პეტრ სტუდნიჩკა: „ევროპული ინტეგრაცია განაპირობებს საქართველოში მეტ ტურისტს, ხანმოკლე მოგზაურობებსა და მაღალ მოთხოვნებს მომსახურების ხარისხზე“

10.04.2024 (Caucasian Journal). რას მოუტანს ევროკავშირში ინტეგრაცია ადამიანებსა და ინდუსტრიებს საქართველოში? ჩვენს ახალ ინტერვიუების სერიაში ევროკავშირის ექსპერტები სხვადასხვა სფეროდან იზიარებენ თავიანთ შეხედულებებს. დღევანდელი აქცენტი ტურიზმსა და სტუმართმოყვარეობაზეა.

Petr Studnicka
ჩვენი დღევანდელი სტუმარია დოქტორი პეტრ სტუდნიჩკა, პრაღის საუნივერსიტეტო კოლეჯის სასტუმროებისა და ტურიზმის მართვის დეპარტამენტის ხელმძღვანელი. როგორც ტურიზმის სექტორის ერთ-ერთი წამყვანი ჩეხი ექსპერტი, ის გახლავთ ტურიზმის მეცნიერ ექსპერტთა საზოგადოების, ჩეხეთის რესპუბლიკის სასტუმროებისა და რესტორნების ასოციაციის, ჩეხეთის გასტრონომიული ინსტიტუტისა და ტურიზმთან დაკავშირებული სხვა ასოციაციებისა და ჟურნალების საბჭოს წევრი.

ასევე გვსურს მადლობა გადავუხადოთ City Hotels-ის დირექტორს, Tbilisi Chambers Trademark Collection by Wyndham-ს გენერალურ მენეჯერს ნინო ნებიერიძეს, კითხვებისა და კომენტარებისათვის, რაც დაგვეხმარა პროფესიონალებისათვის კიდევ უფრო ღირებული სტატიის შექმნაში.

▶ In English: ინგლისური ვერსია წაიკითხეთ აქ.


ალექსანდე კაფკა, კავკასიური ჟურნალის მთავარი რედაქტორი: ძვირფასო პეტრ, კეთილი იყოს თქვენი მობრძანება კავკასიურ ჟურნალში. როგორც ვიცი, უკვე ნამყოფი ხართ საქართველოში, რომელიც გასულ წელს გახდა ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყანა. ჩვენი ქვეყნისათვის ტურიზმი უმნიშვნელოვანესი დარგია. აქედან გამომდინარე, გვსურდა, ეს ინტერვიუ მიგვეძღვნა ჩეხური გამოცდილებისათვის, რომელიც მეტად აქტუალური ხდება ევროკავშირთან მომავალი დაახლოების თვალსაზრისით. თავდაპირველად მინდა დაგისვათ ზოგადი კითხვა: რა სარგებელს იღებენ ტურიზმზე ორიენტირებული ქვეყნები ევროკავშირში გაწევრიანებით?

პეტრ სტუდნიჩკა: ევროკავშირში გაწევრიანება პოზიტიურად აისახება ეკონომიკაზე. მოსახლეობის, საქონლის, მომსახურებისა და კაპიტალის თავისუფალი გადაადგილება სასარგებლოა ტურიზმის განვითარებისათვის. ეს წარმოადგენს დაახლოებით 450 მილიონ მოსახლეს მთლიან ბაზარზე. შენგენის ზონაში გაერთიანებას უაღრესად დადებითი გავლენა აქვს. ჩეხეთი ევროკავშირის წევრი ქვეყანა 2004 წელს გახდა, 2007 წელს კი შევუერთდით შენგენის ზონას. წინ გვაქვს ევროს მიღება და ევროზონაში შესვლა. ჩეხეთის რესპუბლიკას მოუწევს გარკვეული დროით ლოდინი, ეს იქნება პოლიტიკური გადაწყვეტილება. ევროკავშირში გაწევრიანებით სახელმწიფო ასევე იღებს ფინანსურ სახსრებს ევროკავშირის რესურსებიდან, რომელიც შესაძლებელია შეძლებისდაგვარად გამოყენებულ იქნას ტურიზმის მხარდასაჭერად (მაგ. საფრთხის ქვეშ მყოფ ტერიტორიებზე ტურიზმის განვითარება, ტურიზმის პროცესის გაციფრულება). 

აკ:  როგორ შეაფასებდით ჩეხეთის ტურიზმის სექტორის განვითარებას ევროკავშირში გაწევრიანების შემდგომ (2004წ)?

პს: 2004-2019 წლებში ჩეხეთის რესპუბლიკის ტურიზმი დინამიურად ვითარდებოდა. 2020-2021 წლებში კოვიდ-პანდემიამ ფატალურად ნეგატიური გავლენა მოახდინა პროცესზე. ტურისტული სააგენტოების რაოდენობა შესამჩნევად შემცირდა, მეტწილად ტურიზმის ინდუსტრიაში მოთხოვნის თავისებურებებიდან გამომდინარე. გრძელვადიანი მოგზაურობებისთვის ღამისთევის საშუალო რაოდენობა შემცირდა 4 დან 2,5 დღემდე, მიუხედავად ამისა, ზოგადად ღამისთევების რაოდენობა მზარდია (წლის განმავლობაში 30 მილიონიდან 56 მილიონამდე). ბოლო წლებში, შიდა ტურიზმი მნიშვნელოვნად მზარდია. 2022 წელს,  რეკორდული თანხის, 1.46 მილიარდი CZK (58 მილიონი ევრო) ამოღება მოხდა შიდა ტურისტული გადასახადის სახით (ტურისტული მოსაკრებელი), საიდანაც დედაქალაქ პრაღის წილი 800 მილიონს  CZK (32 მილიონი) შეადგენდა. ონლაინ პლატფორმები და ბინებში განთავსება, განსაკუთრებით Airbnb, კონკურენციის ახალ ფორმად ჩამოყალიბდა. 

აკ:  ვფიქრობ, 2004 წლიდან ტურიზმის სექტორში მომხდარი ცვლილებების გარკვეული ნაწილი ევროკავშირში გაწევრიანების პირდაპირი შედეგი უნდა იყოს. აქედან გამომდინარე, პროცესი შესაძლოა გარკვეულწილად ტიპიური და მსგავსი იყოს ისეთი ქვეყნებისათვის, როგორიც საქართველოა, რომელიც იგივე გზას ადგას. შეგიძლიათ ისაუბროთ იმ შედეგებზე, რამაც ყველაზე დიდი გავლენა მოახდინა ტურიზმის სექტორზე- როგორც დადებითი, ასევე უარყოფითი?

პს: ჩეხეთის რესპუბლიკის ევროკავშირში შესვლასთან დაკავშირებით, ეროვნული კანონმდებლობის ევროკავშირის კანონმდებლობასთან ჰარმონიზება უნდა მომხდარიყო. აუცილებელია ახალი გზამკვლევების და რეგულაციების დაცვა (მაგ: კომპენსაცია ტრანსპორტის დაგვიანებისათვის, საკვებსა და სასმელზე ალერგენების მარკირება, მოკლევადიანი ქირავნობის რეგულირება, მინიმალური ანაზღაურების წესები). არსებობს მცდელობა, რომ გარკვეული გეგმები გავრცელდეს უფრო მაღალ ტერიტორიულ დონეზე (მაგ: HOTREC - გასტრონომიაში ერთჯერადი გამოყენების პლასტმასის შეზღუდვა, ტურისტების განსახლებისთვის ონლაინ პლატფორმების გამოყენების მოთხოვნა, Hotelstars კავშირის მიერ განთავსების ობიექტების საერთაშორისო სერტიფიცირება). მნიშვნელოვანი საკითხებია ციფრული გადასახადი, გაციფრულება, ციფრული აქტი (მაგ. Booking.com). 

აკ:  აქამდე ვსაუბრობდით ზოგადად ტურიზმის ინდუსტრიაზე. თუ შეგიძლიათ დააკონკრეტოთ შედეგობრივი განსხვავებები- მსხვილი ბიზნესისათვის (როგორიცაა სასტუმროების ქსელები) და საშუალო/მცირე ბიზნესისათვის? 

პს: კანონმდებლობის კუთხით ფუნდამენტური განსხვავებები საწარმოს ზომასთან მიმართებაში არ არსებობს. თუმცა, მართალია, რომ ძლიერმა მოთამაშეებმა ისარგებლეს კოვიდ-პანდემიით. მაგალითად, ოპერაციების რეკონსტრუქციისა და ახალი კომპლექსების მშენებლობების დასაწყებად. სფეროში აშკარად დომინირებენ მიკრო, მცირე და საშუალო ბიზნესები (90 % -ზე მეტი) და ისინი ბევრად უფრო მეტად არიან მიდრეკილნი „რუხი“ ეკონომიკისადმი (შავი სამუშაო, გადასახადების ოპტიმიზაცია), რაც დამახასიათებელია განთავსებისა და კვების სფეროსათვის. 

აკ:  წარმოვიდგინოთ, რომ ვარ საოჯახო სასტუმროს ან რესტორნის მფლობელი მთიან საქართველოში, რას უნდა ველოდო პრაქტიკული თვალსაზრისით ევროკავშირში ინტეგრაციისაგან? 

პს: გამარტივებული ხელმისაწვდომობა, მეტი ტურისტი, მაღალი მოთხოვნა სერვისის ხარისხის გაუმჯობესებაზე, შემცირებული დარჩენის დღეების რაოდენობა. პროდუქტი უნდა იყოს სპეციფიური და უნიკალური, რათა უზრუნველყოს გამოცდილების შექმნა წარმატების მიღწევის მიზნით უზარმაზარ კონკურენციის პირობებში. 

კონკურენციის გაზრდა აუცილებლად მოხდება. ჩეხეთის რესპუბლიკაში საშუალო ხელფასი მუდმივად მზარდია.

აკ:  და, ვთქვათ, ვარ ინდუსტრიაში თვითდასაქმებული გიდი, ან დაქირავებული თანამშრომელი. უნდა ველოდო უკეთეს შემოსავალს და მეტ მომხმარებელს?  ან იქნებ უფრო მაღალ გადასახადსა და სასტიკ კონკურენციას? 

პს: ზოგადად, შეიძლება ითქვას, რომ სახელმწიფოები თავად არეგულირებენ ამ საკითხს. ევროკავშირი მხოლოდ გარკვეულ ბარიერებს ადგენს. კონკურენციის გაზრდა აუცილებლად მოხდება. დადგენილია მინიმალური ხელფასის პარამეტრები. ჩეხეთის რესპუბლიკაში საშუალო ხელფასი მუდმივად მზარდია ( 2004 წელს- 18.035 CZK [715 ევრო], 2023 წელს კი 43.341  [1.715 ევრო] CZK). 

აკ:  შეგვიძლია ვისაუბროთ უფრო კონკრეტულად ტურიზმის სექტორში ხელფასებისა და ფასების დინამიკაზე? დარწმუნებული ვარ, ყველა ტენდენცია ჩეხეთის შემთხვევაში არ შეიძლება დავუკავშიროთ ევროკავშირში ინტეგრაციის ეფექტს. თუმცა, შეგიძლიათ დაასახელოთ რაიმე ფაქტორი, რომელიც შესაძლოა აქტუალური იყოს საქართველოსათვის? უნდა ელოდონ ქართველები შემოსავლის ზრდას? 

პს: ხელფასების ზრდა შესაძლოა პირდაპირ კავშირში არ იყოს ევროკავშირში გაწევრიანებასთან. თუმცა, ზრდა აშკარაა, მიუხედავად საცხოვრებელი და კვებითი მრეწველობის ყველაზე დაბალი საშუალო ხელფასის მაჩვენებლისა გრძელვადიან პერსპექტივაში ეროვნულ ეკონომიკაში (CZK 13,434 [EUR 530] in 2004, CZK 25,731 [EUR 1,015] in 2023). 

აკ: ევროკავშირში გაწევრიანებამ მოუტანა თუ არა ჩეხეთის ტურიზმისა და სტუმარ-მასპინძლობის სექტორს რაიმე სახის საგადასახადო შეღავათი ? ან  სხვა რაიმე კონკრეტული შეღავათი ამ სფეროში დასაქმებულ პირებს? 

პს: ზოგადად, ევროკავშირში არ ხდება ორმაგი დაბეგვრა. მაგალითისათვის, ტრანსსასაზღვრო ტრანსპორტი (ავიაბილეთები, მატარებლისა თუ ავტობუსის საერთაშორისო ბილეთები) გათავისუფლებულია დღგ-ს გადასახადიდან. წინააღმდეგ შემთხვევაში, გადასახადები ეკისრება ცალკეულ წევრ სახელმწიფოს. ამასთანავე, მაგალითისათვის ჩეხეთის რეპუბლიკაში რეკომენდირებულია ეს სერვისები მოიცავდეს დღგ-ს შემცირებულ განაკვეთს ისეთი ინტენსიური შრომითი სერვისებისათვის, როგორიცაა სასტუმროები და გასტრონომიული სექტორი. 

აკ:  რას იტყვით სასტუმროებისათვის „ვარსკვლავების“ სავალდებულო კატეგორიზაციის მინიჭებისა და საოჯახო სასტუმროების მინიმალური საკანონმდებლო მოთხოვნების შესახებ? 

პს: კანონი საზოგადოებრივი შენობის შესახებ წარმოადგენს ცალკეული წევრ სახელმწიფოების პასუხისმგებლობას. ჩეხეთის რესპუბლიკაში ეს მოთხოვნები დადგენილია მშენებლობის აქტის, მასთან დაკავშირებული აღმასრულებელი დადგენილებებით და/ან საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის შესახებ აქტის შესაბამისად.  მინიმალური მთხოვნები შედარებით მკაცრია, საცხოვრებელი და კვების ობიექტების საჯარო ხელმისაწვდომობიდან გამომდინარე. Hotelstars Union (HSU)-ის საერთაშორისო სერტიფიცირება („ვარსკვლავები“) ნებაყოფლობითია და დამოკიდებულია განთავსების ობიექტის სურვილზე მასთან მიერთებასთან დაკავშირებით. ჩეხეთის რესპუბლიკაში, დაახლოებით 1500 განთავსების ობიექტი (მთლიანი რაოდენობის 15 %-ზე ნაკლები) არის ჩართული HSU-ში. თუმცა, ამჟამად აპარტამენტების კომპლექსებსა და „აპარტ-ჰოტელებს“ ასევე შეუძლიათ გაერთიანდნენ HSU-ს ქოლგის ქვეშ. 

აკ:  ევროკავშირის სტანდარტები ტურიზმისა და სტუმართ-მასპინძლობის სფეროში მოიცავს ისეთ მექანიზმებს, როგორიცაა სავალდებულო ლიცენზირება, მხოლოდ ლიცენზირებული გიდების გამოყენება, სავალდებულო დაზღვევა ან საბანკო გარანტიები? 

პს: ევროკავშირში მსგავსი სახის მკაცრი რეგულაციები სასტუმრო ინდუსტრიისა და გასტრონომიის სფეროში არ მოქმედებს. იყო მცდელობა, დანერგილიყო მომსახურების ხარისხის სისტემები (ჩეხეთის შემთხვევაში - ჩეხური მომსახურების ხარისხის სისტემა), თუმცა უმეტესობამ ვერ იმუშავა 5 წელზე მეტ ხანს და დღეს ის აღარ არსებობს.  ტურისტული სააგენტოები უნდა იყოს დაზღვეული და მათ მიერ საგარანტიო ფონდში უნდა მოხდეს გადასახადის შეტანა. გიდების მუშაობა ტურიზმის ინდუსტრიაში თავისუფალ ვაჭრობას ეფუძნება, თუმცა გიდის ბარათის გაცემა ხდება რეგიონალური განვითარების სამინისტროს მიერ მოთხოვნების დაკმაყოფილების შემთხვევაში.  

აკ: არსებობს სასტუმროების ფასების რეგულირების რაიმე სახის  მექანიზმები/ინსტრუმენტები?

პს: არა, არ არსებობს სასტუმროში განთავსების ფასების დადგენის მარეგულირებელი მექანიზმები. ფასს ემატება ლეგალური განაკვეთით დადგენილი  დღგ-ს გადასახადი (ამჟამად 12 %), ასევე, შესაბამისი მუნიციპალიტეტის მიერ დაკისრების შემთხვევაში ადგილობრივი საცხოვრებლის გადასახადი. 

აკ: ევროკავშირის წევრ ქვეყნებში ითვალისწინებს თუ არა ტურიზმის კანონმდებლობა ტურიზმისა და სტუმართ-მასპინძლობის სფეროს ინფრასტრუქტურის სავალდებულო განვითარებას (მაგალითად ტურისტულ მარშრუტამდე მისასვლელი გზების მშენებლობა, მიმართულების მაჩვენებელი ნიშნების სავალდებულო განთავსება ინგლისურ ენაზე, საპირფარეშოები ყოველ 20 კილომეტრში, საგზაო/ექსტრემალური ტურიზმის შემთხვევაში უსაფრთხოების სავალდებულო მოთხოვნები და ა.შ) 

პს: არა, მსგავსი რამე არ არსებობს. ტურიზმის სფერო ხშირად ექვემდებარება მუნიციპალიტეტებისა და რეგიონების ცალკეულ იურისდიქციას, აქედან გამომდინარე მისი გაკონტროლება არ ხდება უშუალოდ  სახელმწიფოს მიერ. ჩეხეთის მუნიციპალიტეტებისა და რეგიონების გარკვეული რაოდენობა მხარს უჭერს ტურიზმის სექტორის სუბსიდირებას. ეროვნულ დონეზე, არსებობს რეგიონებში ტურიზმის მხარდაჭერის ეროვნული პროგრამა. ის განკუთვნილია როგორც  ე.წ  „მძიმე“ პროექტების სუბსიდირებისათვის (ინვესტიციები, ველო-ბილიკების მოწყობა, საზოგადოებრივი საპირფარეშოები, საორიენტაციო სისტემები) ასევე ე.წ „რბილი“ პროექტებისათვის (მარკეტინგი და განათლება- მარკეტინგული აქტივობები, მიმართულებების მართვის ორგანიზაციებისათვის მარკეტინგული აქტივობები). სუბსიდირება, უპირველეს ყოვლისა მოიცავს საჯარო ინფრასტუქტურის განვითარებას. კერძო სექტორთან მიმართებით, მხარდაჭერა მოიცავს მხოლოდ ეკონომიკურად და სოციალურად საფრთხის ქვეშ მყოფ ტერიტორიებს. მხარდაჭერა არ არის უნივერსალური. 

 ევროკავშირის ფონდებიდან დაფინანსება ან ტურიზმის მხარდასაჭერად ევროპულ პროექტებში მონაწილეობა ასევე წარმოადგენდა განვითარების სტიმულს (მაგ: Calypso-სოციალური ტურიზმი, EDEN-მდგრადი ტურიზმი).

აკ: ჩეხეთის მნიშვნელოვან გამოცდილებაზე საუბრისას, შეგიძლიათ დაასახელოთ თქვენი მთავრობის მიერ მიღებული რაიმე ახალი კანონი ან რეფორმა, რომელიც შესაძლოა იყოს დადებითი (ან უარყოფითი?) მაგალითი საქართველოსა და სხვა ქვეყნებისათვის? არსებობს რაიმე სახის ჩეხური „გაკვეთილები“ ტურიზმის სფეროში, როგორც გასათვალისწინებლად ასევე თავიდან აცილების მიზნით?  

პს:  უარყოფითი გამოცდილებას წარმოადგენდა დამატებითი ღირებულების საგადასახადო განაკვეთების ხშირი ცვლილება, ისევე როგორც გაყიდვების ელექტრონული ჩანაწერების ჯერ შემოღება და რამდენიმე წელში კი მისი გაუქმება. ჩეხეთში დღემდე არ არსებობს კანონი, რომელიც განსაზღვრავს ტურიზმის მართვისა და განვითარების დაფინანსების წესებს. სამწუხაროდ, შრომის კოდექსი ართულებს ნახევარ განაკვეთზე მომუშავე პირთა დასაქმებას. თუმცა, ისინი მნიშვნელოვან ფაქტორს წარმოადგენენ ინდუსტრიაში სეზონური რყევებიდან გამომდინარე.  მომხმარებელთა დაცვის გაზრდის მცდელობები ან ეკოლოგიაზე ორიენტირებული კანონმდებლობა (ენერგო ინტენსიური შენობებისათვის სერტიფიკატის მოთხოვნა, ელექტრომობილის დამტენი სადგურები) შესაძლოა დადებითად მივიჩნიოთ. ევროკავშირის ფონდებიდან დაფინანსება ან ტურიზმის მხარდასაჭერად ევროპულ პროექტებში მონაწილეობა ასევე წარმოადგენდა განვითარების სტიმულს (მაგ: Calypso-სოციალური ტურიზმი, EDEN-მდგრადი ტურიზმი). არის საკითხები, რომელიც დღემდე არ გადაჭრილა (ღვინის დაბეგვრა, ე.წ „ოვერტურიზმი“-ის [გადატვირთულობა ტურისტების სიჭარბისაგან, რაც განაპირობებს კონფლიქტს ადგილობრივებთან] პრობლემის გადაჭრა). 

ჩეხეთის ეკონომიკა ყველაზე ინდუსტრიულია ევროკავშირის წევრ ქვეყნებს შორის ( მშპ-ს 35%-ს მრეწველობა შეადგენს). მიუხედავად ამისა, ტურიზმს აქვს ძალიან ძლიერი რეგიონალური და უპირველეს ყოვლისა, ადგილობრივი განზომილება.

აკ: თქვენ ფართო გამოცდილება გაქვთ ტურიზმის პრაქტიკულ ასპექტებში, მაგალითად, კულინარიული ტურიზმი, სპორტული ღონისძიებები ან სპეციალური პროექტები, როგორიცაა ლიპნოს ოლიმპიური პარკი. შეგიძლიათ მოგვიყვეთ  ყველაზე აქტუალური და სასარგებლო პრაქტიკის შესახებ? 

პს:  ეროვნულ დონეზე ტურიზმი ჩეხეთში არ თამაშობს მთავარ როლს. ჩეხეთის ეკონომიკა ყველაზე ინდუსტრიულია ევროკავშირის წევრ ქვეყნებს შორის ( მშპ-ს 35%-ს მრეწველობა შეადგენს). მიუხედავად ამისა, ტურიზმს აქვს ძალიან ძლიერი რეგიონალური და უპირველეს ყოვლისა, ადგილობრივი განზომილება. ჩეხეთის რესპუბლიკის 6258 მუნიციპალიტეტიდან, 250-ზე მეტი განთავსების საწოლისგან შემდგარი ობიექტები კონცენტრირებულია 400-ზე ნაკლებ მუნიციპალიტეტში. მათთვის ტურიზმი ერთადერთი ეკონომიკურად მდგრადი საქმიანობაა. (მაგ. მთის კურორტები, სპა, წყლის პირას მდებარე ობიექტები, სასაზღვრო რეგიონები). ძალისხმევის მიმართვა საჭიროა კონკურენტუნარიანობის შესანარჩუნებლად. ჩეხეთის რესპუბლიკაში განვითარების მაღალ დონეზეა უსაფრთხოებისა და ჰიგიენის საკითხები. 

ჩეხეთის რესპუბლიკის ევროკავშირში ინტეგრაციის გარკვეული „სიბოროტეები“ თანდათან გაქრა. მაგალითისათვის, ორმაგი ფასები: დაბალი ფასები-რეზიდენტებისათვის და მაღალი-უცხოელი ვიზიტორებისათვის.

აკ: თქვენი კვლევის ნაწილი დაუთმეთ ტურიზმის კონკრეტულ ასპექტებს, მაგალითად ინდუსტრიის ახალ ტენდენციებს, როგორიცაა „კოლაბორაციული ეკონომიკა“ (ისეთი სოციალური ინსტრუმენტების მასიური გამოყენება როგორიცაა Airbnb და ა.შ). სამომავლოდ რა გამოწვევების წინაშე შეიძლება აღმოჩნდეს საქართველო, მაგალითად დაბეგვრის კუთხით? 

პს: ჩეხეთის შემთხვევაში, კოლაბორაციული ეკონომიკა და  Airbnb კონცენტრირებულია ტოპ ტურისტულ მიმართულებებში, განსაკუთრებით პრაღაში. 10 წლის წინ პრაღაში 1500 საწოლი იყო რეგისტრირებული Airbnb-ის სისტემაში, ამჟამად კი 50 000-ზე მეტი. ზრდის ტემპი თავბრუდამხვევია, თუ გავითვალისწინებთ, რომ პრაღაში სასტუმროს ტიპის ობიექტებში საწოლების რაოდენობა დიდი ხანია 100 000-ს აღწევს. ფუნდამენტური რეგულაციები ჩეხეთის რესპუბლიკაში ჯერ-ჯერობით არ განხორციელებულა. თუმცა, მოსალოდნელია, რომ მიმდინარე წელს დამტკიცდება დირექტივა, რომელიც არეგულირებს განთავსების სერვისის ტიპს მოკლევადიანი გაქირავებისას. ამ შემთხვევაში, როგორც დღგ, ასევე საშემოსავლო გადასახადი დაიბეგრება სტანდარტულად. ლოკალური განთავსების გადასახადი (ტურისტული მოსაკრებელი) უკვე დადგენილია, რათა მისი აკრეფა მოხდეს Airbnb-ის შემთხვევაში. 

აკ: არის რაიმე, რისი დამატებაც გსურთ ჩვენი მკითხველისათვის, სიტყვა თქვენია. 

პს: ჩეხეთის რესპუბლიკის ევროკავშირში ინტეგრაციის გარკვეული „სიბოროტეები“ თანდათან გაქრა. მაგალითისათვის, ორმაგი ფასები: დაბალი ფასები-რეზიდენტებისათვის და მაღალი-უცხოელი ვიზიტორებისათვის. ვალუტის გაცვლითი პუნქტების მუშაობა დასტაბილურდა და შემცირდა არახელსაყრელი გაცვლითი კურსების შეთავაზება, რასაც ხელი შეუწყო უნაღდო ანგარიშსწორების მკვეთრმა ზრდამ. საგრძნობლად  გაუმჯობესდა მოსახლეობის ენობრივი უნარ-ჩვევები. მნიშვნელოვნად გამოსწორდა სატრანსპორტო ტერმინალების მდგომარეობა. პროფესიული თვალსაზრისით საგრძნობლად გაუმჯობესდა სტატისტიკური მონაცემების შეგროვება- ტრადიციული მეთოდების გარდა გამოიყენება თანამედროვე მეთოდების, მაგ. მობილური ოპერატორების გეო-ლოკაციის მონაცემები ან გადახდის ბარათები. 

აკ: დიდი მადლობა!

პს: არაფრის, ყველას გელოდებით ჩეხეთის რესპუბლიკაში! 

Read the English language version here.  

კავკასიური ჟურნალი მადლობას უხდის ჩეხეთის რესპუბლიკის გარდამავალი ხელშეწყობის პროგრამასა და თბილისში ჩეხეთის რესპუბლიკის საელჩოს ინტერვიუს მომზადების პროცესში გაწეული მხარდაჭერისათვის.

 
შეგიძლიათ, მიჰყვეთ, კავკასიურ ჟურნალს შემდეგ ბმულებზე:

GoogleNews  |  X  |  Facebook  |  NEW: WhatsApp  |   Telegram  |  Medium  |  LinkedIn  |  YouTube  |  RSS

კავკასიური ჟურნალის ელექტრონული ფოსტით გამოწერის მოთხოვნისთვის, შეიყვანეთ თქვენი ელ-ფოსტის მისამართი აქ: