Photo: Hanne Salonen / Finnish Parliament |
▶ In English: ინგლისური ვერსია წაიკითხეთ აქ.
ალექსანდერ კაფკა, კავკასიური ჟურნალის მთავარი რედაქტორი: მოგესალმებით კავკასიურ ჟურნალში! თქვენი კარიერა მრავალმხრივ აღსანიშნავია. როგორც ოთხი შვილის დედა, მოახერხეთ, რომ პარლამენტარი გამხდარიყავით. მასწავლებელი იყავით და ახლა "მწვანე" პოლიტიკოსი ხართ. თქვენ ყველასთვის სანიმუშო ხართ, ვისაც სურს, ქალაქისა ან საზოგადოების უკეთესობისკენ შეცვლა. მოხარულები ვართ, რომ დღეს ჩვენი სტუმარი ბრძანდებით. თქვენთვის მოვამზადეთ ბევრი მნიშვნელოვანი კითხვა. დავიწყებ ამით: ოდესმე გიფიქრიათ თქვენს თავზე, როგორც მისაბაძ მაგალითზე? იქნებ სწავლების გამოცდილებამ დიდი ხნის წინ შეგამზადათ ასეთი როლისთვის?
ინკა ჰოპსუ: სწავლებამდეც კი, მრავალი წლის განმავლობაში მე ვიყავი სკაუტების ლიდერი, ჯერ იყო პატარა ჯგუფების მიმართ მქონდა პასუხისმგებლობა, შემდეგ ვმუშაობდი ეროვნული ორგანიზაციის საბჭოში და საერთაშორისო მიმართულებითაც გახლდით ჩართული. ვფიქრობ, ამან მომამზადა პასუხისმგებლობის აღებისა და მრავალი ახალგაზრდისთვის კარგი და მოტივაციური ლიდერის მაგალითად გახდომისთვის. ვფიქრობ, სამოქალაქო საზოგადოების როლი პოლიტიკაში ხელმძღვანელობის ამოცანების მომზადებისთვის, ძალიან მნიშვნელოვანია.
აკ: ჩვენი მრავალი მკითხველისთვის წარმოუდგენელია ქალისთვის ოთხი შვილის აღზრდა რაიმე პროფესიულ კარიერასთან ერთად, რომ აღარაფერი ვთქვათ პოლიტიკაში წასვლაზე. გახსოვთ ის მომენტი, როდესაც პოლიტიკოსობა გადაწყვიტეთ და იყო თუ არა ეს ადვილი? თუ რთული პერიოდი გქონდათ, საიდან მიიღეთ ყველაზე მნიშვნელოვანი დახმარება: თქვენი ოჯახის, თქვენი პარტიის, ან შესაძლოა თქვენი საზოგადოების ან მთავრობის მხრიდან?
იჰ: მე პირველად მხარს ვუჭერდი ჩემს მეგობარს საარჩევნო კამპანიაში და არ მეგონა მუნიციპალურ თუ ეროვნულ პოლიტიკაში საკუთარ კანდიდატურას თუ წარვადგენდი. ამირჩიეს ჩემი რაიონის საეკლესიო საბჭოს წევრად და ამ არჩევნებზე სამჯერ მივიღე ხმების საკმაოდ კარგი რაოდენობა.
ჩემი მეგობარი არც ისე წარმატებული აღმოჩნდა და ის და ჩემი სხვა მრავალი სხვადასხვა აქტივობით დაკავებული მეგობარი (ეკლესია, სკაუტები, ბუნების ლიგა) მხარს მიჭერდნენ მუნიციპალიტეტის არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად, ასე რომ, გამოვიყენე შანსი და არჩევნების შედეგებმა მომიყვანა საკრებულოს წევრის მოადგილის თანამდებობამდე, ამიტომ ჩემი პოლიტიკური კარიერა ეტაპობრივად დავიწყე. ეროვნულ პარლამენტში ამირჩიეს მესამე მცდელობით. მწვანეთა პარტიამ ერთდროულად გაზარდა თავისი ადგილების რაოდენობა და ახლა ის მმართველი მთავრობის ნაწილია.
მე შემიძლია ბედნიერი ვიყო იმით, რომ ფინეთში პოლიტიკაში შემეძლო ყოფნა, როგორც ქალსა და ჩვილი ბავშვების დედას. რა თქმა უნდა, დედაჩემი, ჩემი ქმარი და მრავალი სხვა ადამიანი ბევრჯერ დამეხმარა ბავშვების მოვლაში.
აკ: არაპროფესიონალებისთვის ხშირად რთულია პოლიტიკური პარტიების გარჩევა უცხო ქვეყანაში, მაგრამ "მწვანეთა" პარტია გამონაკლისია. მწვანეები არიან მწვანეები თითქმის ყველგან, მათ შორის აქ, საქართველოში, და მწვანე პარტიების პრიორიტეტები კარგად არის ცნობილი. ეს გაგიადვილებთ ჩემს შემდეგ კითხვაზე პასუხის გაცემას: როგორ აირჩიეთ მწვანე ლიგა და როგორ ჩაერთეთ მასში?
იჰ: როგორც ადრე აღვნიშნე, ჩემი პოლიტიკური საქმიანობა დავიწყე საეკლესიო კრებაში, ჩემს მშობლიურ ესპუოში, 2002 წელს. ჩემს პირველ მუნიციპალურ არჩევნებში მონაწილეობის მიღებამდე (2008), როგორც მწვანე კანდიდატი, მხარს ვუჭერდი და ვმონაწილეობდი სხვა მუნიციპალიტეტის არჩევნების კანდიდატების კამპანიებში. ცოტა ხნის შემდეგ იმდენჯერ მკითხეს, რომ თვითონ გადავწყვიტე მეცადა ეს სფერო. 2008 წლიდან ვარ ესპუას საკრებულოს დეპუტატი ან შეიძლება ითქვას, სრული წევრი.
რატომ მწვანეები? ახალგაზრდობაში ვიყავი ფინეთის და საერთაშორისო მასშტაბით სკაუტების აქტიური წევრი. ამიტომ ყოველთვის გააზრებული მქონდა ბიომრავალფეროვნების მნიშვნელობის, ეკოსისტემის, კლიმატის ცვლილებისა და გარემოზე ზემოქმედების საკითხები. ჩემმა გამოცდილებამ სკაუტებისა და ფინეთის ბუნების ლიგიდან მომცა შესაძლებლობა შემექმნა კარგი პლატფორმა ბუნებისა და ადამიანების პატივისცემის განვითარების მიზნით.
ასე რომ, ბუნების მდგრადი ხედვა ახალგაზრდა ასაკში მემკვიდრეობით გადმომეცა ჩემი გამოცდილებიდან გამომდინარე. მწვანეებმა რამდენიმე წლის განმავლობაში ისაუბრეს ბიომრავალფეროვნებაზე და კლიმატის ცვლილებებზე. საბედნიეროდ, ახლა, ამ თემებზე საუბარი სხვა პარტიებმაც წამოიწყეს.
მწვანე ლიგის დღის წესრიგი ასევე ორიენტირებულია ადამიანის უფლებებზე, გლობალურ საკითხებსა და სოციალურ სამართლიანობაზე. ეს თემები ძალიან მნიშვნელოვანია ჩემთვის. საერთაშორისო და გლობალური პასუხისმგებლობა დაარსების დღიდან პარტიის თემების ნაწილია. ეს ღირებულებები აქტუალური და ფუნდამენტურია ჩემი აზროვნებისთვის.
გარდა ამისა, შეიძლება ითქვას, რომ ეკონომიკურად, პარტიის პოზიცია კარგად შემესაბამება, რადგან მწვანეები ხელს უწყობენ განათლებას, კეთილდღეობას, მდგრად ბიზნეს გარემოს, მაგრამ არა ბუნებისა ან კეთილდღეობის ხარჯზე, შუასაუკუნეების კარგი გამოცდილებაზე დაფუძნებული და გამოსავალზე ორიენტირებული ფოკუსი ყოველთვის სწორი იყო ჩემთვის.
აკ: ისეთი განვითარებადი სამოქალაქო საზოგადოებისთვის, როგორიც ჩვენია, მნიშვნელოვანია გვესმოდეს, მექანიზმი, რომელიც ირჩევს ყველაზე მოტივირებულ და ქმედითუნარიან მოქალაქეებს და გარდაქმნის მათ გადაწყვეტილების მიმღებად. როგორ ფიქრობთ, ფინეთში მოქმედებს ასეთი მექანიზმები ეფექტურად? და, თქვენი ქვეყნისთვის დამახასიათებელია თქვენი პოლიტიკური კარიერა?
იჰ: მე ნამდვილად მჯერა, რომ პოლიტიკას სჭირდება სხვადასხვა წარმოშობის ხალხი. პოლიტიკოსები ან გადაწყვეტილების მიმღები პირები არ უნდა იყვნენ მხოლოდ ყველაზე წარმატებული პიროვნებები ჩვენს საზოგადოებებში. ჩვენ გვჭირდება მეტი ინკლუზიურობა პარლამენტში, რომელიც უნდა ასახავდეს მოსახლეობის სოციალურ მრავალფეროვნებას, სქესის, ენის, რელიგიის, ეთნიკური კუთვნილების და ა.შ. განურჩევლად. ამიტომ, ჩვენ გვჭირდება უფრო მეტი პოლიტიკოსი, რომლებიც წარმოადგენენ სხვადასხვა უმცირესობებს, მრავალფეროვანი წარმოშობის ადამიანები, ახალგაზრდა კანდიდატები და ა.შ. მნიშვნელოვანია, რომ საზოგადოებამ უზრუნველყოს მონაწილეობის უნარები და შესაძლებლობები ყველასთვის. ასევე მნიშვნელოვანია სხვადასხვა დარგის ექსპერტები, რომლებსაც აქვთ გამოცდილება მნიშვნელოვან საკითხებთან მიმართებით და შეუძლიათ ეჭვქვეშ დააყენონ წინადადებები, რომლებიც შეიძლება მიიღონ სხვა დეპუტატებმა ან მრჩეველებმა.
კამპანიის საშუალო ბიუჯეტი, რომელმაც უზრუნველყო ადგილი პარლამენტში, იყო 35.000 ევრო.
რაც შეეხება ფინეთის საარჩევნო სისტემას, დავიწყებ იმით, რომ ფინანსური საკითხები კანდიდატებსა და პარტიებს შორის უთანასწორობის საფუძველია, განსაკუთრებით პარლამენტის არჩევნებზე. ეს საკმაოდ მარტივია: ხალხს, რომელსაც უამრავი ფული აქვს ან დიდი დონორი ჰყავს, უფრო მეტის საშუალება აქვთ. ფინეთში, 2019 წელს ჩატარებული საპარლამენტო არჩევნების დროს, კამპანიის საშუალო ბიუჯეტი, რომელმაც უზრუნველყო ადგილი პარლამენტში, იყო 35000 ევრო. ფინეთში პარტიები ზომით ძალიან განსხვავებული არიან და, შესაბამისად, მათ შეუძლიათ სხვადასხვა გზით მხარი დაუჭირონ თავიანთ კანდიდატებს.
თუ კანდიდატები არ არიან ცნობილი პოლიტიკოსები, ცნობილი სახეები ან სურვილი აქვთ აიღონ დიდი საბანკო სესხები, ძნელია, მათი პირველივე ჯერზე არჩევა. ეს არის თანასწორობის საკითხი. ამ საკითხის მოსაგვარებლად, ჩვენ უნდა განვსაზღვროთ შეზღუდვები პარლამენტისა და მუნიციპალიტეტების საარჩევნო კამპანიის დაფინანსებისთვის.
ფინეთში, საარჩევნო კამპანიის დაფინანსების გამჭვირვალობა საერთაშორისო პერსპექტივიდან საკმაოდ კარგ დონეზეა. საპარლამენტო არჩევნებზე, ყველა დონორი, რომელთა შემოწირულობაც 1500 ევროს აღემატება, უნდა გამოცხადდეს საჯაროდ. მწვანეთა პარტიაში ეს პრინციპი უფრო მკაცრი იყო, რაც ნიშნავს, რომ უნდა გამოცხადდნენ დონორები, რომელთა შემოწირულობები 1000 ევროს აღემატება. მუნიციპალურ არჩევნებზე ლიმიტი 800 ევროა. არჩეულ პირებს მოეთხოვებათ უფრო დეტალური ანგარიშის წარდგენა საარჩევნო კამპანიის ხარჯების შესახებ.
ჩემი საკუთარი პოლიტიკური კარიერა, ალბათ, საკმაოდ ჩვეულებრივი იყო, შესაძლოა, ოდნავ უფრო მეტხანს, ვიდრე დღეს, რადგან გაიზარდა ახალგაზრდა ქალთა მონაწილეობა პარლამენტში. მიუხედავად იმისა, რომ ჩემს ახალგაზრდობაში ეს ასე ჩვეულებრივი ამბავი არ იყო.
აკ: ბევრ ქვეყანაში ხალხს სურს ცვლილებები, მაგრამ არ იცის როგორ უნდა იმოქმედოს. როგორ მუშაობს თქვენი პარტია ხალხთან "საწყის" დონეზე? თუ თქვენ შეძლებთ გაგვიზიაროთ თქვენი ნოუ-ჰაუს გარკვეული ნაწილი, ან თუნდაც რაიმე პრაქტიკული შემთხვევის შესახებ გვითხრათ, ეს ძალიან მნიშვნელოვანი იქნება.
იჰ: უდიდესი მნიშვნელობა აქვს გადაწყვეტილების მიღებისას რგოლის ქვედა დონიდან დაიწყო მოსმენა. მწვანეთა სამყაროში ჩვენ კარგად გვაქვს ჩამოყალიბებული ჩვევა, რომ გვქონდეს ფართო და ინკლუზიური მოსმენები სხვადასხვა პოლიტიკურ საკითხთან დაკავშირებით. ამიტომ, ჩვენი კონტაქტი სამოქალაქო საზოგადოებასთან სხვადასხვა ფორმით, განსაკუთრებით არასამთავრობო ორგანიზაციებთან, ძლიერია. ჩემი აზრით, მწვანეთა პარტიას ხელმისაწვდომი და დემოკრატიული შინაგანი სამუშაო კულტურა აქვთ. ”შიდა დემოკრატია” აისახება პარტიის ინსტიტუტებისა და სამუშაო ჯგუფების ფუნქციონირებასა და მისი წევრების კონსულტაციებზე. ყველას შეუძლია მონაწილეობა მიიღოს სამუშაო ჯგუფებში და გააკეთოს კომენტარი პოლიტიკური პროგრამების შემუშავების ეტაპზე, რომლებიც საბოლოოდ ასევე ხელმძღვანელობს საპარლამენტო ჯგუფის მუშაობას.
სამეზობლო დემოკრატია ნიშნავს მაცხოვრებლების ნამდვილ შესაძლებლობებს გავლენა მოახდინონ საკუთარ ცხოვრებასა და საცხოვრებელ ადგილზე.
უფრო მეტიც, მუნიციპალურ დონეზე ჩვენ აქტიურად ვცდილობთ ახალგაზრდების ხმის გაძლიერებას. მაგალითად, ჩემს მშობლიურ ქალაქში, ჩვენ ჩამოვაყალიბეთ პლატფორმა (ManiMiitti), რომელიც ესპოელ ახალგაზრდებს საშუალებას აძლევს მონაწილეობა მიიღონ ახალგაზრდული მომსახურებისთვის ფულის გამოყენების დაგეგმვაში. მნიშვნელოვანია ახალგაზრდების ჩართულობის წახალისება, გამჭვირვალობისა და მოქალაქეთა ე.წ. „სამეზობლო დემოკრატიის“ ხელშეწყობა. სამეზობლო დემოკრატია ნიშნავს მაცხოვრებლების ნამდვილ შესაძლებლობებს გავლენა მოახდინონ საკუთარ ცხოვრებასა და საცხოვრებელ ადგილზე.
ამასთან, ყოველთვის არსებობს გაუმჯობესების შესაძლებლობა. ჩვენ გვჭირდება უფრო მეტი ახალგაზრდა ამომრჩეველი, ახალგაზრდა კანდიდატები და პლატფორმები ახალგაზრდებისთვის, რომ გავლენა მოახდინონ საზოგადოებაზე და იგივე გაუმჯობესება გვჭირდება ემიგრანტებთან მიმართებითაც.
აკ: გეთანხმებით, დღეს სწრაფად ცვალებად სამყაროში გამარჯვებული ის გახდება, ვისაც ახალგაზრდების ესმის. როგორ რთავთ თქვენ, ან თქვენი პარტია, ამ ყველაფერში ახალგაზრდა თაობას?
იჰ: თუ ჩვენ ვფიქრობთ გრძელვადიან გადაწყვეტილებებზე, რომლებიც აუცილებელია ცხოვრების მასშტაბური გამოწვევების (მაგალითად, კლიმატის ცვლილება და ბიომრავალფეროვნების დაკარგვა და სხვა) გადასაჭრელად, ეს მოითხოვს ახალგაზრდა თაობებსა - რომლებზეც ყველაზე მეტად იმოქმედებს მიღებული გადაწყვეტილებებით - და მათ ჩართულობას, პოლიტიკის შემუშავებაში.
ფინეთში მწვანეები მრავალი წლის განმავლობაში იმყოფებოდნენ არჩევნების გამოკითხვის ტოპ 3 პარტიაში, რომლითაც იზომება პოლიტიკური პარტიების პოპულარობა ახალგაზრდებში. ვფიქრობ, რამდენიმე მიზეზი არსებობს, რის გამოც მწვანე ლიგა ასე პოპულარული გახდა. შესაძლოა, ყველაზე თვალსაჩინო ის არის, რომ პარტიამ პოლიტიკურ ქმედებებში პრიორიტეტად მიიჩნია ახალგაზრდების ცხოვრების მრავალი საკითხი. მწვანეთა მიერ მნიშვნელოვან საკითხებად განისაზღვრა, მაგალითად, განათლება, სტუდენტების კეთილდღეობა და საზოგადოებრივი ტრანსპორტის საკითხები. ამის გარდა, შეგვიძლია ვთქვათ, რომ მწვანეთა წარმომადგენლები საუბრობენ გამოწვევებზე, რომლებიც მნიშვნელოვანია ახალგაზრდებისთვის. კლიმატის ცვლილებები ამის შესანიშნავი მაგალითია.
წარმომადგენლობითი დემოკრატიის მომავლისთვის უმნიშვნელოვანესია ახალგაზრდების წახალისება ხმის მიცემისა და კანდიდატად წარდგენისთვის. პოლიტიკურ პარტიებს, მწვანეთა ჩათვლით, ევალებათ ინოვაციები და მოძებნონ ჩვენი საზოგადოების ახალგაზრდა წევრებთან კომუნიკაციის ახალი გზები. მიუხედავად იმისა, რომ ბოლო მუნიციპალურ არჩევნებში (2021 წლის ივნისი) კანდიდატების რაოდენობა წინა არჩევნებიდან (2017 წ.) გაიზარდა 2000-ზე მეტი კანდიდატით, შემცირდა როგორც ახალგაზრდა კანდიდატების, ასევე ქალთა რიცხვი. სამწუხარო მოვლენაა.
და ბოლოს, მაინც მნიშვნელოვანია გვახსოვდეს, რომ პოლიტიკა სამყაროს შეცვლის ერთადერთი გზაა. ახალგაზრდებს ასევე უნდა ჰქონდეთ სხვა საშუალებები, რომ გავლენა მოახდინონ საზოგადოებაზე, მაგალითად სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებში და ა.შ.
აკ: ქალები პოლიტიკაში, ქალები მთავრობაში: ფინეთს აქვს ბევრი გამოცდილება, რომელიც ამ მხრივ უნდა გაუზიაროს დანარჩენებს. ვფიქრობ, ბევრი დეტალია, რომელიც თქვენ უკეთ იცით, ვიდრე სხვა ყველამ - თქვენი ცხოვრების პირადი გამოცდილებიდან, ფინეთის ეროვნული პერსპექტივიდან და ასევე, ევროკავშირის დონეზეც. არსებობს რაიმე ასპექტი, რომელზეც გსურთ საუბარი?
იჰ: პარლამენტის 2019 წლის არჩევნების შედეგი ისტორიული იყო გენდერული თანასწორობის თვალსაზრისით, ფინეთის პარლამენტში უფრო მეტი ქალია, ვიდრე ოდესმე.
მე შემიძლია ვთქვა, რომ მხარეებსა და მრავალ გადაწყვეტილების მიმღებ ორგანოში არსებობს ბავშვთა მიმართ კეთილგანწყობილება: მაგალითად, ძუძუთი კვება ნებადართულია შეხვედრებზე, შეხვედრების დროს ბავშვზე ზრუნვის საფასური იფარება და ა.შ.
30 წლის განმავლობაში პარლამენტს აქვს ე.წ. ქალთა ქსელი, რომელიც შედგება სხვადასხვა პარტიის ქალი დეპუტატებისაგან. ქსელმა წამოაყენა ქალთა და ბავშვთა ოჯახების საკითხები. სხვადასხვა პოლიტიკურ კომიტეტებში და სხვა გადაწყვეტილების მიმღებ ორგანოებში თანასწორობის დებულებებმა უკეთ უზრუნველყვეს, რომ ორივე სქესს მეტნაკლებად თანაბრად მიუწვდებათ ხელი გადაწყვეტილების მიმღების პოზიციებზე.
მე შემიძლია ვთქვა, რომ მხარეებსა და მრავალ გადაწყვეტილების მიმღებ ორგანოში არსებობს ბავშვთა მიმართ კეთილგანწყობილება: მაგალითად, ძუძუთი კვება ნებადართულია შეხვედრებზე, შეხვედრების დროს ბავშვზე ზრუნვის საფასური იფარება და ა.შ.
თავად პარლამენტის შენობა ცოტა პრობლემატურია, როდესაც საქმე ეტლებით გადაადგილებას ეხება. პარლამენტს ასევე არ გააჩნია ბავშვებისთვის სპეციფიკური ოთახი, სადაც საჭიროების შემთხვევაში მშობელს ან მშობლებს შეეძლებათ პატარებზე ზრუნვა.
მთლიანობაში, ფინეთის გენდერულმა თანასწორობამ მრავალ წარმატებას მიაღწია წლების განმავლობაში, მაგრამ კიდევ ბევრია გასაკეთებელი. ჩვენ გვჭირდება მეტი განათლება გენდერული თანასწორობის კუთხით, რადგან დამოკიდებულება ნელ-ნელა იცვლება და ბევრ ქვეყანაში უკანსვლასაც ვხედავთ.
აკ: ასე რომ, მაღალგანვითარებულ საზოგადოებაშიც, მაგალითად ფინეთში, პრობლემები ისევ არსებობს - გენდერულ თანასწორობასა, ან იქნებ ასევე უმცირესობებთან დაკავშირებული? როგორ მოახდენდით მათ პრიორიტიზირებას?
იჰ: აბსოლუტურად, ბრძოლა თანასწორობისთვის არასოდეს დასრულებულა. ამ მუდმივი "ბრძოლის" ნაწილია ის ფაქტი, რომ სამყაროს გაგება მუდმივად ვითარდება. მაგალითად, ახლა, რადგან ტექნოლოგიას უფრო მეტი ძალა აქვს ჩვენს კომუნიკაციასა და ინფორმაციაზე, ვიდრე ოდესმე, ჩვენ ძალიან ფრთხილად უნდა ვიყოთ ადამიანის უფლებებისა და თანასწორობის საკითხებზე. ვის აქვს ცოდნაზე ხელმისაწვდომობა? შეიძლება თუ არა ალგორითმებით დაირღვეს ადამიანის უფლებები?
მე შემიძლია აღვნიშნო რამდენიმე პრობლემა, რომლებიც დაკავშირებულია თანასწორობასა და ადამიანის უფლებებთან ამჟამად, ფინეთში. პირველ რიგში, თავშესაფრის მაძიებელთა მდგომარეობა არ არის სახარბიელო 2015 წლის შემდეგ, როდესაც ფინეთმა მიაღწია თავშესაფრის მაძიებელთა რეკორდულად მაღალ რაოდენობას. მიუხედავად იმისა, რომ ვითარება პროგრესისკენ მიდის, მათი კონსტიტუციური და ადამიანის უფლებები სრულად არ არის დაცული.
2015 წლიდან სამი თავშესაფრის მაძიებელი მყავდა განთავსებული ჩემს საკუთარ სახლში.
ამ ინტერვიუს დროის პარალელურად აღინიშნება „სიამაყის კვირა.“ ტრანსსექსუალთა გენდერის იურიდიული აღიარების შესახებ მოქმედი აქტი უნდა განახლდეს, რათა უკეთ გაითვალისწინონ ადამიანის უფლებები. ფინეთში კვლავ მოქმედებს კანონი, რომელიც მოითხოვს სტერილიზაციას, როგორც სქესის იურიდიული დადასტურების პირობას.
აკ: პროფესიონალურად ხართ დაკავებული ხსენებული პრობლემების მოგვარებით? იქნებ შეგიძიათ მაგალითი მოგვიყვანოთ თქვენი ყოველდღიური რუტინიდან?
იჰ: რაც შეეხება ჩემს პირად ცხოვრებას, 2015 წლიდან სამი თავშესაფრის მაძიებელი მყავდა განთავსებული ჩემს საკუთარ სახლში.
პროფესიულად, ფინეთის ეკლესიის დახმარების კუთხით ვმუშაობდი თანამშრომლობის განვითარებასა და კოორდინაციას ვუწევდი „მასწავლებელთა ქსელს საზღვრებს გარეშე“, რომელიც არის ფინელი პედაგოგების ქსელი, რომლებიც მთელ მსოფლიოში იგზავნებიან ადგილობრივი საგანმანათლებლო სისტემებისა და პროექტების განსახორციელებლად.
მაგალითად, პარლამენტში ახლახანს წამოვიწყე საკანონმდებლო ინიციატივა, რომელიც მიზნად ისახავს უცხო ენოვანი ბავშვების მდგომარეობის მხარდაჭერას ფინეთის დაწყებით სკოლებში უკეთესი შესაძლებლობების მისაღებად და ფინური ან შვედური ენის შესწავლის ენობრივი უნარების განმტკიცებაში.
აკ: თუ გქონიათ რაიმე პროფესიული გამოცდილება საქართველოსა და სამხრეთ კავკასიაში, ჩვენი მკითხველი განსაკუთრებით დაინტერესდება თქვენი კომენტარების მოსმენით.
იჰ: მე თვითონ მაქვს საინტერესო მოგონებები საქართველოზე. გასულ წელს საქართველოში ეუთოს სადამკვირვებლო მისიაში მივიღე მონაწილეობა. ჩემი დაკვირვების არეალი დედაქალაქ თბილისში იყო. მიუხედავად იმისა, რომ მისიის განრიგი საკმაოდ დატვირთული იყო, მქონდა შესაძლებლობა ცოტათი გავცნობოდი ქვეყანას. საარჩევნო პროცესმა კარგად ჩაიარა იმ ადგილებში, სადაც დამკვირვებელი ვიყავი და ძალიან კარგი იყო საუბარი ადგილობრივ მედიასთან, პოლიტიკოსებთან და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან. მსურს ერთ დღეს დავბრუნდე თქვენს ლამაზ ქვეყანაში.
აკ: ჩემი ბოლო კითხვა - თქვენს პოლიტიკურ საქმიანობაში, იყენებთ თქვენი მასწავლებლის გამოცდილებას? როდესაც პარლამენტს მიმართავთ, ეს გაკვეთილის სწავლების განცდას გავს?
იჰ: მე, ფაქტობრივად, ვცდილობ თავი ავარიდო სწავლებას, როგორც პოლიტიკური საუბრის სტილს. ჩემი მიზანია სოციალურ ურთიერთობებში განხილვები, კამათი და ერთობლივი გადაწყვეტილებების შემუშავება და ფორმირება. სწავლების დროსაც კი, საუკეთესო საქმეა გულდასმით მოუსმინო იმას, რაც გაუგებარია და სტუდენტებს აფიქრებინო საკუთარი ტვინით, რათა მიიღონ მეტი ცოდნა და ჩამოაყალიბონ თავიანთი შეხედულებები.
აკ: ძალიან დიდი მადლობა!
შეგიძლიათ, მიჰყვეთ, კავკასიურ ჟურნალს შემდეგ ბმულებზე: