დადგომასა და მდგრადი განვითარების მიზნების განვითარებას.

განვითარების პროგრამების გარდა, მინდა აღვნიშნო ჩვენი თანამშრომლობა თავდაცვის სფეროში.  NATO / SNGP– ის ფარგლებში, ნორვეგიამ საფუძველი ჩაუყარა JTEC– ის (ერთობლივი სასწავლო და შეფასების ცენტრი) საერთაშორისო გუნდის შექმნას. ჩვენ ასევე გვაქვს საკმაოდ ფართო ორმხრივი თანამშრომლობა თავდაცვის სფეროში. [წაიკითხეთ მეტი ნორვეგია-საქართველოს თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის შესახებ - CJ]

აკ: კავკასიურ ჟურნალში ჩვენ მიგვაჩნია, რომ მასმედიამ არა მარტო უნდა გააშუქოს რაიმე სიახლე ან ინფორმაცია, არამედ უნდა შეცვალოს რაიმე უკეთესობისკენ. ჩვენ ვფიქრობთ, რომ მნიშვნელოვანია მსოფლიოში ყველაზე წარმატებული რეფორმების გამოცდილებისა და საუკეთესო პრაქტიკის გაზიარება ჩვენი რეგიონის მკითხველთათვის და ამავდროულად, მათი ინტეგრირება პოლიტიკურ დღის წესრიგში. 

ესა: პირველ რიგში, ნება მომეცით მოგილოცოთ კავკასიური ჟურნალის ახალი პროექტის დაწყება, რომელიც გულისხმობს სკანდინავიური და ბალტიისპირეთის ქვეყნების საუკეთესო პრაქტიკის გავრცელებას. აღფრთოვანებული ვარ არჩეული თემებით და თქვენ მიერ მოთხრობილი ამბებით, რომლებსაც სიამოვნებით ვკითხულობდი. კავკასიური ჟურნალი მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს ინფორმაციული ხარვეზის გადალახვაში და ჩვენი ქვეყნების ერთმანეთისთვის უკეთ გაცნობაში.

ნება მომეცით მოგილოცოთ კავკასიური ჟურნალის ახალი პროექტის დაწყება, რომელიც გულისხმობს სკანდინავიური და ბალტიისპირეთის ქვეყნების საუკეთესო პრაქტიკის გავრცელებას. აღფრთოვანებული ვარ არჩეული თემებით და თქვენ მიერ მოთხრობილი ამბებით, რომლებსაც სიამოვნებით ვკითხულობდი

ჩვენი საელჩოები მნიშვნელოვან როლს ასრულებენ ინფორმაციული კუთხით და საქართველოს საქართველოს საელჩო ოსლოში ძალიან კარგად მუშაობს ნორვეგიაში საქართველოს პოპულარიზაციისთვის. გასული წლის განმავლობაში უფრო მეტ დროს ვუთმობდით ინფორმაციულ და კომუნიკაციურ მუშაობას თბილისში, ნორვეგიის საელჩოში, განსაკუთრებით სოციალური მედიის საშუალებით და ამის შემდეგ, ვგეგმავთ ჩვენი ძალისხმევის გაზრდას.

პანდემიის დაწყებამდე, ჩვენ დავინახეთ ნორვეგიის მხრიდან ინტერესისა და ცოდნის ზრდა საქართველოს შესახებ, რადგან ტურისტების რაოდენობა წლიდან წლამდე იზრდებოდა და ნორვეგიულ პრესაში იწერებოდა უფრო მეტი საქართველოზე. როდესაც ჩვეულ რეჟიმში დავბრუნდებით და საერთაშორისო მოგზაურობა ისევ შესაძლებელი გახდება, იმედი მაქვს, რომ ეს უფრო და უფრო ტენდენციური გახდება. 

გაცვლითი პროგრამების თვალსაზრისით, არაერთი ქართველი სტუდენტი ყოველწლიურად მიდის ნორვეგიაში სასწავლებლად, ზოგი მათგანი ჩვენი ჰიდროენერგეტიკული განვითარების თანამშრომლობის ფარგლებში. მაგალითად, არიან ნორვეგიელი სტუდენტებიც, რომლებიც საქართველოში ჩამოდიან საზოგადოებრივი ჯანმრთელობის კვლევის ფარგლებში. მე მჯერა, რომ ახალგაზრდა, ნათელი ადამიანების მიმოსვლა ძალიან კარგი ინვესტიციაა საქართველო-ნორვეგიის ურთიერთობების მომავალში.

აკ: დიდი მადლობა ჩვენი საქმიანობის დადებითად შეფასებისთვის. და ამასთან დაკავშირებული კითხვა - ნორვეგიელთათვის, რა შეიძლება იყოს ყველაზე მიმზიდველი ჩვენს რეგიონში?

ესა: როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ ტურიზმზე, საქართველოს ძალიან ბევრი რამის შემოთავაზება შეუძლია, რაც ჩემთვის და ჩემი კოლეგებისთვის ძალიან მიმზიდველია - ბუნების მრავალფეროვნება, პეიზაჟების მშვენიერება, მდიდარი ისტორია, კულტურა, თბილი და მისასალმებელი სტუმართმოყვარეობა, რეგიონალური სამზარეულო, მრავალფეროვანი ღვინოები. ჩვენ აღმოჩენის გზაზე ვართ.

ბიზნესისა და ვაჭრობის თვალსაზრისით, მე მჯერა, რომ საქართველო მიმზიდველია ნორვეგიელი ინვესტორებისთვის ისეთ სფეროებში, როგორიცაა მწვანე ზღვის პროდუქტები, განახლებადი ენერგია და სოფლის მეურნეობა.

ჩვენი ორმხრივი ვაჭრობა დაბალი ტემპით ვითარდება, მაგრამ ეს ნიშნავს იმას, რომ ერთადერთი გზა, მხოლოდ წინ წასასვლელი გზაა. ნორვეგია EFTA– სთან თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულების ნაწილია და თანამშრომლობს საქართველოსთან და მე ვხედავ ორმხრივი ვაჭრობის ზრდის დიდ პოტენციალს, რადგან ქართველი მწარმოებლები ნელა, მაგრამ სტაბილურად ეგუებიან ევროპულ ბაზარს. ჩვენს ქვეყნებს შორის ბიზნეს-კავშირების გაზრდა არის ის, რაზეც ჩვენ ვმუშაობთ საქართველო-ნორვეგიის სავაჭრო პალატასთან ერთად. სამართლიან ბიზნეს პირობებს, მიუკერძოებელი, გამჭვირვალე და ხელმისაწვდომი სახელმწიფო ინსტიტუტებით - განსაკუთრებით მართლმსაჯულების სისტემით - გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს ინვესტორთა ნდობის მოსაპოვებლად. ჩვენ ვაკვირდებით გარკვეულ სფეროებში მიღწეულ პროგრესს, მაგრამ აუცილებელია პროგრესის მიღწევა ყველგან. 

აკ: ტრადიციული კითხვა მაქვს, რომელიც დიპლომატებთან საუბრისას ხშირად საკმაოდ გამოუსადეგარია, მაგრამ ზოგჯერ საინტერესო შედეგები აქვს. მაინც ვცდი: არის რაიმე, რისი შეცვლაც გსურთ ჩვენს ქვეყნებსა, ან ორმხრივ თანამშრომლობაში?

ესა: ჩემი მიზანია დავინახო ჩვენი ორმხრივი ურთიერთობების ზრდა და აყვავება, ყველა სფეროში. ბევრი სფეროა, სადაც უფრო მეტის გაკეთება შეგვიძლია. მანამდე ვახსენე ვაჭრობა და ბიზნესი. მე ასევე დავამატებდი ტურიზმს, კულტურას, უმაღლეს განათლებას, ევროკავშირის სტანდარტებთან და კანონმდებლობასთან შესაბამისობას (როგორც ევროკავშირის არაწევრი ქვეყანა, რომელიც, მიუხედავად ამისა, ევროკავშირთან ძალიან მჭიდრო კავშირშია, ნორვეგიას ამ სფეროში დიდი გამოცდილება აქვს) - და ახალ სფეროებს, როგორიცაა ზღვის დაბინძურება და ოკეანეების მდგრადი მართვა. 

მრავალმხრივ ასპარეზზე, ვთვლი, რომ ისეთი მცირე, ღია და დემოკრატიული ქვეყნებისათვის, როგორიცაა საქართველო და ნორვეგია, მნიშვნელოვანია საერთაშორისო სამართლის ღირებულების ცოდნა და  წესებზე დაფუძნებული საერთაშორისო წესრიგის დაცვაზე ერთობლივად მუშაობა. 

ჩვენს ქვეყნებში, მჯერა, რომ უნდა გავაგრძელოთ დემოკრატიული, ინკლუზიური და სამართლიანი საზოგადოებების არსებობისკენ სწრაფვა და გავაგრძელოთ "მწვანე სვლა", უფრო მდგრადი და ეკოლოგიურად სუფთა ეკონომიკური პრაქტიკისკენ.

აკ: თუ გსურთ, რაიმე სხვა გაუზიაროთ ჩვენს მაყურებელსა ან მკითხველს, გისმენთ.

ესა: პირადი კომენტარის სახით, ვიტყოდი, რომ ძალიან ბედნიერი ვარ საქართველოში ყოფნით, რომელთანაც ჩვენ ძალიან პასიურ დროში, ძალიან კარგი ორმხრივი ურთიერთობა დავამყარეთ. ბავშვობაში, 1979 წელს, სკოლის ტურით, ვესტუმრე სამხრეთ კავკასიას - თბილისს, მცხეთასა და ჯვრის მონასტერს. 80-იანი წლების ბოლოს, დავბრუნდი უკან, როდესაც ზაფხულში, როგორც სტუდენტს მქონდა სამუშაო - ნორვეგიელი ტურისტების აკომპანირება საბჭოთა კავშირში. 2002 და 2009 წლებში, ტურისტად დაბრუნების დროს, მანამ, სანამ 2019 წელს სამუშაოდ ჩამოვიდოდი საქართველოში, დავინახე ქვეყნის განვითარების კადრები ბოლო, უცნაური, 40 წლის განმავლობაში. ერთად, ეს კადრები ქმნიან, „სახლის ფილმს“ ქვეყნის საოცარი ევოლუციისა და რთულ პერიოდებში მისი ხალხის სიმამაცის შესახებ - და ეჭვგარეშეა, რომ საქართველო ევროპული ოჯახის ნაწილია. 

1899 წელს კნუტ ჰამსუნი კავკასიას ესტუმრა და მოგვიანებით დაწერა შესანიშნავი ნაწარმოები - "საოცრებათა ქვეყანაში" (1903), რომელიც ბუნების შესახებ შთაბეჭდილებებითაა სავსე. ვფიქრობ, ეს არის ყველაზე ძლიერი ასოციაცია, რომელიც ბევრ ნორვეგიელს აქვს საქართველოსთან და სწორედ ეს არის ნორვეგიელების საქართველოში ვიზიტის ერთ-ერთი მიზეზი. საელჩოს თანამშრომლები და მათი ოჯახებიც ნამდვილად აღფრთოვანებულნი არიან ქართული პეიზაჟებით. გასულ წელს, ვიმოგზაურე რაჭაში და აღფრთოვანებული ვიყავი ამ ადგილის ბუნებით - მაგრამ ასევე მნიშვნელოვანია, ესაუბრო ადგილობრივ მაცხოვრებლებს და გაეცნო ცხოვრებას შორეულ სოფლებში. ამგვარ მოგზაურობებს ფუნდამენტური მნიშვნელობა აქვს ქვეყნისა და მისი ხალხის მისწრაფებების უკეთ გასაგებად. კიდევ ბევრი რამ არის სანახავი და სასწავლი. მე და ჩემი კოლეგები მოუთმენლად ველოდებით თქვენი საოცარი ქვეყნის უკეთ შესწავლას. ეს ასევე დაგვეხმარება თანამშრომლობისა და ურთიერთობების დამყარებისთვის ახალი სფეროების აღმოჩენაში.

აკ: დიდი მადლობა შესანიშნავი ინტერვიუსთვის!

Read the English language version here

კავკასიური ჟურნალი აფასებს თბილისში ნორვეგიის სამეფო საელჩოს მხარდაჭერას ამ ინტერვიუს მომზადებაში.


 
შეგიძლიათ, მიჰყვეთ, კავკასიურ ჟურნალს შემდეგ ბმულებზე:
Google News  *  Twitter  *  Facebook  *  Medium  *  LinkedIn  *  YouTube  *  RSS

კავკასიური ჟურნალის ელექტრონული ფოსტით გამოწერის მოთხოვნისთვის, შეიყვანეთ თქვენი ელ-ფოსტის მისამართი აქ: