27.05.2021 (კავკასიური ჟურნალი). დღეს ჩვენ ვსაუბრობთ მდგრადი კვების სისტემებზე. ჩვენი სტუმრები არიან დოქტორი აფტონ ჰალორანი, დანიელი ექსპერტი მდგრადი კვების სისტემების გარდამავლობის საკითხში, ელენე შატბერაშვილი, ელკანას ბიოლოგიური მეურნეობის ასოციაციიდან და დოქტორი დიმიტრი კოსტაროვი, სოფლის მეურნეობის სატელევიზიო არხის -საფერავი TV-ის ხელმძღვანელი და დამოუკიდებელი მეღვინე.
ალექსანდერ კაფკა, კავკასიური ჟურნალის მთავარი რედაქტორი: მადლობა მინდა გადავუხადო აფტონ ჰალორანს ამ ინტერვიუსთვის და ჩემი პირველი კითხვა არის შემდეგი: ჩვენ ვიცით, რომ სკანდინავიის ქვეყნები ლიდერებს შორის არიან მდგრადი კვების სისტემების გარდამავლობის პროცესში. საინტერესოა, რატომ არის ასე და თუ შეგიძლიათ, რომ თქვენი ცოდნა და მიდგომები გაგვიზიაროთ ამ პრობლემასთან მიმართებით.
აფტონ ჰალორანი: გამარჯობა, მე ვარ აფტონ ჰალორანი და ვარ დამოუკიდებელი კონსულტანტი მდგრადი კვების სისტემების მობილობის საკითხებში. ვთანამშრომლობ სხვადასხვა ორგანიზაციასთან და სააგენტოსთან იმის გასაგებად, თუ როგორ შეუძლიათ მათ კვების სისტემის გარდაქმნა. ასე რომ, როდესაც ვსაუბრობთ კვების სისტემაზე, საჭიროა ვისაუბროთ კვების სისტემის სხვადასხვა ასპექტებზე. მაგალითად, ადამიანური ასპექტი, საზოგადოებრივი ასპექტი, მაგრამ ასევე ეკონომიკური ასპექტი, ეკოლოგიური ან გარემოს ასპექტი და თუნდაც პოლიტიკური ასპექტი. როდესაც განვიხილავთ ყველა ამ განზომილებას, როგორც ერთ მთლიანობას და იმას, თუ როგორ მოქმედებენ ისინი კვებაზე, რას ვაწარმოებთ და რას ვიღებთ, ამ ყველაფერს, ჩვენ ვხედავთ, როგორც ერთ მთლიან სისტემას.
რატომ არის ასეთი მნიშვნელოვანი 21-ე საუკუნეში, კვების სისტემაზე საუბარი?
პირველ რიგში, თუ გადავხედავთ, გარემოს ან ეკოლოგიურ ასპექტს, გლობალური კვების სისტემები, გარემოს დაქვეითების ყველაზე დიდი მამოძრავებელია.
შემდეგ კი, როდესაც მას ბიომრავალფეროვნების პერსპექტივიდან ვუყურებთ, დავინახავთ, რომ კვების სისტემები წარმოადგენენ ბიომრავალფეროვნების დაკარგვის ძირითად მამოძრავებელს, საკვების წარმოების არამდგრადი ფორმების გამო.
მაგალითად, რესურსების პერსპექტივის კუთხიდან რომ შევხედოთ, ტყეების გაჩეხვით, მიწის შემდგომი ნიადაგის მოსამზადებლად. ასევე უნდა გავითვალისწინოთ ის, რომ გლობალურად წარმოებული საკვების მესამედი იკარგება ან ფუჭდება. ასევე, როდესაც ჩვენ ამ საკვებს ვკარგავთ ღირებულების ჯაჭვის პროპორციულად, ჩვენ ვხარჯავთ რესურსებს. გლობალური სათბურის გაზების ემისიების დაახლოებით რვა პროცენტი, რომელსაც ადამიანი აწარმოებს, მოდის საკვები ნარჩენებიდან და ეს არის ის, რისი თავიდან აცილებაც შესაძლებელია.
ასე რომ, როდესაც ამ საკითხს ადამიანის კვების, ან საზოგადოების პერსპექტივიდან ვუყურებთ, ვიცით, რომ არასწორი კვება ნამდვილად წარმოადგენს ერთ-ერთ გამოწვევას გლობალურ დონეზე. ცხრა ადამიანიდან ერთი ყოველდღე მშიერი იძინებს - 21-ე საუკუნეშიც კი!
ამავე დროს, ყოველი მესამე ადამიანი პირიქით, ძალიან ბევრ საკვებს იღებს და შესაბამისად, დიაბეტთან ერთად, გვაქვს ჭარბწონიანობის პრობლემა. არასწორი დიეტა 8 მილიონზე მეტი ადამიანის სიცოცხლეს აყენებს საფრთხის ქვეშ და არის სიკვდილიანობის 14%-ის მიზეზი. ეს არის პრობლემა. დიეტა არ უნდა გვკლავდეს.
როდესაც მთლიან საზოგადოებას ვუყურებთ, ასევე ვხვდებით, რომ კვების სისტემაში არის მასობრივი დისბალანსი და ბევრა ადამიანს არ აქვს წვდომა მაღალი ხარისხის საკვებზე. ეს არის კიდევ ერთი მიზეზი, რის გამოც ყურადღება უნდა მივაქციოთ კვების სისტემებს. ჩვენ ასევე ვიცით, რომ მსოფლიოს ღარიბი მოსახლეობის დაახლოებით 80% სოფლად ცხოვრობს და ძირითადად სოფლის მეურნეობაზეა დამოკიდებული. ჩვენ ვიცით, რომ მცირე ფერმერებისთვის ეს წარმოადგენს მნიშვნელოვან საარსებო წყაროს. და ასევე უფრო მგრძნობიარენი არიან იმ საკითხთან დაკავშირებით, რომ მაგალითად, მათ საარსებო წყაროს შეიძლება პრობლემა შეუქმნას კლიმატის ცვლილებამ. ასევე ბევრი ადამიანის საარსებო წყაროა კვების მრეწველობა არა მხოლოდ სოფლის მეურნეობის, არამედ წარმოების თვალსაზრისით, საცალო ვაჭრობის კუთხით. წარმოების თვალსაზრისით, ეს ბევრი ადამიანის შემოსავლის წყაროა, მაგრამ ამ სამუშაოების უმეტესობა არ არის უსაფრთხო ან მათ დაბალი ხელფასი აქვთ, ამიტომ საერთო ანალიზის საფუძველზე, ეს კვლავ გვიჩვენებს კვების სისტემების მდგრადობის პრობლემებს.
ჩემი ამჟამინდელი ნამუშევრები ფოკუსირებულია კვების სისტემის სხვადასხვა წერტილებზე, რომელთა საშუალებითაც შეგვიძლია ინტერვენცია კვების სისტემებში და რომელთა გამოყენებითაც შეგვიძლია, საბოლოოდ ვნახოთ ცვლილებები და ტრანსფორმაცია ამ სფეროში.
სკანდინავიის რეგიონის კოლეგებთან ერთად ჩვენ დავადგინეთ რვა სხვადასხვა ინტერვენციის წერტილი, რომლებიც გამოიყენება მსოფლიოს ამ რეგიონისთვის, მაგრამ ასევე შეიძლება გამოვიყენოთ ბევრ სხვა ადგილას. სანამ ამაზე დეტალურად ვისაუბრებ, საჭიროა კონტექსტის განხილვა. როდესაც ჩვენ ვადგენთ სხვადასხვა მეთოდებს, რომლებიც მორგებულია კონკრეტულ ქვეყნებსა თუ რეგიონზე, ეს აუცილებლად უნდა იყოს სპეციფიკური. ახლა უფრო მეტს ვისაუბრებ ზოგადი კუთხით, რომ ამის მორგება შევძლოთ, როგორც საქართველოს, ასევე მსოფლიოს სხვა ადგილებზეც.
ერთ-ერთი სფერო, სადაც ვხედავთ ჩარევის აუცილებლობას, არის კვების გარემო. კვების გარემო არის ფიზიკური, ციფრული და სოციალური გარემო, სადაც ჩვენ ვიღებთ გადაწყვეტილებას ჩვენი კვების შესახებ. ეს მოდის საკვების მოხმარებიდან. ეს გარემო ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან მათზე გავლენას ახდენს პოლიტიკა, როგორც ეკონომიკური გადაწყვეტილებები, ასევე სოციალურ-კულტურული გადაწყვეტილებები. ეს კი გავლენას ახდენს იმაზე, რას და როგორ ვჭამთ. ეს შეიძლება იყოს ის, თუ როგორ ხდება არაჯანსაღი საკვების პოპულარიზაცია, რაც ხელს უწყობს ისეთი საკვების მიღებას, რომლებიც შეიცავენ, მაგალითად ბევრ მარილს, ცხიმსა და შაქარს - ჯანსაღ საკვებზე ორიენტირების მაგივრად.
თუ ჩვენ შეგვიძლია კვების გარემოს ნორმალიზება, რომელიც ხელს უწყობს ჯანსაღი და ეკოლოგიურად მდგრადი დიეტის წესების დანერგვას,ეს არის ერთ–ერთი პოტენციური გზა, რომლის საშუალებითაც შეგვიძლია დავიწყოთ სისტემაში ჩარევა. და შემდეგ, ამის მიხედვით გადავწყვიტოთ, თუ რა არის გასაკეთებელი, მაგრამ, რა თქმა უნდა, ეს არის ის, რაც ჩვენი აღმოჩენით, მნიშვნელოვანია სკანდინავიის რეგიონისთვის.
კიდევ ერთი საკითხი ეხება წრიულობას. ბევრს საუბრობენ კვების სისტემაში ნარჩენების შემცირებაზე, მაგრამ ცირკულარულობა შეიძლება სხვა დონეზე ავიყვანოთ. ეს ეხება რესურსების ნაკადების გადამუშავებას. თუ სუბპროდუქტებს ვუყურებთ, როგორც არა გადასაყრელს, არამედ როგორც ღირებულსა და გამოსაყენებელს, ეს საშუალებას მოგვცემს, რომ გადავდგათ ნაბიჯი წინ, უფრო მდგრადი კვების სისტემებისკენ.
კიდევ ერთი ჩარევის წერტილი, რომელიც აღმოვაჩინეთ, ტრიალებს კვების კულტურისა და იდენტობის გარშემო. ეს არის რაღაც, რაც საერთოდ არ არის სტატიკური და დინამიკურია და რაზეც დროთა განმავლობაში შეგვიძლია გავლენა მოვახდინოთ. კვების კულტურა არის ჩვენი პრეფერენციების, ნორმებისა და პრაქტიკის ერთობლიობა, რაც გავლენას ახდენს იმაზე, თუ რას ვაწარმოებთ, რას ვიყენებთ და რას ვყრით. რაც სკანდინავიის რეგიონში აღმოვაჩინეთ არის ის, რომ კვების კულტურა შეიძლება შეიცვალოს და რაც დავინახეთ ბოლო 15 წლის განმავლობაში, არის სკანდინავიური კვების კულტურის უზარმაზარი აღორძინება. ახალი სკანდინავიური კვების მოძრაობა დაიწყო შეფ-მზარეულების ჯგუფმა, რომლებსაც შემდგომ ჰქონდათ მთავრობის მხარდაჭერა ახალი სკანდინავიური კვების იდენტობის შესაქმნელად. ასე რომ, ჩვენ დავინახეთ ეს მასიური ცვლილება ძალიან მცირე დროში, და ის ახლაც მიმდინარეობს. ეს ნამდვილად კარგი მაგალითია იმისა, თუ რა ხდება მაშინ, როდესაც თანამშრომლობთ სისტემის სხვადასხვა ნაწილთან ჩვენი იდენტობის დანახვის რესტრუქტურიზაციისთვის.
თუ ჩვენ გლობალურად, მაგრამ ასევე მცირე მასშტაბის დონეზე, შეგვიძლია შევაფასოთ ჩვენი საკვები კულტურები და იდენტობა და ავიღოთ ის ნაწილები, რომლებსაც მივყავართ ჯანმრთელ და ეკოლოგიურად და სოციალურად მდგრად შედეგებამდე, ჩვენ შეგვიძლია კვების კულტურის რესტრუქტურიზაციაში დახმარება.
კიდევ ერთი ინტერვენციის წერტილი არის დიეტა და ვახშმები. ჩვენ ვიცით, რომ აქ, სკანდინავიის რეგიონში საშუალოდ, დიეტა არის არაჯანსაღი და ეკოლოგიურად არამდგრადი. ასე რომ, ამასთან დაკავშირებით რაღაც უნდა გაკეთდეს.
ამის ერთ-ერთი გზაა დიეტის სწორი მითითებებით ხელმძღვანელობა, რაც, რა თქმა უნდა, ყველა ქვეყანას ექნება. ხოლო რაც შეეხება მათ განახლებას, ახლა ბევრი ქვეყანა მიიწევს წინ გარემოს მდგრადობის კუთხით და ერთიანად უყურებს ადამიანისა და პლანეტის ჯანმრთელობის საკითხებს.
კიდევ ერთი გზაა კვების რაციონისა და წესების შეცვლა. ეს შეიძლება მოხდეს საჯარო სექტორის საშუალებით - სკოლის კვებით, საავადმყოფოს კვებით, მაგრამ ასევე კერძო სექტორის საშუალებით - ვფიქრობთ, თუ როგორ უნდა დავეხმაროთ კერძო სექტორს, უფრო ჯანსაღი და ეკოლოგიურად მდგრადი ვარიანტების წარმოქმნაში.
კიდევ ერთი მნიშვნელოვანი საკითხი ტრიალებს კვების მიწოდების ჯაჭვების გარშემო. ამჟამად საკვების მომარაგების ჯაჭვების უმეტესობა ძალიან გრძელია. ჩვენ ვყიდულობთ საკვებს მსოფლიოს სხვადასხვა ადგილებიდან და განვიცდით გამჭვირვალობისა და წარმომავლობის შესახებ ინფორმაციის ნაკლებობას. თუ გამჭვირვალობის არსებობას მიზნად ვაქცევთ, შესაძლებელი იქნება იმის გაგება, თუ სად აქვს ჩვენს საკვებს ყველაზე დიდი გავლენა - ასე რომ, თუ საკვები შემოგვაქვს მსოფლიოს სხვადასხვა ადგილიდან, ნიშნავს თუ არა ეს იმას, რომ ამავდროულად გვაქვს გარემოზე გავლენა სხვადასხვა ადგილებში, და იმას, რომ მათ შეიძლება ჰქონდეთ წყლის ჩათვლით, რესურსების მეტი დეფიციტი? წარმომავლობის შესახებ ინფორმაციისა და გამჭვირვალობის საკითხები არა მხოლოდ ახლანდელი დროისთვის, არამედ მომავლისთვისაც მნიშვნელოვანია. ეს არის ის საკითხი, სადაც ტექნოლოგიას შეუძლია ითამაშოს ძალიან მნიშვნელოვანი როლი.
შემდეგი მნიშვნელოვანი საკითხი ეხება მდგრადი და გამძლე საკვების წარმოებას. მე ვერ მოგაწვდით ზუსტ ინფორმაციას ამის შესახებ, რადგან ძალიან ბევრი სხვადასხვა ფაქტორი არსებობს, რომლებიც გავლენას ახდენენ მდგრადობასა და გამძლეობაზე. იქიდან გამომდინარე, თუ მსოფლიოს რომელ ადგილას იმყოფები, დაგჭირდება იქ არსებული სოციალური, ეკოლოგიური თუ ეკონომიკური მდგომარეობის გათვალისწინება სოფლის მეურნეობისთვის საუკეთესო მეთოდების არჩევის დროს. მაგრამ ჩვენ ვიცით ჩვენი შეფასებებიდან, რომ მომავალს წარმართავს საწარმოო სისტემები, რომლებიც დაფუძნებულია ტრადიციულ მეთოდებზე, მაგრამ ასევე მოიცავს საქმიანობის ახალ, მაღალტექნოლოგიურ მეთოდებსაც.
მეორე ბოლო მნიშვნელოვანი ინტერვენციის საკითხი არის საკვების წარმოება და მწარმოებლები. მწარმოებლები, მრავალი თვალსაზრისით საზოგადოების ნაკლებად დაფასებული ნაწილია. არადა ეს ის ხალხია, რომელიც ჩვენ მიერ მოხმარებულ საკვებს აწარმოებს. და აშკარაა, რომ უფრო და უფრო მეტი ახალგაზრდა ნაკლებად არის დაინტერესებული სამეურნეო სფეროთი. როგორ უნდა წავახალისოთ საზოგადოება, რომ საკვების წარმოების სფერო გახდეს სასურველი საარსებო წყარო? როგორ გავხადოთ იგი მიმზიდველი, მდგრადი და პატივსაცემი? ეს ძალიან მნიშვნელოვანი კითხვაა და სკანდინავიის რეგიონში, ვხედავთ ბევრ ახალგაზრდას, რომელთაც იზიდავთ სურსათისა და სოფლის მეურნეობის სექტორი და დაინტერესებულნი არიან თავიანთ საქმიანობაში ტექნოლოგიის ჩართვით. და რა თქმა უნდა, ეს მსოფლიოს სხვა ადგილებშიც ჩანს.
საბოლოო მნიშვნელოვან საკითხს კი წარმოადგენს ქალაქები. ჩვენ ვიცით, რომ დედამიწის მოსახლეობის უმეტესობა ახლა ცხოვრობს ურბანულ ცენტრებში, ასე რომ, მდგრადი კვების სისტემებზე საუბრისას, შეუძლებელია არ ვახსენოთ ქალაქები. ეს შეიძლება იყოს, მაგალითად, ცვლილება ან გარდაქმნა მუნიციპალური მთავრობების მეშვეობით.
კოპენჰაგენის მაგალითია ის, რომ ქალაქს აქვს სტრატეგია შესთავაზოს მეტი მცენარეული საკვები საზოგადოებრივ დაწესებულებებს და შეამციროს სასადილოებსა და საჯარო სექტორში წარმოქმნილი ნარჩენების რაოდენობა. ეს არის მდგრადი და ჯანსაღი კვების სისტემების წახალისების ერთ-ერთი გზა.
რაც შეეხება საქართველოს - მშვენიერი და საინტერესო ქვეყანაა, რომელსაც აუცილებლად უნდა ვესტუმრო. თქვენ კვების სისტემაში გაქვთ, მასიური ტრადიცია, როგორც საკვები პროდუქტისა და სოფლის მეურნეობის, ასევე ღვინის წარმოებაშიც. მნიშვნელოვანია მომავლის აშენება წარსულის გამოცდილებაზე - სოფლის მეურნეობის ყველაზე მდგრადი ფორმებისა და საზოგადოებრივი კულტურული ელემენტების შენარჩუნება, რომელთა გამოყენება მომავალშიც გსურთ, მაგრამ ასევე, გსურთ წინსვლა და განვითარება.
ერთ დღეს იმედი მაქვს, რომ ჩამოვალ და ვნახავ თქვენს ქვეყანაში არსებულ კვების სისტემებს და აგრეთვე, შევხვდები ძალიან საინტერესო ადამიანებს. მანამდე, მადლობას გიხდით, რომ სასაუბროდ დამპატიჟეთ და ველი მალე საქართველოში ჩამოსვლას!
აკ: დიდი მადლობა აფტონ, თქვენი შეფასებებისთვის. მოდით, განვიხილოთ ის, რაზეც აქამდე ვისაუბრეთ. დარწმუნებული ვარ, რომ ეს ყველაფერი საკმაოდ მნიშვნელოვანია საქართველოსთვის და შესაძლოა, ელენესა და დიმიტრის სურთ ამაზე და ჩვენს ქვეყანაში არსებულ სიტუაციაზე კომენტარის გაკეთება?
ელენე შატბერაშვილი: მოგესალმებით და მადლობას გიხდით მოწვევისთვის. მე წარმოვადგენ ბიოლოგიურ მეურნეობათა ასოციაციას - ელკანას. ელკანა არის ორგანიზაცია, რომელიც მუშაობს ორგანული მეურნეობისა და სოფლის მეურნეობის მდგრად განვითარებაზე საქართველოში, 1994 წლიდან.
რატომ არის მნიშვნელოვანი მდგრადი კვების სისტემის მიდგომა საქართველოსთვის? რადგან ეს ეხება მომხმარებლებს, მწარმოებლებსა და მიზნად ისახავს კვების მთელი სისტემის შეცვლას. საქართველოს შემთხვევაში, არსებობს სისტემაში ინტერვენციის რამდენიმე წერტილი. მწარმოებლის მხრიდან საჭიროა მწარმოებლების ცნობიერების ამაღლება და მათი ინფორმირება, მათივე საქმიანობის მნიშვნელობაზე, ჩვენი ისტორიული მემკვიდრეობიდან გამომდინარე, რომლის მიხედვითაც ფერმერები მეტნაკლებად მარგინალიზებულნი არიან. მეურნეობის სისტემებში ცოდნის ღირებულება შემცირებულია, ამიტომ დღესდღეობით ცოდნა ყველაზე მნიშვნელოვანია საკვებისა და მდგრადი საკვების წარმოებისთვის. მეორე მხრივ, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მოვძებნოთ ახალი ტექნოლოგიები, შევეცადოთ, ფერმერებისთვის გავამარტივოთ ფიზიკური მუშაობა და გავაუმჯობესოთ ფერმერის, როგორც ადამიანის, რომელიც ნამდვილად ზრუნავს გარემოსა და მომხმარებლებზე, პოზიცია საზოგადოებაში.
აკ: დიდი მადლობა, ელენე. ვფიქრობ, სწორედ იმ საკითხებზე მიუთითეთ, რომელზეც აფტონმა ისაუბრა - საქართველოში ფერმერების მიმართ ტრადიციული დამოკიდებულება შეიძლება პრობლემას წარმოადგენდეს. და რეალურად, ჩვენ გვაქვს სკანდინავიის ქვეყნების მაგვარი პრობლემები. ვფიქრობ, ზოგიერთი მიდგომა, რომელთაც სკანდინავიის ქვეყნები იყენებენ, შეიძლება ჩვენი ქვეყნისთვისაც გამოსადეგი იყოს. რას ფიქრობთ?
დიმიტრი კოსტაროვი: დიახ, ძალიან მნიშვნელოვანია დროის ფაქტორი, როდესაც ვსაუბრობთ მდგრადი კვების კონცეფციებზე და ვხედავთ, სკანდინავიის ქვეყნებში განხორციელებულ ცვლილებებსა და მოთხოვნას, მაღალი ხარისხის საკვებზე. ასე რომ, ეს კარგი შესაძლებლობაა საქართველოსთვის, იყოს ერთ-ერთი მიმწოდებელი. დიახ, სამწუხაროდ, გამოცდილ ფერმერებზე საქართველოში მოთხოვნა ძალიან დაბალია, მაგრამ, ამავე დროს, თუ ყურადღებას მივაქცევთ იგივე მოთხოვნებს განვითარებულ ქვეყნებში, შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ საქართველომ შეიძლება მნიშვნელოვანი ადგილი დაიკავოს კვების მიწოდების ამ ჯაჭვში. ჩვენ საქართველოში ერთ-ერთი საუკეთესო კლიმატი, მიწა და წყალი გვაქვს, ეს კი ნიშნავს, რომ ისეთი სახის საკვების წარმოება შეგვიძლია, რომელსაც სხვა ქვეყნები ვერ აწარმოებენ.
აკ: წარმოადგენს თუ არა საქართველოში ტრადიციული აზროვნება მთავარ პრობლემას? თუკი ეს პრობლემაა, ალბათ განათლება უნდა იყოს მთავარი გამოსავალი? ან შესაძლოა იყოს ეს რეგულაცია - სამთავრობო პოლიტიკა, რომლის კორექტირებაც შეიძლება? ან იქნებ ეს არის არასაკმარისი დაფინანსება?
დკ: საბჭოთა კავშირის დაშლამდე არსებობდა სისტემა; ახლა ჩვენ არ გვაქვს ეს სისტემა და ის კვლავ უნდა ავაშენოთ.
აკ: თქვენ გულისხმობთ მთავრობის რეგულირების სისტემას?
დკ: დიმიტრი კოსტაროვიდიახ, მთავრობის რეგულირების სისტემა. ამ მომენტში, ბაზარზე, დიდი მოთამაშეები არ გვყავს. შემიძლია ვთქვა, რომ სოფლის მეურნეობის სექტორში ქაოსია. ჩვენ გვყავს ბევრი - 200 000-ზე მეტი - ფერმერი, მაგრამ მათ არ იციან რა უნდა აწარმოონ, როგორი ხარისხის უნდა იყოს საბოლოო პროდუქტი. მაგალითად, მანდარინი. ვთქვათ, მანდარინის საშუალო ფასი, დაახლოებით 30 თეთრია, რაც 10 ცენტზე ნაკლებია, მაგრამ თუ ამ პროდუქტს ექნებოდა ისეთი ხარისხი, როგორსაც სკანდინავიელები ეძებენ, ისინი მზად არიან ერთ კილოგრამში ერთი, ორი ან სამი დოლარიც გადაიხადონ. მაგრამ ეს ინფორმაცია მოთხოვნასთან დაკავშირებით ფერმერებს არ აქვთ, რაც, ფაქტობრივად, კლავს ჩვენს სოფლის მეურნეობას. სწორედ ამიტომ რაც უნდა გავაკეთოთ არის ის, რომ მივაწოდოთ ინფორმაცია ჩვენს ფერმერებს, ქვეყანაში უნდა მოვიწვიოთ დიდი მოთამაშეები. ყურადღება უნდა მივაქციოთ ამ მოთხოვნას და არ დავკარგოთ შანსი.
ეშ: თუ გვინდა კვების მდგრადი სისტემის ჩამოყალიბება, უნდა გავატაროთ რეფორმები და შევიტანოთ მასში ცვლილებები, რა თქმა უნდა, რეგულაციები და პოლიტიკა უნდა შეიცვალოს, მაგრამ ის ასევე უნდა გულისხმობდეს რესურსებზე, ინფორმაციაზე, ფინანსებსა და კვების მიწოდების ჯაჭვების ბაზარზე წვდომას და ა.შ. მე ვეთანხმები დიმიტრის, რომ საქართველოს სოფლის მეურნეობის მომავალი არის მაღალი ხარისხის ორგანული პროდუქტების წარმოება ჩვენთან არსებული კლიმატური პირობებისა და ჩვენი მდიდარი კვების ტრადიციებიდან გამომდინარე. ეს არის ჩვენი ნიშა, ჩვენი უპირატესობა და ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მთავრობის პოლიტიკას ჰქონდეს ეს ხედვა.
და რა თქმა უნდა, მთავარია ინფორმაცია და ცოდნა, მაგრამ აგრეთვე უნდა გამოვიყენოთ სხვა მეთოდებიც. ჩვენი, როგორც სოფლის მეურნეობის განვითარების ორგანიზაციის ხედვა არის ის, რომ ქართული წარმოება მხოლოდ ექსპორტზე არ უნდა ვიყოთ ორიენტირებულნი, რადგან ასე ვთქვათ, ეს ძალიან „ძველმოდური“ პერსპექტივაა. ექსპორტი ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ მდგრადობის თვალსაზრისით და ასევე, თუკი გვსურს, რომ გავლენა მოვახდინოთ კვების ჩვევებზე და მომხმარებლებსა და მწარმოებლებს შორის კავშირებზე, ძალიან მნიშვნელოვანია გვქონდეს სტაბილური ადგილობრივი მარკეტი, იმისთვის, რომ ადგილობრივ წარმოებას ჰქონდეს სერიოზული ნიშა ლოკალური მოხმარებისა და დიეტისთვის.
მომხმარებლებისთვის ინფორმაციის მიწოდებით იმის შესახებ, თუ რამხელა ძალისხმევა და შრომა სჭირდება კარგი ხარისხის საკვების წარმოებას, გავხდით ფერმერის პროფესიას უფრო პრესტიჟულს. ვფიქრობ ეს არის ის, საიდანაც უნდა დავიწყოთ და შემდგომ განვავითაროთ ხედვა ექსპორტთან დაკავშირებით. ეს კონცენტრირებული უნდა იყოს მაღალი ხარისხის პროდუქტზე, რაც სირთულესთანაა დაკავშირებული, რადგან, როგორც ბატონმა კოსტაროვმა ახსენა, საქართველოს სოფლის მეურნეობა ძალიან არაორგანიზებულია და საკვები პროდუქტის კონსოლიდაცია და ასევე, ხარისხის შენარჩუნება, პრობლემას წარმოადგენს. სტანდარტებისა და მდგრადი წარმოების პრაქტიკის დანერგვით, როგორიცაა, მაგალითად, ორგანული წარმოება, ჩვენ ვზრდით ქართული პროდუქციის შედარებით უპირატესობას. კიდევ ერთი განყოფილებაა გეოგრაფიული აღნიშვნები. ეს ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან აჩვენებს საქართველოს კვების კულტურას, ჩვენი ყველის, ღვინისა თუ სხვა პროდუქტების სახეობებს, რომლებიც, ნამდვილად უნიკალურია.
ჩვენს ორგანიზაციაში გვჯერა, რომ ეს არის საქართველოს სოფლის მეურნეობის მომავალი, რა თქმა უნდა, ეს უნდა იყოს დაკავშირებული ექსპორტის ორიენტაციის თანაარსებობასთან და მოკლე ადგილობრივ კვების ქსელებთან, სადაც მომხმარებლები და მწარმოებლები ერთმანეთს მხარს უჭერენ. ეს ასევე გაზრდის საქართველოში კვების ხარისხს, რადგან თუ პროდუქტი მოდის უშუალოდ მეურნეობიდან, უფრო ჯანსაღია, განსაკუთრებით თუ იგი ორგანულია.
აკ: დიმიტრი, თქვენ წარმოადგენთ მასმედიას - ტელევიზიას და ელენე, თქვენ - სამოქალაქო საზოგადოებას. რა შეიძლება გაკეთდეს სამოქალაქო საზოგადოებისა და მასმედიის გადმოსახედიდან, მდგომარეობის გასაუმჯობესებლად?
დკ: ჩვენი როლია ხალხისთვის ინფორმაციის მიწოდება, რადგან მათ ყურადღება გაამახვილონ საკვებზე, რომელსაც თვითონ და თავიანთი შვილები მოიხმარენ. საუკეთესო ხარისხის საკვები არის ჯანსაღი, ორგანული საკვები. რა თქმა უნდა უნდა უზრუნველვყოთ ტექნოლოგიები და ტრენინგები. სამუშაო ბევრი გვაქვს. ეს ჩვენი მოვალეობაა.
ეშ: ელკანა 25 წელზე მეტია მუშაობს სოფლის მეურნეობის გაფართოებაზე. ერთ-ერთი საინტერესო ინიციატივა ფოკუსირებული იყო საექსპორტო ბაზარზე თხილის წარმოებაზე, სადაც ჩვენ ვთანამშრომლობთ მცირე მეწარმეების თხილის მწარმოებელთა ადგილობრივ ასოციაციასთან დასავლეთ საქართველოში და ვეხმარებით მათ ორგანული პროდუქტის წარმოების შიდა კონტროლის სისტემის დანერგვაში. ეს საინტერესო ფაქტია, რადგან წარმოადგენს ფერმერთა შიდა კონტროლის დიდი ჯგუფის პირველ მაგალითს, რომლებიც აწარმოებენ გარკვეული სტანდარტებისა და კრიტერიუმების მიხედვით.
დკ: ეს ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯია, რადგან გვყავს მცირე მეწარმეები-ფერმერები, რომელთათვისაც ძალიან რთულია ორგანული პროდუქციის წარმოებისთვის სერთიფიკატის მიღება.
აკ: დარწმუნებული ვარ, რომ გავაგრძელებთ ჩვენს პროექტს და შესაძლოა მასში უფრო მეტი ექსპერტი ჩავრთოთ ევროკავშირიდან, რადგან აშკარაა, რომ ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი გამოცდილება, რომელიც შეგვიძლია გამოვიყენოთ სამხრეთ კავკასიაშიც.
დკ: აფტონ, ძალიან დიდი მადლობა. ჩვენ უფრო პრაქტიკულ ნაწილზე ვართ ორიენტირებულნი და თქვენ უფრო ზოგადი ხედვა დაგვანახეთ და პირადად მე, უფრო მეტი რამ გავიგე.
ეშ: მადლობას ვუხდი აფტონს ამ შესანიშნავი ინტერვიუსთვის. ვიმედოვნებთ, რომ საქართველოში, პოლიტიკური დისკუსიების თვალსაზრისით, მდგრადი კვების სისტემის საკითხი უფრო და უფრო მნიშვნელოვანი გახდება.
აკ: აფტონ, დიდი მადლობა და იმედი მაქვს, რომ ძალიან მალე პირადად ვნახავთ ერთმანეთს საქართველოში.