ელჩი გერტ ანტსუ: "ვერ მივცემთ თავს უფლებას ინტერესი დავკარგოთ აღმოსავლეთ მეზობლებისადმი”

19.01.2022 (Caucasian Journal). მიმდინარე თვის დასაწყისში ბრიუსელში გაიმართა აღმოსავლეთ პარტნიორობის პირველი სამიტი ბოლო ოთხი წლის განმავლობაში, სადაც ერთმანეთს შეხვდნენ ევროკავშირის, ევროკავშირის წევრი ქვეყნებისა და აღმოსავლეთ პარტნიორობის ლიდერები. აღმოსავლეთ პარტნიორობა წარმოადგენს ერთობლივი პოლიტიკის ინიციატივას, რომელიც 2009 წელს დაიწყო ევროკავშირსა და მის ექვს აღმოსავლეთ  მეზობელს- სომხეთს, აზერბაიჯანს,  ბელორუსს, საქართველოს, მოლდოვასა და უკრაინას შორის ურთიერთობების გასაძლიერებლად.    

ზემოთ ხსენებული მნიშვნელოვანი ღონისძიების შედეგების უკეთ გასაგებად, აღმოსავლეთ პარტნიორობის მომავალზე და ევროკავშირსა და სამხრეთ კავკასიის ქვეყნებს შორის ურთიერთობებზე კავკასიურმა ჟურნალმა სთხოვა კომენტარი ელჩ გერტ ანტსუს, საგარეო საქმეთა სამინისტროს სპეციალურ წარმომადგენელს აღმოსავლეთ პარტნიორობის საკითხებში.  ეს არის გერტ ანტსუს სამხეთ კავკასიის ჟურნალისადმი მიცემული მეორე ინტერვიუ. პირველი ინტერვიუ შეგიძლიათ იხილო  აქ.

▶ In English: ინგლისური ვერსია წაიკითხეთ აქ.


ალექსანდრე კაფკა, კავკასიური ჟურნალის მთავარი რედაქტორი: ევროპისა და ჩვენი რეგიონის მასშტაბით ბევრი ადამიანი მოუთმენლად ელოდა აღმოსავლეთ პარტნიორობის  სამიტს. ვიხილეთ ოფიციალური განცხადებები და ექსპერტთა მოსაზრებები, თუმცა საინტერესოა  კარგად ინფორმირებული, ნეიტრალური და პროფესიონალი „ინსაიდერის“ კომენტარი . გქონდათ რაიმე კონკრეტული სახის მოლოდინი აღმოსავლეთ პარტნიორობის    ბოლო სამიტიდან? იყო შედეგებში რაიმე მოულოდნელი თქვენთვის? სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, განსხვავდებოდა შედეგები მოლოდინისგან?

გერტ ანტსუ: ვიტყოდი, რომ მოლოდინები ზომიერად მაღალი იყო – ბოლოს და ბოლოს, ეს იყო პირველი სამიტი ბოლო ოთხი წლის განმავლობაში და სახელმწიფო მეთაურების დონეზე შეხვედრა უკვე პოზიტიური პოლიტიკური სიგნალია. ამასთანავე, იყო საკმარისი დრო იმისათვის, რომ მომხდარიყო სულ მცირე წევრ ქვეყნებს შორის გარკვეული სამომავლო გეგმების განხილვა აღმოსავლეთ პარტნიორობასთან დაკავშირებით. მიუხედავად იმისა, რომ პარტნიორობასთან დაკავშირებით რევოლუციური ცვლილება არ მომხდარა,  ევროკავშირთან პარტნიორი ქვეყნების ინტეგრაციის პროცესის სტაბილური გაგრძელება მნიშვნელოვანი მიზანია. იმედი მქონდა, რომ ერთობლივი დეკლარაციის ფორმულირების პროცესი არ შეაფერხებდა რეალური ინტეგრაციის პროცესს. მოლაპარაკებების პროცესი რთული იყო, როგორც ევროკავშირის წევრ ქვეყნებს, ასევე წევრ სახელმწიფოებსა და პარტნიორ ქვეყნებს შორის, თუმცა მოხარული ვარ, რომ მიუხედავად მაღალი გეოპოლიტიკური დაძაბულობისა, ეს ყოველივე კარგად დასრულდა და მიღწეულ იქნა შეთანხმება ერთობლივ დეკლარაციაზე და შედეგად 2022 წელს გვაქვს შესაძლებლობა დავიწყოთ ახალი მიმართულების პოლიტიკის დანერგვა. 

აკ: შეგიძლიათ გაგვიზიაროთ ბრიუსელის სამიტის შესახებ ზოგადი შთაბეჭდილება? კერძოდ ასოციაციის ტრიოს ქვეყნებთან (საქართველო, მოლდოვა და უკრაინა)  დაკავშირებით. 

გა:   ასოციაციის ტრიოს ქვეყნებმა ბოლო ერთი წლის განმავლობაში მნიშვნელოვნად განაახლეს თანამშრომლობა.  აშკარაა,  რომ მათ ევროინტეგრაციასთან დაკავშირებით უფრო მაღალი ამბიციები აქვთ  და ამასთანავე ისინი ელიან, რომ ეს ამბიციები იქნება აღიარებული. მოლაპარაკებების დასკვნით ფაზაში იყო მრავალმხრივი დისკუსია აღნიშნული მოლოდინის ფრაზირებისთან მიმართებით, რაც საბოლოოდ მიღწეულ იქნა. ვფიქრობ, სამწუხარო იქნებოდა,   ამ სამი ქვეყნის ამბიციები უფრო ნაკლები რომ ყოფილიყო, რაც შესაძლოა მიჩნეულიყო როგორც ევროპული პროექტის მიმზიდველობის შემცირების სიგნალი. ცხადია, ევროკავშირის მხარე ყოველთვის ყოყმანობს პარტნიორობის ინკლუზიურობასთან დაკავშირებით – თუმცა, ჩვენ აუცილებლად უნდა მივცეთ შესაძლებლობა პარტნიორ ქვეყნებს, მათი სურვილისამებრ განსაზღვრონ, თუ რამდენად სწრაფად სურთ მიაღწიონ პროგრესს. მაგრამ ამავე დროს, ჩვენ არ უნდა დავხიოთ უკან ისინი, ვინც პროგრესის პროცესში აჩვენებს მნიშვნელოვან მიღწევებს და შესაბამისად გამოხატავენ  მაღალ ამბიციებს. 

აკ: როგორც აღმოსავლეთ პარტნიორობის  სპეციალისტი თქვენ მუდმივად თვალს ადევნებთ მიმდინარე პროექტებს და ევროკავშირსა და აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებს შორის ურთიერთობების მდგომარეობას,  რომელიც მოიცავდა როგორც  ევროკავშირის წარმატებულ ზომიერ პოლიტიკას სამხრეთ კავკასიის რეგიონში, ასევე ევროკავშირის სანქციების საპასუხოდ ბელორუსის დეფაქტო გასვლას აღმოსავლეთ პარტნიორობიდან. თუ გადავხედავთ  აღმოსავლეთ პარტნიორობის დღის წესრიგს სამიტის დაწყებამდე და მის შემდეგ, რომელი კონკრეტული პროექტები გაძლიერდა, ასეთის არსებობის შემთხვევაში? ხომ არ დაგიფიქსირებიათ პრიორიტეტების ცვლილება?  

გა: არ მგონია, რომ პრიორიტეტებში რაიმე სერიოზული ცვლილება მოხდა. შესაძლოა, კომუნიკაციიდან გამომდინარე ცოტაოდენ შეიცვალა  "ტოპ-ათეული სამიზნისა" და კონკრეტული ინფრასტრუქტურული პროექტების მნიშვნელობა. მჯერა, რომ აღნიშნული ხელშესახები პროექტების არსებობა პარტნიორ ქვეყნებში განაპირობებს მოქალაქეების უკეთ ინფორმირებას ევროკავშირის მხარდაჭერის შესახებ- წყლის და ჰაერის ხარისხის გაუმჯობესების თუ ახალი მაგისტრალების მშენებლობის საშუალებით. ასეთი საკითხები მოსახლეობისათვის უფრო ხილვადი და მარტივად აღქმადია, ვიდრე პარტნიორობის ზოგიერთი აბსტრაქტული ასპექტი. 

ამავდროულად, ყურადღება გამახვილებულია საერთო ღირებულებებზე, როგორც პარტნიორობის საფუძველსა და რეფორმის მნიშვნელობაზე, რომლის დანერგვა პარტნიორმა ქვეყნებმა უნდა აიღონ საკუთარ თავზე. 

ევროკავშირის  დახმარება უფრო დიდია იმ ქვეყნებში, სადაც რეფორმების პროგრესი უფრო სწრაფი და დემოკრატიის დონე უფრო მაღალია.  ​"მეტი მეტისათვის" პრინციპი იმედია უზრუნველყოფს მოტივაციის ამაღლებას იმ ქვეყნებისათვის, რომლებიც სწრაფად ვითარდებიან მეტი სარგებლის მიღების იმედით.

აკ: როგორც ჩანს,  „ტრიოს“ ქვეყნებიდან მხოლოდ მოლდოვას აქვს შესაძლებლობა გააკეთოს განაცხადი სტაბილური პროგრესის შესახებ დემოკრატიასა და კარგ მმართველობასთან დაკავშირებით. თქვენი აზრით, ე.წ "ტრიო" კვლავ ღირებული  ინსტრუმენტია? აქვს თუ არა მას მომავალი ევროკავშირის პერსპექტივიდან, თუ მხოლოდ სამი სახელმწიფოს შიდა ფორმატად შესაძლოა ჩამოყალიბდეს?

გა:  მოხარულები ვართ მოლდოვის პროგრესის გამო, თუმცა აღსანიშნავია უკრაინის სტაბილური პროგრესი. იქიდან გამომდინარე რომ მოლდოვამ უფრო დაბალი ნიშნულიდან დაიწყო, მისი პროგრესი უფრო თვალსაჩინოა.  პასუხი ამ კითხვაზე თავად კითხვაშივე შეგვიძლია მოვძებნოთ- თქვენ შეადარეთ სამი ქვეყანა და სწორედ ეს იქნება მომავალში „ტრიოს“ კონცეფციის სარგებელი- შეფასება,  ერთმანეთისაგან სწავლა. 

ამავდროულად, არ ველოდები ევროკავშირი+3-ისთვის შექმნილ სპეციალურ ფორმატებს, იქნება ეს მინისტერიალი თუ სხვა დონე. გარდა სპეციფიური საკითხებისა, როგორიცაა, მაგალითად, ვაჭრობის საკითხები, რომელთან დაკავშირებით პანდემიამდე მოხდა შეხვედრა. 

მიუხედავად ამისა მაინც მიმაჩნია, რომ თუ გრძელვადიან პერსპექტივაში ამ სამი სახელმწიფოდან რომელიმე გამოავლენს უფრო დიდ პროგრესს, შესაძლოა მოხდეს ფორმალურადაც განსხვავებული მიდგომის შემუშავება. 

აკ: თავის გამოსვლაში ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი შეეხო "მაღალსიჩქარიანი ინტერნეტის გაფართოების პროექტს საქართველოს სოფლებსა“ და ასევე ბოჭკოვანი  კაბელის პროექტის განვითარებას შავი ზღვის ქვეშ,   შეგვიძლია გავაკეთოთ პარალელი ევროკავშირის ეკონომიკურ დახმარებას აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებთან და დემოკრატიისა და რეფორმების დაცვას შორის? 

გა: წლების განმავლობაში ვნახეთ, რომ ევროკავშირის   დახმარება უფრო დიდია იმ ქვეყნებში, სადაც რეფორმების პროგრესი უფრო სწრაფი და დემოკრატიის დონე უფრო მაღალია. ერთ შემთხვევაში, ევროკავშირმა მნიშვნელოვნად შეამცირა დახმარება პარტნიორ ქვეყანაში პროგრესის სერიოზულად უკან დახევის საპასუხოდ. მჯერა,  რომ ამგვარი პირობითობა მომავალშიც მნიშვნელოვან ინსტრუმენტად უნდა დარჩეს,  "მეტი მეტისათვის" პრინციპი იმედია უზრუნველყოფს მოტივაციის ამაღლებას იმ ქვეყნებისათვის, რომელებიც სწრაფად ვითარდებიან, მეტი სარგებელის მიღების იმედით- არა მხოლოდ დახმარების, არამედ, მაგალითად ევროკავშირის ბაზარზე წვდომის თვალსაზრისით. 

იმ შემთხვევაშიც კი, თუ პარტნიორ ქვეყნებში ზოგჯერ შეიმჩნევა ე.წ "რეფორმებისგან გადაღლილობა“ და პროგრესი არ მიმდინარეობს სწორხაზოვნად, მაშინაც კი, თუ იმედგაცრუება ჩნდება ევროკავშირის წევრობის მკაფიო პერსპექტივის ნაკლებობიდან გამომდინარე, არ არსებობს განვითარების უფრო სანდო ალტერნატიული გზა.

აკ: და ბოლოს, რა არის თქვენი პროგნოზი აღმოსავლეთ პარტნიორობის შემდგომ სამიტებთან დაკავშირებით? თქვენი თვალსაზრისით, არსებობს „ყველაზე ცუდი სცენარი“, რომლის მიხედვითაც შესაძლოა ევროკავშირმა საბოლოოდ დაკარგო ინტერესი ან პოლიტიკური ვალდებულება აღმოსავლეთის ქვეყნებთან მიმართებით, რასაც შესაძლოა აღმოსავლეთის პარტნიორობის პროგრამის დაზარალება მოჰყვეს? 

გა: როდესაც თვალს ვადევნებთ რეგიონში გეოპოლიტიკურ მოვლენებს, იქნება ეს ბოლო რამდენიმე კვირის, თვის თუ წლის განმავლობაში, ვერ მივცემთ თავს უფლებას ინტერესი დავკარგოთ.ეს თანაბრად ეხება როგორც ევროკავშირის წევრ ქვეყნებს, ასევე პარტნიორ ქვეყნებსაც. ევროკავშირისთვის ეს ქვეყნები ჩვენს პირდაპირ სამეზობლოს წარმოადგენენ, ხოლო პარტნიორი ქვეყნებისათვის კი ევროკავშირთან ახლო პარტნიორობა წარმოადგენს მომავალშიც განვითარების, უსაფრთხოებისა და კეთილდღეობის საუკეთესო შესაძლებლობას. იმ შემთხვევაშიც კი, თუ პარტნიორ ქვეყნებში ზოგჯერ შეიმჩნევა ე.წ "რეფორმებისგან გადაღლილობა“ და პროგრესი არ მიმდინარეობს სწორხაზოვნად, მაშინაც კი, თუ იმედგაცრუება ჩნდება ევროკავშირის წევრობის მკაფიო პერსპექტივის ნაკლებობიდან გამომდინარე, არ არსებობს განვითარების უფრო სანდო ალტერნატიული გზა.  პირიქით, უფრო მეტად გასაგებია, რომ კანონის უზენაესობა, კორუფციის დაბალი დონე და სხვა ნორმალურად ფუნქციონირებადი სახელმწიფო სტრუქტურები აუცილებელია თავად პარტნიორი ქვეყნებისათვის არა მხოლოდ იმიტომ, რომ ევროკავშირის მოთხოვნაა ასეთი. ასე რომ, მაქვს მოლოდინი,  რომ ევროკავშირის ბოლო სამიტის მიერ  დადგენილი სამოქმედო მიზნები და საშუალებები იქნება ქვაკუთხედი მომდევნო წლების განმავლობაში. შემდეგი სამიტები სასარგებლო იქნება პარტნიორობის პოლიტიკური მნიშვნელობის ხაზგასასმელად, კრიტიკული შეფასებებისა და ინტეგრაციის შემდგომი ნაბიჯებისათვის.

აკ: დიდი მადლობა!

Read the English language version here.


კავკასიის ჟურნალი მადლობას უხდის მხარდაჭერისათვის ესტონეთის საელჩოს თბილისში ინტერვიუს მომზადების პროცესში გაწეული დახმარებისათვის. 


 
შეგიძლიათ, მიჰყვეთ, კავკასიურ ჟურნალს შემდეგ ბმულებზე:
Google News  *  Twitter  *  Facebook  *  Medium  *  LinkedIn  *  YouTube  *  RSS

კავკასიური ჟურნალის ელექტრონული ფოსტით გამოწერის მოთხოვნისთვის, შეიყვანეთ თქვენი ელ-ფოსტის მისამართი აქ: