ანიტა ლინდალ ტროსდალი: “მოქალაქეებს შეუძლიათ „დაჩქარებულ ვადებში“ ნებისმიერი საკითხის განხილვა ოსლოს მთავრობასთან, მერის ჩათვლით“

03.12.2020
(კავკასიური ჟურნალი)  კავკასიური ჟურნალი განაგრძობს ინტერვიუების ახალ პროგრამას დასავლეთ ევროპის მაღალი დონის პრაქტიკოსებთან, რომლებიც იზიარებენ ცოდნას ჩვენს რეგიონში არსებულ ყველაზე აქტუალურ სფეროებზე. დღეს ჩვენ ვსაუბრობთ დიდი ქალაქის პრობლემებზე.
 
რამდენად სწრაფად შეიძლება ინდუსტრიული ქალაქის მაღალტექნოლოგიურ ლიდერად გარდაქმნა გარემოს დაცვით საკითხებში? ქალაქის მართვის რა საიდუმლო მექანიზმებია საჭირო? როგორ მონაწილეობენ ამაში მოქალაქეები?

რაიმონდ იოჰანსენი - ევროპის მწვანე დედაქალაქი 2019-ის - ოსლოს მმართველი მერი, დაგვთანხმდა ინტერვიუზე, მაგრამ COVID-ის კრიზისის გამო, ეს ინტერვიუ გადაიდო. მადლობელი ვართ ანიტა ლინდალ ტროსდალის, რომელიც არის ოსლოს, როგორც ევროპის მწვანე დედაქალაქის 2019 წლის პროექტის მენეჯერი მერიაში, რომელმაც შემოგვთავაზა პასუხი ჩვენს კითხვებზე.
   
 
Read the original interview in English here.
 
ალექსანდერ კაფკა, კავკასიური ჟურნალის მთავარი რედაქტორი: 2019 წელს ქალაქ ოსლოს მიენიჭა ევროპის მწვანე დედაქალაქის წოდება. გილოცავთ! როგორ ფიქრობთ, ოსლოს გამწვანება თქვენი ყველაზე მნიშვნელოვანი მიღწევაა?

ანიტა ლინდალ ტროსდალი: მე ძალიან ვამაყობ ოსლოს ყველაზე ევროპული მწვანე დედაქალაქის ტიტულით. ეს არის მოქალაქეების, კომპანიებისა და საჯარო სექტორის გრძელვადიანი ძალისხმევის შედეგი. მე მჯერა, რომ ოსლოში პოლიტიკოსებმა ორი-სამი ათწლეულის განმავლობაში ბევრი კარგი გადაწყვეტილება მიიღეს. დროთა განმავლობაში ჩვენ ვხედავთ კარგ შედეგებს გარემოს დაცვის მიმართულებით. ავტობუსები უფრო ხშირად მოძრაობენ, მანქანების მოძრაობა მცირდება და ჰაერიც უფრო სუფთაა. სათბურის გაზების ემისიების კლება შეინიშნება და ინვესტიცია ხორციელდება სწორედ იმის უზრუნველსაყოფად, რომ კიდევ უფრო შემცირდეს. მწვანე პოლიტიკის გარდა, მე ძალიან ვამაყობ, რომ ოსლო არის ნორვეგიაში შექმნილი ყოველი მეოთხე ახალი მწვანე სამუშაოს სამშობლო . ნამდვილი მდგრადი ქალაქი უნდა იყოს მწვანე, სოციალურად გამჭვირვალე და ეკონომიკურად სიცოცხლისუნარიანი.

გასადიდებლად დააჭირე
ა.კ.: ჰაერის ხარისხი ძალიან მნიშვნელოვანი საზრუნავია სამხრეთ კავკასიის რეგიონის დიდი ქალაქებისთვის. დიაგრამაზე შეგიძლიათ ნახოთ, თუ როგორ დარდება საქართველო, სომხეთი და აზერბაიჯანი გლობალური გარემოსდაცვითი მაჩვენებლების ინდექსში (EPI) ერთმანეთთან და ნორვეგიასთან. სწორად მესმის, რომ თქვენი მუნიციპალიტეტი არის იურიდიულად პასუხისმგებელი ქალაქში ჰაერის მაღალი ხარისხის შენარჩუნებაზე? თუ ჰაერის დაბინძურება გარკვეულ დონეს მიაღწევს, ეს ნიშნავს რომ დანაშაული ჩაიდინეთ?

ა.ლ.ტ.: ნორვეგია იურიდიულად პასუხისმგებელია ევროკავშირის ჰაერის ხარისხის დირექტივის შესაბამისად. მუნიციპალიტეტები წარმადგენენ ორგანოს, რომელიც ახორციელებს მრავალ ღონისძიებას ჰაერის ხარისხის შენარჩუნებასთან მიმართებით. 2015 წელს EFTA სასამართლომ დაადგინა, რომ ნორვეგიამ ვერ შეასრულა თავისი ვალდებულებები. როგორც ასეთი, სასჯელი არ არის, მაგრამ მთავრობამ უნდა გააძლიეროს ქმედებები მდგომარეობის გამოსასწორებლად. 2015 წლიდან ეროვნულმა და ადგილობრივმა ძალისხმევამ ხელი შეუწყო ოსლოში ჰაერის ხარისხის მნიშვნელოვნად გაუმჯობესებას.

ნორვეგია პასუხისმგებელია ევროკავშირი- EFTA სისტემის მიმართ, მაგრამ ეროვნული კანონი გამოიყენება ყველა მუნიციპალიტეტისთვის. ამიტომ ოსლო პასუხისმგებელია ევროკავშირის საზღვრებში დარჩენაზე, მაგრამ ნორვეგიამ უნდა უპასუხოს ევროკავშირი- EFTA სისტემას, თუ ადგილი აქვს რამე ტიპის დარღვევას. თუ ოსლოს ჰაერის ხარისხი უარესდება, მუნიციპალიტეტი არღვევს კანონს - მაგრამ საბოლოოდ ეს არის სახელმწიფო, რომელიც პასუხს აგებს ნორვეგიის ყველა დარღვევაზე. გასაგებად არის გადმოცემული სათქმელი?

ა.კ. დიახ, გასაგებია, მადლობთ. შეგიძლიათ, შეაჯამოთ რას ნიშნავს მწვანე კაპიტალი? რა გაკეთდა ამ ტიტულის მოსაპოვებლად?

ა.ლ.ტ.: ეს ჯილდო არის ოსლოში შესრულებული გრძელვადიანი მდგრადი მუშაობის დიდი აღიარება. იგი მოიცავს 12 სხვადასხვა სფეროს და ოსლო შეფასდა არსებული მდგომარეობის, ბოლო 5-10 წლის მუშაობისა და სამომავლო გეგმების შესაბამისად. აგალითად:

·         ოსლოს აქვს მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ამბიციური კლიმატის სტრატეგია და შემოიღო კლიმატის ბიუჯეტი, რომელიც წარმოადგენს ჩვენი კლიმატის მიზნების მისაღწევად ერთგვარ საგზაო რუქას.

·         ოსლომ შეამცირა მანქანების მოძრაობა, ერთდროულად გააძლიერა საზოგადოებრივი ტრანსპორტი და ხელი შეუწყო ფეხით სიარულსა და ველოსიპედით გადაადგილებას. ჩვენ ასევე გვაქვს ელექტრომობილების ერთ-ერთი უდიდესი ბაზარი, სადაც გაყიდული ახალი მანქანების თითქმის 60% სრულად ელექტროენერგიაზეა.

·         ოსლომ მოახერხა ნარჩენების რესურსებად გადაკეთება ინოვაციური და ეფექტური გადამუშავების სისტემის საშუალებით.

·         ოსლომ გააუმჯობესა ხალხისთვის რეკრეაციულ ადგილებზე, მწვანე ადგილებზე, მდინარეებსა და ფიორდზე ხელმისაწვდომობა.

·         ოსლომ შეინარჩუნა თავისი ბუნება და ბიომრავალფეროვნება ქალაქის ცენტრში და მის გარშემო, ათწლეულების განმავლობაში მასიური ურბანული განვითარების გზით.

·         ოსლომ ხელახლა გახსნა წყლის გზები ქალაქის ზრდის შედეგად, რაც ქალაქს საშუალებას მისცემს უკეთესად მართოს ქარიშხალი უფრო ხშირი და ძლიერი ნალექების ფონზე - ღონისძიებები, რომლებიც ასევე უზრუნველყოფს ხალხს ახალი რეკრეაციული ზონებით, ხოლო მცენარეებსა და ცხოველებს - ახალი ჰაბიტატებით.

ა.კ. ჩვენ ვიცით, რომ ნორვეგია საკმაოდ მდიდარი ქვეყანაა. ბევრი მიიჩნევს, რომ მხოლოდ მდიდარ ქვეყანას შეუძლია მოახდინოს ასეთი ტრანსფორმაცია დედაქალაქში. ეთანხმებით ამ მოსაზრებას?
 
ჩვენი კლიმატის ბიუჯეტი წარმოადგენს გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების მმართველობით ინსტრუმენტს და მისი გამოყენება შეუძლია ყველა მუნიციპალიტეტს. ახლა ჩვენ ვმუშაობთ, რომ ეს მეთოდოლოგია გავუზიაროთ მსოფლიოს სხვადასხვა ქალაქებს.

ა.ლ.ტ.: ჩვენ გაგვიმართლა ოსლოსა და ნორვეგიაში, რომ გვაქვს მყარი და სტაბილური ეკონომიკა. ამასთან, ყველა ღონისძიება არ ეხება ინვესტიციებს და მე მჯერა, რომ შეიძლება ძალიან ეკონომიური იყოს, მაგალითად, კანალიზაციისა და ნარჩენების გამოყენება ენერგიის შესაქმნელად, ენერგო ეფექტური გადაწყვეტილებების მიღება ენერგიის ხარჯების შესამცირებლად, ქალაქში პარკებსა და მცენარეებთან დაკავშირებული სამუშაო სპეციფიკის ცვლილება- მწერებისათვის უკეთესი გარემო იქმნება და ხარჯებსაც ზოგავს. ჩვენი კლიმატის ბიუჯეტი წარმოადგენს მმართველობით ინსტრუმენტს, რომლის მიხედვითაც ემისიების იდენტიფიცირებაა შესაძლებელი, რამდენით უნდა შემცირდეს, რომელი სააგენტოს მიერ და რის ფასად. ეს არის გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების ინსტრუმენტი და ის შეუძლია გამოიყენოს ყველა მუნიციპალიტეტმა. ახლა ჩვენ ვმუშაობთ, რომ ეს მეთოდოლოგია გავუზიაროთ მსოფლიოს დედაქალაქებს.

ა.კ. შეგიძლიათ დაასახელოთ სამი ძირითადი მამოძრავებელი ძალა, რომლებიც საჭიროა ეკოლოგიური მდგომარეობის მკვეთრად გაუმჯობესებისთვის? ოსლოს შემთხვევაში, რა იყო მთავარი მასტიმულირებელი - ნამდვილად ცუდი გარემო ვითარება, თუ ახალი თაობის ეკოლოგიური ცნობიერება?

ა.ლ.ტ.: ვფიქრობ, ორივე ერთად. ჩვენ უნდა გავაუმჯობესოთ ქალაქი ხალხისთვის ხელმისაწვდომობის, მოძრაობის მენეჯმენტის, ნავსადგურისა და მდინარეების ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესების თვალსაზრისით. რასაც ახლა ჩვენ ვხედავთ, არის მოწოდება ახალგაზრდა თაობის მხრიდან და კლიმატის კრიზისის შესახებ ცნობიერების ამაღლება. ეს გზას უხსნის ადრინდელთან შედარებით, კლიმატისა და გარემოსდაცვითი ღონისძიებების პრიორიტეტულობის ამაღლებას.

აკ:  „სუფთა ჰაერი”,”სუფთა ენერგია” არის თანამედროვე ტენდენციური ტერმინები, რომლებიც პოლიტიკოსებმა გამოიყენეს პოპულარობის მოსაპოვებლად. ზოგჯერ არჩევნები მთავრდება და პრაქტიკული შედეგი არ დგება. რა ვარიანტები აქვს მოსახლეობას ასეთ შემთხვევაში? როგორ შეუძლია ხალხს გადაწყვეტილების მიმღებ პირებს მოსთხოვონ დანაპირების შესრულება? თუ დაელოდონ შემდეგ არჩევნებს?

ა.ლ.ტ.: მე ვერ ვილაპარაკებ პოლიტიკოსების მაგივრად. მე მჯერა, რომ დემოკრატიული არჩევნები მთავრობის გამჭვირვალობასთან ერთად, დაეხმარება მოქალაქეებს პასუხი მოსთხოვონ ხელისუფლების წარმომადგენლებს. თუ ქალაქის საქმიანობა გამჭვირვალეა და პრესა ადგილობრივი პოლიტიკის განვითარებას მიჰყვება, მოქალაქეებს შეუძლიათ გამოიყენონ თავიანთი დემოკრატიული უფლებები, რომ პოლიტიკოსებს პასუხი მოსთხოვონ დანაპირების შეუსრულებლობის შემთხვევაში. მაგალითად, კლიმატის ბიუჯეტი იძლევა გამჭვირვალობას მიზნებისა და პროგრესის შესახებ. თუ პროგრესი არ არის, შეუძლებელია ამის დამალვა.

ა.კ. მოდით ვისაუბროთ უფრო მეტი მოქალაქე-მთავრობის ურთიერთქმედებაზე. აქვს თუ არა ოსლოს სპეციალური მექანიზმები ან საკუთარი ნოუ-ჰაუ მოსახლეობასა და ქალაქის მთავრობას შორის ურთიერთქმედების გაუმჯობესების მიზნით? თუ კი, არის თუ არა ისინი სპეციფიკური ნორვეგიისთვის, თუ შეიძლება მათი გამოყენება სხვაგან?

ა.ლ.ტ.: არსებობს მრავალი სხვადასხვა გზა, რომლითაც მოქალაქეებს შეუძლიათ ურთიერთქმედება ქალაქის მთავრობასა და საკრებულოში. ზოგადად, მაღალია გამჭვირვალობა. კორესპონდენციებისა და დოკუმენტების უმეტესობა საჯაროდ ხელმისაწვდომია ინტერნეტით. საკრებულოს სხდომები ღიაა და კითხვების საათი ყოველთვის გადაიცემა ინტერნეტის საშუალებით. მოქალაქეთა ჯგუფებმა შეიძლება მოითხოვონ იმ კომიტეტის წარდგენა, რომელიც შესაბამის საქმეს განიხილავს. მიმდინარეობს საჯარო განხილვები მნიშვნელოვან გეგმებზე. მუნიციპალური გეგმის ბოლო გადასინჯვისას ჩვენ შევეცადეთ საზოგადოებასთან ურთიერთობის ახალი გზები გამოგვეყენებინა. ყველა მოქალაქემ მიიღო ტექსტური შეტყობინება, დოკუმენტის ბმულითა და პოლიტიკოსებთან შეხვედრის მოწვევა. ასევე, ადგილობრივი სემინარები ჩატარდა სხვადასხვა ქალაქის რაიონებში. ეს ის სფეროა, რომლის გაუმჯობესებასაც მუდმივად ვცდილობთ.
 
მოქალაქეებს შეუძლიათ დაჩქარებული ვადებით ნებისმიერი საკითხის განხილვა ოსლოს მთავრობასთან, მერის ჩათვლით. მათ ეძლევათ რამდენიმე წუთი მთავრობის იმ წარმომადგენელთან გასაუბრებისთვის, რომელთანაც სურთ.

ა.კ. „დაჩქარებული თარიღის სტილის“ შეხვედრები პოლიტიკოსებთან საკმაოდ ინოვაციურად ჟღერს. იქნებ უფრო დაწვრილებით გაგვაცნოთ ეს პრაქტიკა? რომელი დონის პოლიტიკოსები შეიძლება "მოიწვიონ" ასე? რა ეფექტურობა აქვს "პოლიტიკოსებთან სწრაფ შეხვედრას"?

ა.ლ.ტ.: აქ მოცემულია ზემოთხსენებული პროცესის ფოტოსურათი - ქალაქის მთავრობის ყველა წევრი, მმართველი მერის ჩათვლით - ის მაგიდის მარცხენა მხარეს არის. მოქალაქეები რიგში დგებოდნენ მათთან გასაუბრებისთვის. მათ რამდენიმე წუთი ეძლევათ მათთვის სასურველ პირთან სასაუბროდ და მაგიდის მარჯვენა მხარეს სხდებიან. შეუძლიათ დასვან ნებისმიერი კითხვა ან წამოჭრან მათთვის მნიშვნელოვანი საკითხი.

ა.კ. მართლაც ძალიან საინტერესო პრაქტიკაა! ამასთან დაკავშირებით, შემიძლია დაგისვათ ჩვენი მკითხველი, ბ-ნ თემურის კითხვა? (ჩვენს მკითხველებს ვთხოვეთ, თავად შემოგთავაზონ საკუთარი შეკითხვები). ”როდესაც თქვენს მოქალაქეს ექმნება პრობლემა, მაგალითად ცუდად გაჩერებული მანქანა, რომელიც კეტავს საფეხმავლო ბილიკს, როგორ მოქმედებს ის? ურეკავს ქალაქის ცხელ ხაზს, პოლიციას, თუ არაფერს აკეთებს, დროის დაზოგვის მიზნით?”


ა.ლ.ტ.: არა მგონია, ჩვეულებრივ პოლიციას დავურეკოთ ცუდად გაჩერებული მანქანის გამო. მაგრამ ნორვეგიაში ჯარიმები იმდენად მაღალია, რომ უმეტესობა ცდილობს წესების დაცვით გააჩეროს ავტომობილი. სხვა საკითხებისათვის ჩვენ გვაქვს აპლიკაცია, სახელწოდებით Bymelding (Cityreport), სადაც მოქალაქეებს შეუძლიათ აღნიშნონ რუკაზე კონკრეტული ადგილმდებარეობა, დაამატონ სურათი და აღწერა იმ ადგილების, სადაც ქუჩაში ორმოებია, ქუჩის განათებები არ მუშაობს, ნარჩენების კონტეინერები ან აბრები გატეხილია, სკამები დაზიანებული ან ბინძური, ხეები, რომლებიც ხელს უშლის მხედველობას ან გადასასვლელ ნაწილს და მრავალი სხვა. ამის შემდეგ შეატყობინებენ მუნიციპალიტეტში არსებულ შესაბამის სააგენტოს, რომ არსებულ პრობლემას ეფექტურად გაუმკლავდნენ.

ა.კ.  გმადლობთ - ასევე მინდოდა მეკითხა მობილური აპლიკაციების შესახებ, რომლებიც ხელმისაწვდომია ოსლოს მაცხოვრებელთათვის. ზოგადად, არსებობს თუ არა რაიმე მობილურის ხელსაწყოები ნორვეგიის მოქალაქეთათვის, რომლებიც ხელს უწყობენ საზოგადოებრივი ინიციატივების შემოთავაზებას, პრობლემების შესახებ შეტყობინებას ან არაპირდაპირი გზით ხმის მიცემას?

ა.ლ.ტ.: ზემოთ ნახსენები აპლიკაცია საშუალებას აძლევს მოქალაქეებს განაცხადონ სხვადასხვა პრობლემების შესახებ. ჩვენ ასევე გვაქვს აპლიკაცია, რომელსაც "ოსლოს გასაღები“ ეწოდება და რომელიც გახსნის საათების შემდეგ წვდომას იძლევა გადამუშავების სადგურებზე, ბიბლიოთეკასა და ა.შ. ჩვენ არ გვაქვს აპლიკაციები ხმის მიცემისა და მსგავსი პროცესებისთვის.

ა.კ.  ჩვენ მივიღეთ ინფორმაცია ელექტრულ ბორნებზე, ელექტრო ავტობუსების, მანქანებისა და ტრანსპორტის შეზღუდულ წვდომაზე ქალაქის ცენტრში. არსებობს რაიმე სხვა გადაწყვეტილებები, რომლითაც განსაკუთრებით ამაყობთ? მიწოდება დრონების საშუალებით, ან რობოტიზებული ტაქსი?

ა.ლ.ტ.: ახლა ჩვენ გვაქვს 76 ელექტრო ავტობუსი ოსლოში, 115 - რეგიონის ჩათვლით, 2 ელექტრო ბორანი და სტაბილურად იზრდება ელექტრომობილებისა და ფურგონების გაყიდვები. ჩვენ ასევე ვტესტავთ ავტონომიურ (ელექტრო) ავტობუსებს, რადგან გვჯერა, რომ ისინი შეიძლება გახდნენ ჩვენი საზოგადოებრივი ტრანსპორტის მნიშვნელოვანი დანამატი. ავტონომიური ავტობუსები იმართება მძღოლის გარეშე. (იხილეთ ფოტო; დამატებითი ინფორმაცია  იხილეთ).

კიდევ ერთი სისტემა, რომელიც ახლა ტესტირებაშია, უფრო გონივრული ლოგისტიკური სისტემაა, რომლითაც იგივე სატვირთო მანქანები აწვდიან პაკეტებს ქალაქის ცენტრში და იღებენ მშრალ ნარჩენებს უკან დასაბრუნებლად. ეს ზოგავს მოგზაურობის დროს და CO2- ს გამოყოფას ქალაქის ცენტრში.

ა.კ. ოსლო მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე ძვირადღირებული ქალაქია. მოიტანა თუ არა გამწვანების პროცესმა დამატებითი ხარჯები ხალხისთვის? ალბათ უფრო მაღალია პარკირების საფასური ან კომუნალური გადასახადები? თუ ცხოვრება მართლაც გაიაფდა?

ა.ლ.ტ.: სივრცე ოსლოში მწირია და ყოველი კვადრატული მეტრი ძალიან ძვირია. საზოგადოებრივი სივრცე საზოგადოებრივი სიკეთეა და ამიტომ მხოლოდ იმ ადგილებში არსებობს საკმაოდ ძვირადღირებული პარკინგი, სადაც საზოგადოების ინტერესს წარმოადგენს ავტომობილების შემცირება. ასევე გაიზარდა ოსლოს მიმდებარე ტერიტორიაზე საპარკინგე სისტემის გადასახადი. ამის სანაცვლოდ, ადამიანები უკეთეს საზოგადოებრივ ტრანსპორტს, ველოსიპედების ინფრასტრუქტურასა და უფრო მეტ ადგილს იძენენ ქალაქში სხვა საქმიანობებისთვის, რესტორნები, სათამაშო მოედნები და ა.შ.

ა.კ.  როგორ შეიცვალა თქვენი ცხოვრება, რა განსხვავებას გრძნობთ თქვენ, როგორც მწვანე ქალაქში მცხოვრები და მომუშავე ადამიანი? და თუ არის ისეთი რამ, რისი დამატებაც გსურთ, რაიმე მესიჯი, რომელიც გინდათ რომ ჩვენს მკითხველს გაუგზავნოთ, გისმენთ.

ა.ლ.ტ.: როგორც მოქალაქე, სიამოვნებით ვსარგებლობ, როგორც საზოგადოებრივი ტრანსპორტის სისტემის ეფექტურობით, ქალაქის კულტურულ ცხოვრებაზე, ბუნებისა და რეკრეაციული ზონებზე მარტივი ხელმისაწვდომობით. ვგრძნობ, რომ ჰაერი უფრო სუფთაა და შიდა ნავსადგურშიც კი შემიძლია ცურვა. ვფიქრობ, რომ თუ ჩვენ მოვახერხებთ ხალხისთვის ყველაზე სახარბიელო - მწვანე არჩევანის გაკეთებას, ისინი ამ არჩევანს ამჯობინებენ, მიუხედავად იმისა იქნებიან თუ არა დარწმუნებული გადაწყვეტილების მიზანში. არ აქვს მნიშვნელობა, რატომ აკეთებენ ადამიანები მწვანე არჩევანს, მანამ სანამ ეს სწორ მოქმედებას შეუწყობს ხელს.

ა.კ. დიდი მადლობა თქვენი შესანიშნავი შეხედულებების გაზიარებისათვის!

Read the original interview in English here.

კავკასიური ჟურნალი აფასებს თბილისში ნორვეგიის სამეფო საელჩოს მხარდაჭერას ამ ინტერვიუს მომზადებაში.
 

 
შეგიძლიათ, მიჰყვეთ, კავკასიურ ჟურნალს შემდეგ ბმულებზე:
Google News  *  Twitter  *  Facebook  *  Medium  *  LinkedIn  *  YouTube  *  RSS

კავკასიური ჟურნალის ელექტრონული ფოსტით გამოწერის მოთხოვნისთვის, შეიყვანეთ თქვენი ელ-ფოსტის მისამართი აქ: