ელჩი რიინა კალიურანდი: "ესტონელებს სურთ შედეგის დანახვა, ამიტომ ამის შესაბამისად ვმოქმედებთ"

18.05.2021 (კავკასიური ჟურნალი)დღეს ჩვენ გვაქვს პატივი, გავესაუბროთ ესტონეთის ელჩს საქართველოსა და სომხეთში - მის აღმატებულებას, რიინა კალიურანდს.  ჩვენი ინტერვიუს ნახვა ან წაკითხვა შესაძლებელია ორ ენაზე. კავკასიური ჟურნალი, ქვემოთ წარმოგიდგენთ ინტერვიუს სრულ ქართულ ტექსტს.

 In English: ინგლისურენოვანი სრული ტექსტი, იხილეთ აქ.
▶ ინტერვიუს ვიდეო ვერსიის სანახავად, დააჭირეთ აქ.

ალექსანდერ კაფკა, კავკასიური ჟურნალის მთავარი რედაქტორი: მოგესალმებით კავკასიური ჟურნალის ვიდეო-ინტერვიუებზე. თქვენ თბილისში, საელჩოს შედარებით ახალი უფროსი ხართ. როგორ შეაჯამებდით, თქვენს შთაბეჭდილებებს?

რიინა კალიურანდი: დიდი მადლობა ამ ინტერვიუზე მოწვევისთვის. მართლაც, მე შედარებით ახალი ვარ, თუმცა ვერ ვიტყვი რომ ცოტა ხნის წინ ჩამოვედი - ეს ცხრა თვის წინ იყო და საკმაოდ რთულ - პანდემიის შუა პერიოდში მომიწია ჩამოსვლა. ასე რომ, ნორმალური სოციალური ცხოვრება, სხვა დიპლომატებთან კომუნიკაცია და ქვეყნის შიგნით მოგზაურობა საკმაოდ ლიმიტირებული და შეზღუდული იყო. შესაბამისად, შეიძლება, ამ დროისთვის, არ გამიკეთებია იმდენი, რამდენის გაკეთებაც მსურდა და არ მიმოგზაურია ქვეყანაში იმდენი, რამდენიც მსურდა, მაგრამ იმედი მაქვს, რომ მალე ქვეყანა გაიხსნება და ამ ყველაფერს გამოვასწორებ, ცოტა მოგვიანებით. 

აკ: მაგრამ, მეორე მხრივ, ეს ძალიან უჩვეულო დროა. ჩვენ ყველამ თვალი უნდა გავუსწოროთ ამ გამოწვევას და ვიყოთ კრეატიულნი. 

რკ: აბსოლუტურად გეთანხმებით, რომ ეს იყო საკმაოდ რთული პერიოდი, და რა თქმა უნდა, ამ ყველაფერმა კრეატიულობაც შეგვმატა. მე ვხედავ, როგორ მივეჩვიეთ ონლაინ, Zoom-ის შეხვედრებს, ვფიქრობ, რომ ყველა ადამიანს, განურჩევლად თაობისა, შეუძლია ყოველდღე რაღაც ახლის სწავლა და საერთო ჯამში, ეს არც ისე ცუდია. მაგრამ, ზოგჯერ, ადამიანური ურთიერთობები გვენატრება, რადგან სანამ საქართველოში ჩამოვიდოდი, მითხრეს, რომ აქ ძალიან ცოცხალი სოციალური ცხოვრება მექნებოდა - კვირაში ერთხელ მაინც იქნებოდა „სუფრა“, და შესაბამისად, პირველ თვეში, მინიმუმ 3-5 კილოგრამს მოვიმატებდი. ამის საპირისპიროდ, მთელი ამ პერიოდის განმავლობაში სულ 5 ვახშამი მქონდა და სტრესის გამო, რამდენიმე კილოგრამიც დავიკელი...

მაგრამ ეს გამოცდილება საინტერესოც იყო. მხოლოდ იმიტომ რომ პანდემიაა, ცხოვრება არ შეჩერებულა; ოქტომბერში საქართველოში ჩატარდა საპარლამენტო არჩევნები, რომლითაც დღემდე ყველა დაკავებულები ვართ და სამწუხაროდ, არც ისე დადებითი კუთხით. დიახ, მოსაწყენი დრო ნამდვილად არ ყოფილა. 

აკ: დარწმუნებული ვარ, ჩვენი ქართველი მკითხველი გაითვალისწინებს, რომ ევროპელ ელჩებს სჭირდებათ... მეტი სუფრა! თქვენ წარმოადგენთ ესტონეთს, როგორც საქართველოში, ასევე სომხეთში, რომლებიც ერთმანეთისგან ძალიან განსხვავდებიან, ბალტიის ქვეყნებისგან განსხვავებით, რომლებიც ტრადიციულად ბევრ საერთო ღირებულებას იზიარებენ. რა არის ესტონეთის ან ბალტიისპირეთის, ჩვენი რეგიონისთვის ყველაზე რელევანტური და სასარგებლო გამოცდილება? 

რკ: დიახ, მართლაც ამ ორ რეგიონს ყოველთვის ერთმანეთს ადარებენ, რადგან ჩვენ, სამი მეზობელი - ესტონეთი, ლატვია, ლიეტუვა - ყველა პატარა სახელმწიფო ვართ და არც თქვენ ხართ დიდი ქვეყნები, ვგულისხმობ, აზერბაიჯანს, სომხეთსა და საქართველოს. მიუხედავად იმისა, რომ მე აზერბაიჯანს არ ვფარავ და მხოლოდ სომხეთსა და საქართველოში ვოპერირებ, შეიძლება ითქვას, რომ ერთი შეხედვით ისინი ძალიან ჰგვანან ერთმანეთს, მაგრამ, სინამდვილეში, არც ისე ბევრი საერთო აქვთ. მათ შეიძლება ჰქონდეთ მსგავსი კულტურა, საჭმელი, ტრადიციები, მუსიკა, ადგილები, განსაკუთრებით მათთვის, ვინც, კარგად არ იცნობს ამ რეგიონის ისტორიასა და გეოპოლიტიკას, მაგრამ ამ ორ ადგილს, პირდაპირ, ნამდვილად არ შევადარებდი ერთმანეთს. 

ჩვენთვის, როგორც ბალტიის ქვეყნებისთვის ძალიან სასარგებლო აღმოჩენა იყო ის, რომ არსებობს სფეროები, სადაც თანამშრომლობა კარგ შედეგს გვაძლევს და ერთ-ერთი ასეთი სფეროა, მაგალითად - კავშირი.  ვფიქრობ, რომ მაშინაც კი, თუ თქვენ გაქვთ მრავალი განსხვავება და სხვადასხვა გეოპოლიტიკური შეხედულებები კავკასიის რეგიონში, თქვენ უსაფრთხოებას ეძებთ სხვადასხვა წყაროდან. მგონია, რომ მაინც არსებობს სექტორები, სადაც შეგიძლიათ თანამშრომლობა და კავშირი ერთ-ერთი მათგანია. ეს გულისხმობს ყველაფერს, გაციფრულებიდან დაწყებული, ლოჯისტიკური საკითხების ჩათვლით, რაც  - ევროპასა და შესაბამისად, მსოფლიოში შესასვლელ კარს გიხსნით. ჩემი აზრით, ეს ასევე ხელს უწყობს ხალხს შორის კომუნიკაციის გაღრმავებას. ჩვენ ესტონეთში, არასდროს გვქონია ლატვიელებთან და ლიეტუველებთან კომუნიკაციის სირთულე, ჩვენ ისტორიის ერთსა და იმავე მხარეს ვეკუთვნით. მაშინ, როდესაც, სომხეთისა და აზერბაიჯანის შემთხვევაში, უზარმაზარი სირთულეები არსებობს, მათი მძიმე, ისტორიული ტვირთიდან გამომდინარე, რაც საერთოდ არ ეხმარება ახალგაზრდა თაობებს. ასე რომ, ვფიქრობ, ნაბიჯ-ნაბიჯ, ნაკლებად სენსიტიური საკითხებიდან დაწყებით, საბოლოოდ, კვლავ შეძლებთ ერთმანეთთან დიალოგის გამართვას. 

აკ: ესტონეთს, ისევე როგორც ჩვენი რეგიონის ქვეყნებს აქვთ საერთო საბჭოთა წარსული და ჩემი კითხვა მდგომარეობს იმაში, თუ რამდენად გეხმარებათ ან ხელს გიშლით ეს ფაქტი? ან იქნებ ამ ფაქტორმა დაკარგა ყველანაირი მნიშვნელობა?

რკ: ჩემი აზრით, ამ მომენტში ისევ გვეხმარება. შედარებით მარტივია იყო ესტონელი ელჩი, ან ზოგადად ესტონელი, საქართველოსა ან სომხეთში, რადგან სწორედ ბევრი თბილი ნოსტალგია და მოგონება არსებობს საერთო საბჭოთა წარსულისა და იმის შესახებ, თუ როგორ მოგზაურობდა ხალხი კავკასიიდან ბალტიის ქვეყნებში და ესტონეთიდან საქართველოსა და სომხეთში. ხალხს ახსოვს, ხალხს მეგობრები ჰყავს. 

ესტონეთში ეს ყველაფერი რაღაც თვალსაზრისით სასაცილოა: ყველა ესტონელი იცნობს მინიმუმ ერთ ფინელს და ჰყავს მინიმუმ ერთი ქართველი მეგობარი. ასე რომ, ვისაც არ უნდა გაესაუბრო, ყველა იცნობს ქართველ და ფინელ ხალხს. რა თქმა უნდა, ბევრ მათგანს ჰყავს მეგობარი საბჭოთა დროიდან, ასე რომ, რაღაც ერთობლივი, სასიამოვნო, ხალხთა ურთიერთდამოკიდებულება მაინც არსებობს. 

აკ: მაგრამ, ეს ასეა უფროსი თაობისთვის?

რკ: ზუსტად. სწორედ ამ საკითხამდე მოსვლა მსურდა. ახალგაზრდა თაობისთვის მომავალში, ვფიქრობ, საერთო საბჭოთა წარსულს დიდი დატვირთვა აღარ ექნება. მათთვის ესტონეთი კიდევ ერთი უცხო ქვეყანა იქნება და ანალოგიურად იქნება, ესტონეთისთვისაც. ახლა, როდესაც მსოფლიო ღიაა და ხალხს აქვს ამდენი შესაძლებლობა და ამდენი სამოგზაურო ადგილი, შესაძლოა საქართველო და სომხეთი არ იყოს ყველაზე ეგზოტიკური ადგილები წასასვლელად. ასე რომ, ჩვენ უნდა ვიპოვოთ სხვა გზები, ახალგაზრდობის მოსაზიდად და ჩვენი ძველი მეგობრობის მემკვიდრეობის გასაგრძელებლად. 

ესტონეთის საგანმანათლებლო სასწავლო პროგრამა განვახორციელეთ 15 ქართულ სკოლაში. ახლა ეს 15 საპილოტე სკოლა თავის მხრივ უტარებს ტრენინგებს 100 სკოლის პედაგოგებს

აკ: არსებობს რაიმე თანამშრომლობის კონკრეტული - მიმდინარე თუ სამომავლო პროექტები, რომელთა შესახებაც გსურთ საუბარი?

რკ: ჩვენ საკმაოდ ბევრს ვაკეთებთ განათლების სფეროში. ვთანამშრომლობთ განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან და 2014 წლიდან მოყოლებული განვახორციელეთ ესტონეთის საგანმანათლებლო სასწავლო პროგრამა 15 ქართულ სკოლაში. ახლა ეს 15 „საპილოტე“ სკოლა თავის მხრივ უტარებს ტრენინგებს 100 სკოლის პედაგოგებს მოსამზადებელ დონეზე და საბოლოოდ, ესტონეთის სასკოლო სასწავლო გეგმა მთლიანად დაინერგება 100 ქართულ სკოლაში. ეს საკმაოდ დიდი ამბავია, რადგან ესტონეთის საგანმანათლებლო სისტემა გამოირჩევა მაღალი ხარისხით [დაწვრილებით ესტონეთის სასკოლო განათლების შესახებ, წაიკითხეთ აქ - CJ].

ჩვენ წინა ხაზზე ვართ, როდესაც საქმე ეხება შედეგებს და ვფიქრობთ, რომ შეგვიძლია რაღაცის შემოთავაზება, რაც ეხება სხვა მრავალ სფეროსაც. მაგალითად, ნორვეგიის მთავრობისა და ესტონელი პროგრამის განმახორციელებლების დახმარებით ჩვენ ახლა ვეხმარებით ადგილობრივ მთავრობებს სხვადასხვა რეგიონში, ვეხმარებით მათ გახდნენ უფრო დამოუკიდებელნი, უკეთ მართონ თავიანთი რესურსები და რეალურად გააძლიერონ ადგილობრივი მმართველობა, ისე, რომ არა ცენტრალური მთავრობა წყვეტდეს ყველაფერს ადგილობრივ დონეზე, არამედ მოხდეს მისი დეცენტრალიზაცია და ამ დეცენტრალიზაციისთვის არსებითი მნიშვნელობის მიცემა. ასევე არსებობს მცირე ზომის პროექტები, რომლებსაც მრავალი სხვა საელჩო ახორციელებს - როგორ გავაძლიეროთ ქალები და წავახალისოთ ისინი საკუთარი ბიზნესის დასაწყებად და როგორ უნდა წავახალისოთ გოგონები, რომ მიაღწიონ თავიანთ ოცნებებსა და მიზნებს და გახდნენ პილოტები ან აკეთონ ნებისმიერი რაიმე სხვა, რაც სურთ. ასე რომ ყველაფერი, სადაც გამოცდილება თავად გვაქვს, შეგვიძლია გავუზიაროთ ჩვენს ქართველ მეგობრებს. 

აკ: ჩემი შემდეგი კითხვა ეხება იმას, თუ რა არის ყველაზე მიმზიდველი ესტონელებისთვის საქართველოსა და სომხეთის შესახებ?

რკ: პირველი, რაც მე და ალბათ, ყველა ესტონელს გვაფიქრდება არის ბუნება - მთები, რა თქმა უნდა ბათუმი და შავი ზღვა, სუფრის, თქვენი მუსიკისა და თეატრის კულტურა.. ქართული ჯაზი დიდი პოპულარობით სარგებლობდა ესტონეთში საბჭოთა პერიოდში - თქვენ იმ დროს ჯაზ-მუსიკაში ერთ-ერთი წამყვანები იყავით - და, რა თქმა უნდა, ძალიან ცნობილი ქართული ბალეტი. ვფიქრობ, ყველა ესტონელმა იცის ამის შესახებ და ყველა ესტონელს უყვარს ის. სასიამოვნო საჭმელი, კარგი ხალხი... ადვილია ესტონელების მოზიდვა საქართველოში, მათი აქ ჩამოსვლა მაშინაც კი, თუ ისინი ახალგაზრდები არიან, რომლებსაც ჯერ კიდევ არ ჰყავთ პირადად მეგობრები. ესტონეთის ტურისტული სააგენტოები აწყობენ საფეხმავლო ტურებს - ცხენოსნობა, კემპინგი და ველოსიპედის ტარება მთებში. ეს ყველაფერი ძალიან კარგია. და ასევე, სომხეთიც - ვგულისხმობ სომხურ კულტურას. ესტონეთში ჩვენ გვყავს მცირე სომხური საზოგადოება, რომელიც ყველაფერს აკეთებს თავისი ქვეყნის პოპულარიზაციისთვის. სომხეთს აქვს ძალიან ძლიერი IT სექტორი, ამიტომ უკვე არსებობს პროფესიული ურთიერთობა ჩვენი და სომხეთის IT სექტორებს შორის. 

ვფიქრობ, აქ ესტონელებს ბევრი რამ იზიდავთ, რადგან თქვენ გაქვთ ყველაფერი, რაც ჩვენ არ გვაქვს. შეიძლება ჩვენ, ცოტა მეტად ორგანიზებულები ვართ, შეიძლება უფრო მეტად წავიწიეთ წინ ჩვენი სამთავრობო სტრუქტურების განვითარებისა და სახელმწიფოს დემოკრატიზაციის კუთხით, მაგრამ არის რაღაცები, რაც ჩვენგან განსხვავებით, გაქვთ თქვენ.









აკ: ჩემი ბოლო შეკითხვა არც ისე გამოსადეგია დიპლომატისთვის, მაგრამ, რადგან თქვენ განსხვავებული პროფესიული გამოცდილება გაქვთ - სამეცნიერო კვლევით ინსტიტუტში- მაინც ვცდი: თუ გსურთ რამე შეცვალოთ ჩვენს ქვეყნებსა ან ჩვენს ორმხრივ ურთიერთობებში, რა იქნებოდა ეს?

რკ: მართლაც, ეს გარკვეულწილად რთული კითხვაა, რადგან დიპლომატის მთავარი მისია არა რაიმეს შეცვლა, არამედ ინფორმაციის შეგროვება და დამუშავებაა. და, შესაძლოა, პირიქით, მე აქ ვარ იმისთვის, რომ მოგაწოდოთ იდეები ან რაიმე სახის შთაგონების წყარო, გაგიზიაროთ ჩვენი მაგალითები და საუკეთესო გამოცდილება, თუ როგორ უნდა გაკეთდეს ესა თუ ის საქმე. 

მაგრამ, ხანდახან ეს დიდწილად მენტალიტეტზეა დამოკიდებული, რადგან ესტონელები, უფრო ჩუმად, გახმაურების გარეშე მოქმედებენ. ჩვენ გვსურს შედეგის დანახვა, ამიტომ ამის შესაბამისად ვმოქმედებთ. ვფიქრობ, ქართველები სიამოვნებას უფრო პროცესით იღებენ. მათ სიამოვნებთ პროცესით ტკბობა. ასე რომ, მე შემიძლია მათ რაიმეს გაკეთება ვთხოვო და ვაჩვენო: ”ეს ძალიან კარგი იდეაა” - მაგრამ მათ უბრალოდ გაეცინებათ და მეტყვიან: „დიახ, რა თქმა უნდა, მშვენიერი იდეაა, მაგრამ ჩვენ ამას იმდენად განსხვავებული გზით გავაკეთებთ, რომ შედეგიც განსხვავებული იქნება“. 

მაგრამ მე მაინც ვფიქრობ, რომ როგორც ინდივიდს, ბევრად მეტი რამის გაკეთება შეგიძლიათ და ის, რისი დანახვაც მსურს საქართველოში უფრო მეტად, სამოქალაქო აქტივიზმია. თქვენ, როგორც მოქალაქეს, ბევრი რამის მიღწევა შეგიძლიათ თქვენი მოსაზრების დაფიქსირებით, თქვენი მთავრობისთვის პასუხის მოთხოვნით, რადგან თქვენ ხმას აძლევთ და ირჩევთ, და შესაბამისად, გაქვთ უფლება ბევრად მეტი მოსთხოვოთ მათ. მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ როგორც მოქალაქე, ასევე პასუხისმგებლები ვართ საკუთარ ბედნიერებასა და წარმატებაზე. და ჩვენ შეგვიძლია ბევრად მეტი გავაკეთოთ; ჩვენ არ უნდა დაველოდოთ მთავრობას, რომ ყველაფერი გააკეთოს ჩვენთვის. 

აკ: ჩემი კითხვები დასრულდა, მაგრამ თუ გსურთ რაიმეს დამატება, გისმენთ.

რკ: მე შემიძლია უბრალოდ დავამატო ამბავი. ეს სასაცილო ისტორიაც არ არის, ეს უბრალოდ ისტორიაა, რომელიც გამახსენდა ჩემი საქართველოში ელჩად დანიშვნის დროს. ამბავი დაიწყო 2008 წელს, საქართველო-რუსეთის ომის შემდეგ, რაშიც ესტონელებიც აქტიურად იყვნენ ჩართულნი პირდაპირი თუ არაპირდაპირი გზით. ამ დროს მე ესტონეთში ვმუშაობდი თავდაცვისა და უსაფრთხოების საერთაშორისო ცენტრში და ძალიან ხშირად განვიხილავდით საქართველოში არსებულ ვითარებას, ხალხი დადიოდა წინ და უკან. მახსოვს, ვიღაცამ ქართული დროშა მოგვიტანა - არც დიდი, არც პატარა - და ეს დროშა ჩემს ოთახში იყო. ჩემს კოლეგას ოთახს ვუზიარებდი და ეს დროშა იქ წლების განმავლობაში დარჩა. როდესაც ახალ შენობაში უნდა გადავსულიყავით, ეს დროშა სულ თან დამქონდა, რადგან ვერ წარმომედგინა, რომ სადმე დამეტოვებინა. მე არ ვაპირებ ამ დროშის გადაგდებას, მშვენიერი დროშაა, ასე რომ, 11 წლის განმავლობაში ვზრუნავდი ამ დროშაზე და ახლა, აქ ვარ. იქნებ ეს ჯილდო იყო?

აკ: ნამდვილად ძალიან სიმბოლურია. ძალიან დიდი მადლობა.

Read the English language version here. ინტერვიუს ვიდეო ვერსიის სანახავად, დააჭირეთ აქ.

კავკასიური ჟურნალი აფასებს თბილისში ნორვეგიის სამეფო საელჩოს მხარდაჭერას ამ ინტერვიუს მომზადებაში.
 

 შეგიძლიათ, მიჰყვეთ, კავკასიურ ჟურნალს შემდეგ ბმულებზე:
Google News  *  Twitter  *  Facebook  *  Medium  *  LinkedIn  *  YouTube  *  RSS