25.11.2021 (Caucasian Journal). ქართველების უმრავლესობა ისწრაფვის სრულად შეუერთდეს ევროპული ერების ოჯახს, მაგრამ როგორ ხედავს ამ პროცესს ევროპა? ამ და სხვა საკითხებს განვიხილავთ მის აღმატებულება, კირსტი ნარინენთან, ფინეთის ახალ ელჩთან სამხრეთ კავკასიაში.
ალექსანდრე კაფკა, კავკასიური ჟურნალის მთავარი რედაქტორი: ძვირფასო კირსტი, კეთილი იყოს თქვენი მობრძანება კავკასიის რეგიონსა და კავკასიურ ჟურნალში! მიუხედავად იმისა, რომ რამდენიმე კვირის წინ გქონდათ შესაძლებლობა ოფიციალურად წარგედგინათ თქვენი რწმუნებათა სიგელი საქართველოში, სამხრეთ კავკასიის საკითხებში დიდი ხნის განმავლობაში ხართ ჩართული როგორც სპეციალურ დავალებათა ელჩი. ახლახანს დაბრუნდით რუსთავიდან, სადაც არჩევნებს აკვირდებოდით. ამრიგად, ჩვენ ბევრი საკითხი გვაქვს განსახილველი. დავიწყოთ თქვენი პოზიციის განმარტებით ჩვენი მკითხველისთვის. რას ნიშნავს იყოთ სპეციალურ დავალებათა ელჩი?
კირსტი ნარინენი: მსურს გულთბილი მადლობა გადავუხადო კავკასიურ ჟურნალს და თქვენ, ალექსანდრე, ჟურნალის დღის წესრიგში სკანდინავია-ბალტიის ქვეყნების საკითხების აქტიური წარმოჩინებისათვის. სკანდინავია-ბალტიის სახელმწიფოებს გააჩნიათ ძლიერი საზოგადოებები, კიდევ უფრო ძლიერი სამოქალაქო საზოგადოება და იზიარებენ მრავალ საზოგადოებრივ პროცესს. აღნიშნული მიმართულებები შესაძლოა მიჩნეულ იქნეს როგორც წარმატებული მაგალითები როგორც ევროკავშირის წევრ, ასევე არა ევროკავშირის წევრი პატარა ევროპული ქვეყნების მიერ. პატივად მიმაჩნია თქვენთან ამ თემებზე საუბარი.
ამჟამად ვცხოვრობ ჰელსინკში და ხშირად ვმოგზაურობ კავკასიის რეგიონში-სწორედ ამას ნიშნავს სპეციალურ დავალებათა ელჩი. ინტენსიური შეხვედრების პროგრამის, ვებინარების, ონლაინ შეხვედრების, პოდკასტების, სატელეფონო საუბრების, მედია გაშუქებისა და ინფორმაციასთან გაცნობის საშუალებით საკმაოდ მაღალ დონეზე ვარ ინფორმირებული რეგიონში მიმდინარე მოვლენების შესახებ. პანდემიიდან გამომდინარე ციფრული დიპლომატიის გამოყენება მკვეთრად გაიზარდა. ჩემს შემთხვევაში ეს ნიშნავდა გაზრდილ შესაძლებლობას აქტიურად მიმეღო მონაწილეობა როგორც კავკასიის რეგიონის შესახებ, ასევე უშუალოდ რეგიონში დაგეგმილ შეხვედრებში. ბუნებრივია, დროის განაწილება სამ ქვეყანას შორის, როდესაც საკმაოდ ბევრი რამ ხდება, ზოგჯერ შესაძლოა გარკვეულ გამოწვევას წარმოადგენდეს.
აკ: სამხრეთ კავკასიის საკითხებში დისტანციური ჩართულობის ხანგრძლივი პერიოდის შემდგომ თქვენ მოგიწიათ საქართველოს შიდა პროცესებში აქტიური ჩართვა, საარჩევნო სადამკვირვებლო მისიაში ჩართულობის გზით, როგორ გრძნობდით თავს ამ პროცესში? რამდენად განსხვავდება რეალური პროცესებში ჩართულობა „ვირტუალური ელჩობისგან“?
კნ: ეს ჩემი საქართველოში მესამე, ხოლო რეგიონში მეხუთე ვიზიტი გახლდათ, აქედან გამომდინარე მქონდა საშუალება გავცნობოდი დედაქალაქებს მიღმა არსებულ ზოგად სიტუაციას. თუმცა, რუსთავში, სადაც ვაკვირდებოდი არჩევნებს, პირველად ვიმყოფებოდი. საკმაოდ საინტერესო გამოცდილება იყო გავსულიყავი ელჩის როლიდან და მემოქმედა როგორც ეუთო ოდირის „ჩვეულებრივ“ წარმომადგენელს.
ივნისში, სომხეთში ჩატარებული არჩევნების დაკვირვების შემდგომ მქონდა არჩევნების შედარების საშუალება. როგორც პროფესიონალი დიპლომატი, უპირატესობას ვანიჭებ პროცესების საკუთარი თვალით ნახვას, ვიდრე მეორად ინფორმაციაზე დაყრდნობას-სწორედ ამან განაპირობა ჩემი ჩართვის სურვილი ეუთო ოდირის ეგიდით სადამკვირვებლო მისიაში.
დიახ, მიღებულმა გამოცდილებამ არჩევნების და დემოკრატიის ახალი პერსპექტივა გამოავლინა. არჩევნები ყოველთვის მნიშვნელოვანია-ის აძლევს მოსახლეობას საშუალებას გამოხატონ საკუთარი პოლიტიკური შეხედულებები. ხოლო, ადგილობრივ არჩევნებში ძირითადი თემებს-(მინიმუმ ასეა მოსალოდნელი მაინც) წარმოადგენს მოსახლეობასთან ახლოს მდგარი თემები, როგორიცაა, სკოლები, ინფრასტრუქტურა, სამუშაო ადგილები, კულტურა და ა.შ. ივნისში ფინეთში გვქონდა ადგილობრივი არჩევნები და სწორედ ზემოთხსენებული იყო მთავარი საკითხები. ქართულ არჩევნებს რა თქმა უნდა თან სდევდა სხვა მახასიათებლებიც- პოლარიზებული ძალაუფლებრივი ბრძოლა და მისი ასახვა წინასაარჩევნო პროცესში-ეს იგრძნობოდა რუსთავშიც. დამაინტრიგებელი იყო ახალი გამოცდილება.
აკ: ასევე, რა თქმა უნდა, რა შთაბეჭდილება დატოვა თქვენზე არჩევნებმა?
კნ: საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიის შეხედულებებს თუ გავითვალისწინებთ, არჩევნები ტექნიკურად ისე ჩატარდა, როგორც ნებისმიერი სხვა არჩევნები. თუმცა, თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები არ წარმოადგენს მხოლოდ კენჭისყრის ადმინისტრირებას. საუბარია ასევე პოლიტიკურ თავისუფლებასა და სამართლიან პროცესებზე, რომელიც მიმდინარეობს არჩევნებამდე და არჩევნების შემდგომ პერიოდში შედეგების მიღებამდე.
წარმოებული კამპანიის სახე, რეკლამის ფორმატი (ე.წ „სისხლით შეღებილი ბილბორდები“) უჩვეული იყო სკანდინავიური თვალისათვის. დაძაბულობას, საჯარო და კერძო ზეწოლას, ნებისმიერი სახის ‘მამოტივირებელი“ რესურსის გამოყენებას არ უნდა ქონდეს ადგილი არჩევნების პროცესში, სადაც მხოლოდ პოლიტიკურ შეხედულებების ადგილია. ეს საკითხები ასევე იქნა დაფიქსირებული ევროკავშირის განცხადებაში არჩევნების თაობაზე. მეორეს მხრივ, პოლიტიკური კულტურა განსავითარებელია და ყველა პარტიამ უნდა მიიღოს ამ პროცესში მონაწილეობა. დემოკრატია თავისი ბუნებით კომპრომისზეა დაფუძნებული და ყველა მხარე უნდა შეეგუოს ამ „უსიამოვნო“ რეალობას- წინააღმდეგ შემთხვევაში პოლარიზება ვერ დასრულდება. ჩანს, რომ საქართველოში პოლიტიკის მამოძრავებელ ძალა კვლავ პერსონიფიცირებულია, იმის ნაცვლად რომ ის დაფუძნებული იყოს პროგრამაზე- ჩვენ ველით რომ საზოგადოებაში გაიზრდება მოთხოვნილება მეტ შინაარსზე და ნაკლებ შეურაცხმყოფელ რიტორიკაზე.
აკ: ელჩის მოღვაწეობას ბევრი განზომილება აქვს; როგორ განსაზღვრეთ საკუთარი პრიორიტეტები? და რა მიზნები აქვს ფინეთის საგარეო პოლიტიკას – ზოგადად და ჩვენს რეგიონთან დაკავშირებით?
კნ: ფინეთის საგარეო პოლიტიკის ფუნდამენტური საკითხები შეგიძლიათ იხილოთ ახლახან გამოქვეყნებულ მთავრობის ანგარიშში საგარეო საკითხებისა და უსაფრთხოების შესახებ. ეს ანგარიში წარმოადგენს ჩემი და ჩემი კოლეგების „ბიბლიას“. ის განსაზღვრავს ძველ და ახალ გამოწვევებთან დაკავშირებით ფინურ მიდგომას. ფინეთის მიზანია უფრო სტაბილური და მშვიდობიანი მსოფლიო, ეს მიზანი კი განსაკუთრებული რელევანტურია კავკასიის რეგიონთან მიმართებაში. ფინეთს სჯერა გლობალური პასუხისმგებლობის გააზრების მნიშვნელობა, თუმცა ასევე მიაჩნია რომ თითოეულ მცირეოდენ წვლილსაც კი აქვს მნიშვნელობა. ჩვენ უნდა ავიღოთ საერთო პასუხისმგებლობა გლობალურ დათბობაზე, პანდემიებზე და ბუნებრივი რესურსების მდგრადი გამოყენების დაცვაზე. ეს ყოველივე კი დაფუძნებულ უნდა იქნას კანონით უზრუნველყოფილ მრავალმხრივ სისტემაზე. ადამიანის უფლებები, სოციალური ჩართულობა, უმცირესობებისა და მოწყვლადი ჯგუფების პატივისცემა განსაკუთრებით მნიშვნელოვან ყურადღებას საჭიროებს, რაც ასევე აერთიანებს გოგონებსა და ქალებს, არა მხოლოდ საომარი ზონებიდან, არამედ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებს და სხვა ჯგუფებს, რომელთაც ესაჭიროებათ დაცვა, მაგალითად სექსუალური, ეროვნული და რელიგიური უმცირესობები. ფინეთი თვლის, რომ პატარა ქვეყნებმა არ შეიძლება რომ არ გამოიყენონ ნებისმიერ ადამიანის უფლებების დაცვის საშუალება, სოციალური ჩართულობის მნიშვნელობიდან გამომდინარე.
ზემოთხსენებული შესაძლოა ჟღერდეს როგორც მაღალი დონის პოლიტიკად, თუმცა სინამდვილეში ეს ასე არ არის.
ფინეთი წარმოადგენს გაცილებით უფრო დიდი მასშტაბის კონსტრუქციულ და საჭიროების შემთხვევაში, მოქნილ პარტნიორს, მშვიდობისმყოფელ და მშვიდობის გამავრცელებელ საერთაშორისო მოთამაშეს, ვიდრე ამას ჩვენი ტერიტორიული მოცულობა შეიძლება განსაზღვრავდეს.
ფინეთს საქართველოში აქვს პროექტები შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა და გენდერული თანასწორობის საკითხებზე. ჩვენ სრულად ვუერთდებით ევროკავშირის განცხადებებს უმცირესობების უფლებების შესახებ და ღრმა შეშფოთებას გამოვხატავთ თბილისში, ივლისის თვეში მომხდარი შოკისმომგვრელი მოვლენების გამო. ევროკავშირისა და ეუთოს მისიის ფარგლებში ფინეთი უჭერს მხარს საქართველოს ტერიტორიულ ერთიანობას და მნიშვნელოვნად უწყობს ხელს ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიას.
პატარა ქვეყნები მუდმივად უნდა ახდენდნენ პარტნიორებისა და მოკავშირეების ძიებას მათ საზღვრებს გარეთ. ზოგჯერ შიდა დღის წესრიგმა შესაძლოა გადაფაროს საზღვრები, თუმცა მეგობრებისა და პარტნიორების მხარდაჭერის გარეშე ჩვენი ხმა ძალიან სუსტია მაშინ, როდესაც ის ნამდვილად გვესაჭიროება. სწორედ ამიტომ, ფინეთი წარმოადგენს გაცილებით უფრო დიდი მასშტაბის კონსტრუქციულ და საჭიროების შემთხვევაში, მოქნილ პარტნიორს, მშვიდობისმყოფელ და მშვიდობის გამავრცელებელ საერთაშორისო მოთამაშეს, ვიდრე ამას ჩვენი ტერიტორიული მოცულობა შეიძლება განსაზღვრავდეს.
ჩვენი პრეზიდენტი, ნიინისტო განსაკუთრებით შეშფოთებულია საერთაშორისო კომუნიკაციის ზოგად ტონზე. აქედან გამომდინარე მის მიერ იქნა შემოთავაზებული „ჰელსინკის სულისკვეთების“ გაღვიძება, რამაც 1970 წლების ღრმა ცივი ომის პერიოდში უზრუნველყო ეუთოს (იმ პერიოდში „ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის კონფერენცია“) ქოლგის ქვეშ დასავლეთისა და აღმოსავლეთის გაერთიანება. ფინეთს აქვს სურვილი მსოფლიო ყურადღება ერთობლივად იქნეს გამახვილებული არა ნაციონალიზმსა და პოლიტიკურ მეტოქეობაზე, არამედ რეალურ გამოწვევებზე, როგორიცაა კლიმატური ცვლილებები და მსოფლიოს მომავალი- რომელიც ერთადერთი გაგვაჩნია.
ჩემთვის უმარტივესია ამგვარი საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის პოპულარიზაცია და დაცვა.
აკ: რეგიონზე საუბრისას, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ თქვენი პასუხისმგებლობის ზონა მოიცავს სამ ქვეყანას- სომხეთს, აზერბაიჯანსა და საქართველოს. ვფიქრობ, საკმაოდ დიდი დატვირთვაა. არის რაიმე მსგავსი ამ განსხვავებულ ქვეყნებს შორის, რომელიც შესაძლოა აადვილებდეს თქვენს საქმიანობას?
კნ: სიმართლე რომ გითხრათ, თუ ინდივიდუალურად განვიხილავთ საკმაოდ მცირე მსგავსებაა მათ შორის. სამივე მათგანს გააჩნია განსხვავებული უსაფრთხოების პოლიტიკის გადაწყვეტის გზები, სხვადასხვა კულტურული მემკვიდრეობა, ეკონომიკური დონე, გარე სამყაროსთან კავშირები და ა.შ. მიუხედავად ამ განსხვავებებისა თუ რეგიონულ ჭრილში განვიხილავთ, მათ შორის არსებობს საერთო პოლიტიკური ისტორია და გეოპოლიტიკური გავლენა სამი დიდი ძალის მხრიდან, როგორც ისტორიულად, ასევე მიმდინარე პერიოდშიც. სამხრეთ კავკასია იყო და რჩება საბჭოთა/რუსული, სპარსული/ირანული და ოსმალეთის/თურქული გავლენის გზაჯვარედინზე.
ეს გავლენა კვლავ ნათლად ჩანს, თუმცა ცვალებადი რაკურსით. თურქული გავლენა გაზრდილია, რუსეთს კვლავ სურს დარჩეს მთავარ მოთამაშედ რეგიონში, ირანის პოზიციები კი ახალი ყარაბაღის ომის შემდგომ გეო-პოლიტიკური ვითარების გათვალისწინებით გარკვეულწილად შეირყა.
აქედან გამომდინარე, ჩემი სამუშაო, რომელიც მოიცავს როგორც მრავალმხრივ კონტენტს სამივე ქვეყანასთან, ასევე ფართო საერთაშორისო ძალების პოლიტიკას, ძალიან საინტერესოდ მიმაჩნია.
ევროკავშირს სხვა არასტაბილურ ძალებთან შედარებით აქვს საიმედო პარტნიორის დამაბალანსებელის როლი, ხოლო აშშ მისი პრიორიტეტების განსაზღვრის პროცესშია. ნამდვილად მომხიბლავი პოლიტიკური ლანდშაფტია.
აკ: საკმაოდ დიდი პროფესული გამოცდილება გაქვთ პოსტსაბჭოთა ქვეყნებთან მიმართებით, მათ შორის ესტონეთთან და რუსეთთან ურთიერთობის კუთხით, გეხმარებათ ეს გამოცდილება ამჟამინდელ საქმიანობაში?
კნ: დიახ, ძალიან სასარგებლოდ მიმაჩნია. პირველ რიგში, ის ფაქტი, რომ რუსულად ვსაუბრობ, მაძლევს საშუალებას დავამყარო ბევრად მეტი კომუნიკაცია, ვიდრე ამას მხოლოდ ინგლისურ ენაზე საუბრის შემთხვევაში შევძლებდი. ესტონეთის 1990-იანი წლების რეფორმებმა დამანახა, თუ რას ნიშნავს სახელმწიფოს მშენებლობა და რამდენად დიდი გამოწვევა შეიძლება იყოს სახელმწიფო სტრუქტურებისა და მოსახლეობის მსოფლმხედველობის ჩამოყალიბების პროცესში. ასევე მაჩვენა, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ხელმძღვანელი პირების მხრიდან გადაწყვეტილებების მიღებისას პრინციპული მიდგომა როგორც ცვლილებებთან დაკავშირებით, ასევე მოსახლეობისთვის უკეთესი მომავლის რწმენის გაღვივების პროცესში, მაშინ, როდესაც გარემოებები სხვაგვარად ჩანს. მაგრამ ასევე გავიაზრე, რომ ფუნდამენტური რეფორმები, როგორიცაა კანონის უზენაესობა, დემოკრატია და ადამიანური ფასეულობები წარმატების ერთადერთი გზაა, ხოლო წარმატება მიღწევადია, როდესაც ეროვნული ინტერესები უმთავრესია. ესტონეთის ძლიერი პარტნიორობის უზრუნველყოფის სახელმძღვანელო ფრაზა „აღარასოდეს მარტო“ მუშაობს ფინეთის შემთხვევაშიც.
აკ: თქვენს დიდ გამოცდილებაზე საუბრისას, არ შემიძლია არ აღვნიშნო საინტერესო შემთხვევა, რომელიც ესტონურ გაზეთში აღმოვაჩინე, სანქტ- პეტერბურგის მერის თანაშემწესთან „გასეირნება“, რომელიც შემდგომ რუსეთის პრეზიდენტი გახდა. შეგიძლიათ გაგვიზიაროთ ეს მოგონება? ან სხვა საინტერესო შემთხვევები, რომლის გახსენებაც გსურთ?
კნ (იღიმის): დიახ, სინამდვილეში არ წავსულვარ სასეირნოდ, რასაც ცოტათი ვნანობ. იმ პერიოდში საერთაშორისო ურთიერთობების მრჩეველი ბატონი პუტინი ფინეთს 1993 წლის ზაფხულში ესტუმრა, როგორც იმჟამინდელი სანქტ-პეტერბურგის მერის, ანატოლი სობჩაკის თანმხლები პირი. ორივე მათგანს მრავალჯერ შევხვდი 1990-1992 წლებში სანქტ-პეტერბურგში გენერალური კონსულის მოადგილის თანამდებობაზე მუშაობის პერიოდში.
ფინეთს სურდა ესტონეთ-რუსული დიალოგის ხელშეწყობა და ვუზრუნველყავით მათი შეხვედრა ესტონეთის იმჟამინდელ პრეზიდენტ ლენნარტ მერთან, რომელიც ზაფხულის არდადეგებს როგორც წესი ფინეთში ატარებდა. მე გახლდით პროექტ MIFA-ს ხელშემწყობი. გავემგზავრეთ კუნძულზე, ბატონებმა გამართეს მოლაპარაკებები, ესტუმრნენ საუნას და თავდაპირველი გეგმის საწინააღმდეგოდ გადაწყდა ღამით დარჩენა-როგორც ჩანს მოლაპარაკებები შეუფერხებლად წარიმართა. ვახშმის შემდგომ შემომთავაზეს მათთან შეერთება, რაზეც სიამოვნებით დავთანხმდი- მოგვიანებით მოლაპარაკებების შესახებ რეპორტის სახით ინფორმაცია უნდა გამეგზავნა ფინეთის პრეზიდენტ, მაუნო კოივისტოსათვის, რომელთანაც მომდევნო დღეს სამხარი გვქონდა დაგეგმილი. დღის ბოლოს, ბატონმა პუტინმა შემომთავაზა გასეირნება, რაზეც უარი ვუთხარი. მახსოვს რომ მიზეზად დაღლილობა და გრძელი სამუშაო დღე დავასახელე. უფრო მეტის მოყოლის შესაძლებლობა მექნებოდა, რომ დავთანხმებულიყავი.
ასევე დასამახსოვრებელი მოგონებაა პრეზიდენტ ელცინთან ხელის ჩამორთმევა, რომელიც ლიეტუვის პრეზიდენტმა, ლანდსბერგმა (ამჟამინდელი ლიტვის საგარეო საქმეთა მინისტრის ბაბუა) გამაცნო, 1992 წლის ეუთოს სამიტზე ჰელსინკში, სადაც მეკავშირე დიპლომატის როლში ვიმყოფებოდი. იმ პერიოდში რუსეთის ფედერაციას ჯერ კიდევ კარგი ურთიერთობები ჰქონდა ბალტიის ქვეყნებთან. საბჭოთა კავშირის დაშლა, 1991 წლის აგვისტოს „რევოლუციური პუტჩი“, ისევე როგორც ბალტიისპირეთის ქვეყნების გათავისუფლება ევროპის ფუნდამენტური პოლიტიკური ისტორიის ნაწილის განსაკუთრებით უნიკალური ნაწილია. 1990-1998 წლების ტალინი და სანქტ-პეტერბურგი ახალგაზრდა ფინელი დიმპლომატისათვის მშფოთვარე ადგილი იყო. ძალიან ვამაყობ ამ მოგონებებით.
ევროკავშირი გოლფის კლუბს ჰგავს, შესვლის კრიტერიუმები განხილვას არ ექვემდებარება.
აკ: დავუბრუნდეთ დღევანდელობას, შეგვიძლია ვისაუბროთ დასავლეთის პერსპექტივიდან დანახული კავკასიის რეგიონის ქვეყნებისა და ევროკავშირის ურთიერთობებზე? ბევრი კამათი იყო საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შანსებთან დაკავშირებით. მაგალითად, ესტონეთის ყოფილმა პრეზიდენტმა ამ წლის დასაწყისში საქართველოს მიმართა და თქვა: არ გჭირდებათ ევროკავშირის დროშები ყველგან, თუ ნამდვილად არ იზიარებთ ევროკავშირის ღირებულებებს. მესმის, რომ დიპლომატები უნდა იყვნენ დიპლომატიურები, თუმცა ვფიქრობ ეს მნიშვნელოვანი კითხვაა, რა საჭირო ნაბიჯებია გადასადგმელი წინსვლისათვის?
კნ: ევროკავშირის ინტეგრაცია მოიცავს თქვენი საზოგადოების თანხვედრას ევროკავშირის წესებსა და რეგულაციებზე. ამას აკეთებს ყველა წევრი სახელმწიფო. ევროკავშირი გოლფის კლუბს ჰგავს, შესვლის კრიტერიუმები განხილვას არ ექვემდებარება. მოლაპარაკების საგანი მხოლოდ შეიძლება გახდეს რეფორმების დაფინანსებისა და მისი განხორციელების გრაფიკი. ეს ნიშნავს, რომ გაწევრიანების მსურველ ყველა სახელმწიფოს, უნდა ქონდეს განსაკუთრებით ძლიერი ვალდებულება რეფორმების განხორციელებასთან დაკავშირებით. ღირებულებები წარმოადგენს ფუნდამენტურ ქვაკუთხედს.
არა იმიტომ, რომ ევროკავშირი ამბობს ასე, არამედ იმიტომ, რომ ევროკავშირი სთავაზობს საზოგადოებრივ, ეკონომიკურ და სამართლებრივ ფორმატსა და ეკონომიკურ განვითარებას, რომელმაც დაამტკიცა თავისი ძალა, შესაძლოა არა უზენაესი, მაგრამ სხვებთან შედარებით ალბათ ესეც. ევროკავშირისთვის მთავარია როგორც კანონმდებლობა და რეგულაცია, ასევე ის ღირებულებები, რომელზეც ჩვენ ყველა შევთანხმდით გაეროში, ეუთოსა თუ ევროპის საბჭოში გაწევრიანებისას. ასე რომ, ის არ მოითხოვს იმაზე მეტს, ვიდრე ჩვენი მზაობაა შესაბამისი ეროვნული კანონმდებლობისა და საერთაშორისო ვალდებულებების შესასრულებლად. თუმცა, ევროკავშირი მოითხოვს მათ აღსრულებას, მასში გაწევრიანება აპლიკანტი ქვეყნისათვის თვით ინტერესს უნდა წარმოადგენდეს- სახელმწიფო უნდა ხედავდეს, რომ რეფორმები, კანონის უზენაესობა, საბაზრო ეკონომიკის წესები, გამჭვირვალობა და არაპოლიტიზირებული სასამართლო სისტემა ქვეყნის კეთილდღეობის უზრუნველსაყოფად არის არსებითად მნიშვნელოვანი.
საქართველოს აქვს ასოცირების შეთანხმება (AA), სავიზო თავისუფლება, თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმება, ასე რომ, გზა ხსნილია. თუმცა, როგორც ჩანს, საბოლოო ვალდებულებას ჯერ კიდევ ესაჭიროება მუშაობა, საშინაო დავალების შესრულება კონკრეტული მიმართულებებით, როგორიცაა სასამართლო რეფორმები, არა მხოლოდ ევროკავშირის იდეის აღქმის და ინსტიტუციური მშენებლობის სამართლებრივი ჩარჩოს, არამედ უპირველეს ყოვლისა საერთო ღირებულების საფუძველზე-ვფიქრობ, სწორედ ამას გულისხმობდა პრეზიდენტი კალილაიდი. ფინეთი ევროკავშირის გაფართოების დიდი მხარდამჭერია, თუმცა ყველა ასე არ არის. ჩვენი მტკიცე ვალდებულება, რომ გაფართოებამ უნდა ასარგებლოს კავშირი და ე.წ კოპენჰაგენის კრიტერიუმების სრული დაკმაყოფილება უნდა მოხდეს. როდესაც არსებობს ნება, არსებობს გზა.
აკ: იმის მიუხედავად რომ სომხეთი და აზერბაიჯანი არ ისწრაფვიან ევროკავშირისკენ იმგვარად, როგორც ახლახანს ჩამოყალიბებული "ასოცირებული ტრიო" (საქართველო, მოლდოვა, უკრაინა), ისინი მაინც არიან აღმოსავლეთ პარტნიორობის წევრი ქვეყნები. შეგიძლიათ კომენტარი გააკეთოთ ამ ქვეყნებთან მიმართებით თქვენი დღის წესრიგის შესახებ?
კნ: ფინეთი აღმოსავლეთ პარტნიორობას ევროპის სამეზობლოში კეთილდღეობისა და სტაბილურობის მომტანად მიიჩნევს და ქმნის სამართლებრივ ბაზას პროცესის თანადაფინანსებისათვის. საქართველო ასოცირებული ტრიოს ნაწილია და ბუნებრივია, სხვებთან შედარებით ცვლილებების სურვილი უფრო მაღალია. ფინეთს მიაჩნია, რომ ასოცირების ხელშეკრულება, უვიზო მიმოსვლა და თავისუფალი ვაჭრობა ტრიოს ანიჭებს პრივილეგირებულ პოზიციას-მეტი თავისუფლება, უკეთესი თანამშრომლობის პროგრამები. ასოცირების ხელშეკრულება ასევე რეფორმების მოთხოვნას უფრო მაღალ დონეზე აყენებს.
აზერბაიჯანთან ევროკავშირი დიდი ხნის მანძილზე აწარმოებდა მოლაპარაკებას და იმედია მიზანი მალე იქნება მიღწეული. თუმცა, სომხეთთან დადებული ყოვლისმომცველი და გაძლიერებული საპარტნიორო შეთანხმება მიმდინარე წელს შევიდა ძალაში და რეფორმების გზა საკმაოდ იმედისმომცემად გამოიყურება.
ევროკავშირის მხარდაჭერა რეფორმებისა და ბიზნეს შესაძლებლობების გაზრდასთან ერთად გაიზრდება. ბუნებრივია, გასული წლის ყარაბახის ომი შოკისმომგვრელი იყო მრავალი სექტორისთვის, ისევე როგორც კოვიდ პანდემია, თუმცა ჩანს სიტუაციის აღდგენის ნიშნები, რაშიც ევროკავშირის პროექტების საშუალებითაც ხდება მხარდაჭერა. ბელორუსი თავის მხრივ განკერძოებული საკითხია. ევროკავშირთან ინტეგრაციასა და დემოკრატიას შორის არსებობს მკაფიო კავშირი-ერთის გარეშე ვერ იქნება მეორე.
მიმდინარე წლის დეკემბრის შუა რიცხვებში დაგეგმილია აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტი- ამის შემდეგ კვლავ შევაფასებთ არსებულ სიტუაციას.
აკ: არის კიდევ რაიმე, რისი გაზიარებაც გსურთ ჩვენი მკითხველისთვის? თუნდაც კონკრეტული პროექტი, რომელსაც გეგმავთ, ან უბრალოდ საინტერესო (ან სასაცილო) გამოცდილება?
სწორედ ამის ხელშეწყობა მსურს: სამხრეთ კავკასიაში ფინეთი გავაცნო როგორც მშვიდობის, სტაბილურობისა და კეთილდღეობის ხელმშემწყობი, ევროპული გუნდურობის სულისკვეთებითა და მყარი პარტნიორობით. ხოლო სამხრეთ კავკასია კი ფინეთისთვის გახდეს აღქმადი, როგორც მნიშვნელოვანი პარტნიორი და არა კონფლიქტური ზონა.
კნ: ორ ისტორიას გავიხსენებდი: პირველად საქართველოს 2019 წლის თებერვალში ევროკავშირ-ნატოს ჰიბრიდული ცენტრის წარმომადგენლის რანგში ვესტუმრე, ევროკავშირის -ნატოს ჰიბრიდული ცენტრის მონახულების მიზნით. ეს იყო ჩემი პირველი ვიზიტი თბილისში, მაშინ არ ვიცოდი რომ საქართველოში ელჩად დავბრუნდებოდი. როდესაც ეს მოხდა, აღმოჩნდა, რომ უკვე მქონდა გარკვეული კონტაქტები ადგილზე: ის პროფესიონალები, რომელთაც შევხვდი 2019 წელს, მათ შორის, ჩვენი შესანიშნავი საპატიო კონსული ეკა მეტრეველი, GFSIS-სა და ნატოს სამეკავშირეო ოფისში მომუშავე ქალბატონები, მინისტრი ახვლედიანი (ელჩი კოლეგა ტალინიდან), ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელი, ესტონეთის ელჩი, ევროპარლამენტარები, EUSR Klaar, ფინელი თანამემამულეები, რომელთაც ჰქონდათ მნიშვნელოვანი შეხება GID, ეუთოსთან და სხვა მრავალი, რომელთანაც შემეძლო დაკავშირება საჭიროების შემთხვევაში. ეს ყველაფერი ფუფუნებაა დიპლომატისთვის.
და მეორე ამბავი, რომელიც უკავშირდება გასულ აგვისტოში ფინელების და ფინელებთან დაკავშირებული ავღანელების ევაკუაციას ქაბულიდან. ფინეთის სახელმწიფომ საევაკუაციო ჰაბის ორგანიზება თბილისის აეროპორტში მოახდინა. იმ კვირაში, კომუნიკაცია ქართველ, ევროკავშირის, დიპლომატ კოლეგებთან, მოგვიანებით ფინელ სამხედროებსა და რა თქმა უნდა შეუცვლელ ეკა მეტრეველთან არასოდეს იქნება დავიწყებული. ჩვენ პოლიტიკურ ისტორიას ვქმნიდით ქალების, ბავშვების და მამაკაცების სიცოცხლის გადასარჩენად. ყველაზე უმცროსი 18 წლის იყო. საქართველო კი ამ ყოველივეს მნიშვნელოვანი წერტილი იყო. საქართველოს ხელისუფლებამ მნიშვნელოვანი როლი შეასრულა ევაკუაციის მაქსიმალურად უმტკივნეულოდ დასრულებაში, ამ ძალისხმევამ საქართველო ფინეთის რუკებზე გააჩინა.
სწორედ ამის ხელშეწყობა მსურს: სამხრეთ კავკასიაში ფინეთი გავაცნო როგორც მშვიდობის, სტაბილურობისა და კეთილდღეობის ხელმშემწყობი, ევროპული გუნდურობის სულისკვეთებითა და მყარი პარტნიორობით. ხოლო სამხრეთ კავკასია კი ფინეთისთვის გახდეს აღქმადი, როგორც მნიშვნელოვანი პარტნიორი და არა კონფლიქტური ზონა.
პოტენციალი არსებობს - ახლა გვჭირდება მეტი სასიხარულო ამბავი გასაზიარებლად და ჭიქა საფერავი, რა თქმა უნდა.
აკ: დიდი მადლობას პასუხებისთვის! ეს ყოველივე თანხვედრაშია კავკასიური ჟურნალის მისიასთან. მზად ვართ მხარდაჭერისათვის და ნებისმიერ დროს თქვენი ხედვების გასაზიარებლად.
კავკასიის ჟურნალი მადლობას უხდის მხარდაჭერისათვის ესტონეთის საელჩოს თბილისში ინტერვიუს მომზადების პროცესში გაწეული დახმარებისათვის.
შეგიძლიათ, მიჰყვეთ, კავკასიურ ჟურნალს შემდეგ ბმულებზე: