NDI-ის კვლევა: მოქალაქეთა უმრავლესობა ამბობს, რომ მათ ინტერესებზე არავინ ზრუნავს

27.01.2022 (Press Release)   ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტისა და CRRC-საქართველოს მიერ დღეს გამოქვეყნებული კვლევის შედეგების თანახმად, მოქალაქეები მათთვის მნიშვნელოვან საკითხებთან მიმართებაში პროგრესს ვერ ხედავენ.
ისინი ფიქრობენ, რომ ბოლო 10 წლის განმავლობაში სიღარიბესთან, კრიმინალთან, ტერიტორიულ მთლიანობასთან და განათლებასთან დაკავშირებული სიტუაცია გაუარესდა. მოქალაქეების პრიორიტეტები პოლიტიკური სიმპატიების მიხედვით არ იცვლება, რაც პარტიებისთვის თანამშრომლობის სტიმული უნდა გახდეს. 
▶ In English: ინგლისური ვერსია წაიკითხეთ აქ.

მოსახლეობის უმრავლესობა ფიქრობს, რომ არც მმართველი პარტია და არც ოპოზიცია მათი ინტერესებიდან გამომდინარე არ მოქმედებენ. ისინი არც პარლამენტისადმი არიან ოპტიმისტურად განწყობილნი და ამბობენ, რომ საკანონმდებლო ორგანო მათთვის მნიშვნელოვან საკითხებზე არ მუშაობს (53 პროცენტი); 52 პროცენტს ასევე არ სჯერა, რომ თუ პარლამენტის წევრს მათ დასახლებაში არსებული პრობლემების შესახებ ეტყვის, ის პრობლემის მოგვარებაში დაეხმარება. მოსახლეობის მხოლოდ მესამედი მიიჩნევს, რომ პარლამენტს მოქალაქეებთან რეგულარული კომუნიკაცია აქვს.

“ეკონომიკური სიდუხჭირე მოქალაქეებისთვის კვლავაც მთავარი გამოწვევაა და სწორედ აქეთკენ უნდა იყოს მიმართული ხელისუფლებისა და პოლიტიკური პარტიების ძალისხმევა. მოსახლეობის პრიორიტეტები მთავრობის, პარლამენტისა და ადგილობრივი ხელისუფლების ყურადღების ცენტრში უნდა მოექცეს,” - აცხადებს ალან გილამი, NDI საქართველოს ოფისის დირექტორი - “მოსახლეობა უკვე წლებია ეკონომიკური პრობლემების შესახებ საუბრობს.

პოლიტიკოსებისადმი გაჩენილი ნიჰილიზმის ფონზე, პოლიტიკურმა ლიდერებმა დროულად უნდა იმოქმედონ, რათა მოსახლეობისთვის საჭირბოროტო საკითხების მოგვარება და საზოგადოებაში ნდობის ამაღლება შეძლონ.”

არსებული პოლარიზაციის ფონზე, მოსახლეობის უმრავლესობა პარტიათაშორის თანამშრომლობას უჭერს მხარს. 80 პროცენტი ფიქრობს, რომ მათმა რჩეულმა პოლიტიკურმა პარტიამ პარლამენტში მყოფ ყველა სხვა პარტიასთან უნდა ითანამშრომლოს, თუნდაც ზოგიერთი პარტიის ქმედებები ან მოსაზრებები მისთვის მიუღებელი იყოს. პარტიათაშორისი თანამშრომლობა მოქალაქეებისთვის თანაბრად მნიშვნელოვანია, პოლიტიკური სიმპატიების მიუხედავად. მოქალაქეთა უმრავლესობა ოპოზიციასა და მმართველ პარტიას შორის შემრიგებლის როლში ადგილობრივ აქტორებს მოიაზრებს. უმეტესობა (34 პროცენტი) ამბობს, რომ ეს როლი თავად პარტიებმა უნდა ითავონ, 11 პროცენტი კი ფიქრობს, რომ პრეზიდენტი ყველაზე კარგად გაუმკლავდებოდა შუამავლის როლს. დარჩენილი 18 პროცენტი მიიჩნევს, რომ ეს ფუნქცია დასავლელმა პარტნიორებმა უნდა შეასრულონ.

“ახალი კვლევის შედეგები ნათლად აჩვენებს, რომ მოქალაქეები პარტიებს შორის თანამშრომლობას ითხოვენ. პანდემიით გამოწვეული ეკონომიკური ზარალის აღმოფხვრა ხელისუფლებისა და ოპოზიციის პრიორიტეტად უნდა იქცეს,” - განაცხადა ალან გილამმა, NDI საქართველოს ოფისის დირექტორმა.

მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს მოსახლეობის აბსოლიტური უმრავლესობისთვის დემოკრატიულ ქვეყანაში ცხოვრება მნიშვნელოვანია (92 პროცენტი), მხოლოდ 39 პროცენტი მიიჩნევს, რომ საქართველო დღეს დემოკრატიაა. ამასთან, უმეტესობის აზრით, საქართველო მეზობელი ქვეყნებისთვის აღარ არის დემოკრატიის შუქურა. 25 პროცენტი მიიჩნევს, რომ საქართველო არც არასდროს ყოფილა სამაგალითო დემოკრატია, 23 პროცენტის აზრით კი, ქვეყანა მეზობლებისთვის დემოკრატიის კარგი მაგალითია.

და ბოლოს, კორონავირუსის ორი წლის თავზე, მოსახლეობის ნახევარი მთავრობის მიერ პანდემიის მართვას დადებითად აფასებს. თუმცა ვაქცინაციის მიმართ უნდობლობის მაჩვენებელი კვლავ მაღალი რჩება: მოსახლეობის 42 პროცენტი არ აპირებს აცრას. მხოლოდ 25 პროცენტი ამბობს, რომ აიცრებოდა, 29 პროცენტი კი აცხადებს, რომ უკვე გაიკეთა ვაქცინა. ვაქცინისადმი სკეპტიკურად განწყობილი ადამიანები მთავარ მიზეზებად ვაქცინის ხარისხის მიმართ უნდობლობასა (38 პროცენტი) და ჯანმრთელობის პრობლემებს ასახელებენ (20 პროცენტი). ამასთან, ვაქცინირებული მოსახლეობის 34 პროცენტი ბუსტერ დოზის გაკეთებას არ აპირებს ან ჯერ არ აქვს გადაწყვეტილება მიღებული.

NDI-ის კვლევა დიდი ბრიტანეთის მთავრობის UK aid-ის ფინანსური ხელშეწყობით ხორციელდება.
NDI არის არამომგებიანი, მიუკერძოებელი, არასამთავრობო ორგანიზაცია, რომელიც მსოფლიოს ყველა კუთხეში პარტნიორებთან ერთად მუშაობს, რომ გააძლიეროს და დაიცვას დემოკრატიული ინსტიტუტები, პროცესები, ნორმები და ღირებულებები, რათა ყველასთვის ცხოვრების უკეთესი ხარისხი უზრუნველყოს. NDI მსოფლიოს ხედავს როგორც ადგილს, სადაც დემოკრატია და თავისუფლება იმარჯვებს და ყველას ღირსება დაცულია. CRRC საქართველო არის არასამთავრობო, არაკომერციული კვლევითი ცენტრი, რომელიც აგროვებს, აანალიზებს და აქვეყნებს მონაცემებს ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკური და სოციალური პროცესების შესახებ. ორგანიზაციის მიზანია საზოგადოებრივი მეცნიერებების კვლევებისა და საჯარო პოლიტიკის ანალიზის განვითარების ხელშეწყობა. 

 
შეგიძლიათ, მიჰყვეთ, კავკასიურ ჟურნალს შემდეგ ბმულებზე:
Google News  *  Twitter  *  Facebook  *  Medium  *  LinkedIn  *  YouTube  *  RSS

კავკასიური ჟურნალის ელექტრონული ფოსტით გამოწერის მოთხოვნისთვის, შეიყვანეთ თქვენი ელ-ფოსტის მისამართი აქ: