ალკის დრაკინოსი: „კავკასიის სამი ქვეყანა წარმოადგენს სრულყოფილ დერეფანს აზიასა და ევროპას შორის ვაჭრობისთვის“

Alkis Drakinos
26.06.2025. (Caucasian Journal)  ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი (EBRD), რომელიც ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში, ცენტრალურ აზიასა და სამხრეთ და აღმოსავლეთ ხმელთაშუა ზღვისპირეთში ეკონომიკური განვითარების მთავარი მამოძრავებელი ძალაა, ასევე აქტიური მოთამაშეა სამხრეთ კავკასიაშიც. ბანკის ინვესტიციები კერძო საწარმოებში, ინფრასტრუქტურასა და მდგრად განვითარებაში ძალიან მნიშვნელოვანია. 

დღეს ჩვენთვის დიდი პატივია წარმოგიდგინოთ ინტერვიუ ალკის ვრიენიოს დრაკინოსთან, EBRD-ის დირექტორთან და კავკასიის რეგიონალურ ხელმძღვანელთან, რომელმაც თბილისში მოღვაწეობა 2023 წელს დაიწყო.

 In English: ინგლისური ვერსია წაიკითხეთ აქ.


ალექსანდრე კაფკა, კავკასიური ჟურნალის მთავარი რედაქტორი: ძვირფასო ალკის, მოგესალმებით კავკასიურ ჟურნალში! გმადლობთ, რომ დრო დაგვითმეთ. თქვენთვის ხომ უცხო არ არის ჩვენი რეგიონი? იქნებ, უპირველეს ყოვლისა, თქვენს პროფესიულ გამოცდილებასა და სამხრეთ კავკასიაში მუშაობის წინა პრაქტიკაზე გვესაუბროთ?

ალკის დრაკინოსი: ძვირფასო ალექსანდრე, დიდი მადლობა კავკასიურ ჟურნალში მოწვევისთვის. ჩემთვის დიდი პატივია, რომ საშუალება მაქვს, თქვენს მკითხველს ჩემი გამოცდილება და შეხედულებები გავუზიარო. დიახ, მართალი ბრძანდებით, კავკასია ჩემთვის უცხო არ არის. ამ რეგიონს პირველად 30 წლის წინ ვეწვიე, როდესაც EBRD-ის ახალგაზრდა, ასოცირებული ბანკირი ვიყავი და ყველაფერი აქ, თბილისში დაიწყო! ეს იყო ჩემი პირველი პროფესიული ვიზიტი ბანკის საოპერაციო ქვეყანაში EBRD-ის სავიზიტო ბარათით, რამაც მთელი ცხოვრება წარუშლელი კვალი დატოვა ჩემზე.